პომერანია
პომერანია — პრუსიის ყოფილი პროვინცია 1945 წლამდე. ვესტფალიის ზავით 1648 წელს უკანა პომერანია ბრანდენბურგს გადაეცა, წინა პომერანია კი შვედეთის პომერანია გახდა. შვედეთ-პოლონეთის ომისა (1655-1660) და შვედეთ-ბრანდენბურგის ომის (1674-1679) დროს ტერიტორია მტრის ჯარებმა დაიკავა. 1678 წელს ბრანდენბურგის კურფიუსტრმა ფრიდრიჰ ვილჰელმ I-მა შვედეთის პომერანიის ხელში ჩაგდება მოახერხა. საფრანგეთის გავლენით, 1679 წლის სენ-ჟერმენის სამშვიდობო შეთანხმების მიხედვით, მას მთელი დაპყრობილი ტერიტორიების დათმობა მოუხდა. დიდი ჩრდილოეთის ომის დასრულების შემდეგ (1700-1721) წინა პომერანია მდინარე პენეს სამხრეთით პრუსიის სამეფოს გადაეცა, ნაპოლეონის ომების დროს კი საფრანგეთმა შვედეთის პომერანიაც დაიპყრო. ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ 1815 წელს წინა პომერანიის ნაწილი კუნძულ რიუგენთან ერთად გადაეცა პრუსიას.