საქართველოს სახალხო დამცველი
საქართველოს სახალხო დამცველი — საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ინსტიტუტი, რომელიც ზედამხედველობას უწევს საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას.
საქართველოს სახალხო დამცველი | |
უწყების შესახებ | |
---|---|
შეიქმნა | 14 აგვისტო, 1992 |
წინამორბედი უწყება | საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათაშორის ურთიერთობების კომიტეტი |
თანამშრომლები | 155 |
უწყების ხელმძღვანელი | თამარ გვარამაძე მ/შ, სახალხო დამცველი |
მთავარი დოკუმენტი | ორგანული კანონი საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ[1], საქართველოს კონსტიტუცია |
საიტი | |
www.ombudsman.ge |
საქმიანობის ისტორია
რედაქტირებასახალხო დამცველის ინსტიტუტის განვითარების ისტორია საქართველოში
რედაქტირებაადამიანის უფლებების დაცვა სახელმწიფოში არსებულ საკანონმდებლო ბაზას და აღიარებულ რეჟიმს უკავშირდება. ომბუდსმენის ინსტიტუტისა თუ ადამიანის უფლებების დაცვის ორგანოების არსებობა, რომლებიც ამ აღიარებული უფლებების რეალიზაციის გარანტად გვევლინება, დემოკრატიული სახელმწიფოს აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს.
საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის გარკვეული ისტორია აქვს. ჯერ კიდევ 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციაში აისახა ადამიანის უფლებების დაცვის საწყისი მექანიზმები. ეს იყო პირველი საკანონმდებლო აქტი, სადაც ფართოდ წარმოჩნდა პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლებების სპექტრი. კონსტიტუციაში ცალკე თავი ეთმობოდა სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებს, აქ იყო სავალდებულო და უფასო განათლების უფლება; უღარიბესი ოჯახებისთვის დახმარების გაწევა საზრდოს, ტანსაცმლის და სხვადასხვა ნივთების სახით. ცალკე იყო ეროვნულ უმცირესობათა უფლებების თავი. 1921 წლის კონსტიტუცია სრულად პასუხობდა დროის შესაბამის მოთხოვნებს, მაგრამ მისი მოქმედება ხანმოკლე აღმოჩნდა. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ მოქმედი პირველი საბჭოთა კონსტიტუცია მხოლოდ ფორმალურად აღიარებდა ადამიანის ზოგიერთ უფლებასა და თავისუფლებას. საბჭოთა საქართველოში რა თქმა უნდა, არ არსებობდა ადამიანის უფლებათა დამცველი ინსტიტუტი.
მრავალი წლის შემდეგ, უკვე 1992 წელს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმმა მიიღო დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის ეროვნებათშორისი ურთიერთობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფო კომიტეტის შექმნის შესახებ“. მაგრამ, ადამიანის უფლებების დაცვისთვის პრიორიტეტის მინიჭების გამო, ამ კომიტეტს სულ მალე შეეცვალა სახელი და დაერქვა „საქართველოს რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობის კომიტეტი“.
რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებდა გადაწყვეტილებებს, შეიმუშავებდა დებულებებს, ინსტრუქციებს, მეთოდურ მითითებებსა და სხვა ნორმატიულ აქტებს, რომელთა შესრულება სავალდებულო იყო საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროების, კომიტეტების, დეპარტამენტების, უწყებებისათვის, აგრეთვე საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის, მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად. კომიტეტს უნდა ჰქონოდა საკუთარი დებულება. შეეძლო შეექმნა ტერიტორიული ორგანოები და დაეარსებინა ფონდები.
1992 წელს საქართველოს რესპუბლიკის ეროვნებათშორისი ურთიერთობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფო კომიტეტი დროებით განათავსეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს შენობაში (პარლამენტი თბილისში).
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობის კომიტეტი
- კოორდინაციას უწევდა რესპუბლიკის სახელმწიფო, სამთავრობო ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმიანობას ადამიანის პოლიტიკური, სამოქალაქო, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვაში;
- განიხილავდა ადამიანის უფლებათა დარღვევებთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს;
- სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლის თანდასწრებით შეეძლო შეემოწმებინა წინასწარი დაკავების, პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, სასჯელის ან სასამართლოს მიერ დანიშნული სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებების აღმასრულებელ შრომაგასწორებით და სხვა დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა უფლებების დაცვის მდგომარეობა. კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე კომიტეტის თავმჯდომარის ბრძანებით აღჭურვილი თანამდებობის პირი, უფლებამოსილი იყო შესულიყო დაკავებულთა მოთავსებისა და წინასწარი პატიმრობის, სასჯელის აღსრულების ადგილებში, შეხვედროდა და გასაუბრებოდა დაკავებულებს და დაპატიმრებულებს; გააერკვია, იყო თუ არა დაცული მათი უფლებები დაკავების ან დაპატიმრების, აგრეთვე შესაბამის დაწესებულებებში ყოფნის პროცესში;
ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარეს ან თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს უფლება ჰქონდა შესაბამისი თანამდებობის პირისაგან წერილობითი წარდგინებით მოეთხოვა ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტის აღკვეთა. მისი წარდგინების განხილვა სავალდებულო იყო ერთი თვის ვადაში, განხილვის შედეგების შესახებ უნდა ეცნობებინათ კომიტეტის თავმჯდომარის ან მისი მოვალეობის შემსრულებელისათვის. რესპუბლიკის სახელმწიფო, სამთავრობო ორგანოები და ორგანიზაციები, ავტონომიური სუბიექტების შესაბამისი სამსახურები ვალდებული იყვნენ მოთხოვნისთანავე წარედგინათ ინფორმაცია თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, კომიტეტს უფლება ჰქონდა მუდმივად ეზრუნა და ზედამხედველობა განეხორციელებინა „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის ძირითადი მოთხოვნების შესრულებისათვის, რათა საბოლოოდ აღკვეთილიყო მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გავრცელების საქმეში ადმინისტრაციული ჩარევის ფაქტები.
შემდგომში სახალხო დამცველის ინსტიტუტის ჩამოყალიბება სწორედ ამ კომიტეტის ბაზაზე მოხდა და აპარატიც თავდაპირველად ძველი, გამოცდილი თანამშრომლებით დაკომპლექტდა. თუმცა, კომიტეტის უფლებამოსილებებთან შედარებით დღეისათვის სახალხო დამცველის კომპეტენციის ფარგლები უფრო ფართოა.
პირველი, ვინც ამ თანამდებობაზე აირჩიეს იყო - დავით სარალიძე (1997-2000), იგი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ნანა დევდარიანმა (2000-2003) შეცვალა. უფლებამოსილების ვადა სხვა თანამდებობაზე გადასვლასთან დაკავშირებით არ ამოუწურავს არც ნანა დევდარიანს. მის შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველი გახდა სოზარ სუბარი (2004-2009), რომელიც კანონით დადგენილი 5 წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ შეცვალა გიორგი ტუღუშმა (2009-2012). გიორგი ტუღუში სამი წლის შემდეგ გადადგა თანამდებობიდან. 2012–2017 წლებში სახალხო დამცველის თანამდებობას უჩა ნანუაშვილი იკავებდა.
2017 წლიდან 2022 წლამდე ამ თანამდებობას ნინო ლომჯარია იკავებდა, იგი რიგით მეექვსე სახალხო დამცველი იყო.
მანდატი
რედაქტირებასაქართველოს სახალხო დამცველი არის კონსტიტუციური ინსტიტუტი, რომელიც ზედამხედველობს საქართველოს ტერიტორიისა და მისი იურისდიქციის ფარგლებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას. იგი ავლენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტებს და ხელს უწყობს დარღვეული უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენას.
საქართველოს სახალხო დამცველი მის საქმიანობაში დამოუკიდებელია. იგი ხელისუფლების არც ერთ შტოს არ მიეკუთვნება.
საქართველოს სახალხო დამცველი ზედამხედველობს:
- სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს
- ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს
- საჯარო დაწესებულებებს
- თანამდებობის პირებს
საქართველოს სახალხო დამცველი სწავლობს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტებს როგორც მიღებული განცხადებების საფუძველზე, ისე საკუთარი ინიციატივით.
საქართველოს სახალხო დამცველი შეისწავლის საქმეებს, რომლებიც ეხება:
- საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებას;
- სასამართლო განხილვის პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას;
- დაკავებული, დაპატიმრებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის უფლებების დარღვევას;
- ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავთან შესაბამისობას;
- რეფერენდუმისა და არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობას.
საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია განიხილოს განცხადებები როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის შესახებ, რომლის მონაწილეც არის საქართველო.
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველი:
- საქართველოს პარლამენტს ან სხვა შესაბამის ორგანოს წარუდგენს წინადადებებს, შენიშვნებსა და რეკომენდაციებს საქართველოს კანონმდებლობასთან და კანონპროექტებთან დაკავშირებით;
- ადამიანის დარღვეულ უფლებათა და თავისუფლებათა აღსადგენად სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, საჯარო დაწესებულებებსა და თანამდებობის პირებს, მიმართავს წინადადებებითა და რეკომენდაციებით;
- შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს წინადადებით გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით;
- წინადადებით მიმართავს შესაბამის ორგანოებს იმ პირთა დისციპლინური ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ, რომელთა მოქმედებამაც გამოიწვია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევა;
- ასრულებს სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ფუნქციას საერთო სასამართლოებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში;
- კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს;
- წერილობით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, თუ მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის განკარგულებაში არსებული რეაგირების საშუალებები არასაკმარისია;
- განსაკუთრებულ შემთხვევაში მიმართავს საქართველოს პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისა და პარლამენტის მიერ საკითხის განხილვის მოთხოვნით.
საქართველოს სახალხო დამცველი ასრულებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმით გათვალისწინებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციებს.
აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველი რეგულარულად ამოწმებს დაკავებულ, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირთა და მსჯავრდებულთა, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირთა მდგომარეობას და მათდამი მოპყრობას.
საქართველოს სახალხო დამცველის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში საგანმანათლებლო საქმიანობა წარმოადგენს. იგი ორგანიზებას უწევს ადამიანის უფლებათა შესახებ ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებსა და კამპანიებს, რომლებიც სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებს აერთიანებს.
2013 წელს „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ცვლილებების შედეგად, საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტს ასარჩევად საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის 2 კანდიდატი წარუდგინოს, იურიდიული დახმარების საბჭოში კი 3 წევრი აარჩიოს.
საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტს მინიჭებული აქვს „A“ სტატუსი, რაც გაეროს პარიზის პრინციპებთან საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტის სრულ შესაბამისობას გულისხმობს. შედეგად, საქართველოს სახალხო დამცველს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების მუშაობაში საერთაშორისო და რეგიონულ დონეზე ხმის მიცემის უფლებით, დაიკავოს პოზიცია საერთაშორისო საკოორდინაციო კომიტეტის ბიუროში/ქვე-კომიტეტებში და მიიღოს მონაწილეობა ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიებში.
საქართველოს სახალხო დამცველები:
რედაქტირება- დავით სალარიძე, 27 ოქტომბერი, 1997 – 1 სექტემბერი, 2000
- ნანა დევდარიანი, 1 სექტემბერი, 2000 – 1 სექტემბერი, 2003
- თემურ ლომსაძე (მოვალეობის შემსრულებელი) – 1 სექტემბერი, 2003 – 16 სექტემბერი, 2004
- სოზარ სუბარი, 16 სექტემბერი, 2004 – 17 სექტემბერი, 2009
- გიორგი ტუღუში, 17 სექტემბერი, 2009 – 20 სექტემბერი, 2012
- უჩა ნანუაშვილი, 7 დეკემბერი, 2012 – 30 ნოემბერი, 2017
- ნინო ლომჯარია, 30 ნოემბერი, 2017 – 8 დეკემბერი, 2022
- თამარ გვარამაძე (მოვალეობის შემსრულებელი) – 8 დეკემბერი, 2022-დან.
უფლებამოსილებები
რედაქტირებასახალხო დამცველს ირჩევს საქართველოს პარლამენტი 6 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ზედიზედ ორჯერ არჩევა დაუშვებელია. სახალხო დამცველად აირჩევა მხოლოდ საქართველოს მოქალაქე.
სახალხო დამცველი განიხილავს საჩივრებს და განცხადებებს ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ. მას აგრეთვე უფლება აქვს, საკუთარი ინიციატივით დაიწყოს საქმის შესწავლა. სახალხო დამცველი უფლებამოსილია, ჩაატაროს მონიტორინგი სხვადასხვა დაწესებულებებში, რეკომენდაციებით მიმართოს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, სარჩელით მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, წარუდგინოს პარლამენტს ანგარიში ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წელიწადში ერთხელ.
აპარატის სტრუქტურა
რედაქტირებააპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
- საქმისწარმოების დეპარტამენტი;
- პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტი;
- საერთაშორისო ურთიერთობების, პროექტების მართვისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტი;
- გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი;
- ადმინისტრაციული და ფინანსური დეპარტამენტი;
- ანალიტიკური დეპარტამენტი;
- თანასწორობის დეპარტამენტი;
- თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი
- სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტი
- სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტი;
- რეგიონული დეპარტამენტი;
- სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემია;
- ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველო;
- საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;
- მოქალაქეთა მისაღები (სამმართველო).
აპარატში შექმნილია სახალხო დამცველის აპარატის სამდივნო.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში ფუნქციონირებს ბავშვის უფლებების ცენტრი.
სახალხო დამცველთან არსებობს ტოლერანტობის ცენტრი.
პრევენციის ეროვნული მექანიზმი
რედაქტირებასაქართველო არის „წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის“ ფაკულტატიური ოქმის ერთ-ერთი ხელმომწერი სახელმწიფო. ოქმის თანახმად, მის ხელმომწერ სახელმწიფოებში იქმნება პრევენციის ეროვნული მექანიზმი. 2009 წლიდან სახალხო დამცველი ასრულებს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციებს. პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციების შესრულების მიზნით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში შექმნილია პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტი, რომელიც რეგულარულად ამოწმებს დაკავებულ, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირთა და მსჯავრდებულთა მდგომარეობას და მათდამი მოპყრობას.[2]
შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონიტორინგის მექანიზმი
რედაქტირება„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენცია (CRPD) – 2006 წელის 13 დეკემბერს მიიღეს. მას ამჟამად 156 წევრი სახელმწიფო ჰყავს. კონვენცია წარმოადგენს უნივერსალური კონსენსუსის შედეგს, რომელიც ავსებს ადამიანის უფლებათა სფეროში არსებულ სხვა საერთაშორისო შეთანხმებებს და ამკვიდრებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებულ მიდგომას.
კონვენციის იმპლემენტაციისა და ამ პროცესის მონიტორინგისთვის ეროვნულ დონეზე სხვადასხვა მექანიზმების არსებობა გათვალისწინებულია მისი 33-ე მუხლით. წევრ სახელმწიფოების ეკისრებათ ვალდებულება, განსაზღვრონ ერთი ან რამდენიმე ძირითადი ორგანო მთავრობაში (საკონტაქტო უწყება), რომლის ფუნქცია იქნება კონვენციის იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა და კოორდინაცია. ასევე, სახელმწიფო ვალდებულია დაასახელოს ან გააძლიეროს ერთი ან რამდენიმე დამოუკიდებული მექანიზმი კონვენციის იმპლემენტაციის პოპულარიზაციის, დაცვისა და მონიტორინგისთვის.
საქართველომ ზემოაღნიშნულ საერთაშორისო ხელშეკრულებას ხელი ჯერ კიდევ 2009 წელს მოაწერა, თუმცა დოკუმენტი სავალდებულო ძალის მქონე 2014 წლის აპრილიდან არის (მას შემდეგ, რაც 2013 წლის 26 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა მისი რატიფიცირება). სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს კონვენციაში მოცემული სტანდარტების ჰარმონიზაცია, იმპლემენტაცია და დაცვა.
2014 წლის 27 ოქტომბერს, პრემიერ მინისტრთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს #6 სხდომაზე გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და განხორციელების მონიტორინგის სტრუქტურად საქართველოს სახალხო დამცველი დასახელდა.
საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული კონვენციის მონიტორინგის მექანიზმი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტთან ერთად მოიცავს შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს და მონიტორინგის ჯგუფს.
სახალხო დამცველის აპარატის ადგილსამყოფელია თბილისი, თუმცა მისი ოფისები არის ქალაქებში: ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, მარნეული, გორი, ახალქალაქი, თელავი, ოზურგეთი, მესტია.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს კონსტიტუცია
- საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“
ადამიანის უფლებათა დაცვის სამართალი (I),- ალმანახი №6, (რედაქტორი: ირაკლი სესიაშვილი; ტექნიკური რედაქტორი: გიორგი გიორგანაშვილი, მარინე მესხი, ეკა დათუაშვილი, თინათინ ხიდაშელი, ზურაბ ჯიბღაშვილი. სერიაზე პასუხისმგებელი: თინათინ ხიდაშელი),– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თბილისი, 1998 წელი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ორგანული კანონი საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ombudsman.ge-ზე
- ↑ ცვლილებები საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ კანონში 16.07.2009 N1462