აუგსბურგის რელიგიური ზავი

აუგსბურგის რელიგიური ზავი — დაიდო 1555 წლის 25 სექტემბერს აუგსბურგის რაიხსტაგში გერმანელ პროტესტანტ მთავრებსა და იმპერატორ კარლ V-ს შორის. ამ ზავით დამთავრდა კათოლიკეთა ომი ლუთერანებთან. აუგსბურგის რელიგიური ზავი სარწმუნოებრივ თავისუფლებას ანიჭებდა მხოლოდ კათოლიკე და ლუთერან მთავრებს, იგი კალვინისტებზე არ ვრცელდებოდა. კათოლიკე და ლუთერანი მთავრების ქვშევრდომები მოვალენი იყვნენ ეღიარებინათ თავიანთი მთავრის რელიგია თანახმად პრინციპისა – „ვისიცაა მბრძანებლობა, მისივეა სარწმუნოება“ (Cuius regio, eius Religio) ან სხვაგან გადასახლბულიყვნენ. აუგსბურგის რელიგიური ზავმა ლუთერანობა კათოლიკობასთან ერთად ოფიციალურ რელიგიად აღიარა, ცნო პასაუს ხელშეკრულებამდე (1552) მომხდარი კათოლიკური ეკლესიის მიწების სეკულარიზაცია; დააჩქარა სამთავრო აბსოლუტიზმის განვითარება.[1]

დოკუმენტის თავფურცელი. მაინცი, 1555.

გერმანიის შინაგანი მდგომარეობა 1555 წლის აუსბურგის საზავო ხელშეკრულების შემდეგ რედაქტირება

აუსბურგის საზავო ხელშეკრულება ფაქტობრივად ნიშნავდა გერმანელი მთავრების სრულ გამარჯვებას და, მაშასადამე, გერმანიის პოლიტიკური დაქსაქსულობის განმტკიცებას. აღნიშნულმა ზავმა მთავრები სრულიად დამოუკიდებელი გახადა რელიგიურ საკითხშიც, მათ უფლება მიეცათ თავიანთი ქვეშერმდომებისათვის ის რელიგია მოეხვიათ თვზე, რომელსაც თვითონ მოისურვებდნენ პრინციპის მიხედვით — „ვისი ძალაუფლებაცაა, მისივე უნდა იყოს სარწმუნოებაც“. ამასთან ერთად, ფაქტობრივად, მთავრების კონპენტენციაში გადავიდა ეკონომიური პოლიტიკისა და სასამართლოს წარმოების უფლებაც.[2]

რეფორმავიის გამარჯვების შემდეგ გერმანიის მთავრების ერთი ნაწილი კათოლიკურ ეკლესიას მიემხრო, ხოლო მეორე-პროტესტანტობას. თვით კურფიურისტები, რომლებიც იმპერატორებს ირჩევდნენ, რელიგიური თვალსაზრისით ორ დაჯგუფებად იყოფოდნენ: პროტესტანტები (ბრანდენბურგის, საქსონიისა და პფალცის კურფიურისტები) და კათოლიკენი (ტრირის, კელნის და მაინცის არქიეპისკოპოსები), ხოლო მეშვიდე კურფიურისტი, რომელიც იმპერატორი იყო, ერთდროულად ითვლებოდა ჩეხეთის მეფედ. ამის გამო, XVI საუკუნის მეორე ნახევარში იმპერატორის მიმართ შეიქმნა ძალთა თანაფარდობა პროტესტანტ და კათოლიკე კურფიურისტებს შორის.[2]

აუსბურგის ზავის შემდეგ, პირველ ათეულ წელს მაინც, პროტესტანტები უფრო მეტად გაძლიერდნენ. ამ ხანებში კათოლიკეებს შერჩათ გერმანიის 3/10 ნაწილი. იმპერატორი ფერდინანდ I (1556-1564) და იმპერატორი მაქსიმილიან II (1564-1574) მიუხედავად იმისა, რომ თვითონ კათოლოკენი იყვნენ, ვერ ბედავდნენ პროტესტანტი მთავრების წინააღმდეგ გალაშქრებას და პროტესტანტებსა და კათოლიკეთა შორის მხოლოდ შემრიგებლობის როლში გამოდიოდნენ. 1575 წელს კათოლიკე კურფიურისტებმა მოახერხეს ჩეხეთის მეფის, ხოლო შემდეგ იმპერატორის ტახტზე თავიანთი კანდიდატის - რუდოლფ II-ის სასახლეში და საკმაოდ ფანატიკოსი კათოლიკე გახდა. მან გერმანიაში ხელი შეუწყო კათოლიკურ რეაქციას, რამაც კათოლიკე მთავრების პოზიცია უფრო მეტად განამტკიცა.[2]

პროტესტანტებსა და კათოლიკეთა შორის პირველი ძლიერი შეჯახება მოხდა 1582-1584 წლებში კელნის საარქიეპისკოპოსოს გამო. მისმა არქიეპისკოპოსმა აშკარად მიიღო პროტესტანტობა. კელნის ეპისკოპოსის პოსტზე კათოლიკობის მიმდევრებმა თავიანთი კანდიდატი წამოაყენაეს, იმ დროს, როცა პროტესტანტები თვლიდნენ, რომ ტრუხზესი ეპისკოპოსობიდან სულაც არ იყო გადამდგარი. ორივე მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა კელნის საეპისკოპოსოს, რადგან კელნის ეპისკოპოსზე იყო დამოკიდებული კათოლიკური ან პროტესტანტული ხმების უმრავლესობა კურფიურისტების კოლეგიაში. ამასთან, კელნს რაინზე გაბატონებული მდგომარეობა ეკავა. ეს გარემოება წყვეტდა საკითხს იმის შესახებ, დაუჭერდა თუ არა მხარს დასავლეთ გერმანია ნიდერლანდების რევოლუციას, რომლის წინააღმდეგ გააფთრებულ ბრზოლას ეწეოდა კათოლიკური ესპანეთი.[2]

რომი, ესპანეთი და ბავარია ცდილობდნენ ყოველგვარი ღონისძიება ეხმარათ იმისათვის, რომ კელნი კათოლიკეთ შეენარჩუნებინათ. ესპანეთის ჯარებმა დაიკავეს კიდევაც ქვეყნის ერთი ნაწილი. ამგვარად, კელნის ოლქში კათოლიკურმა რეაქციამ გაიმარჯვა. ამის შემდეგ ის გავრცელდა ჩრდილო-დასავლეთ გერმანიაშიც. პროტესტანტული თავადაზნაურობა იძულებული გახდა ძალაუფლება და ეკლესსისაგან ჩამორთმეული ქონება კათოლიკე თავადაზნაურებისთვის დაეთმო. ლუთერანები და კალვინისტები ბევრი ადგილიდან განდევნეს. ზოგან ძალაუფლება რამდენჯერმე გადავიდა ხელიდან ხელში. მაგალითად, 1560 წელს აახენში წარმოებული ბრძოლის შედეგად ძალაუფლება პროტესტანტების ხელში გადავიდა, მაგრამ 1598 წელს, რუდოლფ II-ის თანხმობით აახენი კათოლიკობის მომხრეებმა დაიკავეს. 1611 წ. პროტესტანტებმა აახენი ისევ დაიბრუნეს, ხოლო 1614 წელს კათოლიკობამ ესპანელი ჯარების დახმარებით საბოლოო გამარჯვება მოიპოვა პროტესტანტებზე.[2]

კათოლიკეთა შემდგომი წარმატებანი ნაწილობრივ შეჩერებულ იქნა „უძლეველი არმადის“ დაღუპვით და საფრანგეთის სამეფო ტახტზე ანრი IV-ის ასვლით, რომელიც გერმანელი პროტესტანტების მოკავშირედ გამოდიოდა. ანრის წაქეზებით მზადდებოდა პროტესტანტი მთავრების სამხედრო კავშირი. ამის უშუალო საბაბად გადაიქცა პატარა საიმპერიო ქალაქში, დონაუვერტში მომხდარი ამბავი. ეს ქალაქი ჯერ კიდევ XVI საუკუნის პირველ ნახევარში პროტესტანტებს ეკუთვნოდათ. ამით ისარგებლეს კათოლიკური რეაქციის მესვეურებმა და რუდოლფ II-ის სახელით ბავარიის ჰერცოგს მაქსიმილიანეს დაავალეს „დევნილი“ კათოლიკობის დაცვა. ჰერცოგმა დაამარცხა პროტესტანტები და 1607 წელს ქალაქი დონაუვერტი თავის სამფლობელოს შემოუერთა.[2]

ზემოაღნიშნულის საპასუხოდ სამხრეთ და დასავლეთ გერმანიის პროტესტანტმა მთავრებმა 1608 წელს ევანგელიკური უნია დააარსეს, რომლის მეთაური გახდა კალვინისტების ხელმძღვანელი პფალცის კურფიურისტი. ეს ლიგა სამხედრო-პოლიტიკურ ორგანიზაციას წარმოადგენდა. 1609-1610 წლებში მას მიემხრო ზოგიერთი საიმპერიო ქალაქი, ჰესენის ლანდგრაფი და ბრანდენბურგის კურფიურსტი. ევანგელიკური უნიის სულისჩამდგმელი ფაქტობრივად ანრი IV იყო.[2]

ევანგელიკური ეკლესიის დასაპირისპირებლად მაქსიმილიანე ბავარიელის ინიციატივით 1609 წელს ჩამოყალიბდა ასეთივე სამხედრო-პოლიტიკური კავშირი, რომელსაც კათოლიკური ლიგა ეწოდა. მასში შედიოდნენ კათოლიკე სასულიერო და საერო მთავრები. ამ კავშირს დიდი მატერიალური სახსრები გააჩნდა, 1610 წელს იგი დაუყოვნებლივ შეუდგა თავისი ჯარების შეგროვებას გამოცდილი და ნიჭიერი სარდლის ტილის (Tilli) ხელმძღვანელობით (ტილლი წარმოშობით ესპანური ნიდერლანდებიდან იყო. სწავლობდა იეზიტურ სკოლაში. 1610 წელს იგი შევიდა მაქსიმილიანე ბავარიელის სამსახურში). კათოლიკურ ლიგას მხარს უჭერდა ესპანეთი. ამგვარად, ორივე მხარე გაფაციცებით ემზადებოდა ახალი ომისათვის, რომელიც კვლავ გერმანიის ტერიტორიაზე უნდა მომხდარიყო.[2]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 7.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 ტივაძე გ., შუა საუკუნეების ისტორია, ტ.2, გვ. 444, თბილისი : თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1970.