ეპისკოპოსი (ბერძ. ἐπίσκοπος, episkopos, სიტყვასიტყვით — „მეთვალყურე“, „ზედამხედველი“) — რომის კათოლიკურ, მართლმადიდებლურ და ანგლიკანურ ეკლესიებში ღვთისმსახურთა უმაღლესი წოდება, საეკლესიო იერარქიის უმაღლესი წარმომადგენელი, იგივეა, რაც არქიელი (მღვდელმთავარი), მღვდლობის უმაღლესი ხარისხის მქონე, რომელსაც უფლება აქვს შეასრულოს ქრისტიანობის შვიდივე საიდუმლო და აკურთხოს მირონი.

მართლმადიდებელი ეპისკოპოსის მიტრა

ეპისკოპოსი მართავს საეკლესიო-ადმინისტრაციულ ერთეულს ეპარქიას (საეპისკოპოსოს), სადაც მის პრეროგატივას შეადგენს საეკლესიო იურისდიქცია, ქრისტიანული დოგმატების სწავლება-ქადაგება, დაქვემდებარებული საყდრებისა და მონასტრების განმგებლობა, მისგან დამოკიდებული სამღვდელოების ქიროტონია (ხელდასხმა), საეკლესიო თანამდებობებზე დანიშვნა და ა. შ.

ადრინდელ ქრისტიანულ ეკლესიაში ეპისკოპოსი იყო თემის უფროსი, განაგებდა მის ქონებას, დისციპლინარულ სასამართლოს, მასვე ეხებოდა მისდამი დაქვემდებარებული სამღვდელოების ხელთდასხმა და სხვა. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად ცნობის შემდეგ ბიზანტიის იმპერატორებმა ეპისკოპოსებს მიანიჭეს პოლიტიკური პრივილეგიები და ზოგიერთ სამოქალაქო საქმეთა გამგებლობა. IV საუკუნიდან დამკვიდრდა ეპისკოპოსთა იერარქია, რომლის უმაღლეს საფეხურზე დგანან პატრიარქები, მათ შემდეგ მიტროპოლიტები, რომელთა ნაწილსაც აქვს არქიეპისკოპოსთა (მთავარეპისკოპოსთა) ტიტული და ვოლო საფეხურზე არიან ჩვეულებრივი ეპისკოპოსები.

საქართველოში ეპისკოპოსის თანამდებობა IV საუკუნეში შემოვიდა. ძველი ქართული წყაროებით ასახელებენ პირველ ეპისკოპოსს იოანეს, რომელიც საბერძნეთიდან მოვიდა და მცხეთაში იჯდა. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის განმტკიცებასთან ერთად იზრდებოდა ეპისკოპოსთა რიცხვიც. V საუკუნიდან ისინი ექვემდებარებოდნენ „ქართლის კათალიკოსს“, XI საუკუნიდან - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. VII საუკუნიდან სავალდებულო იყო ეპისკოპოსის უქორწინება, ამიტომ მას მონაზონთაგან ირჩევდნენ. ეპისკოპოსს „მწყემსსაც“, „მღვდელმთავარსაც“ უწოდებდნენ. უმაღლესი საეკლესიო თანამდებობის პირის ტიტული იყო კათოლიკოსი და კათოლიკოს-პატრიარქი. შუა საუკუნეების საქართველოში ეპისკოპოსებმა დიდ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სიძლიერეს მიაღწიეს და საერო ფეოდალებს გაუთანასწორდნენ. ამასთან, ისინი რელიგიის საშუალებით დიდ მორალურ ზემოქმედებას ახდენდნენ მოსახლეობაზე. მათ უხდიდა საეპისკოპოსო გადასახადს (დრამა, ნიშანი, საკანონო და სხვა). ეპისკოპოსები აქტიურად ერეოდნენ შინაფეოდალურ პოლიტიკურ საქმიანობაში, ზოგჯერ ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ სეპარატისტულ მოძრაობასაც ედგნენ სათავეში. სახელმწიფოსადმი ეკლესიის დაქვემდებარების შემდეგ (XII საუკუნეში, დავით აღმაშენებლის დროს) ეპისკოპოსებს უმრავლესობა მეფის პოლიტიკურ საყრდენ ძალად იქცა. საქართველოს პოლიტიკური დაშლის შემდეგ (XV ს.) ეპისკოპოსები თავიანთი მეფე-მთავრების მოკავშირეებად გამოდიოდნენ.

თანამედროვე საქართველოში ეპისკოპოოსის არჩევა და დადგინება ხდება საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აძლევს ეპარქიის მღვდელმთავარს დადგინების სიგელს. ეპისკოპოსი ვალდებულია დაემორჩილოს უმაღლეს საეკლესიო ხელისუფლებას (საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდს და კათოლიკოს-პატრიარქს). კათოლიკოს-პატრიარქთან შეთანხმებით ასრულებს სასულიერო პირების ხელდასხმას, აკურთხებს ეპარქიაში შემავალ ტაძრებს, პასუხისმგებელია საქართველოს ეკლესიის კრებების დადგენილებებისა და სხვა საეკლესიო წესდების შესრულებაზე თავის ეპარქიაში; არის ეპარქიის უმაღლესი სასამართლო ხელისუფალი. ეპისკოპოსის ხელდასხმა სრულდება მცხეთის სვეტიცხოვლის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის საპატრიარქო ტაძარში.

ლიტერატურა

რედაქტირება