მირონი
მირონი — მცენარეული სურნელოვანი ზეთი, იხმარება ქრისტიანულ ეკლესიაში მირონცხების საიდუმლოს შესრულების დროს, ტაძრისა და წმინდა ტრაპეზის კურთხევისას, აგრეთვე მეფის კურთხევაზე, გადმოცემის თანახმად, საქართველოში წმინდა მირონი გადმოდიოდა მცხეთაში იმ ხიდან, რომელიც იესო ქრისტეს მიწაში დაფლულ კვართზე იყო ამოსული. შემდგომში იმ ადგილზე სვეტიცხოვლის ტაძარი აუგიათ. ამჟამად მირონს ამზადებენ 30-ზე მეტი სურნელოვანი ნივთიერებისაგან (ზეითუნის ზეთი, თეთრი ღვინო, საკმელი, სხვადასხვა ყვავილი, ვარდის ზეთი და სხვა). მირონი მზადდება ყველა დამოუკიდებელ ეკლესიაში, ეს არის ეკლესიის ავტოკეფალიის ერთ-ერთი ნიშანი. მირონის ხარშვა იწყება აღდგომის წინ, დიდ ორშაბათს, და 3 დღეს გრძელდება. მირონს აკურთხებს პატრიარქი საპატრიარქო ტაძარში, საზეიმო წირვის შესრულების დროს. საქართველოში მირონს აკურთხებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 13.