ბაჰამის კუნძულების ისტორია

ბაჰამის კუნძულების ისტორია ახალი წელთაღრიცხვის პირველ ათასწლეულში, კუნძულებზე პირველი ადამიანების მოსვლისას იწყება. ახალი წელთაღრიცხვის დაახლოებით XI საუკუნეში, სამხრეთ ამერიკიდან კუბასა და კუნძულ ისპანიოლაზე მიგრირებული ტაინოს ხალხი ამჯერად სამხრეთ ბაჰამის კუნძულებზე გადასახლდა. ეს ხალხი ტაინოს ერთ–ერთი განშტოება — ლუკაიანები იყვნენ. 1492 წელს ბაჰამის კუნძულებზე ქრისტეფორე კოლუმბის მისვლისთვის, იქ დაახლოებით 30 000 ლუკაიანი სახლობდა. ახალ მსოფლიოში, კოლუმბი ხმელეთზე პირველად კუნძულ სან-სალვადორზე გადავიდა (ლუკაიანებისთვის ცნობილი, როგორც გუანაჰანი), რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი თანამედროვე კუნძულ სან-სალვადორთან აიგივებს. იგი ბაჰამის კუნძულების სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს.

ლუკაიანის თავის ქალა. ტაინოს ეს ხალხი ბაჰამის კუნძლების თავდაპირველი მოსახლეობა იყო.

ალტერნატიული თეორიის თანახმად, კოლუმბი პირველად გადავიდა კუნძულ სამანა-კის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. აღნიშნული თეორია ემყარება 1986 წელს National Geographic-ის მწერლისა და რეჟისორის, ჯოზეფ ჯადჯის გამოთვლებს. თუმცა, ამ თეორიას აკლია დამაჯერებელი მტკიცებულებები. იმ კუნძულზე, რომელზეც კოლუმბი პირველად გადავიდა, მან პირველი კონტაქტი დაამყარა ლუკაიანებთან, როდესაც მათ საქონელი გაუცვალა.

ესპანელები გამალებით ცდილობდნენ ისპანიოლას ლუკაიანი მოსახლეობა სამუშაო ძალად გამოეყენებინათ, რასაც თან ახლდა დაავადებების გავრცელება, რომელთა წინააღმდეგ ადგილობრივებს იმუნიტეტი არ ჰქონდათ. შესაბამისად, საკმაოდ გაიზარდა მათი სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ბაჰამის მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდა. კოლუმბის სტუმრობის შემდეგ, თან მოტანილმა ყვავილის ეპიდემიამ ტაინოს ინდიელები მთლიანად გაანადგურა, ზოგადად ბაჰამის კუნძულების მოსახლეობა კი გაანახევრა.[1]

დიდი ხნის მანძილზე ისტორიკოსებს მიაჩნდათ, რომ ევროპელებს კუნძულების კოლონიზაცია XVII საუკუნის შუა წლებამდე არ დაუწყიათ. თუმცა, ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ იყო კუნძულების დასახლების მცდელობა ესპანელების, ფრანგებისა და ბრიტანელების მიერ, ისევე როგორც სხვა ინდიელების მიერ. 1648 წელს, ინგლისელი პურიტანები ბერმუდიდან, უილიამ სეილეს მეთაურობით კუნძულ ელიუთერაზე ჩასახლდნენ. ამ ხალხმა კუნძულზე პირველი მუდმივი დასახლება დააარსეს და მათვე უწოდეს ამჟამინდელი სახელი — ელიუთერა, რაც ძველბერძნული სიტყვა „თავისუფლებიდან“ მომდინარეობს. მოგვიანებით ისინი კუნძულ ნიუ-პროვიდენსზეც დასახლდნენ.

1670 წელს, ინგლისის მეფე ჩარლზ II-მ კუნძულები კაროლინის ლორდ-მესაკუთრეებს უბოძა, რომლებმაც მეფისგან ისინი ვაჭრობის, გადასახადების დაწესების, გუნერნატორთა დანიშვნისა და ადმინისტრირების უფლებით მიიღეს. 1684 წელს დედაქალაქ ჩარლზ-ტაუნს (მოგვიანებით ეწოდა ნასაუ) ესპანელი მეკობრე ხუან დე ალკონი დაესხა თავს. 1703 წელს, როდესაც მიმდინარეობდა ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის, ფრანგთა და ესპანელთა გაერთიანებულმა ექსპედიციამ სულ მოკლე ხანში აიღო ბაჰამის დედაქალაქი.

XVIII-XIX საუკუნეები რედაქტირება

დაფა ფლორიდის ბილ-ბაგზ-კეიპის სახელმწიფო პარკში, რომელიც ეძღვნება ასობით აფრო-ამერიკელ მონას, რომლებიც თავისუფლების მოპოვების მიზნით 1820-იან წლებში ბაჰამის კუნძულებზე გაიქცნენ.

მესაკუთრის ფორმის მმართველობის დროს, ბაჰამის კუნძულები მეკობრეთა სამოთხედ იქცა, ამ უკანასკნელთა შორის იყო ცნობილი და საძრახისი მეკობრე შავწვერაც. წესრიგის დამყარების მიზნით, 1718 წელს ბრიტანეთმა ბაჰამები სამეფო კოლონიად გამოაცხადა და გუბერნატორად ვუდს როჯერსი დანიშნა. სასტიკი ბრძოლის შემდეგ, მან მეკობრეობა აღკვეთა.[2] 1720 წელს, როჯერსი ადგილობრივ მილიციას წარუძღვა ესპანელთა შემოტევის მოსაგერიებლად.

ამერიკის რევოლუციური ომის დროს კუნძულები ამერიკის საზღვაო ფლოტის სამიზნე გახდა, რომელსაც კომოდორი ეზეკ ჰოპკინზი ხელმძღვანელობდა. ამრიკელმა მეზღვაურებმა დედაქალაქი ნასაუ 14 დღით დაიკავეს.

1782 წელს იორკტაუნთან ბრიტანელთა მარცხის შემდეგ, ნასაუს მისადგომებთან ესპანეთის ფლოტი გამოჩნდა, რომელსაც ქალაქი ბრძოლის გარეშე ჩაბარდა. მომდევნო წელს, პარიზის ზავის საფუძველზე ესპანეთმა ბრიტანეთისგან ბაჰამის კუნძულები დაიბრუნა.

ამერიკის დამოუკიდებლობის შემდეგ, ბრიტანეთმა ნიუ-იორკიდან, ფლორიდიდან და კაროლინიდან ბაჰამის კუნძულებზე დაახლოებით 7 300 ლოიალისტი და მათი მონები ჩაასახლა, მიზანი ამ უკანასკნელთა მიერ განცდილი დანაკარგების კომპენსირება იყო. ლოიალისტებმა რამდენიმე კუნძულზე პლანტაციები გააშენეს, დედაქალაქში კი პოლიტიკურ ძალად იქცნენ. ევროპელი ამერიკელები მათ მიერვე მოყვანილ აფრო-ამერიკელებს რიცხოვნობით ბევრად აჭარბებდნენ, ეთნიკური ევროპელები კი უმცირესობად რჩებოდნენ.

1807 წელს ბრიტანეთმა მონებით ვაჭრობა გააუქმა. მომდევნო ათწლეულებში, მათ ჩაასახლეს სამეფო ფლოტის მიერ ბაჰამის კუნძულების წყლებში მოძრავი მონათა გემებიდან გათავისუფლებული ათასობით აფრიკელი მონა. ბრიტანეთის იმპერიაში მონობა საბოლოოდ 1834 წლის 1 აგვისტოს გაუქმდა.

1820-იან წლებში, ათასობით ამერიკელი მონა და შავი სემინოლი ფლორიდიდან ბაჰამებისაკენ გაიქცა და ძირითადად ანდროსის კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ჩასახლდა, სადაც მათ სოფელი რედ-ბეისი გააშენეს. თვითმხილველთა გადმოცემით, 1823 წლის მასიური სვლის შედეგად, დაახლოებით 27 კარპაჭითა და კანოეებითი ბაჰამებისკენ 300 ადამიანი გაიქცა. ეს მოვლენა 2004 წელს უკვდავყოფილ იქნა ფლორიდის ბილ-ბაგზ-კეიპის სახელმწიფო პარკში შესაბამისი აღნიშვნის დაფის აღმართვით.[3][4] ზოგიერთი მათი შთამომავალი დღემდე განაგრძობს შავი სემინოლების ტრადიციებს, რაც კალათების დაწვნასა და სავლავის გათხრის წესებში გამოიხატება.[5]

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული პარკების სამსახური, რომელიც მართავს მონების მიერ გაყვანილ ეროვნულ მიწისქვეშა რკინიგზას, აფრიკელი ბაჰამელების მუზეუმთან და ნასაუს კვლევით ცენტრთან ერთად მუშაობს სოფელ რედ-ბეის, როგორც ამერიკელი მონების თავისუფლების ძიებასთან დაკავშირებული ძეგლის იდენტიფიცირებაზე. მუზეუმმა შეისწავლა და დოკუმენტურად დაადასტურა სამხრეთ ფლორიდიდან შავი სემინოლების გაქცევა. ის ასევე გეგმავს რედ-ბეის იმ ისტორიული ძეგლების განმარტებითი პროგრამების განცორციელებას, რომლებიც დაკავშირებულია ბაჰამებზე შავი სემინოლების ჩასახლების პერიოდთან.[6]

1818 წელს,[7] ლონდონის სამსახურმა მტკიცედ ბრძანა, რომ „ბაჰამის კუნძულებზე მყოფი ნებისმიერი მონა, რომელიც მოყვანილია ბრიტანეთის ვესტ-ინდოეთის მიღმა ტერიტორიებიდან, გათავისუფლებული იქნება“. ამან განაპირობა ამერიკელების კუთვნილი დაახლოებით 300 მონის გათავისუფლება 1830-1835 წლებში.[8] 1830 წლის დეკემბერში და შემდეგ 1834 წლის თებერვალში, კუნძულ აბაკოსთან შეიპყრეს სანაპირო ზოლის მონებით ვაჭრობის კუთვნილი ორი ამერიკული გემი — Comet და Encomium. როდესაც შემპყრობლებმა გემის მეპატრონეები, მგზავრები და მონები ნასაუში წაიყვანეს, მიუხედავად ამერიკელთა პროტესტისა, საბაჟოს ოფიცრებმა მონები გადაარჩიეს და ეს უკანასკნელნი ბრიტანეთის კოლონიალურმა წარმომადგენლობამ გაათავისუფლა. Comet-ზე 165 მონა აღმოჩნდა, Encomium-ზე კი — 48. ბრიტანეთმა აშშ-ს ამ ორი შემთხვევის კომპენსაცია გადაუხადა, მაგრამ მხოლოდ საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ.[9]

1835 წელს ბრიტანეთის კოლონიალურმა წარმომადგენლობამ ასევე გაათავისუფლა ბერმუდისკენ მიმავალი ამერიკული გემის Enterprise-ის 78 მონა, 1840 წელს კი კუნძულ აბაკოსთან შეპყრობილი Hermosa-ს 38 მონა.[10] ყველაზე აღსანიშნავი შემთხვევა მოხდა 1841 წელს, როდესაც გემ Creole-ზე მონები აჯანყდნენ და ამბოხის ლიდერებმა ამერიკელებს ნასაუში წაყვანა უბრძანეს. გემზე 135 მონა იმყოფებოდა, რომლებიც ვირჯინიიდან ახალ ორლეანში მიჰყავდათ გასაყიდად. ბაჰამის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ 128 მონა გაათავისუფლა, რომელთაც კუნძულებზე დარჩენა გადაწყვიტეს. Creole-ის შემთხვევა მიჩნეულია „მონათა ყველაზე წარმატებულ აჯანყებად აშშ-ის ისტორიაში“.[11]

აღნიშნული ინცინდენტების შედეგად, 1842 წლისათვის ამერიკელების კუთვნილი სულ 447 მონა გათავისუფლდა, რამაც გაზარდა დაძაბულობა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საერთაშორისო მონებით ვაჭრობის წინააღმდეგ პატრულირებაში თანამშრომლობდნენ. საკუთარი საშინაო მონათვაჭრობის სიმტკიცითა და მასშტაბით შეწუხებული აშშ აპროტესტებდა ბრიტანეთის კუთვნილი გემების შესვლას და ხალხის დაპატიმრებას მის კოლონიურ პორტებში, რაც საერთაშორისო ვაჭრობის პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა. აშშ წუხდა, რომ Creole-ის შემთხვევა, როდესაც მონებმა თავისუფლებას მიაღწიეს, მონათა აჯანყებების წამახალისებელი აღმოჩნდებოდა სხვა სავაჭრო გემებზე.

XX საუკუნე რედაქტირება

ედუარდ VIII, უინძორის ჰერცოგი და ბაჰამის კუნძულების გუბერნატორი 1940-1945 წლებში.

1940 წლის აგვისტოში, ტახტიდან გადადგომის შემდეგ, უინძორის ჰერცოგი ედუარდ VIII ბაჰამის გუბერნატორად დაინიშნა, რომელიც კუნძულებზე ცოლთან, ოულის სიმპსონთან ერთად ჩავიდა. მიუხედავად არამყარი პოზიციისა გუბერნატორის ოფისში, „ისინი ცდილობდნენ შეექმნათ საუკეთესო ცუდ სიტუაციაში“.[12] იგი თავის პოსტს დიდად არ გაუტაცია და კუნძულებს ახასიათებდა როგორც „ბრიტანეთის მესამე ხარისხის კოლონიას“.[13]

1940 წლის 29 ოქტომბერს მან ადგილობრივი პატარა პარლამენტი გახსნა. ნოემბერში წყვილი უენერ–გრენის იახტით სხვა „გარე კუნძლებს“ ესტუმრა, რამაც გარკვეული დავა წარმოშვა. ბრიტანეთის საგარეო ოფისს აღნიშნულ მოგზაურობასთან დაკავშირებით სასტიკი თავის მართლება მოუხდა,[14] რადგან აშშ–ის ინტელიგენციის მიერ უენერ–გრინი შეცდომით მიჩნეულ იქნა ნაცისტური გერმანიის სარდალ ჰერმან გერინგის მეგობრად.[14][15]

ჰერცოგმა კუნძულებზე სიღარიბის აღმოსაფხვრელად სასტიკი ბრძოლა გააჩაღა. 1991 წელს ფილიპ ზიეგლერის მიერ შედგენილ ბიოგრაფიაში იგი დახასიათებულია როგორც ბაჰამელებისა და ზოგადად მთელი იმპერიის არათეთრკანიანი ხალხების მოძულე.[16] 1942 წლის ივნისში, ჰერცოგმა შეუპოვრობა გამოიჩინა ნასაუს სამოქალაქო ამბოხის ჩახშობაში.[17] როგორც ზიეგლერი აღნიშნავს, ჰერცოგს დიდ პრობლემებს უქმნიდნენ კომუნისტები და ცენტრალურ ევროპელ ებრაელთა შთამომავლები, რომელთაც საიდუმლო სამსახურები ჰქონდათ.[18]

1945 წლის 16 მარტს ჰერცოგი თანამდებობიდან გადადგა.[19][20]

II მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი რედაქტირება

მონუმენტი სერ როლანდ სიმონეტის პარკის შესასვლელთან, კუნძულ ელიუთერის ჩრდილოეთ ნაწილში. ეძღვნება ბაჰამის კუნძულების პირველ პრემიერს სერ როლანდ სიმონეტს.

თანამედროვე პოლიტიკური განვითარება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო. პირველი პოლიტიკური პარტიები 1950-იან წლებში ჩამოყალიბდა. 1964 წელს ბრიტანეთის პარლამენტმა კუნძულები შიდა თვითმმართველ ძალაუფლებად აღიარა, რომლის პირველი პრემიერი იყო სერ როლანდ სიმონეტი გაერთიანებული ბაჰამური პარტიიდან.

1965 წელს, ნაწილობრივ ნასაუში გადაიღეს ჯეიმზ ბონდის მეოთხე ფილმი „სფერული ელვა“. ამავე წელს, კუნძულ ნიუ-პროვიდენსსა და პარადაისზე გადაიღეს The Beatles-ის ფილმის „მიშველე!“ ნაწილი.

1967 წელს, ლინდენ პინდლინგი პროგრესული ლიბერალური პარტიიდან კოლონიის პირველი შავკანიანი პრემიერი გახდა. 1968 წელს პოსტის სახელი შეიცვალა და ეწოდა პრემიერ-მინისტრი. 1973 წელს ბაჰამის კუნძულები სრულიად დამოუკიდებელი გახდა თანამეგობრობის სამეფოში და შეინარჩუნა ერთა თანამეგობრობის წევრობა. დამოუკიდებლობიდან სულ ცოტა ხნის შემდეგ, პირველ გენერალ-გუბერნატორად (დედოფალ ელისაბედ II-ის ოფიციალური წარმომადგენელი) დაინიშნა მილო ბატლერი.

ტურიზმსა და ოფშორული ფინანსებზე დაფუძნებულმა ბაჰამის ეკონომიკამ 1950-იანი წლებიდან აღმავლობა დაიწყო. თუმცა, დღემდე დღის წესრიგში რჩება ისეთი მნიშვნელოვანი გამოწვევები, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა, საბინაო ფონდი, საერთაშორისო ნარკოვაჭრობა და არალეგალური იმიგრაცია ჰაიტიდან.

ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემას ქმნის ბაჰამის კუნძულების კოლეჯი. კოლეჯს გააჩნია ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და ასოცირებული ხარისხები, ფლობს სამ კამპუსს და სასწავლო-კვლევით ცენტრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. "Schools Grapple With Columbus's Legacy: Intrepid Explorer or Ruthless Conqueror?", Education Week, 9 October 1991
  2. [Colin] (2010). The Republic of Pirates. Harcourt, Inc, გვ. 166–168, 262–314. ISBN 978-0-15-603462-3. 
  3. "Bill Baggs Cape Florida State Park", Network to Freedom, National Park Service, 2010, accessed 10 April 2013
  4. Charles Blacker Vignoles, Observations on the Floridas, New York: E. Bliss & E. White, 1823, pp. 135–136
  5. Howard, Rosalyn. (2006) "The 'Wild Indians' of Andros Island: Black Seminole Legacy in the Bahamas," Journal of Black Studies. Vol. 37, No. 2, pp. 275–298. Abstract on-line at http://jbs.sagepub.com/content/37/2/275.abstract.
  6. Partners: "African Bahamanian Museum and Research Center (ABAC)", Network to Freedom, National Park Service, accessed 10 April 2013
  7. Appendix: "Brigs Encomium and Enterprise", Register of Debates in Congress, Gales & Seaton, 1837, p. 251-253. Note: In trying to retrieve American slaves off the Encomium from colonial officials (who freed them), the US consul in February 1834 was told by the Lieutenant Governor that "he was acting in regard to the slaves under an opinion of 1818 by Sir Christopher Robinson and Lord Gifford to the British Secretary of State."
  8. Gerald Horne, Negro Comrades of the Crown: African Americans and the British Empire Fight the U.S. Before Emancipation, New York University (NYU) Press, 2012, p. 103
  9. Horne (2012), Negro Comrades of the Crown, p. 137
  10. Horne (2012), Negro Comrades of the Crown, pp. 107–108
  11. Williams, Michael Paul (11 February 2002). „Brig Creole slaves“. Richmond Times-Dispatch. Richmond, VA. ციტირების თარიღი: 2 February 2010.
  12. Higham, Charles (1988). The Dutchess of Windsor: The Secret Life. McGraw Hill, გვ. 300–302. 
  13. Bloch, Michael (1982). The Duke of Windsor's War, London: Weidenfeld and Nicolson. ISBN 0-297-77947-8, p. 364.
  14. 14.0 14.1 Higham, Charles (1988). The Dutchess of Windsor: The Secret Life. McGraw Hill, გვ. 307–309. 
  15. Bloch, Michael (1982). The Duke of Windsor's War. London: Weidenfeld and Nicolson. ISBN 0-297-77947-8, pp. 154–159, 230–233
  16. Ziegler, Philip (1991). King Edward VIII: The official biography. New York: Alfred A. Knopf. ISBN 0-394-57730-2.
  17. Higham, Charles (1988). The Dutchess of Windsor: The Secret Life. McGraw Hill, გვ. 331–332. 
  18. Ziegler, pp. 471–472
  19. Matthew, H. C. G. (September 2004; online edition January 2008) "Edward VIII, later Prince Edward, duke of Windsor (1894–1972)", Oxford Dictionary of National Biography, Oxford University Press, doi:10.1093/ref:odnb/31061, retrieved 1 May 2010 (Subscription required)
  20. Higham places the date of his resignation as 15 March, and that he left on 5 April. Higham, Charles (1988). The Dutchess of Windsor: The Secret Life. McGraw Hill, გვ. 359.