ბაჰამის კუნძულების პოლიტიკური სისტემა
ბაჰამის კუნძულები საპარლამენტო კონსტიტუციური მონარქიაა, რომლის მეთაურია მეფე ჩარლზ III ტიტულით ბაჰამის მეფე. პოლიტიკური და სამართლებრივი ტრადიციები მჭიდროდ მიჰყვება გაერთიანებული სამეფოსა და უესტმინსტერის სისტემებს. ორი ძირითადი პარტიაა თავისუფალი ნაციონალური მოძრაობა და პროგრესულ ლიბერალური პარტია.
სამუშაო ადგილების დაახლოებით ნახევარს აწარმოებს ტურიზმი, მაგრამ ვიზიტორთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა მას შემდეგ, რაც 2008 წლის ბოლო კვარტალში გლობალურმა ეკონომიკამ დაღმასვლა დაიწყო. ასევე შემცირდა საბანკო სექტორი და ფინანსური სერვისი.
ბაჰამის კუნძულები ერთა თანამეგობრობის წევრია, როგორც თანამეგობრობის სამეფო, სახელმწიფოს მეთაურს წარმოადგენს მისი უდიდებულესობა მეფე ჩარლზ III (წარმოდგენილია გენერალ-გუბერნატორით).
საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებს ორპალატიანი პარლამენტი, რომელიც შედგება 38 წევრიანი ასამბლეის სახლისაგან, რომლის წევრებსაც ირჩევენ რაიონები და 16 წევრიანი სენატისაგან, რომლის წევრებსაც ნიშნავს გენერალ-გუბერნატორი, მათ შორის, ცხრას პრემიერ-მინისტრის რჩევით, ოთხს მისი უდიდებულესობის ლოიალური ოპოზიციის ლიდერის რჩევით, დარჩენლის სამს კი ასევე პრემიერ-მინისტრის რჩევით ოპოზიციის ლიდერთან კონსულტაციების შემდეგ. ყველა ძირითად საკანონმდებლო ფუნქციას ასრულებს ასამბლეის სახლი. უესტმინსტერის სისტემის თანამხად, ხუთწლიანი ვადის მანძილზე ნებისმიერ დროს, პრემიერ-მინისტრს შეუძლია დაშალოს პარლამენტი და დანიშნოს საყოველთაო არჩევნები.
მთავრობისა და ასამბლეის სახლში უმრავლესობის მქონე პარტიის მეთაურია პრემიერ–მინისტრი. აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც არჩევს პრემიერ–მინისტრი და ამტკიცებს ასამბლეის სახლი. მოქმედი გენერალ–გუბრენატორია მისი ბრწყინვალება სერ არტურ ფოულკსი, რომელიც წარმოადგენს წმინდა მიხეილისა და წმინდა გიორგის ორდენს. ამჟამინდელი პრემიერ–მინისტრია მისი უპატივცემულესობა, მისი უდიდებულესობის საპატიო პირადი კონსული პერი კრისტი.
ბაჰამის კუნძულებზე დიდი ხანია ფუნქციონირებს ორპარტიული სისტემა, სადაც დომინირებს ცენტრისტულ–მემარცხენე პროგრესულ–ლიბერალური პარტია და ცენტრისტულ–მემარჯვენე თავისუფალი ნაციონალური მოძრაობა. რამდენიმე უმნიშვნელო პარტიას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი არასოდეს ჰქონია. მათ შორისაა ბაჰამის კუნძულების დემოკრატიული მოძრაობა, კოალიცია დემოკრატიული მოძრაობისთვის, ბაჰამის ნაციონალისტური პარტია და ნაციონალურ-დემოკრატიული ალიანსი.
კონსტიტუციურ უფლებებს შორისაა სიტყვის, პრესის, მრწამსის, მიმოსვლისა და საზოგადოებრივი გაერთიანების თავისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ ბაჰამის კუნძულები გეოგრაფიულად კარიბის ზღვის აუზში არ მდებარეობს, იგი კარიბის საზოგადოების წევრია. სასამართლო დამოუკიდებელია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებებისაგან. იურისპუდენცია ეფუძნება ინგლისურ სამართალს.