ისლამი

(გადამისამართდა გვერდიდან მუსლიმანობა)

ისლამი (არაბ. الإسلام; ალ–ისლამ) — მონოთეისტური აბრაამისეული რელიგია. მისი რელიგიური სწავლება დაფუძნებულია ყურანზე, როგორც ალაჰი პირდაპირ სიტყვაზე და სუნაზე, როგორც ღმერთის მიერ რჩეული მაცნის, მაჰმადის (მუჰამედი/მუჰამადი) ქცევით მაგალითზე.

ისლამის თემები

ისლამი

მოძღვრება

ალაჰი · თავჰიდი
მაჰმადი · წინასწარმეტყველები

ხუთი ბურჯი

შაჰადა · სალათი
საუმი · ზაქათი · ჰაჯი

წმინდა წერილი

ყურანი · სუნა · ჰადისი

წმინდა ადგილები

მექა · ქააბა · მედინა

ისტორია

მართლმორწმუნე ხალიფები · ისლამის ოქროს ხანა
სუნიზმი · შიიზმი
სუფიზმი · ვაჰაბიზმი

კულტურა

არქიტექტურახელოვნება
კალენდარიმეჩეთებიფილოსოფიამეცნიერებაჯიჰადიშარიათიფიყჰითაფსირიმაზჰაბი

ისლამი სხვა რელიგიებთან კონტაქტში

ქრისტიანობა · იუდაიზმი
ინდუიზმი · სიქჰიზმი · ჯაინიზმი

იხილეთ მეტი

კრიტიკა · ისლამოფობია
ისლამური ტერმინები

ისლამის პორტალი
      

ისტორიულად ისლამი წარმოიშვა VII საუკუნეში, იუდაიზმისა და ქრისტიანობის შემდეგ, არაბეთის ნახევარკუნძულზე, ჰიჯაზის მხარეში. გარკვეულწილად მოიცავს ორივე წინა რელიგიის წერილობით და ზეპირ ტრადიციებს, რაც შევსებულია ახალი გამოცხადებით და ახალი საღვთო ლიტერატურით. მიუხედავად იმისა, რომ ისლამი არაბულ სამყაროში დაიბადა, გამოცხადების და საღვთისმეტყველო ლიტერატურის ენა არაბულია, ის სწრაფად იქცა მსოფლიო რელიგიად და სხვადასხვა კულტურული ტრადიციის ხალხებში გავრცელდა. ისლამის სწავლების მიხედვით, ღმერთი მანამდეც აგზავნიდა სხვადასხვა ერს შორის მაცნეებსა და წინასწარმეტყველებს, მათ შორის იყვნენ ბიბლიური პერსონებიც – ნუჰი, მუსა, 'ისა და სხვები, რომლებიც ხალხში ქადაგებდნენ ერთღმერთიანობას. ერთღმერთიანობის ადეპტად მიიჩნევა იბრაჰიმი.

ისლამის მიმდევარს ეწოდება მუსლიმი (ასევე მაჰმადიანი, მუსლიმანი ან მუსულმანი). 2009 წლის მონაცემებით, მათი რიცხვი 1,57 მილიარდს აღწევს და მსოფლიოს მოსახლეობის 23% შეადგენენ.[1]მუსლიმთა 20%-ს შეადგენენ არაბები. ისლამი დედამიწის ყველა რეგიონშია წარმოდგენილია. მუსლიმები ძირითადად განსახლებული არიან ჩრდილოეთ აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიაში. მუსლიმთა დიდი ნაწილი განეკუთვნება მის ორ ძირითად შტოს – სუნიტურსა და შიიტურს. მათ გარდა არსებობენ სხვა მცირე ჯგუფები და ჰეტეროდოქსული სექტები.

ბევრგან ისლამს ოფიალურად ან არაოფიციალურად სახელმწიფო რელიგიის სტატუსი აქვს და პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ გარემოს განსაზღვრავს. იურიდიულად ან ფაქტობრივად ისლამური სახელმწიფოებია არაბეთის ნახევარკუნძულის სახელმწიფოები და მიმდებარე ქვეყნები ირანი, სირია, ეგვიპტე, ერაყი, თურქეთი. მუსლიმები უმრავლესობაში არიან აზიის ქვეყნებში ინდონეზიაში, ინდოეთში, პაკისტანში, ბანგლადეშში, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის აღმოსავლეთ ნაწილის ქვეყნებში. მატულობს მუსლიმთა რაოდენობა ევროპასა და ამერიკაში.

ისლამამდელი არაბეთი

რედაქტირება

ისლამამდელ პერიოდს ისლამურ ლიტერატურაში ეწოდება ჯაჰილია (უმეცრება). ამ პერიოდში არაბეთის ნახევარკუნძული ძირითადად დასახლებული იყო არაბებით. მათ შორის გავრცელებული იყო პოლითეიზმი, წარმართობის სხვადასხვა ფორმები – წინაპართა კულტი, ფეტიშიზმი (ხეების, კლდეებისა და ქვების თაყვანისცემა), ტოტემიზმი (ლომის, მგლის, ხარისა და ა.შ. თაყვანისცემა), რომლებიც არაბეთის ნახევარკუნძულზე შეტანილ იყო ირანიდან და ბიზანტიის იმპერიიდან. არაბებს შორის არ არსებობდა ცენტრალიზებული სახელმწიდო, არ ვრცელდებოდა რომელიმე ქვეყნის გავლენა, ქურუმთა სასულიერო წოდება არ არსებობდა, სარწმუნოებრივი ქაოსი იყო და რელიგიას ორგანიზებული ფორმა არ ჰქონია.

ამასთან აღსანიშნავია, რომ არაბეთში ასევე გავრცელებული იყო ერთღმერთიანობა – ჰანიფობა. ჰანიფები ერთ ღმერთს სცემდნენ თაყვანს და თავს მიიჩნევდნენ იბრაჰიმის მემკვიდრეებად.

არაბეთში ასევე გავრცელებული იყო იუდაიზმი და ქრისტიანობაც, რადგან იქ ცხოვრობდნენ გადასახლებული ებრაელები და ქრისტიანებიც. ებრაელები გაფანტული იყვნენ მთელს ნახევარკუნძულზე, არაბებისთვის მათი რელიგია კარგად იყო ცნობილი, არაბებიც და ებრაელებიც არიან სემიტები და მათ აქვთ საერთო ფუძე. ამის გამო არაბებმა შეითვისეს იუდაიზმის ზოგიერთი ელემენტი. ზუ ნუვასმა, რომელიც 517–527 წლებში აკონტროლებდა ნახევარკუნძულის სამხრეთს, სახელმწიფო რელიგიად იუდაიზმი გამოაცხადა და აქტიურ მოქმედებებს ეწეოდა ქრისტიანებისა და ქრისტიანობის წინააღმდეგ რეგიონში.

არაბეთის ნახევარკუნძულის ეკონომიკური და რელიგიური ცხოვრების ცენტრი იყო მექა, რომლის ტერიტორია ნაკრძალად ითვლებოდა, სადაც მკვლელობა და შეურაცხყოფა დაუშვებლად მიიჩნეოდა. აქ იყო ქააბის შავი ქვა, რომელსაც ყველა არაბული ტომი თაყვანს სცემდა. გადმოცემით, იგი ღმერთმა სამოთხიდან გამოძევებულ ადამსმისცა წყალობის ნიშნად. თავდაპირველად ის იყო თეთრი იაგუნდი, მაგრამ გაშავდა ადამიანთა ცოდვების გამო, რათა მათ ვერ დაენახათ სამოთხე ქვის ცენტრში. მექელებს სწამდათ, რომ ადამის შვილმა შისმა (სეთმა) ააგო ქვისთვის ტაძარი. წარღვნისას ის ზეცაში იქნა ატანილი, შემდეგ დაინგრა, მაგრამ იბრაჰიმმა და ისმაილმა ის განაახლეს და დიდი პილიგრიმობაც დაიწყო. 440 წლიდან ქააბის მცველი გახდა კურაიშების ტომი, რომელთა ღვთაებას ერქვა ალლაჰი. ეს სახლწოდება კავშირშია ებრაელთა უზენაეს ღმერთ ელოაჰთან. კურაიშების ტომიდან იყო ვაჭარი მაჰმადი, რომელიც ცხოვრობდა 570-632 წლებში.

ქრისტიანობა ძირითადად ვრცელდებოდა ბიზანტიელი და ეთიოპელი ვაჭრებისა და მისიონერების საშუალებით, ასევე საეკლესიო კრებების შედეგად ერესად შერაცხული მიმდინარეობების მიმდევრებების მხრიდან, რომლებსაც ბიზანტიის იმპერატორები დევნიდნენ. არსებობდა ეთიოპიელთა სავაჭრო უბნები არაბულ ქალაქებში. ასევე ნესტორიანელი და მონოფიზიტი მისიონერები აქტიურად ქადაგებდნენ მთელ ნახევარკუნძულზე. ქრისტიანული თემის ცენტრად ქალაქი ნაჯრანი იყო მიჩნეული, რომლის მხარეშიც მოსახლეობის უმრავლესობა ქრისტიანი იყო.[2]

ისლამის პირველი დღეები

რედაქტირება

ისტორიულად, ისლამი იწყება 610 წელს, როდესაც მექაში მაჰმადმა დაიწყო ქადაგება. ისლამის მიხედვით, ჰირაას გამოქვაბულში, მაჰმადს გამოეცხადა ანგელოზი და მაჰმადს უკარნახა წმინდა წიგნი „ყურანი“. მაჰამადის გამოცხადება უპირველესად ირწმუნეს მისმა ცოლმა ხადიჯამ და ბიძაშვილმა, ვარაკა იბნ ნავ ალიმ, რომელიც ქრისტიანი იყო. სწორედ მან უთხრა მაჰმადს, რომ მასთან გამოცხადებული არსება იყო მთავარანგელოზი ჯიბრაილი.

მაჰმადმა დაიწყო ალაჰის სიტყვის გავრცელება. მისი პირველი მიმდევრები იყვნენ მისი ბიძაშვილი ალი იბნ აბუ ტალიბი, მდიდარი მექელი ვაჭარი აბუ ბაქრი, აბდ არ-რაჰმან ავთი, ჯაფარი და სხვები. მათ ეწოდათ მუსლიმები და შეიქმნა მუსლიმთა პირველი თემი. 613 წელს მაჰამადმა დაიწყო ღიად ქადაგება. ის მექელებს ასაკის, სქესის, სოციალური ფენის და ეთნიკუი წარმომავლობის განურჩევლად მოუწოდებდა, ეღიარებინათ ერთი ღმერთი, სამყაროს და ადამიანის შემოქმედი. როდესაც მუსლიმთა რაოდენობამ 30-ს გადააჭარბა, ახალგაზრდა მუსლიმის, ასაფის ბორცვზე, არკამ არკამის სახლში მოაწყვეს საჯარო მსახურება.

მექის მმართველმა არისტოკრატია დაიწყო მუსლიმთა დევნა. ისლამის მტრობით გამოირჩეოდნენ აბუ ჯაჰლი და მაჰმადის ბიძა, აბუ ლაჰაბი. ისინი ყველა საშუალებით ცდილობდნენ ხალხის დაშინებას, სახალხოდ დასცინოდნენ და შეურაცხყოფნენ მუსლიმებს, ემუქრებოდნენ მათ, ვისზეც ეჭვობდნენ რომ ისლამს მიიღებდა. აბუ ჯაჰლმა მოკლა სუმაია ბინთ ხაიატი, წარმართები აწამებდნენ ბილალს, სუმაიას ვაჟს 'ამმარს და სხვა მუსლიმებს, რომლებსაც გვარის მფარველობის იმედი არ უნდა ჰქონოდათ. 613 წელსვე მუჰამმადმა მუსლიმთა ნაწილს მოუწოდა, გადასახლებულიყვნენ ეთიოპიაში. ეთიოპიის ნეგუსმა მიიღო ისინი, მაგრამ მათ მოჰყვა მექელ წარმართთა დელეგაცია, რომლებმაც მათი დაბრუნება მოითხოვეს.

617 წელს ყურაიშის ტომის მახზუმისა და აბდ შამსის გვარების თაოსნობით, შეიკრიბა დარ ან–ნადვა, ანუ საბჭო, რომელმაც საყოველთაო ბოიკოტი გამოუცხადა მუსლიმებსა და მათ, ვინც უარს იტყოდა მათთან კავშირის შეწყვეტაზე. ამგვარად ჰაშიმის გვარის ის წარმომადგენლები, რომლებსაც ისლამი არ ჰქონდათ მიღებული, მაგრამ ნათესაურ კავშირს ინარჩუნებდნენ მუჰამმადთან ﷺ, ამ ბოიკოტის მსხვერპლი აღმოჩნდნენ. ბოიკოტს ჰაშიმის გვარიდან შეუერთდა მუჰამმადის ﷺ ბიძა აბუ ლაჰაბიც. ბოიკოტმა 2 წელი გასტანა და 619 წელს დასრულდა.

619 წელს გარდაიცვალნენ აბუ ტალიბი და ხადიჯა, მუჰამმადის ﷺ ორი უახლოესი ადამიანი. აბუ ტალიბის გარდაცვალებასთან ერთად მუჰამმადმა დაკარგა თავისი გვარის წინამძღოლის მხარდაჭერა და მფარველობა. იგი გაემგზავრა ტა'იფში, მაგრამ იქაურებმა უთხრეს: თუ შენ ღმერთის გამოგზავნილი ხარ, მეტად ღირსეული ხარ ჩვენთან სასაუბროდ. ხოლო თუ მატყუარა ხარ, მაშინ მეტად უღირსი ხარ ჩვენთან სასაუბროდ! და მონები წაუსიეს რომ ქალაქიდან გაეძევებინათ.

ისლამის გავრცელებით შეშფოთებულმა მექელებშე გადაწყვიტეს მოეკლათ მაჰმადი. მაგრამ მაჰმადმა 622 წლის 24 სექტემბერს დატოვა მექა და გადასახლდა ქალაქ იასრიბში. ამ ემიგრაციას ეწოდა ჰიჯრა. ჰიჯრა იმდენად მნიშნელოვანი მოვლენაა ისლამში, რომ მუსლიმები ჰიჯრიდან იწყებენ წელთაღრიცხვას. იასრიბს ეწოდა მედინა, ანუ „წინასწარმეტყველის ქალაქი“. მედინაში ისლამმა სწრაფად მოიკიდა ფეხი, ჩამოყალიბდა პირველი დიდი თემი უმა, აიგო მეჩეთი და დაფუძნდა ღვთისმსახურების ახალი წესი. მისი მოსახლეობა შედგებოდა ადგილობრივი ანსარებისაგან, მაჰმადთან ერთდ გადასახლებული მუჰაჯირებისაგან, ასევე იუდეველთაგან, რომლებსაც ზიმმის სტატუსი მიეცათ. მუჰამმადმა ﷺ შეადგინა მედინის კონსტიტუცია (არაბ. دستور المدينة‎; დუსთურ ალ–მადინა), სადაც დაწვრილებით აღწერა ყველა მხარის (მუჰაჯირების, ანსარისა და ზიმმიების) უფლება–მოვალეობები.[3]

მექელებმა რამდენიმე ბრძოლა გაუმართეს მუსლიმებს, მათ შორის 627 წელს გამართული თხრილის ბრძოლა მედინასთან, როდესაც მედინელ იუდეველთა ტომი, ბანუ ყურაიზა, წარმართებს მიემხრო და მათი დამარცხების შემდეგ სასტიკად იქნა დასჯილი – მამაკაცები დახოცეს, ქალები კი მონად გაყიდეს. ბანუ ნადირი და ბანუ ყაინუყა'ი, შედარებით ნაკლებად დაისაჯნენ – ისინი გადაასახლეს. საბოლოოდ 628 წელს დაიდო შეთანხმება ჰუდაიბიაში, რომელმაც ზავი დაამყარა მუსლიმებსა და წარმართებს შორის, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ეს ზავი დაირღვა მათი მოკავშირე ტომების მიერ. 630 წელს მაჰმადმა ბრძოლით აიღო მექა. შეიქმნა პირველი ისლამური საელმწიფო, რომლის რელიგიური და საერო ლიდერი გახდა მაჰმადი. მაჰმადს ჰქონდა ისლამის გავრცელების ფართომასშტაბიანი გეგმა და ემზადებოდა დიდი სამხედრო ექსპედიციისთვის, მაგრამ ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა 632 წლის 8 ივნისს. არსებობს გადმოცემა, რომ მაჰმადი ნამყოფი იყო ერუსალიმში, ამიტომ მექა, მედინა და იერუსალიმი ისლამის წმინდა ქალაქებია.

სახალიფო

რედაქტირება

მაჰმადის გარდაცვალების შემდეგ მისი საქმე გააგრძელეს მისმა მოადგილეებმა ხალიფებმა. წარმოიშვა დავა, თუ ვინ უნდა ყოფილიყო მაჰმადის მემკვიდრე. ჩამოყალიბდა ორი პარტია, ერთი, რომელიც უპირატესობას ანიჭედა პიროვნულ თვისებებს და მეორე, რომელიც უპირატესობას ანიჭებდა გენეტიკურ მემკვიდრეობას.გაიმარჯვა პირველმა და ხალიფად არჩეული იქნა აბუ ბაქრი. აბუ ბაქრს პირველი შეტაკება მოუხდა იმ პარტიასთან, რომელიც უარყოფდა აბუ ბაქრისდამი მორჩილებას. აბუ ბაქრმა მოახერხა მათი დამარცხება და სახალიფოს კონტროლის დამყარება თითქმის მთელ არაბეთის ნახევარკუნძულზე. ამის შემდეგ მუსლიმებმა ერთდროულად შეუტიეს ბიზანტიასა და სპარსეთს, რომელთა დაპყრობა დაასრულა ხალიფა უმარმა.

ამავე პერიოდში ისლამი პირველად შემოდის საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც შემოდის მუსლიმების არმია ჰაბიბ იბნ მასლამასა და სურაყა იბნ 'ამრის სარდლობით. ისინი დაცვის სიგელს აფორმებენ ქართლის ქრისტიან ერისმთავართან, ხოლო მოსახლეობაში ისლამის საქადაგებლად წარმოგზავნილია ჯგუფი 'აბდურ–რაჰმან იბნ ჯაზ ას–სულამის თაოსნობით.[4]

თანდათანობითი გაფართოებით სახალიფოს ხელისუფლების ქვეშ მოექცა ტერიტორიები ესპანეთიდან სინდამდე, რამდენიმეჯერე ალყაში მოექცა კონსტანტინოპოლიც. ამ ტერიტორიებზე აქტიურად ვრცელდებოდა ისლამი და მეტ–ნაკლებად არაბული კულტურაც. თუმცა შიდა დაპირისპირებებმა დაასუსტა სახალიფო. 656 წელს მოკლეს უმარის მემკვიდრე, უსმან იბნ აფანი.

უსმანის შემდეგ გამარჯვებას მიაღწია იმ პარტიამ, რომელიც უპირატესობას ანიჭედა გენეტიკურ მემკვიდრეობას ხალიფად გამოაცხადა მაჰმადის ბიძაშვილი და სიძე ალი იბნ აბუ ტალიბი. დაიწყო შინაომი, რომმლის დროს, 661 წელს ნაჯაფში მოკლეს ალი იბნ აბუ ტალიბი. მუსლიმები საბოლოოდ გაიყვნენ ორ მიმდინარეობად: სუნიტებად და [შიიზმი|შიიტებად]].

სუნიტები, რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენდნენ, პირველ ოთხ ხალიფას მიიჩნევენ მართლმორწმუნე ხალიფებად. შიიტები კი მათგან მხოლოდ ალი იბნ აბუ ტალიბს მიიჩნევენ მართლმორწმუნედ, დანარჩენს კი ― უზურპატორად. შიიტებმა ალი გამოაცხადეს მოწამედ და იქვე დაკრძალეს. მისი საფლავი დღემდე შიიტების წმინდა ადგილია. შიიტებმა არ აღიარეს პირველი სამი ხალიფის მიერ ჩამოყალიბებული სუნა.

ხალიფებმა განახორციელეს მაჰმადის ოცნება, არაბების გაერთიანება ისლამის დროშის ქვეშ.

დინასტიური სახალიფოები

რედაქტირება

ალი იბნ აბუ ტალიბის მკვლელობით დასრულდა სახალიფოს პირველი პერიოდი და დაიწყო ომაიანების დინასტიის მმართველობა. ომაიანთა სახალიფო გასცდა არაბეთის ნახევარკუნძულის საზღვრებს და იქცა უზარმაზარ იმპერიად პირინეისნახევარკუნძულიდან ინდოეთამდე. ეს იყო თეოკრატიული სახელმწიფო, რომელშიც გაერთიანებული იყო საერო და სასულიერო ხელისუფლება. სახალიფოს პროვინციებში ხელისუფლებას ახორციელებდნენ ამირები ან იმამები. სახელმწიფო ენად იქცა არაბული ენა, მაგრამ ყველა გამუსლიმებულმა ხალხმა შეინარჩუნა საკუთარი წერილობითი ტრადიცია.

მალევე ისინი წააწყდნენ სოციო–ეკონომიკურ პრობლემებს – მოსახლეობაში ისლამის გავრცელებასთან ერთად ჯიზიით მიღებული შემოსავალი მცირდებოდა. ამიტომ 700 წელს გამოიცა კანონი, რომლის თანახმადაც გამუსლიმებული ადგილობრივები აგრძელებდნენ ჯიზიის გადახდას და კვლავ მეორეხარისხოვან მოქალაქეებად, მავალიებად რჩებოდნენ. ამან შეაფერხა ისლამის გავრცელების პროცესი დაპყრობილ ხალხებში, ასევე ნოყიერი ნიადაგი შექმნა მათ შორის სექტანტური (ძირითადად, ში'იზმის განშტოებების) სწავლებების გავრცელებისთვის.

ამ კანონს მრავალი წამყვანი მუსლიმი ღვთისმეტყველი დაუპირისპირდა, მათ შორის იმამი აბუ ჰანიფა ნუ'მან იბნ საბითი, რომელსაც მიეწერება ფრაზა: ახალგამუსლიმებული თურქი ისეთივე მუსლიმია, როგორც ჰიჯაზელი არაბი. ამ მიდგომებმა დააჩქარა ომაიანთა კრახი. აბუ მუსლიმ ალ–ხურასანიმ შეკრიბა ომაიანთა მმართველობით უკმაყოფილო სოციალური ფენები, არაარაბი მუსლიმები და წამოიწყო აჯანყება მათ წინააღმდეგ სახალიფოს აღმოსავლეთ ნაწილში, ხორასანში. 750 წელს ეს აჯანყება წარმატებით დასრულდა. ომაიანთა ხალიფა, მარვან II (მურვან ყრუ) გაქცევისას მოკლეს, ხოლო ომაიანთა გვარის გადარჩენილმა წევრმა, 'აბდუ რ–რაჰმან იბნ მუ'ავიამ იბერიის ნახევარკუნძულს შეაფარა თავი.[5]

აბასიანთა მმართველობა თითქმის ხუთასი წლის მანძილზე გაგრძელდა. სწორედ მათი მმართველობის პერიოდს ემთხვევა ისლამური ოქროს ხანა, როდესაც ისლამური სამყარო სამეცნიერო მიღწევების თვალსაზრისით დაწინაურდა. სახელმწიფო აფინანსებდა უცხოენოვანი სამეცნიერო ტრაქტატების თარგმნას, ხელფასს უხდიდა და მფარველობდა სამეცნიერო მოღვაწეებს.[6] სამეცნიერო მოღვაწეობას ასევე ხელი შეუწყო ქაღალდის გავრცელებამ. 756 წელს 'აბბასიანმა ხალიფა ალ–მანსურმა ტანის დინასტიას 4000 მეომარი გაუგზავნა ან ლუშანის აჯანყების ჩახშობაში დასახმარებლად. ამის შემდეგ ჩინელებსა და სახალიფოს შორის მჭიდრო ურთიერთობები დამყარდა, რამაც განაპირობა ჩინური მიღწევების გავრცელება მუსლიმებს შორის, მათ შორის ქაღალდის. სახალიფოს ტერიტორიაზე ასევე დარჩა მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა ბიზანტიური, ირანული და ინდური კულტურისა. ამ უპირატესობებმა განაპირობა ისლამური ოქროს ხანის დაწყება. ამ პერიოდში მოღვაწეობდნენ ისეთი მეცნიერები, როგორებიცაა იბნ ალ-ჰაისამი, იბნ სინა, ალ–ჯაზარი, იბნ ჰაზმი, იბნ ან–ნაფისი, ალ–ხვარაზმი და სხვები. 859 წელს ფესში გაიხსნა ალ–ყარავიინის უნივერსიტეტი. ბაღდადში არსებობდა დარ ალ–ჰიქმა, რომელსაც უდიდესი ბიბლიოთეკა ჰქონდა.[7]

'აბბასიანთა პერიოდშივე დასრულდა ისლამში რელიგიურ–სამართლებრივი სკოლების, მაზჰაბების ჩამოყალიბება. სახალიფოს სათავეში 15 წლით (833-848) აღმოჩნდნენ მუ'თაზილიტური შეხედულების მქონე ხალიფები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს ინკვიზიციის მსგავსი საგამოძიებო ორგანო. თუმცა ხალიფა ალ–მუთავაქქილმა გააუქმა ეს ორგანო და მუ'თაზილიტებიც განდევნა თანამდებობებიდან. აბასიანთა სახალიფოს პოლიტიკურ გავლენებს ზღუდავდნენ ჯერ ბუიდთა დინასტია, ხოლო შემდეგ სელჩუკები, რომლებიც მათ მხოლოდ რელიგიურ ხელისუფლებას უტოვებდნენ პოლიტიკური ხელისუფლების ლეგიტიმიზაციის სანაცვლოდ. 1258 წელს მონღოლებმა აიღეს ბაღდადი, მოკლეს 'აბბასიანი ხალიფა ალ–მუსთა'სიმ ბი ლ–ლაჰი (მონღოლური ტრადიციით, სამეფო სისხლის დაქცევა უბედურების ნიშანი იყო, ამიტომ ჰულაგუმ ბრძანა ცოცხალი ხალიფა შეებოჭათ, ხალიჩაში გაეხვიათ და ცხენებით გაეთელათ, ხოლო მეორე გადმოცემით იგი თავის ხაზინაში ჩაკეტეს და შიმშილით მოკვდა[8]). მონღოლებმა ასევე გაანადგურეს ბაღდადის დარ ალ–ჰიქმა, გადმოცემის თანახმად, ტიგროსში გადაყრილი წიგნების მელანმა მასში წყალი რამდენიმე დღით გააშავა.[9]

არაბების იმპერია დაიშალა, მაგრამ ისლამი საფუძვლად დაედო სხვა იმპერიებს, მონღოლების, ოსმალების და ირანელების, მაგრამ ესენი, არაბულისგან განსხვავებით, სამოქალაქო და არა თეოკრატიული სახელმწიფოები იყვნენ.

'აბბასიანთა ბაღდადის სახალიფო განადგურდა, ხოლო ხალიფობის პრეტენდენტი, ალ–მუსთანსირ ბი ლ–ლაჰ II, მამლუქებმა შეიფარეს და გამოაცხადეს ხალიფად 1261 წელს. იგი მამლუქთა ლაშქართან ერთად გაემართა ბაღდადის დასაბრუნებლად, მაგრამ მონღოლებმა მოკლეს. მის ნაცვლად მამლუქებმა ხალიფად ალ–ჰაქიმი დანიშნეს. ამგვარად 'აბბასიანთა სახალიფომ არსებობა განაგრძო ეგვიპტის მამლუქთა პატრონაჟის ქვეშ 1517 წლამდე, როდესაც ოსმალთა სულთანმა ხალიფის ტიტული ოფიციალურად გადაიბარა.[10]

ამ პერიოდისთვის ისლამი სუფი დერვიშებისა და ვაჭრების საშუალებით გავრცელდა ისეთ ადგილებშიც, სადაც ისლამური მმართველობა არ ყოფილა, კერძოდ საჰელში, შუა აზიასა და ციმბირის თათრებში, ჩინეთში, ბენგალში, თანამედროვე ინდონეზიის ტერიტორიაზე და ა.შ. ოსმალებმა მიაღწიეს ვენას 1529 წელს, მაგრამ წმინდა ლიგის ძალებმა ისინი უკუაგდეს. XV საუკუნეში რეკონკისტამ დაასრულა იბერიის ნახევარკუნძულზე ქრისტიანული სამეფოების ხელისუფლების დაბრუნება, ნორმანებმა დაიპყრეს სიცილია.

ამავე პერიოდში სეფიანთა დინასტია ირანში ახორციელებს სუნიტების გაში'იტების პოლიტიკას. სუნიტ სწავლულებს მიეცათ არჩევანი დაეტოვებინათ ირანი, მიეღოთ ში'იზმი ან სიკვდილით დაისჯებოდნენ. თავის მხრივ ოსმალებიც ატარებდნენ ში'იტთა საწინააღმდეგო პოლიტიკას.

XVIII საუკუნის შუა ხანებიდან არაბეთის ნახევარკუნძულზე მუჰამად იბნ აბდ ალ-ვაჰაბმა ჩამოყალიბა მოძღვრება, რომელიც დაუპირისპირდა შიიტებსა და სუნიტებს. მოძღვრების თანახმადაც აუცილებელი იყო ისლამის ფესვებთან დაბრუნება. ეს სწავლება ვაჰაბიზმის სახელით გახდა ცნობილი.

ისლამის პოლიტიკური გავლენა მსოფლიოზე მცირდებოდა, ოსმალეთის იმპერია დაკნინების გზას დაადგა, რასაც მისი დამარცხება მოჰყვა პირველ მსოფლიო ომში და 1924 წელს სახალიფოს ოფიციალური გაუქმება. დიდ მოგოლთა იმპერია 1857 წელს გააუქმა ბრიტანეთმა და მის ნაცვლად ბრიტანული კოლონიური მმართველობა დაამყარა ინდოეთში. XX საუკუნის დასაწყისისთვის ისლამურ სამყაროში სულ რამდენიმე დამოუკიდებელი სახელმწიფო არსებობდა, მათი უმრავლესობაც ნახევრადკოლონიურ დამოკიდებულებაში იმყოფებოდა ევროპულ ქვეყნებთან.

მუსლიმები ჩნდებიან ახალ ტერიტორიებზე – მრავალი მათგანი კოლონიებიდან მეტროპოლიაში მიემგზავრება, ასევე ისინი ჩნდებიან ამერიკაშიც. კოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლამ ისლამის არნახული პოლიტიზაცია გამოიწვია. ისლამის ანტიკოლონიურ იარაღად ქცევის სათავეებთან იდგნენ იმამი შამილი, ჯამალუდდინ ალ–აფღანი, ჰასან ალ–ბანნა, მუჰამმად 'აბდულლაჰ ალ–ჰასანი, მირზა 'ალი ხანი და სხვები.

თანამედროვე პერიოდი

რედაქტირება

XX საუკუნის II ნახევარში, როდესაც აზიისა და აფრიკის ისლამური ქვეყნები განთავისუფლდნენ კოლონიზაციისგან, გაჩნდა რეისლამიზაციის კონცეფციები, რომელთა მიზანი იყო ისლამური ტრადიციის იმ პოლიტიკური სისტემის აღდგენა, რაც ახასიათებდა პირველ ისლამურ სახელმწიფოებს. ასეთი კონცეფციების საფუძველზე 1979 წელს აიათოლას ხელმძღვანელობით მოხდა ირანის ისლამური რევოლუცია, რომლის შედეგად ჩამოყალიბდა ირანის ისლამური რესპუბლიკა, რომელიც შარიათის კანონებით იმართება.

ისლამის პოლიტიზაციამ გამოიწვია არამუსლიმი უმცირესობების მდგომარეობის გართულება მუსლიმური უმრავლესობის ქვეყნებში. მუსლიმური ქვეყნები თითქმის მთლიანად დაიცალა იუდეველთა თემებისგან, რომლებიც ისრაელის სახელმწიფოსთან გაიგივდნენ, ხოლო ქრისტიანები ხშირად ხდებოდნენ ბრბოს სამართლის მსხვერპლი მას შემდეგ, რაც ამერიკამ მოახდინა ავღანეთისა და ერაყის ოკუპაცია. თავის მხრივ მუსლიმური უმცირესობები აღმოჩნდნენ მსხვერპლი კამბოჯაში პოლ პოტის რეჟიმისა, სადაც ნახევარ მილიონამდე მუსლიმი მოკლეს. მუსლიმები ინდოეთში თემთაშორისი ძალადობის მსხვერპლი ხდებოდნენ,[11] 2012 წელს ბირმის არაქანის შტატში ბუდისტებმა დაწვეს მუსლიმთა სოფლები, 166 მუსლიმი მოკლეს.[12] მუსლიმთა უფლებები იზღუდებოდა მუსლიმური უმრავლესობის ქვეყნებშიც. ალბანეთში ენვერ ხოჯას რეჟიმმა აკრძალა ყოველგვარი რელიგიური პრაქტიკა, ხოლო მიუხედავად არჩევნებში გამარჯვებისა, არმია არ აძლევდა საშუალებას ისლამისტურ პარტიებს მიეღოთ ხელისუფლება ტუნისში, თურქეთში, ეგვიპტესა და ალჟირში. მრავალ ქვეყანაში აკრძალული იყო ჰიჯაბით სახელმწიფო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესვლა. იძულებითი სეკულარიზაციის პოლიტიკას კვლავ ისლამის უკიდურესი პოლიტიზაცია მოჰყვა, იდეოლოგიურად ამას საფუძველი ჩაუყარეს საიდ ყუტბმა, რაშიდ ალ–ღანუშიმ, მარვან ალ–ჰადიდმა, 'აბდულლაჰ 'აზზამმა და სხვებმა. ამ იდეოლოგიის გავრცელებას მმართველობებმა წნეხის გაძლიერებით უპასუხეს, რასაც მოჰყვა შეიარაღებული ამბოხებები, სამოქალაქო ომები, რომლებიც მოგვიანებით გლობალურ გასამხედროებულ ორგანიზაციებსა და ტერორიზმში გადაიზარდა.

მიმდინარეობები

რედაქტირება

661 წელს მოხდა მუსლიმების გაყოფა სუნიტებად და შიიტებად.

სუნიტები

რედაქტირება

სუნნისა და მუსლიმთა ერთობის მიმდევარნი დღევანდელი მუსლიმების 80%-ზე მეტს შეადგენენ. სუნიტთა მრწამსის მიხედვით, ისლამი ეფუძნება ყურანსა და ჰადისს, ანუ გადმოცემებს მუჰამმადის ﷺ ამა თუ იმ ქმედების მიმართ დამოკიდებულების შესახებ. ამგვარი გადმოცემები ჩაწერილია კრებულებში, რომელთაგან გამოარჩევენ ექვსს – საჰიჰ ალ–ბუხარი, საჰიჰ მუსლიმი, სუნან იბნ მაჯა, სუნან ან–ნასა'ი, ჯამი' ათ–თირმიზი, სუნან აბუ დავუდ.

სუნიტები იყოფიან მაზჰაბებად, ანუ რელიგიურ–სამართლებრივ სკოლებად, რომელთა შორის განსხვავებებია . ისინი ცნობენ ერთმანეთის ლეგიტიმურობას და განსხვავებულ საკითხებს იხთილაფი ეწოდება. მაზჰაბების რიცხვი ცხრაა, რომელთაგან დღეს გამოიყენება ხუთი – ჰანაფი, მალიქი, შაფი'ი, ჰანბალი და ზაჰირი. ხოლო ოთხი მაზჰაბი – ავზა'ი, ლაისი, ჯარირი და სავრი დღეს აღარ გამოიყენება.

შიიზმი ისლამის სიდიდით მეორე განშტოებაა. ისინი უმრავლესობაში არიან ირანში, ერაყსა და აზერბაიჯანში. ძლიერი შიიტურითემებია ლიბანში, ინდოეთში, პაკისტანში, ავღანეთში, იემენში, თურქეთში. ისინი მრავალ სექტას წარმოადგენენ, რომელთა ძირითადი შეხედულებებიც განსხვავდება. მაგალითად იემენელი ში'იტები, იგივე ზაიდიტები, ჰანაფი სუნიტებისგან მხოლოდ იმით განირჩევიან, რომ ცნობენ იმამთა მემკვიდრეობით ხელისუფლებას, ხოლო ში'იტი–იმამიტები იმამებს მიაწერენ ყოვლისმცოდნეობისა და ყოვლისშემძლეობის თვისებებს. ში'იტთა შორის სამი ძირითადი შტო გამოიყოფა – იმამიტები, ზაიდიტები და ისმა'ილიტები.

ვაჰაბიზმი

რედაქტირება

მუჰამად იბნ აბდ ალ-ვაჰაბი თავის მოძღვრებას უწოდებდა სუფთა ისლამს, რწმენის ერთადერთ წყაროდ ყურანს მიიჩნევდა. მან გაილაშქრა ისლამის იმ ტრადიციების წინააღმდეგ, რომელიც ა იყო მოცემული ყურანში, მაგ. წმინდა ადგილების და წინდანების თაყვანისცემა. მან წამოყავენა მსოფლიოს ისლამიზაციის იდეა, რა მისმა მიმდევრებმა აიტაცეს. ვაჰაბიზმის ცენტრალური იდეაა ჯიჰადი. ვაჰაბიტები ქმნიან თემებს, ჯამაათებს, რომლებიც უპირისპირდებიან იმ მუსლიმებს, რომლებიც საერო ცხოვრებაზე უარს არ ამბობენ. ჯამაათის წევრებს ევალებათ რწმენისადმი სრული მორჩილება და მუდმივი საბრძოლო მზაყოფნა. ვაჰაბიზმი ოფიციალური რელიგიაა საუდის არაბეთში.

სუფიზმი ასკეტურ-მისტიკური მიმდინარეობაა ისლამში. მას საფუძლვად უდევს თავშეკავება, ასკეტიზმი, სურვილთა დათმობა. სუფისტები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ალაჰის ხშირ ხსენებას და პიროვნულ კათარზისს. სუფიზმის უდიდესიწარმომადგენელი და თეორეტიკოსი იყო ალ-ღაზალი, რომელმაც არაბულ ენაზე შექმნა ტრაქტატები, სადაც წარმოადგინა სულიერო სრულყოფი სისტემა. სუნიზმის მიხედვით პიროვნება გადის სამ ეტაპს: 1. ტარიკათი ანუ მართებულ გზაზე დადგომა, 2. ჰაყიყათი ანუ ჭეშმარიტების წვდომა და 3. ფანა ანუ ღმერთთან შერწყმ, რასაც ყველა ვერ აღწევს.

სუფიზმმა დიდი გავლენა იქონია ისლამურ კულტურაზე, განსაკუთრებით სპარსულ და თურქულ პოეზიაზე, რომლის წარმომადგენლები არიან ჯალალედინ რუმი, ომარ ხაიამი, ჰაფეზი, ნიზამი განჯევი, აბდულ ჰარმან ჯამი.

ხარიჯიტები

რედაქტირება

ხარიჯიტები (გამოსულები, ამბოხებულები) იყვნენ ალი იბნ აბუ ტალიბის მმართველობით უკმაყოფილო მუსლიმები. ისინი 657 წელს დაუპირისპირდნენ ალის, რომელმაც სირიის მმართველ მუავიას წინააღმდეგ ბრძოლა ვერ გაბედა და მედიაციას დათანხმდა. 12 ათასი მეომარი შეიკრიბა სოფელ ჰაჰურასთან, მოკლეს ალი და ისლამში ახალი მიმართულება შექმნეს.

ხარიჯიტები აღიარებდნენ რელიგიური და სახელმწიფო მეთაურის არჩევითობას, ყუარდღებას არ აქცევდნენ კანდიდატის სოციალურ წარმოშობას, აუცილებლად მიაჩნდათ ყურანის და სუნას დაცვა, სიწმინდეების და რელიგიური წესების დაცვა. რჯულისგან განდგომილებს სჯიდნენ სიკვდილით.

ხარიჯიტების მოძრაობა ადრევე დანაწევრდა აზრაკიტებად, აბადიტებად და სუფრიტებად. მათ შორის დიდი უთანხმოება იყო, რამაც ხარიჯიტები დაასუსტა და წარმოშობიდან 2-3 საუკუნის შემდეგ ისინი გაქრნენ.

აჰმადია (არაბ. الأحمدية; ალ–აჰმადიია. ან ინგლ. القاديانية; ალ–ყადიანიია) არის მირზა ღულამ აჰმადის მიმდევართა ჯგუფი. ამ ჯგუფის სწავლებით, მირზა ღულამ აჰმადი არის მესია და მაჰდი. ეს ჯგუფი მუსლიმთა უმრავლესობის მიერ მკრეხელებად განიხილება და ხშირად სასტიკადაც უსწორდებიან მის მიმდევრებს.

ყურანისტები

რედაქტირება

ყურანისტები (არაბ. قرآنيون; ყურ'ანიუნ) არიან მუსლიმები, რომლებიც უარყოფენ ჰადისებსა და სუნნას. ისინი ისლამის ლიბერალური, მოდერნისტული ინტერპრეტაციის მომხრეები არიან. ყურანისტებიც მუსლიმთა უმრავლესობას მკრეხელებად მიაჩნია.

ისლამის ერი

რედაქტირება

ისლამის ერი (ინგლ. Nation of Islam) აფროამერიკული სინკრეტული სწავლებაა, რომელსაც საფუძველი ჩაუყარეს უოლეს ფარდ მუჰამმადმა და ელაიჯა მუჰამმადმა. ამ სექტის სწავლებით, სამყარო შექმნეს შავკანიანმა მეცნიერებმა, რომლებმაც ასევე ჩამოავლინეს ბიბლია და ყურანი. თეთრი ადამიანი წარუმატებელი ექსპერიმენტის შედეგი იყო. ისლამის ერის სექტას ეკუთვნოდა მალკოლმ იქსიც, რომელმაც 1964 წელს უარყო იგი და ამის მიზეზად იგი ყოფილმა თანამორწმუნეებმა მოკლეს. 1975 წელს ელაიჯა მუჰამმადის სიკვდილის შემდეგ, ორგანიზაციის ლიდერობა ერთ–ერთმა ვაჟმა, ვარის დინ მუჰამმადმა გადაიბარა. მან შეცვალა ორგანიზაციის სწავლება სუნიტური ისლამის თანახმად. 1981 წელს ლუის ფარახანმა აღადგინა ორგანიზაცია ამ სახელწოდებითა და ძველი სწავლებით, რომელსაც მიემხრნენ ისლამის ერის აღმსარებელთა ნაწილი.

მოძღვრება

რედაქტირება

ისლამური მრწამსი შედგება ექვსი ძირითადი დოგმატისაგან რომლებიცაა ერთი ღმერთის, ანგელოზების, საღვთო წერილის, წინასწარმეტყველების, უკანასკნელი დღისა და ბედისწერის რწმენა.

ერთი ღმერთის რწმენა

რედაქტირება

სიტყვა ისლამი წარმოდგება არაბული სიტყვისგან და ნიშნავს ერთი ღმერთის მორჩილებას. ის მნიშვნელობით ასევე ახლოს დგას სიტყვებთან რწმენა და რელიგია. ისლამური სწავლების ქვაკუთხედია მონოთეიზმი. ერთი ღმერთი ― ალაჰი ― არის ყოვლისშემოქმედი, ყოვლისმპრყობელი და ყოვლისმოწყალე. ისლამი კატეგორიულად უარყოფს სამების დოგმატს. ისლამის მიხედვით, ქრისტიანები ეთაყვანებიან სამ ღმერთს ― ალაჰს, ისას და მარიამს ― რაც მათთვის ყოვლად მიუღებელია.

ისლამის მიხედვით ალაჰი აბსოლუტია, ის არ შობილა, არ შობს, არ ჰყავს შვილები, არის ისხეულო სული. ამის მიუხედადავად, ყურანში არის ადგილები, რომელთა მიხედვით ალაჰი საუბრობს, ზის ტახტზე, მაგრამ ესენი მეტაფორებია. ალაჰის რომელიმე ქმნილებასთან მიმსგავსება და შედარება უპატიებელ ცოდვად მიიჩნევა.

ანგელოზების რწმენა

რედაქტირება

მუსლიმთა აზრით არსებობენ ანგელოზები, რომლებსაც ალაჰს და ადმაიანებს შორის შუალედური ადგილი უჭირავთ. მათ არ აქვთ სქესი, ჰარუთისა და მარუთის გარდა, ცხოვრობენ ზეცაში და დგანან ალაჰის გარშემო, თვალყურს ადევნებენ და აღრიცხავენ ადამიანის ცხოვრებას. ანგელოზების რამდენიმე კატეგორია არსებობს. უმაღლეს კატეგორიას ეკუთვნიან ჯიბრაილი, მიქაილი, ისრაფილი და იზრაილი. ჯიბრაილიარის მაჰმადის მფარველი, ალაჰის მიერ მისთვის ყურანის გასაცნობად გაგზავნილი. მიქაილი იცავდა ალაჰს, როდესაც ის მიწისგან ადამიანს ქმნიდა, ისრაფილი კითხულობს რჯულის ფიცარზე დაწქერილ გადაწყვეტილებებ ადამიანთა და სამყაროს ბედის შესახებ. იზრაილი სიკვდილის ანგელოზია, რომელმაც დედამიწაზე მოიპოვა თიხა, რომლისგანაც ალაჰმა ადამიანი შექმნა.

ალაჰმა ანგელოზები შექმნა ცეცხლისგან, უფრო ადრე, ვიდრე შექმნიდა ადამიანს მიწისაგან. ანგელოზებს ალაჰმა უბრძანა ადამიანის თაყვანისცემა. ამ მოთხოვნას არ დაემორჩილა იბლისი, რის გამოც ის გაძევებულ იქნა შამოთხიდან და გახდა სატანა. იბლისი ცდილობს ადამიანების ცდუნებას ჭეშმარიტებისაკან და ღვარძლის დათესვას. მან შვა მრავალი ბოროტი სული, შაითნები და ჯინები, რომელთა გარდაუვალი ხვედრი ჯოჯოხეთია. განკითხვის დღეს იბლისის გარდა ჯოჯოხეთი ელის ჰარუთსა და მარუთს, რომლებმაც უარი ვერ თქვეს ამქვეყნიურ სიამოვნებაზე.

წმინდა წიგნები

რედაქტირება

ისლამს დიდი წერილობრითი ტრადიცია გააჩნია. მოძღვრების და ღვთისმსახურების უმთავრესი წყაროა ყურანი. ყურანი არის ღვთაებრივი შთაგონების კრებული, რომელიც მოციქულს ზეპირად გამოეცხადა და მანაც ზეპირად გადასცა თანამოძმეებს. ყურანის პირველი ჩანაწერები გაკეთდა ფოთლებზე, ტყავის ნაჭრებზე, თიხის და სპილენძის ფირფიტებზე.წიგნის საბოლოო რედაქცია ჩამოაყალიბა ხალიფა უსმანმა. უმანისეული ყურანის ერთ-ერთი, სამარყანდული ნუსხა დღეს ინახება ტაშკენტში. რწმენის მიხედვით ყურანის ორიგინალი „დედა წიგნი“ ზეცაში ინახება. ყურანი შედგება 114 სურასგან და 6226 აიასაგან. ტექსტი მაჰმადის მდივანმა ზაიდ საბითმა დაალაგა სიდიდის მიხედვით, ჯერ მოცემულის გრძელი, შემდეგ კი მოკლე სურები. გამონაკლისია პირველი სურა, რომელიც ლოცვაა და 113-ე და 114-ე სურები, რომლებიც შელოცვებია. ყურანი დაწერილია გარითმული პროზით. სურები, მათი გამოცხადების ადგილის მიხედვით, იყოფა მექურ და მედინურ სურებად.

ყურანის გვერდით დგას, მაგრამ მას ვერ უთანაბრდება სუნა. სუნას მიზანია ყურანის ამა თუ იმ ადგილის დაზუსტება და განმარტება. თავდაპირველად სუნა ზეპირად გადაეცემოდა თაობებს, მაგრამ IX საუკუნეში მას მიეცა წიგნის სახე. სუნას საფუძველია ჰასიდები, ანუ გადმოცემები მაჰმადსა და პირველ მუსლიმებზე, ასევე მაჰმადის ოჯახის წევრების და პირველი მუსლიმების მემუარები.

წმინდა წიგნებად ასევე ითვლებიან თავრათი ანუ თორა, ზებური ანუ ფსალმუნნი და ინჯილი ანუ სახარება. ამის გამო იუდეველებს და ქრისტიანებს დანარჩენ ხალხებთან შედარებით, გამორჩეული ადგილი უჭირავთ მუსლიმთათვის. ისინი არ მიიჩნევიან ურწმუნოებად, არამედ წიგნის ხალხად.

წინასწარმეტყველთა რწმენა

რედაქტირება

ისლამი მორწმუნისგან მოითხოვს ალაჰის მოციქულების (რასულ) და წინასწარმეტყველების (ნაბი) პატივისცემას. ჰადისების მიხედვით 124 ათასი წინასწარმეტყველია, მაგრამ ყურანში ნახსენებია 28, მათგან განსაკუთრებით საპატიოა ცხრა:

  • ნუჰი, რომელსაც ალაჰმა ამცნო წარღვნის შესახებ, ნუჰმა ააგო კიდობანი, რომლითაც სხვა არსებებთან ერთად გადარჩა იბლისიც, რადგან შეძვრა ვირში;
  • იბრაჰიმი — არაბების და ებრაელების მამამთავარი, რომელმაც ალაჰისგან მიიღო გრაგნილი და შვილთა, იშმაილთან ერთად ააგო ქააბა
  • მუსა რომელსაც ებოძა თავრათი
  • დაუდი რომელსაც ალაჰისგან ებოძა ზებური და რომელმაც დაამარცხა ჯალუთი
  • აგრეთვე იაქუბი, იუსუფი, აიუბი
  • ისა, რომელსაც ალაჰმა ინჯილი გარდამოუვლინა, რის გამოც ის ცნობილია ალაჰის სული. ისლამის ტრადიციის მიხედვით ის არ მომკვდარა, არამედ ალაჰმა აიყვანა თავისთან და ის კვლავ მოვა განკითხვის დღეს. მაჰმადის საფლავის წინ ცარიელი ადგილია დატოვებული ისასთვის, რომელსაც მეორედ მოსვლის შემდეგ დაკრძალავენ.

უკანასკნელი და უმთავრესი წინასწარმეტყველია მაჰმადი. წინასწარმეტყველთა შორის ასევე იხსენიებიან ალ-ისქანდარ, ჯირჯისი და სხვები.

განკითხვის დღე

რედაქტირება

მუსლიმს სწამს უკანასკნელი სამსჯავროსა და საყოველთაო აღდგომის, რასაც არაბულად მაადი ეწოდება. ეს სამყაროს დასასრულის ხანს მოხდება, მაშინ აღდგებიან მკვდრები და ალაჰის სამსჯავროს წინაშე წარდგებიან, მართლები დაიმკვიდრებენ სამოთხეს, ცოდვილები კი ჯოჯოხეთს.

კადარი, ანუ ბედისწერის რწმენა ახლოს დგას არაბულ სიტყვასთან ყისმათი, რაც ნიშნავს ბედს, იღბალს. ისლამის მიხედვით რაც მოხდება ან უკვე მოხდა ალაჰის ნებაზეა დამოკიდებული. მიუხედავად ადამიანის ბედის წინასწარგანსაზღვრულობისა, მათ ეკისრებათპასუხისმგებლობა საკუთარ გადაწყვეტილებებზე. ეს წინააღმდეგობა ბედისწერის რწმენას და ნების თავისუფლებას შორის იწვევს დავას ისლამურ თეოლოგიაში, რის გამოც ისლამში იყვნენ ჯიბრიტები, რომლებიც უარყოფდნენ ნების თავისუფლებას და კადარიტები, რომლებიც აღიარებენ ადამიანის თავისუფალ ნებას და არჩევანის უნარს.

ღვთისმსახურება და პრაქტიკა

რედაქტირება

ხუთი ბურჯი

რედაქტირება

პრაქტიკაში ისლამი ვლინდება ხუთ მცნებაში, რომლებიცაა შაჰადა, ანუ ერთადერთ ღმერთად ალაჰის გამოცხადება; ყოველდღიური ხუთგზისი ლოცვა ნამაზი, რომლებსაც წინ უძღვის განბანვა, ლოცვა სრულდება ნოხზე დაჩოქებით, პირით მექისკენ. განთიადზე სრულდება ფაჯრი, შუადღისას ზუჰრი, მზის ჩასვლამდე ასრი, მზის ჩასვლის შემდეგ მაღრიბ და ძილის წინ იშა.

ყველა მორწმუნის ვალდებულებაა ზაქათი, მოწყალების გაღება. ისლამში ყველა ამქვეყნიური სიკეთე უწმინდურია და მათი გამოყენება ნებადართულია მხოლოდ განწმენდის და ღმერთთან დაბრუნების მიზნით. ზაქათის სინონიმია სადაკა.

მუსლიმთა კალენდრის მეცხრე, რამადანის თვეში, სავალდებულოა მარცხვა საუმი. სწორედ ამ თვეში შთააგონა ალამა მაჰმადს პირველად ყურანი. მარხვა მუსლიმს ოგნების და სულის მობილიზაციას ავალდებულებს. მარხვის დროს დღის საათებში მუსლიმმა თავი უნდა შეიკავოს ფიზიკური სიამოვნებისგან, საკვების მიღებისა და სქესობრივი ურთიერთობისგან. აკრძალვები არ ვრცელდება ღამის საათებზე, მაგრამ მორწმუნემ ღამითა მხოლოდ სიკეთე უნდა ჩაიდინოს. მარცხვა 30-დღიანია და სრულდება 3-დღიანი ზეიმით.

ყველა მუსლიმისთვის, ვისაც ეს შეუძ₾ია, სავალდებულოა ჰაჯი, ანუ მექასა და ქააბას მოლოცვა. ეს აქტი მორწმუნემ ერთხელ მაინც უნდა განახორციელოს. ვინც ავად არის, შეუძლია გაგზავნოს წარმომადგენელი. ჰაჯისგან თავისუფლდება მხოლოდ უპოვარი, მონა და ფიზიკური პრობლემების მქონე ადამიანი. ჰაჯი სრულდება მთვარის კალენდრის უკანასკნელ თვეში. მორწმუნე, რომელიც მექას მიუახლოვდება, იმოსება თეთრი უნაკერო სამოსით, ასრულებს განწმენდის რიტუალს, შემოუვლის ქააბას და ეამბორება შავ ქვას. არსებობს მცირე პილიგრომობა, უმრა, რომელიც წლის ნებისმიერ დროს სრულდება და მისი რიტუალი უფრო მოკლე და მარტივია.

ჯიჰადს მიიჩნევენ ისლამის მეექვსე ბურჯად. სიტყვა არაბულია და რწმენაში სიმტკიცეს ნიშნავს. ჯიჰადის იდეა ემყარება ისლამის უნივერსალურობის შესახებ რწმენას. ჯიჰადის შინაარსი დაზუსტდა VIII საუკუნეში და ჩამოყალიბდა როგორც თავდადება და თავგანწირვა სარწმუნოებისთვის ბრძლაში, რაც აუცილებლად არ გულისხმობს შეიარაღებულ დაპ[ირისპირებას, მაგრამ არც გამორიცხავს მას. მასში ასევე მოიაზრება პიროვნების ბრძლა საკუთარ თავთან პიროვნული გაუმჯობესებითვის, ასევე სახელმწიფოს შიგნით საქმიანობა სოციალური, ეკონომიკური და კულტურული განვითარებისთვისთვის. განასხვავებენ გულის, ხელის, ენის, კალმის და მახვილის ჯიჰადს.

თუ სარწმუნოებას საფრთხე დაექმურება, შესაძლებელია გამოცხადდეს თავდასხმითი ომი ღაზავათი, რაც არის ჯიჰადის უკიდურესი გზა და მისი გამოცხადება მხოლოდ უმაღლეს სასულიერო ლიდერს შეუძლია, თუ დაასაბუთებს, რომ სხვა გზა აღარ დარჩა. ღაზავათის მაგალითია კავკასიელი მთიელების ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ. ღაზავათში დაღუპული მუსლიმი არის შაჰიდი, რომელიც უცილობლად ცხონდება.

მუსლიმად გახდომის სიმბოლური და გარეგანი ნიშანია წინადაცვეთა ანუ ხიტანი. გადმოცემის მიხედვით წინადაცვეთილი დაიბადა მაჰმადი, ამიტომ ყველა მუსლიმი მის მიბაძვას ცდილობს. წინადაცვეთის რიტუალი უტარდებათ 6-13 წლის ბავშვებს. შუა საუკუნეებში დიდი ზარზეიმიით ტარდებოდა მეფეების, ტახტის მემკვიდრეების წინადაცვეთის რიტუალები, ასევე ისლამზე მოქცეული მონარქების წინადაცვეთის რიტუალები.

ისლამურ თეოლოგიაში არ არსებობს კონსესუსი ისლამზე მოქცეულ მოზარდთა წინადაცვეთის აუცილებლობის შესახებ. წინადაცვეთის რიტუალს უფრო მეტად იცავენ სუნიტები. ზოგიერ ქვეყანაში, მაგ. ეგვიპტეში, წინადაცვეთა უტარდებათ ქალებსაც, რასაც ეწოდება ხაფდი.

რჯულის კანონი

რედაქტირება

მუსლიმთა რჯულის კანონს ეწოდება შარიათი. შარიათი არაბული სიტყვაა და ნიშნავს სწორ გზას. ის ეყრდნობა ყურანს, სუნას და ჰადისებს. მასში მოცემულია მორწმუნეთა ცხოვრების წესები. შარიათი არეგულირებს ადამიანის ურთიერთობას ალაჰთან, მორწმუნის ცხოვრების ყველა მხარეს, მოიცავს ღვთისთვის მოსაწონი და მიუღებელი ქცევების კომპლექსს, სასჯელს ქცევის ნორმების დარღვევისთვის. შარიათი აერთიანებს რელიგიურ, სამოქალაქო და სისხლის სამართალს. შარიათს სახელმწიფო სტატუსი აქვს ირანში.

შარიათის დებულებებს აყალიბებს ფიყჰი, ანუ მუსლიმური სამართალი. სამართლის მოხელეს ეწოდება ფაკიჰი, იგივე მუფთი. ფაკიჰი ნიშნავს კანონმდებელს, ხოლო მუფთი მოსამართლეს. პირველი მუფთები დანიშნა ხალიფა უმარ II-მ VIII საუკუნეში. ეს სახელი გავრცელდა ყველა ისლამური ქვეყნის მოსამართლეზე, მაგრამ თურქულ-სპარსულ სამყაროში მის პარალელურად დამკვიდრდა ფორმა ყადი. მუფთის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეწოდება ფათვა. შიიტებში არსებული ტრადიციის მიხედვით ფათვას გამოცემა შეუძლია მაღალი ავტორიტეტის სასულიერო ლიდერსაც, ასეთ ლიდერს აიათოლა ეწოდება.

ჰალალი და ჰარამი

რედაქტირება

ისლამში ჰალალი ნიშნავს ნებადართულს, ჰარამი კი აკრძალულს. რა დოზით არის ესა თუ ის ქცევა აკრძალული და რა სასჯელია გათვალისწინებული ამ აკრძალვის დარღვევაზე, ამას განსაზღვრავს ფიყჰი.

მაგალითად, ჰალაშს მიეკუთვნება პოლიგამია, მუსლიმ მამაკაცს შეუძლია ერთდროულად იყოლიოს ოთხი ცოლი, თუ ამის ეკონომიური საშუალება აქვს, დასაშვებია მუსლიმი კაცის ქორინება იუდეველ ან ქრისტიან ქალთან, მაგრამ მუსლიმი ქალი უნდა გათხოვდეს მხოლოდმუსლიმ კაცზე. დაუშვებელია უახლოეს ნათესავებს შორის ქორწინება.

დღისით გარდაცვლილი იკრძალება იმავე ღეს, ნაშუადღევს გარდაცვლილი კი მეორე დღეს. სიკვდილის წინ მუსლიმმა უნდა წარმოთქვას შაჰადა, ხოლო თუ ვერ შეძლებ, სხვამ უნდა ჩასჩურჩულოს. გარდაცვლილს მიატრიალებენ მექასკენ, განბანენ, თეთრ ან მწვანე სუდარაში გაახვევენ, კითხულობენ ლოცვებს და ასრულებენ ჯაზანას. დაუშვბელია ლოცვა ურწმუნოს ან თვითმკვლელის გამო. მიცვალებულის მოხსენიება ხება მე-3, მე-7 და მე-40 დღეს.

მუსლიმს ეკრძალება ღვინის და სხვა მათრობელი სასმელის სმა, ღორის ხორცის ჭამა, აზარტული თამაშები და სხვა.

ლიტურგია

რედაქტირება

ლიტურგიის ენად დამკვიდრებულია არაბული ენა. ყველაზე მოკლე და ყოველდღიურ ცხოვრებაში გავრცელებული ლოცვაა ბასმალა, რომელიც ასე ჟღერს „სახელითა ალაჰისა, მოწყალისა, მწყალობლისა“. ამ ფორმულით იწყება ყურანის ყველა სურა, გარდა მე-9-ში. ბასმალას წარმოთქვამენ ყველა ლოცვის და საქმის წინ. ბასმალა ხშირად გამოიყენება დეკორაციად არქიტექტურასა და ხელმაწერებში.

ღვთისმსახურება ყველგან შეიძლება აღსრულდეს, მაგრამ საზოგადო ღვთისმსახურება უნდა შედგეს მეჩეთში. პირველი მეჩეთი ააგო მაჰმადმა მედინაში, თავისი სახლის გვერდით. მექის აღების შემდეგ ქააბა გადაკეთდა მეჩეთად. მეჩეთის არქიტექტურა ჩამოყალიბდა VII-VIII საუკუნეებში ომაიანების დროს. მისი აუცილებელი ატრიბუტებია მიჰრაბი, რომელიც მექას მიმართულებას მიუთითებს და მლოცველები მისკენ სახით დგანან; მინბარი, რომელიც წარმოადგენს კათედრას კიბით, საიდანაც სასულიერო პირი ქადაგებას წარმოთქვამს, მინარეთი, წიგნთსაცავი, სათავსო და აუზი, სადაც ლოცვის წინ მორწმუნეთა განბანვა ხდება. მეჩეთის იატაკი მოფენილია ხალიჩებით და სავალდებულოა ფეხზე გახდა. მორწმუნე მეჩეთში შედის მარჯვენა ფეხით და გამოდის მარცხენათი. დიდ მეჩეტებს, სადაც პარასკევის ლოცვა აღევლინება, ეწოდება პარასკევის მეჩეთი. მინარეთი არის კოშკი, რომელზეც ადის მუეძინი და მორწმუნეებს ლოცვის დადგომის დროს ამცნობს და მოუწოდებს ლოცვისკენ. ამ რიტუალს ეწოდება აზანი. ის მაჰმადმა დააწესა ჰიჯრიდან 1-2 წლის შემდეგ. აზანის დროს მუეძინი პირით მექსისკენ დგას, ცერა და სალოკი თითებით ყურის ბიბილო უჭირავს და წარმოთქვამს 7 ფორმულისგან შემდგარ მოწოდებას.

სასულიერო იერარქია

რედაქტირება

მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო პირია შეიხი. მუსლიმთა საკრებულოს სასულიერო ლიდერს სხვადასხვა ენაზე სხვადასხვა ტერმინი აღნიშნავს: მოლა, ხოჯა, ახუნდი, იმამი. მათ შორის ყველაზე გავრცელებული სახელწოდოდებაა იმამი. ერთიდაიგივე დასახელების სასულიერო პირს სხვადასხვა გარემოში სხვადასხვა რანგი და თანამდებობა უჭირავს. არსებობს დიდი იმამი და პატარა იმამი. დიდი იმამის თანამდებობა სუნიტური ტრადიციით არჩევითია, ხოლო შიიტური ტრადიციით მემკვიდრეობითი და ის ხალიფა ალის შთამომავლებს გადაეცემათ. მცირე იმამის თანამდებობაზე ინიშნებიან სასულიერო განათლების მქონე პირები.

მეჩეთებთან მოქმედებს დაწყებითი, საშუალო ან უმაღლესი სასწავლებლები მაქთაბი და მედრესე. მაქთაბი დაწყებითი სასწავლებელია, მედრესე კი საშუალო ან უმაღლესი. მედრესეები ისლამში X საუკუნიდან არსებობს. სტუდენტები იღებენ სტიპენდიას და ცხოვრობენ პანსიონში. ისწავლება ყურანი, სუნა, ჰადისები, თეოლოგია, ფიყჰი, არაბული ენა და ლიტერატურა.

სიმბოლოები

რედაქტირება

მუსლიმები იყენებენ მთვარის კალენდარს, ამიტომ მათი რელიგიის სიმბოლოდ იქცა ნახევარმთვარე. მუსლიმთა მთავარი და სავალდებულო მარხვის დასაწყისი და დასასრული ახალმთვარეობაზეა დამოკიდებული. ისლამის სიმბოლოდ ნახევარმთვარე პირველად ხალიფა უმარმა გამოიყენა VII საუკუნეში. მან ნახევარმთვარე ქააბაზე მიამაგრა. ნახევარმთავრე მუსლიმისთვის იმავე მნიშვნელობისაა, რაც ჯვარი ქრისტიანისთვის. XIX საუკუნის დასაწყისიდან ნახევარმთვარე ისლამური ტრადიციის ქვეყნების ჰერალდიკის ნაწილად იქცა.

დღესასწაულები

რედაქტირება

მუსლიმთა მთავარი მარხვა და დღესასწაულია რამადანი. ის მე-9 თვეში იწყება სავსე მთვარის გამოჩენისათანავე და გრძელდება 29 ან 30 დღეს. მარხვა სრულდება სამდღიანი დღესასწაულით ურაზა-ბაირამით. დღესასწაული მოძრავია და ამ დღესასწაულით მუსლიმები იხსენებენ იმ დღეებს, როდესაც ალაჰმა მაჰმადს ყურანი გარდამოუვლინა.

ურაზა-ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება ყურბან-ბაირამი. ა დღეს აღინიშნება მექაში მოსალოცავ გამგზავრების დღე. ის აღინიშნება ცხვრის მსხვერპლშეწირვით. ცხვრის დაკვლით მუსლიმები აღნიშნავენ იბრაჰიმის მიერ შვილის ნაცვლად ცხვრის დაკვლას. მაჰმადის დაბადების და გარდაცვალების დღეა მავლიდი, მისი ეცად ამაღლების დღე მიჰრაჯი.

შიიტები აღნიშნავენ სამგლოვიარო დღეს შაჰსეი-ვაჰსეი. ისინი იხსენებენ ალის ვაჟ ჰუსეინს, რომელიც 10 ოქტომბერს ერაყში 70 მებრძოლთან ერთად დაიღუპა. გლოვა 10 დღეს გრძელდება და მას ახლავს შეძახილები შაჰსეი-ვაჰსეი და თვითგვემა. ეს დღე სუნიტებისთვის გადარჩენის დღეა, ამ დღეს შექმნა ალაჰმა მაჰმადი, ამ დღეს გადარჩნენ ებრაელები ფარაონის ლაშქრისგან, ამ დღეს გადარჩა ნოეს კიდობანი და ა.შ.

ისლამი და სხვა რელიგიები

რედაქტირება

ისლამის მიხედვით ისაა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია. დანარჩენი კაცობრიობა ალჰთან მიმართებით იყოფა ორ ნაწილად: მუშრიქები, ანუ წარმართები და კერპთაყვანისმცემლები, ხალხი, რომელსაც არ აქვს წეილობითად ჩამოყალიბებული რჯული. 2.. ხალხი, რომელსაც წერილობით ჩამოყალიბებული რჯული აქვს და ეს რჯული საღვთო გამოცხადების ნაყოფია. მათ შორის დგანან ზოროასტრიზმის მიმდევრები. მათაც აქვთ წერილი ავესტა, მაგრამ ის არაა საღვთო გამოცხადების შედეგი

ისლამის მიხედვით ადამიანები ერთ დროს შეადგენდნენ ერთ თემს, ჰქონდათ ერთი ლელიგია, მაგრამ შემდეგ მოხდა მათი დაშლა. თემი, რომელიც მაჰმადმა მედინაში შექმნა, მოიცავდა იუდეველებს და ქრისტიანებსაც, მაგრამ მათ ჭეშმარიტებას თვალი ვერ გაუსწორეს. ძველი ისლამური ტრადიციით ლაშქრობის და დაპყრობის შემდეგ სავალდებულო იყო წარმატების გამუსლიმება, მაგრამ არა წერილის ხალხისა თუ კი ისინი შესაბამის გადასახადს ჯიზიას გადაიხდიდნენ. სავალდებულო გამოსულიმება არ გულისხმობდა ძალადობას, რადგან ამას კრძალავს ყურანი.

ისლამური ფუნდამენტალიზმი

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

აკადემიური წყაროები

რედაქტირება

სხვა რესურსები

რედაქტირება

სახელმძღვანელოები

რედაქტირება
  1. http://www.pewforum.org/2009/10/07/mapping-the-global-muslim-population/
  2. Браницкий А. Г., Корнилов А. А. Религии региона. с. 64. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-28. ციტირების თარიღი: 2014-11-10.
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-15. ციტირების თარიღი: 2014-11-10.
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-25. ციტირების თარიღი: 2014-11-10.
  5. http://historyofislam.com/contents/the-age-of-faith/the-abbasid-revolution/
  6. http://www.bbc.co.uk/programmes/b01k2bv8
  7. http://www.historyofinformation.com/expanded.php?id=1905
  8. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-23. ციტირების თარიღი: 2014-11-10.
  9. http://www.historyofinformation.com/expanded.php?id=294
  10. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-11. ციტირების თარიღი: 2008-06-11.
  11. http://content.time.com/time/magazine/article/0,9171,428133,00.html
  12. http://news.xinhuanet.com/english/world/2012-08/22/c_131800457.htm