მუთაზილიტები (არაბ. المعتزلة) — რაციონალური მიმდინარეობის (ჩაისახა არაბთა სახალიფოში VIII საუკუნეში) მიმდევრები ადრინდელ მუსლიმანურ თეოლოგიაში. მუთაზილობის დამაარსებელია ვასილ იბნ ატაი (699-748 წწ.). დასრულებული სისტემის სახე მიიღო IX საუკუნეში. მუთაზილობის თეორეტიკოსები უარყოფდნენ ორთოდოქსული ისლამის ბევრ დოგმას და თვლიდნენ ყურანს ღმერთის ერთ-ერთ ქმნილებად; აღიარებდნენ ადამიანის ნებისყოფის თავისუფლებას და ზნეობის უმაღლეს კრიტერიუმად მიიჩნევდნენ ადამიანის გონებას. ხალიფა ალ-მამუნმა (813-833 წწ.) მუთაზილობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა სუნიზმის ნაცვლად. მაგრამ 851 წელს ორთოდოქსული ისლამი კვლავ აღდგა თავის უფლებებში. დაიწყო მუთაზილიტების დევნა, თუმცა მათი სკოლები ირანში მომდევნო საუკუნეებშიც არსებობდა. საბოლოოდ მუთაზილობა გაქრა XIV საუკუნეში.

ლიტერატურა

რედაქტირება