ქრისტიანობა და ისლამი

ქრისტიანობა და ისლამი — მსოფლიოს ორი უდიდესი რელიგია. ქრისტიანობას 2,6 მილიარდი, ხოლო ისლამს 1.9 მილიარდი მიმდევარი ჰყავს. [1] ორივე განიხილება აბრაამისეულ რელიგიად და არის მონოთეისტური.

ქრისტიანობა ჩამოყალიბდა I საუკუნეში და დაფუძნებულია იესო ქრისტეს ცხოვრებაზე, სწავლებებზე, სიკვდილსა და აღდგომაზე და მათ, ვინც მას მიჰყვება, ქრისტიანები ეწოდებათ. [2] ისლამი წარმოიშვა VII საუკუნეში; დაფუძნებულია მაჰმადის (მუჰამედი/მუჰამადი) სწავლებებზე და მათ მიმდევრებს მუსლიმები [მაჰმადიანები (محمد მჰმდ) ანუ მაჰმადის მიმდევრები] ეწოდებათ. [3]

მუსლიმები არ აღიარებენ სამებას, ხოლო ქრისტიანებს ურწმუნოებად მიიჩნევენ. რაც შეეხება ქრისტიანებს, ისინიც ისლამს ცრუ რელიგიად მიიჩნევენ იმის გამო, რომ მისი მიმდევრები უარყოფენ სამებას, ქრისტეს ღვთაებრივობას და ქრისტეს ჯვარცმასა და აღდგომას.

ქრისტიანობას და ისლამს განსხვავებული წმინდა წერილები აქვთ. ქრისტიანების წმინდა ტექსტი ბიბლიაა, ხოლო მუსლიმების - ყურანი.

მსგავსება და განსხვავებები

რედაქტირება

წმინდა წერილები

რედაქტირება
 
ბიბლია
 
ყურანი

ბიბლია შედგება ძველი აღთქმისა და ახალი აღთქმისგან. ძველი აღთქმა დაიწერა ქრისტეს დაბადებამდე, ხოლო ახალი - ქრისტეს დაბადების შემდგომ. ქრისტიანები ყურანს არაღვთიური ტექსტების ერთობლიობად აღიქვამენ.

ყურანი მე-7 საუკუნეში შეიქმნა და მოიცავს მუჰამადის მიერ წინასწარმეტყველური ზეშთაგონების დროს წარმოთქმულ ქადაგებებს. იგი დაწერილია არაბულ ენაზე 610-632 წლებში, მექასა და მედინაში.

იესო ქრისტე

რედაქტირება

ორივე რელიგიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ იესო ქრისტე ქალწული მარიამისგან იშვა[4] და რომ იესო მესიაა, თუმცა იესო ქრისტესთან მიმართებაში სხვა საკითხებში განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ქრისტიანებისთვის, იესო ქრისტე ღვთის ძეა, სამების თანასწორი შემადგენელი ნაწილი, ხოლო მუსლიმებისთვის, იესო არის დიდი წინასწარმეტყველი, თუმცა არა ღვთის ძე და სამების ნაწილი.

ქრისტიანობის მიხედვით, იესო ქრისტე ჯვარს აცვეს. მესამე დღეს იგი, პონციუს პილატეს პრეფექტობის პერიოდში, მკვდრეთით აღდგა, ხოლო ისლამის მიხედვით, იესო ქრისტეს მართლაც მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა, თუმცა შემდეგ სასწაულებრივად გადარჩა ჯვარცმისგან და ზეცად ამაღლდა.[5] ისლამში, ქრისტეს ნაცვლად, ჯვარს აცვეს იესო ქრისტეს მსგავსი.[6]

ქრისტიანებსაც და მუსლიმებსაც სწამთ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის, თუმცა განსხვავებით ქრისტიანებისა, მუსლიმებს სჯერათ, რომ ქრისტე დაბრუნდება დამასკოს აღმოსავლეთით მდებარე თეთრ მინარეთთან (ომაიადის მეჩეთში). ქრისტიანული თვალსაზრისით, იესო დაბრუნდება ანტიქრისტეს დასამარცხებლად, ხოლო ისლამის მიხედვით - დაჯალის მოსაკლავად. ასევე, ქრისტიანები მიიჩნევენ, რომ ქრისტე დაბრუნებიდან 1000 წლის განმავლობაში იმეფებს, თუმცა მუსლიმების აზრით, იესო ორმოცი წლის განმავლობაში იმეფებს, ასევე, დაქორწინდება, ეყოლება შვილები და მწვანე გუმბათში დაკრძალავენ.

მუჰამადი

რედაქტირება

მუსლიმებისთვის მუჰამედი იყო წინასწარმეტყველი, რომელსაც მთავარანგელოზმა ჯიბრაილმა (გაბრიელმა) უკარნახა ყურანი.[7] მუსლიმები ყურანს მიიჩნევენ მუჰამადის მთავარ სასწაულად და მისი წინასწარმეტყველობის მტკიცებულებად.[8]

მუსლიმთა ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს მუჰამადს, როგორც სრულყოფილი მორწმუნის განსახიერებასა და მისაბაძ პიროვნებას. განსხვავებით იესოსა, რომელსაც ქრისტიანები ღმერთის შვილად მიიჩნევენ, მუსლიმებისთვის მუჰამადი მოკვდავია.

მუჰამადს ცხოვრების განმავლობაში მრავალ ქრისტიანთან ჰქონია ურთიერთობა. ერთ-ერთი პირველი ქრისტიანი, რომელიც მუჰამადს შეხვდა, იყო ვარაქა იბნ ნავფალი, ძველი არაბეთის ქრისტიანი მღვდელი. იგი იყო ერთ-ერთი პირველი ჰანიფი, რომელმაც ირწმუნა მუჰამადის წინასწარმეტყველება.[9]

მსოფლიოს ქრისტიანთა აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს სამების დოქტრინას, რომლის მიხედვითაც ღმერთი ერთია თავისი არსებით, თუმცა სამბუნებოვანი (მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა). ისლამში ეს ცნება მონოთეიზმის უარყოფად განიხილება.

სულიწმინდა

რედაქტირება

ქრისტიანებსა და მუსლიმებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ სულიწმინდის შესახებ. ქრისტიანთა უმეტესობას სჯერა, რომ სულიწმიდა არის ღმერთი და სამების მესამე წევრი. ისლამში სულიწმიდად ითვლება მთავარანგელოზი გაბრიელი. ქრისტიანთა უმეტესობას სჯერა, რომ იოანეს სახარებაში მოხსენიებული პარაკლიტი, რომელიც გამოვლინდა სულთმოფენობის დღეს, სულიწმინდაა,[10][11] ხოლო მუსლიმთა უმეტესობა ფიქრობს, რომ მოხსენიებული პარაკლიტი მუჰამადის მოსვლის წინასწარმეტყველებაა.[12]

  1. Religion by Country 2021.
  2. Christianity.
  3. Studies in Semitic Philology, https://books.google.com/books?id=Ebj45xm6r_4C
  4. Robinson, Neal (31 July 1991). Christ in Islam and Christianity. New York: State University of New York Press, გვ. 12. ISBN 978-0791405598. 
  5. Zahniser, Mathias (30 October 2008). The Mission and Death of Jesus in Islam and Christianity (Faith Meets Faith Series). New York: Orbis Books, გვ. 55. ISBN 978-1570758072. 
  6. Surah An-Nisa' Verse 157 | 4:157 النساء - Quran O en. ციტირების თარიღი: 2021-06-25
  7. Lambert, Gray (2013) The Leaders Are Coming!. WestBow Press, გვ. 287. ISBN 9781449760137. 
  8. Peters, F.E. (2003). The Words and Will of God. Princeton University Press, გვ. 12–13. ISBN 0-691-11461-7. 
  9. Encyclopedia of Islam, Online ed., "Waraqah bin. Nawfal".
  10. International Standard Bible Encyclopedia
  11. Casurella, Anthony (1 January 1983). Beiträge zur Geschichte der biblischen Exegese. Mohr. ISBN 9783161446481. 
  12. Anthony, Sean (2016). „Muḥammad, Menaḥem, and the Paraclete: new light on Ibn Isḥāq's (d. 150/767) Arabic version of John 15: 23–16: 1“. Bulletin of the School of Oriental and African Studies. 79 (2): 255–278. doi:10.1017/S0041977X16000458. S2CID 163407787.