ტერმინს „ალჟირი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ალჟირი (მრავალმნიშვნელოვანი).

ალჟირი (არაბ. الجزائر, ბერბ. ⴷⵣⴰⵢⴻⵔ), ოფიციალურად ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა (არაბ. الجمهورية الجزائرية الديمقراطية الشعبية ალ-ჯუმჰურია ალ-ჯეზაირია დემოკრატია აშ-შაბიია) — ქვეყანა ჩრდილოეთ აფრიკაში. სიდიდით ხმელთაშუა ზღვისა და აფრიკის კონტინენტის პირველი, ხოლო მსოფლიოს — მეათე ქვეყანა. ალჟირი მაღრიბის (ე.ი. „დასავლეთის“) ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება.  არაბული ანდაზა ამბობს: „მაღრიბი ის ფრინველია, რომლის ტანი ალჟირია, ხოლო ფრთები - მაროკო და ტუნისი“.

ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა
الجمهورية الجزائرية الديمقراطية الشعبية
ⵟⴰⴳⴷⵓⴷⴰ ⵜⴰⵎⴻⴳⴷⴰⵢⵜ ⵜⴰⵖⴻⵔⴼⴰⵏⵜ ⵜⴰⵣⵣⴰⵢⵔⵉⵜ
ალჟირი
ალჟირის
დროშა
ჰიმნი: Kassaman
ალჟირის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ალჟირი
36°42′ ჩ. გ. 3°13′ დ. გ. / 36.700° ჩ. გ. 3.217° დ. გ. / 36.700; -3.217
ოფიციალური ენა არაბული, ბერბერო-ლიბიური ენები
მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი აბდელმაჯიდ ტებუნი
 -  პრემიერ-მინისტრი აიმენ ბენაბდერრაჰმანე
ფართობი
 -  სულ 2 381 740 კმ2 (მე-10)
მოსახლეობა
 -  2009 შეფასებით 34 895 000 
 -  1998 აღწერა 29 100 867 
 -  სიმჭიდროვე 14,6 კაცი/კმ2 (204-ე)
მშპ (მუპ) 2006 შეფასებით
 -  სულ $253.4 მილიარდი (38-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $8,100 (2007) (88-ე)
აგი (2007) 0.733 (საშუალო) (104-ე)
ვალუტა ალჟირული დინარი (DZD)
დროის სარტყელი UTC+01:00
ქვეყნის კოდი DZA
Internet TLD .dz
სატელეფონო კოდი 213

ალჟირს ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ტუნისი, აღმოსავლეთით ლიბია, დასავლეთით მაროკო, სამხრეთ-დასავლეთით დასავლეთი საჰარა, მავრიტანია და მალი, სამხრეთ-აღმოსავლეთით ნიგერი, ჩრდილოეთით კი — ხმელთაშუა ზღვა. მისი ფართობი დაახლოებით 2 400 000 კვადრატული კილომეტრია. დედაქალაქია ალჟირი ალ-ჯაზაირი. ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი-ნავსადგური, რომელიც მდებარეობს ქვეყნის შორეულ ჩრდილოეთით, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე.მოსახლეობის რაოდენობით, რომელიც 43 600 000-ია (2020 მონაც.) ალჟირი  მერვე ადგილზეა აფრიკის კონტინენტზე.

ალჟირი არის არაბული ქვეყნების ლიგის, გაეროს, აფრიკის კავშირისა და ოპეკის წევრი ქვეყანა.

სახელწოდება

რედაქტირება
  • ოფიციალური: ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა.
  • ეროვნული: الجزائر (al-Jazair), Al Jumhuriyah al Jazairiyah ad Dimuqratiyah ash Shaabiyah; Algérie, République Démocratique Populaire d'Algérie.
  • ეტიმოლოგია: ალჟირი არის ფრანგული ფორმა არაბული სიტყვისა (ალ-ჯაზაირ) ანუ კუნძულები. სახელწოდება თავდაპირველად ქალაქს ეწოდა, რომელიც 4 კუნძულზე იყო გაშენებული, შემდეგ კი მთელ ქვეყანაზე გავრცელდა. სხვა სახელები: Algérie (ფრანგული); Argelia (ესპანური); Tamurt n Ldzayer (ბერბერული).
  • ბუნებრივი პირობების მიხედვით ალჟირი ორ არათანაბარ ნაწილად იყოფა (ჩრდილო და სამხრეთ ალჟირი). ჩრდილო ალჟირი მოიცავს ხმელთაშუა ზღვის დაბლობსა და ატლასის მთათა სისტემის ცენტრალურ ნაწილს (რომელიც გამოყოფს უდაბნოს ზონას ზღვისპირეთისაგან). ატლასის სისტემაში გამოიყოფა ტელ-ატლასისა და საჰარის ატლასის ქედები (მასივები-ვარსენისი, დიდი კაბილია, მცირე კაბილია, ორესი, ხოდნა). ჰავა ზომიერად ცხელი, სუბტროპიკული, ხმელთაშუაზღვისაა. იანვრის საშუალო ტემპერატურა 2 С⁰-ზე დაბლა არ ეცემა. საშუალო წლიური ტემპერატურა სანაპიროზე 15 С⁰-ია, მთიანეთში -მინუს 5 С⁰-მდე ეცემა. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 900-1800 მმ შორის მერყეობს. სამხრეთ ალჟირი მოიცავს რესპუბლიკის ტერიტორიის 4/5. ეს არის ნახევრად უდაბნოებისა და უდაბნოების ზონა. საჰარის უდაბნოს უკავია ქვეყნის ტერიტორიის 80% და შედგება ცალკეული ქვიშიანი (დასავლეთის დიდი ერგი, აღმოსავლეთის დიდი ერგი, იგიდი, ერგ შეში) და კლდოვანი (პლატო ტენეზრუფტი, ტინგერტი, ტადემაიტი, ალ-აგლაბი) უდაბნოებისაგან. ცენტრალური ნაწილი გამოირჩევა მეტად ცხელი და მშრალი ჰავით. ზედაპირული წყლები თითქმის არ არის. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა არ აღემატება 100 მმ, ხოლო ზოგიერთ ოაზისში წვიმა 10 წელიწადში ერთხელ მოდის. ხშირია ცხელი გრიგალი (შეჰილი), ბევრია მლაშე ტბა-შოტები (მაგალითად შოტ-მალგირის მლაშე ტბა  26 მეტრით დაბალია ზღვის დონეზე). საჰარა სინამდვილეში მთლიანად უწყლო არ არის. ბევრია მიწისქვეშა წყლები, განსაკუთრებით ატლასის მთების სამხრეთ კალთებზე, სადაც განლაგებულია დიდი ოაზისები (ტიდიგერტი, ტუგერტი, ელ-გოლეა და სხვ.) ალჟირის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი უჭირავს აჰაგარის ვრცელ მთიანეთს, რომელზედაც აღმართულია ალჟირის უმაღლესი მწვერვალი ტახატი (3000 მ). აჰაგარი უწყლობის გამო მცენარეულ საფარს მოკლებულია და დაუსახლებელია. ალჟირის ყველა მდინარე უედის ტიპისაა, ზაფხულობით შრება, რეჟიმი არამდგრადია. ყველაზე დიდი მდინარეა უედ შელიფი (სიგრძე 700 კმ). როგორც წესი, უედებზე აშენებენ კაშხლებს, წყალსაცავებს, ელექტროსადგურებს. ცხოველთა სამყარო ღარიბია. ჩრდილოეთ ნაწილში შემორჩენილია ბერბერული მაკაკა (მაგო), კურდღელი. ალჟირის საჰარის ჩრდილოეთ ნაწილში გვხვდება აფთარი, ტურა, მელა, იშვიათად-ქურციკი და ანტილოპა. თითქმის ყველგან ბინადრობენ მღრღნელები, ღამურა. ტბებზე ბევრია ფრინველი (იხვი, ბატი, წერო, ყანჩა და სხვ.) უკანსაკნელი 100 წლის განმავლობაში სრულიად გადაშენდა გარეული ცხოველები (ბერბერული ლომი, ატლასის დათვი, ნიანგი, ლეოპარდი, ვივერა, მარტორქა). ძალზე მრავალფეროვანია ფრთოსანთა და ქვეწარმავალთა სამყარო. ხშირია კალიის შემოსევა, რასაც თან სდევს ნათესთა განადგურება. ალჟირის წიაღი მდიდარია ნავთობით, გაზით, შავი და ფერადი ლითონების, მანგანუმის, ფოსფორიტის საბადოებით. ნავთობგაზის თითქმის ყველა საბადო თავმოყრილია საჰარის უდაბნოში

თანამედროვე ალჟირის ტერიტორიაზე პირველყოფილი ადამიანი ჯერ კიდევ 300-400 ათასი წლის წინათ ცხოვრობდა. უძველეს დროში თანამედროვე ალჟირის ტერიტორია დასახლებული იყო ძველი ლიბიური ტომებით. ძვ. წ. XII საუკუნეში ალჟირის ტერიტორიაზე გაჩნდა პირველი ფინიკიური კოლონიები. ძვ. წ. III საუკუნეში წარმოიქმნა მასესილებისა და მასილების ძლიერი ტომთაშორისი კავშირები, რომელთაც ბელადები-აგელიდები მეთაურობდნენ. ძვ. წ. 202 წელს მასილების აგელიდმა მასინისამ გააერთიანა ორივე კავშირი ერთიან ნუმიდიის სახელმწიფოდ, რომლის დედაქალაქი გახდა კირტა (ახლანდელი კონსტანტინი). ნუმიდია კართაგენს წარმატებით ებრძოდა, მაგრამ ძვ. წ. 146 წელს კართაგენი რომაელებმა დაიპყრეს, შეიჭრნენ ნუმიდიაში და მეფე იუგურთა (მეფობდა. დაახლოებით ძვ. წ. 116-105 წლებში) დაამარცხეს, ნუმიდია დაიმორჩილეს და ძვ. წ. 46 წელს გადააქციეს რომის პროვინციად. ნუმიდიაში რომაული კულტურა გავრცელდა, II ს-ში-ქრისტიანობა. 438 წელს ჩრდილოეთ აფრიკის სანაპირო ზოლი (თანამედროვე ალჟირის ტერიტორიის ჩათვლით) ქვეყანა დაიპყრეს ვანდალებმა. 439 წელს შეიქმნა ალანებისა და ვანდალების სამეფო. 534 წელს თანამედროვე ალჟირის ნაწილი დაიპყრო ბიზანტიამ.

VII საუკუნეში, როდესაც მთელ ჩრდილო აფრიკაში გაბატონდნენ არაბები, ქვეყანა მოექცა არაბული სახალიფოს ფარგლებში. დაიწყო ალჟირის ძირითადი მოსახლეობის -ბერბერების არაბიზაციის ხანგრძლივი პროცესი. ბერბერებმა მიიღეს ისლამი, აითვისეს არაბული ენა.

VIII-XV სს-ში  ფეოდალურად დაქუცმაცებული ქვეყანა შედიოდა სხვადასხვა არაბ.სახელმწიფოთა შემადგენლობაში. VIII-X სს-ში ემორჩილებოდა თლემსენისა და ტაჰირთის ხარიჯიტთა საამიროებს. 761-909 წლებში ალჟირის ტერიტორიაზე არსებობდა აბადიტების მიერ დაარსებული რუსტამიდების სახელმწიფო. ფატიმიდების დარტყმის შედეგად .მისი დაცემის შემდეგ დევნილებმა შექმნეს შუასაუკუნობრივი სახელმწიფო მზაბი საჰარაში.

944 წელს ბერბერების თავადმა ბოლოგინ იბნ ზირიმ დააარსა ქალაქი ელ-ჯაზაირი (თანამედროვე დედაქალაქი ალჟირი). ზირის შთამომავლები ქვეყანას სათავეში ედგნენ 1148 წლამდე. ფატიმიდების შემდგომ იყვნენ ზირიადები. 1014-1152 წლებში ტერიტორიის გარკვეულ ნაწილს ჰამადიდები მართავდნენ.

XI ს-ში ა-ის ტერიტორიაზე ორი დიდი არაბული ტომის -ბანუ ჰილალისა და ბანუ სულაიმის შეჭრამ დააჩქარა ალჟირის არაბიზაციის პროცესი. XI-XIII სს-ში ა-ის ტერიტორია დაიმორჩილეს ალმორავიდებმა და ალმოჰადებმა,

1148-1269 წლებში ალჟირს ალმოჰადების დინასტია მართავს, მათი მმართველობის შემდეგ ქვეყანა იშლება რამდენიმე წვრილ სახელმწიფოდ. XIII-XVI სს-ში -ზაიანიდებis (აბდალვადიდები) მმართველობა(დედაქალაქი თლემსენი). დროდადრო ქვეყნის ტერიტორიაზე იჭრებოდნენ ტუნისისა და მაროკოს მბრძანებლები.

1492 წელს ქვეყანაში დასახლდნენ ესპანეთიდან დევნილი მავრები და ებრაელები, რომლებიც თავს ირჩენენ მეკობრეობით. ამის გამო არაგონის მეფე ფერდინანდ II თავს დაესხა მათ, 1506 წელს დაიპყრო ქალაქი ბუჟია,.მერს ალ-ქაბირი(1505), ორანი (1509), ალჟირი (1510) და სხვ. 1518 წლისათვის ესპანელებმა ხელში ჩაიგდეს ალჟირის მთელი სანაპირო, ადგილობრივმა ფეოდალებმა და ვაჭრებმა დახმარებისათვის მიმართეს სახელგანთქმულ მეკობრეებს ძმებს -არუჯს და ხაირ ალ-დინ ბარბაროსას; მათ 1515 წელს დაიმორჩილეს ალჟირი. ხაირ ალ-დინმა ა-ის ტერიტორიიდან განდევნა ესპანელები, გააერთიანა ქვეყანა , ხელთ იგდო ძალაუფლება (1519-46), აღიარა ოსმალეთის სულთნის უზენაესი ხელისუფლება და დაინიშნა ქვეყნის მმართველად -ბეგლარბეგად. XVI ს-ის მეორე ნახევრიდან  ოსმალეთის საფაშო (ფაშალიქი) იყო. იყოფოდა 3 ბეილიქად: კონსტანტინა, ტიტერი (მედეა) და მასკარა (ორანი).ხაირ ალ-დინისა და მისი მომდევნო მმართველების დროს ალჟირი ცალკე ადმინისტრაციულ -ტერიტორიულ ერთეულად იქცა.  

. ალჟირელი მეკობრეები დიდად ავიწროებდნენ ქრისტიანებს ხმელთაშუა ზღვაზე,ვაჭრობდნენ მონებით, რაც ალჟირსა და ევროპის ქრისტიანულ სახელმწიფოებს სორის იწვევდა მუდმივ ომებს. XVII ს. შუახანებში ალჟირის დიდკაცობამ შეძლო ოსმალეთის ფაშის ხელისუფლების შეზღუდვა . მათი არჩეული წინამძღოლი -დეი ფაშასთან ერთად მართავდა ალჟირს. 1711 წელს დეი ბაბა ალიმ გააძევა ოსმალეთის უკანასკნელი ფაშა და ალჟირი ფაქტობრივად დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა.  ევროპის სახელმწიფოებმა ცნეს მისი სუვერენიტეტი. ალჟირი ეკონომიკურად აღორძინდა. XVIII-XIX სს. მიჯნაზე გაძლიერდა ქვეყნის ფეოდალური დაქუცმაცების პროცესი, რამაც დეების სახელმწიფო დაქვეითების გზაზე დააყენა.

XIX საუკუნიდან დაიწყო ფრანგული კოლონიზაცია.1830 წლის ივნისში ალჟირში საფრანგეთის ჯარი შეიჭრა, დაამარცხა დეის ლაშქარი და 5 ივლისს ხელთ იგდო დედაქალაქი ალჟირი. საფრანგეთის სამხედრო ექსპანსიას ალჟირის მოსახლეობამ უპასუხა შეიარაღებული აჯანყებებით. ქვეყნის შიდა ოლქებში მცხოვრები ტომების აჯანყებას სათავეში ჩაუდგა ამირა აბდ ალ კადირი. აჯანყება 1847 წელს ფრანგებმა ჩაახშვეს. 1848 წელს ქვეყანა გამოცხადდა საფრანგეთის ტერიტორიად და დაიყო დეპარტამენტებად, რომელთაც სათავეში პრეფექტები ჩაუდგნენ. პრეფექტები ემორჩილებოდნენ გენერალ-გუბერნატორს.

. მალე ახალი ანტიფრანგული აჯანყებები დაიწყო (1849 წელს ზააჯის ოაზისის ოლქში, 1852-ლალუატში, 1864-67 ულად სიდი შეიხის ტომთა აჯანყება, 1871-1872 წწ. 200-ზე მეტი ტომის აჯანყება მუჰამად მუკრანის მეთაურობით. 1881 წელს ულად სიდი შეიხის ტომების მეორე აჯანყება). 1852-1870 წლებში ფრანგებმა დაიმორჩილეს მთიანი კაბილია და სამხრეთ ალჟირი. ამერიკელი ისტორიკოსი ბენედიქტ კიერმანი  წერდა: „1875 წლისათვის საფრანგეთის მიერ ქვეყნის დაპყრობა დასრულებული იყო. ომმა  1830 წლიდან დაახლოებით 825,000 მკვიდრი ალჟირელი შეიწირა.“ საფრანგეთის დანაკარგი 1831-51 წლებში იყო 92,329 ადამიანი და 3,336 მოკლული იყო აცქიაზე. საფრანგეთის მოსახლეობა, რომელიც დაახლოებით 2.9 მილიონი იყო 1872 წელს, 1860 წელს მიაღწია 11 მილიონს. საფრანგეთის პოლიტიკა მიმართული იყო ქვეყნის „ცივილიზაციაზე“. მონებით ვაჭრობა და მეკობრეობა შეწყდა საფრანგეთის დაპყრობის შემდეგ. ფრანგების მიერ ალჟირის დაპყრობას გარკვეული დრო დასჭირდა და მნიშვნელოვანი სისხლისღვრა მოჰყვა. ძალადობისა და დაავადების- ეპიდემიების ერთობლიობამ განაპირობა ალჟირის მკვიდრი მოსახლეობის შემცირება თითქმის ერთი მესამედით 1830 წლიდან 1872 წლამდე. ამ პერიოდის განმავლობაში შეიქმნა მცირე, მაგრამ გავლენიანი ფრანგულენოვანი მკვიდრი ელიტა, რომელიც შედგებოდა ბერბერებისაგან, ძირითადად კაბილებისგან. შედეგად, საფრანგეთის მთავრობამ ხელი შეუწყო კაბილებს. სკოლების დაახლოებით 80% აშენდა  კაბილებისთვის.

1848 წლიდან დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, საფრანგეთი მართავდა ალჟირის ხმელთაშუა ზღვის მთელ რეგიონს. ალჟირი გახდა ასობით ათასი ევროპელი ემიგრანტის საცხოვრებელი ადგილი.  1825 და 1847 წლებში ალჟირში ემიგრაციაში 50,000 ფრანგი  წავიდა.  ბევრი ევროპელი დასახლდა ორანში და ალჟირში და უკვე მე –20 საუკუნის დასაწყისში ისინი ორივე ქალაქში მოსახლეობის   უმრავლესობას წარმოადგენდნენ.

1880 წლამდე ალჟირს მართავდა ფრანგთა სამხედრო ადმინისტრაცია, 1880 წლიდან „სამოქალაქო ადმინისტრაცია“.

1905-06 წლებში ალჟირელთა საპროტესტო მოძრაობამ  ახალი ძალით იფეთქა. ინტელიგენციისა და ეროვნული ბურჟუაზიის წარმომადგენლებმა -ახალგაზრდა ალჟირელების ორგანიზაციებმა მოითხოვეს მკვიდრი მოსახლეობისათვის პოლიტიკური უფლებების მინიჭება.

მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის კაპიტულაციის შემდეგ ალჟირი გერმანიისა და იტალიისათვის საკვებისა და ნედლეულის წყარო ხდება. 1942 წლის ნოემბერში ალჟირში ინგლის-ამერიკის ჯარებმა დაიკავეს. მოკავშირეებთან ერთად საფრანგეთის ჯარიც იბრძოდა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი შედგებოდა საფრანგეთის აფრიკული კოლონიების მკვიდრთაგან, მათ შორის, ალჟირელებისგან. 1943 წელს ალჟირში შეიქმნა საფრანგეთის ეროვნული განთავისუფლების კომიტეტი (სეგკ), რომელმაც აღუთქვა ალჟირელებს მდგომარეობის გაუმჯობესება, თუმცა არ შეასრულა პირობა. ომის შემდეგ ქვეყანაში აქტიურდება განმათავისუფლებელი მოძრაობა. 1954 წელს ჩამოყალიბდა ეროვნულ განმათავისუფლებელი ფრონტი (ეგფ).

1954 წლის 1 ნოემბერს ალჟირის სამხრეთ-აღმოსავლეთ ოლქებში იფეთქა აჯანყებამ ეგფ-ს მეთაურობით, რომელმაც მთელი ქვეყანა მოიცვა. შეიქმნა ეროვნული განთავისუფლების არმია (ეგა). 1956 წლის აგვისტოში ეგფ-ის კონგრესზე მიიღეს პროგრამა, რომელიც მოითხოვდა ალჟირის განთავისუფლებას.

ალჟირმა საფრანგეთისაგან სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა ევიენის 1962 წლის მარტის შეთანხმებებისა და 1962 წლის 1 ივლისის თვითგამორკვევის რეფერენდუმის შემდეგ.  ალჟირის დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1962 წლის 3 ივლისს, ხოლო 5 ივლისი არჩეული იქნა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღედ.

დამოუკიდებელ ალჟირის პირველ მთავრობას. სათავეში ჩაუდგა ეროვნულ განმათავისუფლებელი ფრონტის (ეგფ) ლიდერი აჰმედ ბენ ბელა. 1965 წელს განხორციელდა სამხედრო გადატრიალება და ხელისუფლებაში მოვიდა ჰუარი ბუმედიენი. თავდაცვის მინისტრი და ბენ ბელას ყოფილი თანამოაზრე. მომდევნო 25 წელი ალჟირისთვის შედარებითი სტაბილურობის პერიოდად იქცა. ქვეყანაში დამყარდა ერთპარტიული სისტემა. 1979-1992 წლებში პრეზიდენტია შადლი ბენჯედიდი. 1989 წლიდან გამოჩნდა შეზღუდული პოლიტიკური პლურალიზმის ნიშნები. 1990 წლის არჩევნებში გაიმარჯვა ისლამურმა ფუნდამენტალისტურმა ფრონტმა. ისლამისტების გააქტიურებას მოჰყვა სამხედროთა მოსვლა ხელისუფლებაში: ქვეყანას მართავდნენ მუჰამედ ბუდიაფი (1992-1993), ალი ჰუსეინ კაფი (1993-1994), ლიამინ ზერუალი (1994-1999). მას შემდეგ სამხედრო ხელისუფლებისა და ისლამისტი რადიკალების დაპირისპირება, რომელიც ხშირად სისხლიან კონფლიქტებში გადადის, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების საფუძვლად იქცა. 1999 წლიდან ქვეყნის პრეზიდენტია ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი აბდელაზიზ ბუტეფლიკა. 2001 წლის გაზაფხულიდან ქვეყნის პოლიტიკური ვითარება გართულდა კაბილიის (რეგიონი უმეტესად ბერბერი მოსახლეობით ქვეყნის დედაქალაქის აღმოსავლეთით) კრიზისის შედეგად. ბერბერების მასობრივი გამოსვლები ჟანდარმერიის (შინაგანი ჯარები) მიერ იქნა ჩახშობილი. არაოფიციალური მონაცემებით დაიღუპა 60  და დაშავდა ორი ათასი ადამიანი.  მთავრობის სასტიკმა რეპრესიებმა გამოიწვია სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მასობრივი აქციები, რის შედეგადაც შეიქმნა ბერბერული რაიონების არაფორმალური მმართველობის ორგანოები - კაბილიის საკოორდინაციო საბჭოს სოფლის კომიტეტები, რომელთა ერთ-ერთი მოთხოვნა გახდა ბერბერული ენისათვის მეორე სახელმწიფო ენის (არაბული ენის შემდეგ) სტატუსის მინიჭება.

2001 წლის ოქტომბერში, ბერბერი ახალგაზრდობის მრავალთვიანი გამოსვლების შემდეგ, ოფიციალურად იქნა აღიარებული ბერბერული ენა და ამ ეთნიკური უმცირესობის პოლიტიკური და კულტურული უფლებები.

2004 წლის აპრილში. აბდელ აზიზ ბუტეფლიკას ხელმეორედ გამარჯვების შემდეგ გამოცხადდა ნაწილობრივი ამნისტია, რომლის თანახმად აჯანყებულებს გარანტირებული ექნებოდათ პატიება, თუ ნებაყოფლობით განიარაღდებოდნენ და ჩაბარდებოდნენ.

2005 წლის სექტემბერში საყოველთაო სახალხო რეფერენდუმზე დამტკიცდა სამთავრობო პროექტი „მშვიდობისა და თანხმობის ქარტია“, რომელიც ითვალისწინებდა ყოფილი ბანდფორმირებების წევრების ამნისტიას, რომლებიც შეწყვეტენ შეიარაღებულ ბრძოლას ხელისუფლების წინააღმდეგ და სურთ დაუბრუნდნენ მშვიდობიან ცხოვრებას. თუმცა ქვეყნის უმსხვილესმა ისლამურმა დაჯგუფებამ „სალაფიტების ქადაგებისა და ჯიჰადის ჯგუფმა“ (დაახლ. 1000 ბოევიკი), რომელიც შეუერთდა 2004 წელს საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაცია ალ ქაიდას, უარი განაცხადა პროექტში მონაწილეობაზე.

2006 წლის ოქტომბერში „სალაფიტების ქადაგებისა და ჯიჰადის ჯგუფის“ ლიდერმა აბუ მუსაბ აბდელ ვუდუდმა გამოაცხადა „ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთის ინტერესების წინააღმდეგ არაბული მაღრიბის რეგიონში მრავალწლიანი ომის“ დასაწყისი.

2009 წლის სექტემბერში ქვეყნის პრეზიდენტად მესამე ვადით არჩეული იქნა აბდელ აზიზ ბუტეფლიკა.

ალჟირი არაბული გაზაფხულის პერიოდში - ალჟირში არეულობა დაიწყო 2010 წლის დეკემბრის დასაწყისში, უფრო ადრე, ვიდრე ტუნისში, რაც გამოწვეული იყო უმუშევრობით, ალჟირელი ახალგაზრდების ცუდი მდგომარეობით,    საცხოვრებლი პირობების არქონით. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სურსათის ფასების მკვეთრმა ზრდამ, რამაც დარტყმა მიაყენა ღარიბ ფენას. უფრო გაძლიერდა ტუნისის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ და შესამჩნევი მასშტაბები 2011 წლის 1 იანვრიდან მიიღო. შედეგად პრეზიდენტმა ბუტეფლიკამ გამოაცხადა უახლოეს მომავალში რეფორმების დასაწყისი და საგანგებო მდგომარეობის (1992 წლიდან) გაუქმება. არაბული გაზაფხულის პერიოდში ქვეყანაში მასობრივი დემონსტრაციებიs შედეგად პრეზიდენტმა 2011 წლის 3 თებერვალს განაცხადა 19-წლიანი საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შესახებ[1].

2019 წლის პროტესტი - 2019 წლის თებერვალში ალჟირში მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო, რაც გამოწვეული იყო 82  წლის პრეზიდენტ აბდალ აზიზ ბუტეფლიკას მიერ თავისი კანდიდატური მეხუთე ვადით წამოყენებით. საპროტესტო ტალღის შედეგად ბუტეფლიკა იძულებული გახდა უარი ეთქვა არჩევნებში მონაწილეობაზე,  არჩევნების ვადა გადაწია შედარებით გვიანი პერიოდისათვის და მოიწვია ალჟირის საყოველთაო ნაციონალური კონფერენცია ახალ კონსტიტუციაზე სამუშაოდ, რომლის თანახმადაც ჩატარდება რეფერენდუმი.


გეოგრაფია

რედაქტირება
 

ალჟირი აფრიკის კონტინენტის ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანაა, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკაში, მაროკოსა და ტუნისს შორის მდებარეობს. ფართობი: 2 381 740 კვ. კმ. ტერიტორიის 80 % უდაბნოს უჭირავს.

სახელმწიფო

რედაქტირება
  • სახელმწიფო სისტემა: რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი აბდელაზიზ ბუტეფლიკა (Abdelaziz BOUTEFLIKA, 1999 წლიდან). მთავრობის მეთაური: პრემიერ-მინისტრი აჰმედ უიაჰი (Ahmed OUYAHI, 2003 წლიდან).
  • საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი (380+144 წევრი).

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება
  • 48 ვილაიეთი (არაბ. ولاية‎)
  • ·553 ოლქი (არაბ. دائرة‎;“დაირა“)
  • 1541მუნიციპალიტეტი  (არაბ.  بلدية  ბალადია).  

დემოგრაფია

რედაქტირება

ეკონომიკა

რედაქტირება

1950-იან წლებში აღმოჩენილ იქნა ნავთობისა და გაზის საბადოები, რომლის ექპორტით ზღვით ხდება საფრანგეთსა და იტალიაში.

  • რესურსები: ნავთი, ბუნებრივი აირი, რკინის მადანი, ფოსფატები, ურანი, ტყვია, თუთია.
  • ექსპორტი: ნავთობი, ბუნებრივი გაზი, ზეთისხილი, ღვინო.
  • ეროვნული შემოსავალი: ერთ სულზე 1720 $.
  • ვალუტა: ალჟირული დინარი (DZD).

მემკვიდრეობა

რედაქტირება
  • ალჟირი - ძველი ქალაქი, ანტიკური და ძველი ისტორიის მუზეუმი;
  • ორანი - დიდი მეჩეთი და ციტადელი; ბენი ჰამად ალ-კალა (ნაქალაქარი, XI ს.).
  • მზაბის ველის ფორტიფიკაციები, ჯამილას კომპლექსი, ქასბა (ისლამური ქალაქი); ფინიკიური, რომაული და ბიზანტიური ქალაქების ნანგრევები ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე.


ლიტერატურა

რედაქტირება
  • Ageron, Charles-Robert (1991). Modern Algeria – A History from 1830 to the Present. Translated from French and edited by Michael Brett. London: C. Hurst & Co. ISBN 978-0-86543-266-6.
  • "Algeria – Ottoman Rule". Country Studies. Archived from the original on 14 October 2012. Retrieved 4 January 2013.
  • Aghrout, Ahmed; Bougherira, Redha M. (2004). Algeria in Transition – Reforms and Development Prospects. Routledge. ISBN 978-0-415-34848-5.
  • Bennoune, Mahfoud (1988). The Making of Contemporary Algeria – Colonial Upheavals and Post-Independence Development, 1830–1987. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-30150-3.
  • Crocodiles in the Sahara Desert: An Update of Distribution, Habitats and Population Status for Conservation Planning in Mauritania Archived 10 August 2018 at the Wayback Machine". PLOS ONE. 25 February 2011.
  • Frantz Fanon (1966; 2005 paperback). The Wretched of the Earth. Grove Press. ASIN B0007FW4AW, ISBN 978-0-8021-4132-3.
  • Alistair Horne (1977). A Savage War of Peace: Algeria 1954–1962. Viking Adult. ISBN 978-0-670-61964-1, ISBN 978-1-59017-218-6 (2006 reprint)
  • Laouisset, Djamel (2009). A Retrospective Study of the Algerian Iron and Steel Industry. New York City: Nova Publishers. ISBN 978-1-61761-190-2.
  • Metz, Helen Chapin. "Algeria : a country study". United States Library of Congress. Archived from the original on 15 January 2013. Retrieved 18 May 2013.
  • Kiernan, Ben (2007). Blood and Soil: A World History of Genocide and Extermination from Sparta to Darfur. Yale University Press. p. 374. ISBN 978-0-300-10098-3. Retrieved 21 May 2017.
  • Roberts, Hugh (2003). The Battlefield – Algeria, 1988–2002. Studies in a Broken Polity. London: Verso Books. ISBN 978-1-85984-684-1.
  • Ruedy, John (1992). Modern Algeria – The Origins and Development of a Nation. Bloomington: Indiana University Press. ISBN 978-0-253-34998-9.
  • Stora, Benjamin (2001). Algeria, 1830–2000 – A Short History. Ithaca, New York: Cornell University Press. ISBN 978-0-8014-3715-1.
  • Sidaoui, Riadh (2009). "Islamic Politics and the Military – Algeria 1962–2008". Religion and Politics – Islam and Muslim Civilisation (via Google Books). Farnham: Ashgate Publishing. ISBN 0-7546-7418-5.
  • აფრიკის ქვეყნები /გეოგრაფიული და პოლიტიკურ-ეკონომიკური ცნობარი/ თბილისი-1981, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო".65.04+66.4(07) 6 Я2 91+308 (6)(8) ა924
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტომი 1, გვ.327-333. თბილისი, 1975.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Algeria to lift emergency powers'. Al-Jazeera (2011-02-03). ციტირების თარიღი: 2011-02-03.