ალფონსო VIII (კასტილია)

ალფონსო VIII (ესპ. Alfonso VIII) (11 ნოემბერი 1155 - 6 ოქტომბერი 1214) კასტილიის მეფე 1158 - 1214 წლებში. სანჩო III-სა და ბლანკა ნავარელის ვაჟი. იქორწინა 1177 წელს ელეონორაზე, ინგლისის მეფის ჰენრი II-ს ასულზე.

ალფონსო VIII

ბიოგრაფია

რედაქტირება

როდესაც მამა გარდაიცვალა, ალფონსო ჯერ არ იყო სრულწლოვანი. მისი მეურვეობისთვის და რეგენტობისთვის სასტიკი ომი დაიწყო კასტილიელ საგვარეულოებს შორის, რომელიც 7 წელი გრძელდებოდა. კასტროებმა დასახმარებლად ალფონსოს ბიძას, ლეონის მეფეს, ფერდინანდ II-ს, უხმეს. როდესაც ალფონსო გაიზარდა, იგი ავილას მოქალაქეებისა და ერთგული აზნაურების თანხლებით კასტილიის ქალაქების სანახად წავიდა, თავისი უფლებების აღიარების მოსათხოვნად. როდესაც იგი 1166 წელს ტოლედოში ჩავიდა, მას ხალხი სიხარულით შეეგება. მისი მომხრეების რიცხვი მატულობდა. მან დაიწყო ციხესიმაგრეების დაბრუნება, რომლებიც კასტროების, ლარების, ლეონისა და სხვა დამოუკიდებელი მთავრების ხელში იყო. ეს ომი, რომლის მიზანიც კასტილიაში წესრიგის დამყარება იყო, დამთავრდა 1180 წელს ფერდინანდთან სამშვიდობო ხელშეკრულებით.

ამასობაში ალფონსოს არ ავიწყდებოდა მავრებთან ომიც. არაგონის მეფის ალფონსო II-ს დახმარებით მან აიღო ქალაქი კუენკა. ამის შემდეგ 15 წლის მანძილზე კასტილიელები ილაშქრებდნენ ანდალუსიაში. 1195 წელს ალმოჰადების მმართველმა იაკუბ ალმანსორმა აფრიკაში ჯარები მოაგროვა და ალფონსოს წინააღმდეგ გაილაშქრა. 1195 წლის 1 ივლისს ალარკოსის ბრძოლაში კასტილიელები სასტიკად დამარცხდნენ. ხერსის ბრძოლის შემდეგ, რომლის შედეგადაც მუსლიმები გაბატონდნენ ესპანეთში, ქრისტიანები ასე სასტიკად არ დამარცხებულან. მავრებმა დაიკავეს თითქმის მთელი ახალი კასტილია და დაიწყეს ტოლედოს ალყა, მაგრამ ვერ აიღეს იგი. მხოლოდ გვადარაის ხეობის სირთულეებმა არ მისცეს მავრებს ასტურიის მთებამდე ჩასვლის საშუალება.

ასეთი სავალალო მდგომარეობის მიუხედავად ლეონსა და კასტილიას შორის ომი არ შეწყდა. მაშინ, როდესაც, იაკუბს ალყა ჰქონდა შემორტყმული ტოლედოსთვის, მადრიდისთვის და სხვა ქალაქებისთვის, დაიწყო ლეონთან და ნავარის სამეფოსთან ომი. ალფონსომ მხნეობა არ დაკარგა. მან ზავი დადო მავრებთან, გაამყარა კავშირი არაგონის მეფესთან, და სამი წელი ეომებოდა თავის ბიძაშვილს ალფონსო ლეონელს. ომი 1197 წელს დასრულდა ლეონელი ალფონსოს კასტილიის მეფის ასულზე ქორწინებით. ამის შემდეგ ალფონსომ ნავარის წინააღმდეგ გაილაშქრა და დაიპყრო ალავე და გილუსკოას პროვინცია, რომლის სენიორიც 1200 წელს გახდა.

1198 წელს ამოიწურა მავრებთან დადებული ზავი და ომი განახლდა. კასტილიელთა წარმატება განაპირობა იაკუბის სიკვდილის შემდეგ მავრებში დაწყებული სამოქალაქო ომებმა. ახალმა ემირმა ალ-ნასრმა მხოლოდ 1211 წელს მოახერხა ტარიფაში ჩასვლა. მას დიდი არმია ახლდა. მაგრამ ქრისტიანები კარგად იყვნენ შემოჭრისთვის მომზადებულები. რომის პაპის ინოკენტი IIIს მოწოდებას ყური უგდეს რა, ბევრი ორდენის რაინდი და ასევე რაინდები სამხრეთ საფრანგეთიდან შეუერთდნენ კასტილიის და არაგონის გაერთიანებულ ჯარებს. ესპანელებს და მუსულმანებს ჯერ არასდროს არ ჰყოლიათ ამხელა ლაშქარი. თუმცა მუსლიმები ფლობდნენ უპირატესობას რაოდენობითაც და დისციპლინითაც. ალ-ნასრის შეცდომა ის იყო, რომ იგი მაშინვე არ შეებრძოლა ქრისტიანებს, არამედ დაღალა ჯარი სალვატიერას ხანგრძლივი ალყით. ბოლო ბოლო მან გაილაშქრა ალფონსოს წინააღმდეგ და ჩაკეტა სიერა მორენას გადასასვლელები. ერთმა მწყემსმა ანახა ესპანელებს ბილიკი, რომლითაც მათ შეძლეს ლოზას საშიში გადასასვლელის მოვლით ნოვას დე ტოლოსას პლატოზე გასვლა, სადაც შეეძლოთ თავისუფლად გაშლა. აქ 1212 წლის 16 ივნისს მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა, რომელმაც ესპანეთის შემდეგი ბედი განაპირობა. დიდი ხანი გაურკვეველი იყო გამარჯვებული. მხოლოდ მას შემდეგ როდესაც მავრების რიგები ანდალუსიელებმა მიატოვეს, ქრისტიანებმა შეუტიეს. როდესაც ემირმა დაინახა რომ ბრძოლა წაგებულია, იგი გაიქცა. ესპანელი მემატიანეების თანახმად ბრძოლის ველზე 100 000ზე მეტი გვამი იყო. გამარჯვებულებმა დიდძალი ნადავლი ჩაიგდეს ხელში. ამ დამარცხებამ დაღუპა ალმოგადების სახელმწიფო და შეარყია ესპანეთში მუსულმანთა ძალაუფლება. ალფონსო ამ დიდებული გამარჯვების შემდეგ 2 წელიწადში მოკვდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Рыжов, K. (1999). Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа. Вече, Москва. ISBN 5-7838-0374-X