ჯვაროსნული ლაშქრობები

ჯვაროსნები“ ამ გვერდზე გადმოდის. მცენარეთა ოჯახის შესახებ იხილეთ ჯვაროსნები (ოჯახი).

ჯვაროსნული ლაშქრობები — დასავლეთ ევროპული ქრისტიანული ერის რელიგიურად და ეკონომიკურად მოტივირებული დაპყრობითი ომები ახლო აღმოსავლეთში 1096-1270 წლებში. ლაშქრობის მონაწილეს სიმბოლურად ტანსაცმელზე მიკერებული ჰქონდა ჯვარი, რის მიხედვითაც ეწოდათ „ჯვაროსნები“.

ანტიოქიის ალყა (პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა).

საფუძველი ჩაეყარა XI საუკუნის დასაწყისში, როდესაც ბიზანტიის კეისარმა, ალექსი I კომნენოსმა, სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისათვის მიმართა ევროპას. ამას მოჰყვა რომის პაპის ურბან II-ის გადაწყვეტილება, რომელიც 1095 წელს წმინდა მიწის, იერუსალიმის, ურწმუნოთა ხელიდან გათავისუფლებას მოითხოვდა. დაპყრობით ომებს კათოლიკურმა ეკლესიამ რელიგიური ხასიათი მისცა. 1096-1270 წლებში მოეწყო 8 ჯვაროსნული ლაშქრობა. ფეოდალური ჩაგვრისა და სიდუხჭირისაგან თავის დახსნის მიზნით ლაშქრობებში მონაწილეობდა დაბალი სოციალური ფენა. ჯვაროსნულ ლაშქრობებს მხარი დაუჭირეს იტალიის ქალაქებმა ვენეციამ, გენუამ და პიზამ.

მიუხედავად ომების არაორგანიზებულისა და უმართაობისა (ეს კარგად გამომჟღავნდა პირველ და მეოთხე ჯვაროსნულ ლაშქრობებზე, როდესაც გლეხთა განწირული ჯარები დაიძრნენ წმინდა ადგილების დასახსნელად და როდესაც ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლი აიღეს) ლაშქრობებმა უდიდესი როლი შეასრულეს ევროპისა და აზიის ქვეყნების დაახლოებაში, ევროპელებმა გაიფართოვეს ცოდნა აღმოსავლეთზე და მსოფლიოზე[1].

ჯვაროსნები და საქართველო

რედაქტირება

ჯვაროსნების მიერ ანტიოქია-იერუსალიმის აღებისთანავე ქართველებმა გაააქტიურეს თავისი საგარეო პოლიტიკა. ამ დროიდან დავით IV-მ ხარკი შეუწყვიტა თურქ-სელჩუკებს, რაც დამოუკიდებლობის გამოცხადებას ნიშნავდა. ქართველები და ჯვაროსნები ერთმანეთის ბუნებრივი მოკავშირეები გახდნენ თურქებთან წინააღმდეგ ბრძოლაში. „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ მოწმობს, რომ დავით IV-ის მხედრობა ჯვაროსნებთან ერთად იბრძოდა იერუსალიმში. ასეთ თანამშრომლობას ადასტურებს ის, რომ დავით IV-ს პოლიტიკური კონტაქტები ჰქონდა იერუსალიმის მეფე ბალდუინ I-თან. დიდგორის ბრძოლაში კი საქართველოს მხედრობის გვერდით ჯვაროსნების რაზმიც იბრძოდა. დავით IV-ს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ჯვაროსანთა შორის, რომლებიც მას თავის მოკავშირედ აღიარებდნენ.

ურთიერთობა ჯვაროსნებთან შემდეგაც გრძელდებოდა. ქართველთა და ჯვაროსანთა განსაკუთრებით ხშირი შეხვედრის ადგილი იყო იერუსალიმის სამეფო. ამას მოწმობს ტამპლიერთა და სხვა ჯვაროსანთა მოსახსენებლები ჯვრის მონასტრის 1155 წელს გადაწერილ სვინაქსარსა და სხვა ხელნაწერებში. იერუსალიმის ჯვაროსან მეფეებს კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ჰქონდათ საქართველოსთან გიორგი III-ის დროს. ქართველთა და ჯვაროსნების ურთიერთობის ფონზე გასაგები ხდება საღვთო რომის იმპერიის იმპერატორ ფრიდრიხ I ბარბაროსას ცდა თავისი ერთ-ერთი ძისათვის ცოლად შეერთო თამარი. როგორც ჩანს, დამოყვრების ამ ცდას საფუძვლად ედო გერმანელი შტაუფენებისა და ქართველი ბაგრატიონების ანტიბიზანტიური განწყობილება კონსტანტინოპოლში ანგელოსების დინასტიის გაბატონების დროიდან. ცნობილია, რომ თამარ მეფეს ჰქონდა კავშირები ჯვაროსანთა მოწინააღმდეგე სალადინთან.

ქართველები ენერგიულად ემზადებოდნენ მეხუთე ლაშქრობაში მონაწილეობისათვის, მაგრამ ეს განზრახვა ჩაიშალა საქართველოში მონღოლთა შემოსევის გამო.

აქტიურ ძალად მიაჩნდათ ქართველები დასავლეთ ევროპაში გვიანდელი ჯვაროსნული ლაშქრობის ინიციატორებსაც, რომლებიც ოსმალების საწინააღმდეგო ღონისძიებებს სახავდნენ (გიორგი ბრწყინვალის წერილი საფრანგეთის მეფის ფილიპ VI-სადმი 1332-1333 წლები; ლუდოვიკო ბოლონიელის ელჩობა).

აღსანიშნავია, რომ რენო დე შატიიონს მრავალი ქართველი დაქირავებული მეომარი ჰყავდა. ძველ ფრანგულ ქრონიკაში აღნიშნულია, რომ რენო ისეთ საპასუხისმგებლო საქმეზეც კი, როგორიც თურქების დაზვერვა იყო, ქართველ ქრისტიან მხედრებთან ერთად მიდიოდა.[2]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. საქართველოს და მსოფლიოს ისტორია, მე–12 კლასი; გვ. 43&44; ნუგზარ მოლაშვილი, 2010
  2. ჭიჭინაძე ბ., საქართველოს ხუთჯვრიანი დროშის წარმომავლობა და ქართულ-ჯვაროსნული ურთიერთობები, თბ., 2022, გვ. 56