სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯვარი (მრავალმნიშვნელოვანი).

იერუსალიმის ჯვრის მონასტერიშუა საუკუნეების ქართული რელიგიური და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი საზღვარგარეთ, პალესტინაში (ახლანდელი ისრაელი).

იერუსალიმის ჯვრის მონასტერი
ჯვრის მონასტერი — ისრაელი
ჯვრის მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 31°46′19″ ჩ. გ. 35°12′29″ ა. გ. / 31.77194° ჩ. გ. 35.20806° ა. გ. / 31.77194; 35.20806
რელიგიური კუთვნილება თარგი:ქვეყნის მონაცემები საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა ისრაელის დროშა ისრაელი
სასულიერო სტატუსი მოქმედი

ისტორია რედაქტირება

ჯვრის მონასტერი არის ერთ-ერთი უდიდესი და უძვირფასესი სიწმინდე და საგანმანათლებლო კერა ქართველებისთვის წმიდა მიწაზე. მონასტერი მდებარეობს იერუსალიმის პრესტიჟულ და ძვირად ღირებულ რაიონში — მალხაში. მასთან ახლოსაა ისრაელის პარლამენტი — ქნესეთი. მონასტერი აგებულია ზეთისხილის ბაღნარში და ადრე არ შედიოდა ძველი ქალაქის საზღვრებში, მაგრამ, ახლომახლო ახალი იერუსალიმის ერთ-ერთ ცენტრალურ უბნად მიიჩნევა.

მონასტრის ისტორია უკავშირდება იმ ადგილს რომელზეც ოდესღაც იზრდებოდა ხე, რომელიც რომაელებმა ქრისტეს ჯვარზე გასაკრავად გამოიყენეს. ამ ხის ისტორიაზე მოგვითხრობს ერთი სირიული აპოკრიფული წერილი: როდესაც ლოთი დაეცა თავის შვილებთან, ღვთისგან შენდობის ნიშნად აბრაამმა მას გადასცა სამი ხმელი ტოტი: ფიჭვის, ნაძვისა და სოჭის. ლოტს უნდა მოერწყა ეს ტოტები და, ღვთისგან პატიების ნიშნად, ერთი ხე აყვავდებოდა, ზუსტად ასე მოხდა: აქ ამოვიდა ხე, რომელიც მოჭრეს სოლომონის ტაძრის მშენებლობის დროს, მაგრამ, მერე დაიწუნეს და გადეს მდინარეზე, როგორც ხიდი. ღვთის განგებულებით სწორედ ამ ხისგან დამზადებულ ჯვარზე გააკრეს მაცხოვარი. ჯვრის მონასტერში შემონახულია ადგილი, სადაც ეს ხე გაიზარდა.

მეორე, იოანე დამასკელის მიერ დამოწმებული გადმოცემა მოგვითხრობს: როდესაც ადამი პირველად დასნეულდა, მან თავისი ძე სეთი გაგზავნა ედემში უძლურების წამალის სათხოვნელად. ანგელოზის, რომელიც იცავდა ედემს მისცა მას სამი ხის კვიპაროსის, ნაძვის და სოჭის თესლი. დაბრუნებულ სეთის მამა გარდაცვლილი დახვდა. სეითს აზრად მოუვიდა აღნიშნული თესლები მამის საფლავზე დაეთესა, რომლისაგანაც შემდეგ აღმოსცენდა ერთი დიდი ხე. სოლომონის ტაძრის აშენების დროს ხე მოჭრეს, მაგრამ ტაძრისთვის არ გამოდგა სახმარი და სილოამის საბანელში გადებული იყო ხიდად. ჯვარცმის დროს ებრაელემბა მოინდომეს წყალში დებისგან დამძიმებული ხისგან გაეკეთებინათ ჯვარი[1].

პირველი ცნობები მონასტრის ტერიტორიის შესყიდვის შესახებ უკავშირდება მეფე მირიანს, რომელიც ქართლის გაქრისტიანების შემდეგ, წმიდა ნინოს რჩევით, ჩადის ბიზანტიაში, მოინახულებს კონსტანტინე დიდს და ახალგაქრისტიანებულ მეფეს რწმენაში გასაძლიერებლად სხვა ძვირფას სიწმინდეებთან ერთად (ქრისტეს ფერხთა ფიცარი, ხელთ სამსჭვალნი და ჯვრის ნაწილი) იერუსალიმში აჩუქა მიწის ნაკვეთი. ქართული ტრადიციით, მირიან მეფემ მიწა საჩუქრად კი არ მიიღო, არამედ თავად შეიძინა, სადაც ააშენა სამლოცველო[2]. ძეგლის არქეოლოგიურმა შესწავლამ (1969-1973 წწ.) ცხადყო, რომ პირველი ბაზილიკა ამჟამინდელი ტაძრის ადგილზე აიგო IV ს-ის უკანასკნელ მეოთხედში. იმ დროს პალესტინის დუქსი იყო იბერიელი მეფისწული ბაკური, პეტრე იბერის პაპა. მონასტრის დაარსების სათავეებთან ეს პიროვნება უნდა მდგარიყო.[3] V საუკუნეში იერუსალიმში ჯარით შევიდა ვახტანგ გორგასალი, რომელსაც თან ახლდნენ დედა და და. სწორედ მის მიერ ხდება ჯვრის მონასტრის ადგილას არსებული სამლოცველოს გადიდება და დამშვენება, ვახტანგ გორგასალმა ტაძრის მცველად სოფელ მალხაში დატოვა 600 ქართველი. გადმოცემის მიხედვით, ისინი თავიანთ თავს „გურჯებს“ უწოდებდნენ და მათი მოვალეობა იყო, დაეცვათ ჯვრის მონასტერი. დროთა განმავლობაში მალხელები გამაჰმადიანდნენ, თუმცა მონასტერზე მზრუნველობას ასრულებდნენ. ბოლო პერიოდში ქალაქის ზრდასთან ერთად საჭირო გახდა სოფელ მალხაზე მაგისტრალის გაყვანა, რის გამოც მოსახლეობა გადაასახლეს. უკანასკნელი მალხელი ინახულა პროფ. თამილა მგალობლიშვილმა, რომელიც ჯვრის მონასტრის უკანასკნელი კლიტეთმპყრობელის ქალიშვილი იყო და ცხოვრობდა ბეთლემის მონასტერში. აღნიშნული ოჯახს 1936 წელს შეხვედრია გრიგოლ ფერაძე იერუსალიმში მოგზაურობისას. სოფელ მალხასთან არსებობდა ქართული სოფელი კატამონი[4].

საუკუნეების განმავლობაში აქ იყო ქართველთა სამლოცველო, ჯვრის მონასტრის აღორძინების პერიოდი იწყება XI საუკუნის ოცდაათი წლებიდან, როდესაც მონასტრის აღმშენებლობას იწყებს უდიდესი მოღვაწე გიორგი პროხორე, მეფე ბაგრატ IV კურაპალატისა და მისი დედის – მარიამის ხელშეწყობით და ექვთიმე მთაწმინდელის კურთხევით. გიორგი-პროხორე იყო ბერ-მონაზონი ტაო-კლარჯეთიდან, შავშეთიდან. სამონაზვნო მოღვაწეობა დაიწყო წყაროსთავის მონასტერში, შემდეგ წავიდა პალესტინაში, საბა გამწმედელის ლავრაში, სადაც მოღვაწეობდა რამდენიმე წელი, შემდეგ კი, მას ერგო ჯვრის მონასტრის განახლება და გამშვენება.

XI საუკუნის 30-იანი წლებიდან ჯვრის მონასტერი ქართველთა სულიერების, რელიგიური და კულტურული მოღვაწეობის ცენტრად, ქართველების მთავარ შესაკრებ პუნქტად და პილიგრიმთა საიმედო თავშესაფრად ჩამოყალიბდა. გიორგი-პროხორესთან ერთად აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი კალიგრაფები, იოანე დვალი, იოანე შავი. სწორედ მათ მიერ ხდებოდა საღვთისმეტყველო წიგნების გადაწერა. ხელნაწერების დიდი ნაწილი, განადგურდა, ნაწილი გადატანილია სინას მთაზე, ნაწილი კი დღესაც ინახება იერუსალიმში. სწორედ სინას მთაზე შემონახული ხელნაწერებით იქნა მიკვლეული გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ 1854 წელს ნიკოლოზ ჩუბინაშვილის მიერ. გიორგი-პროხორეს დროს გადაწერილია ძალიან მნიშვნელოვანი წიგნები, ოთხთავები, მათ შორის, „პალესტინის პატერიკი“, რომელიც დღეს ლონდონის მუზეუმშია დაცული. ჯვრის მონასტერთან არის დაკავშირებული თითქმის ყველა დიდი ქართველი მეფის ცხოვრება. დავით IV აღმაშენებლის მეფობის დროს კიდევ მოხდა მონასტრის განახლება, მეფემ უამრავი შესაწირავი გაუგზავნა ჯვრის მონასტერს. ჯვრის მონასტერი იმდენად დიდი სასულიერო კერა იყო, რომ აქ გაზრდილი ქართველი ბერი, თეოდორე ქართველი, ხდება მცირე აზიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქის – ნიკომედიის ეპისკოპოსი. ჯვრის მონასტერს მძიმე პერიოდი დაუდგა XII საუკუნის ბოლოს, როდესაც იერუსალიმი აიღო ეგვიპტის სულთნმა სალადინმა (სალაჰ ალ-დინი), მანამდე იერუსალიმის მეფე ბალდუინ IV-მ გაზრდილი გადასახადებით შეავიწროვა ჯვრის მონასტერი და ზვრების ნაწილიც კი წაართვა. 1187 წელს სალადინმა მიიტაცა ჯვრის მონასტერი. 1192 წელს მემატიანის გადმოცემით, სალადინს დესპანი გაუგზავნა თამარ მეფემ, რათა გამოესყიდა ჯვრის მონასტერი და 200 000 დინარიც შეაძლია იმისთვის, რომ დაებრუნებინა ძელი პატიოსანი. თამარის მეფობის დროს ჯვრის მონასტერში მოღვაწეობდა ნიკოლოზ გურაბელიძე, რომელიც ერთხანს ქართლის კათალიკოსი იყო. მის სახელს უკავშირდება მეფე ბალდუინის მიერ მიტაცებული საზღვრების დაბრუნება. XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე საქართველომ მოიპოვა აღმოსავლეთში მცხოვრებ ქრისტიანთა მფარველობა. ქართველები იერუსალიმში განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდნენ. არსებობს ჯვაროსანი დებუას წერილი, რომელიც წერს:

 
„გავიგე, რომ ქართველთა მრავალრიცხოვანი ჯარი მოემართება იერუსალიმისკენ, მათ ხელმძღვანელობს მათი მეფე, უფლისწული ლაშა-გიორგი, რომელიც ძალიან ჰგავს ალექსანდრე მაკედონელს. ის მოდის იერუსალიმის ასაღებად, აიღო 300 ქალაქი, უამრავი ციხე, ლაშა-გიორგი მოაბრძანებს დიდი მეფის, თამარის ნეშტს, რომელმაც დაუბარა, რომ, რადგან სიცოცხლეში ვერ მოილოცა იერუსალიმი, მისი ნეშტი ჩაეტანათ ამ ქალაქში და მაცხოვრის საფლავთან ახლოს დაეკრძალათ...“

არსებობს ვერსია, რომ თამარ მეფის გასაიდუმლოებული საფლავი, შესაძლოა, ჯვრის მონასტერშიც იყოს. ჯვრის მონასტერი გამორჩეულია იმით, რომ აქ სიცოცხლის ბოლო წლებში მოღვაწეობდა შოთა რუსთაველი, მან განამშვენა ტაძარი და, მოიხსენიება, როგორც შოთა მეჭურჭლეთუხუცესი. ტაძარში მისი სახე გამოხატულია იოანე დამასკელისა და მაქსიმე აღმსარებლის ფონზე, შესაბამისი ქართული ასომთავრული წარწერით. გარდა ამ ქართული წარწერისა, ტაძარში მოპირდაპირე სვეტზეა ლევან დადიანის წარწერა, რომელმაც ასევე ბევრი რამ გააკეთა ჯვრის მონასტრისთვის. საქართველოს ისტორიაში თითქმის არაა მეფე და დიდებული, რომლებსაც ჯვრის მონასტრის გაძლიერებასა და აღორძინებაზე არ ეზრუნათ. მათ შორის იყვნენ: დავით ნარინის შვილი, გიორგი ბრწყინვალე, ბაგრატ V, გიორგი დადიანი, და სხვები.

1273 წელს, შეიხ ხიდრის ბრძანებით, ჯვრის მონასტერი მეჩეთად გადაკეთდა, მაგრამ, 1299 წელს, როცა იერუსალიმი აიღო მონღოლთა ხანმა, ყაზანმა, მას ეხმარებოდა ქართული ჯარი ვახტანგ III-ის მეთაურობით, ქრისტიანებს იმ წელსვე მიეცათ საშუალება, რომ აქ აღდგომა ეზეიმათ. ჯვრის მონასტრის დაბრუნება მუსლიმანთა ხანგრძლივი ტყვეობისგან, უკავშირდება დავით VIII-ის სახელს, რომელმაც დიპლომატიური მოლაპარაკება აწარმოა ეგვიპტის სულთანთან და 1305 წელს დაიბრუნა დაკარგული მონასტერი. 1400 წელს ჯვრის მონასტერი კვლავ დაარბიეს. XV საუკუნეში მონასტერს მატერიალური დახმარება გაუწიეს ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილმა და მზეჭაბუკ ათაბაგმა. მონასტერში აღმშენებლობითი საქმიანობა გააჩაღა სერაპიონ კუმურდოელმა, 1516-იდან, მას შემდეგ, რაც პალესტინა ოსმალებმა დაიკავეს, მონასტერს ნაწილობრივ შეეკვეცა უფლებები. XVI საუკუნიდან იწყება ჯვრის მონასტრის აღმავლობის ახალი ხანა – 1515 წელს ჯვრის მონასტერში ჩადის და მოღვაწეობას იწყებს ბეენა ჩოლოყაშვილი, მემატიანე ამბობს, რომ მან გოლგოთადან გაყარა ლათინები; ის, ასევე, ედავებოდა სომხებს იაკობის მონასტერთან დაკავშირებით. XVII საუკუნეში ქართველთა ყურადღება ჯვრის მონასტრისადმი გაიზარდა. 40-იან წლებში აქ დიდი აღდგენითი სამუშაოები ჩაატარა ნიკოლოზ ჩოლოყაშვილმა (ნიკიფორე ირბახი). სამეგრელოს მთავარის ლევან II დადიანის მატერიალური დახმარებით შეაკეთა მთავარი ტაძარი, მოახატვინა კედლები, გუმბათი და სხვა. 1684 წელს დავალიანებული მონასტერი დაიხსნა ქართლის მეფე გიორგი XI-მ.

 
ჯვრის მონასტერი სამრეკლოს აგებამდე

ჯვრის მონასტერი საბოლოოდ დაიკარგა XVIII საუკუნის დასაწყისში და გადადის ბერძნების ხელში. თურქ-ოსმალების მიერ მონასტრებისთვის დაწესებული გადასახადი იმდენად დიდი იყო, რომ მისი გადახდა ბერძნებმაც კი ვერ შეძლეს და საპატრიარქო კონსტანტინოპოლში გადაიტანეს. ყველაზე მეტად გაძლიერებული იყო სომხური ეკლესია – სომხები ვაჭრობდნენ, ჰქონდათ ბევრი შემოსავალი და მათ ბევრი სიწმიდის შენარჩუნება შეძლეს. საქართველოში მაშინ მძიმე პერიოდი იდგა და ძალიან გაჭირდა აქედან მონასტრის შენახვა. ქართველთა გავლენა თანდათან შესუსტდა და ბოლოს, XVII საუკუნის დასასრულს ჯვრის მონასტერი სხვა ქართულ სავანეებთან ერთად ბერძენთა ხელში გადავიდა და იერუსალიმის საპატრიარქოს დაექვემდებარა. 1855 წელს აქ ბერძნული სასულიერო სემინარია გაიხსნა (მოქმედებდა 1908 წლამდე). ბერძნული სამღვდელოება ჩქმალავდა ჯვრის მონასტრის ქართულ კულტურასთან კავშირსა და ქართველთა მოღვაწეობის ფაქტებს, ფრესკებზე შლიდნენ ქართულ კვალს. 1891-1892 წლებში სირიასა და პალესტინაში არქეოლოგიური ექსპედიციით იმყოფებოდა ნიკოდიმ კონდაკოვი, რომლის დროსაც ფოტოგრაფმა ივანე ბარშჩევსკიმ ძეგლს გადაუღო ცხრა (№№ 848-856) ფოტო, რომელთა ნაწილიც ნ. კონდაკოვმა გამოქვეყნა თავის ნაშრომში[5]. 1948-1958 წლებში მონასტრის ტერიტორიაზე ისრაელის ჯარის ნაწილი იდგა. 1960 წელს ჯვრის მონასტერში იმყოფებოდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ექსპედიცია (ი. აბაშიძე, ა. შანიძე, გ. წერეთელი).

არსებობს ანდერძი იერუსალიმის პატრიარქ დოსითეოზისა, რომელშიც ის წერდა: „მონასტერი ეკუთვნით იბერიელებს და, თუ მათ ოდესმე გაუჩნდებათ სახსარი და სურვილი, ჩვენ მონასტერი მათ უნდა გადავცეთო“.

ბოლო დრომდე სავანეში აქტიური საეკლესიო ცხოვრება არ იყო, ლიტურგია წელიწადში მხოლოდ ერთხელ, ჯვართამაღლებას ტარდებოდა ბერძენი მღვდელმსახურის მიერ.

ძეგლის აღწერილობა რედაქტირება

დღესდღეობით ჯვრის მონასტერი ესაა მაღალი გალავნით გარედან შემოსაზღვრული, პატარა ციხე-სიმაგრე. თუმცა, ერთადერთი შესასვლელი კარი ადამიანის სიმაღლეზე უფრო დაბალია. გალავნის შიგნით არის მეტად რთული, სამ და ოთხსართულიანი ნაგებობების კომპლექსი. ძალიან დიდ ტერიტორიაზე დაახლოებით 270-მდე სათავსო და დამხმარე ნაგებობაა. კომპლექსის ძირითადი ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანია, ტაძრის იატაკი მთლიანად იყო შემკობილი მოზაიკით და ინტერიერი მოხატული ქართული ფრესკებით. უცხოეთის არც ერთ ქართულ სავანეში არაა შემორჩენილი იმდენი ქართული წარწერა, რამდენიც ამ ტაძარშია აღმოჩენილი.

ფრესკები რედაქტირება

ჯვრის მონასტრის მოხატულობა დიდი ხანია იპყრობდა მკვლევართა ყურადღებას. ცნობები მის შესახებ და მოხატულობის ჩანახატები თუ ფოტოები მოიპოვება ტ. გაბაშვილის, ნ. ჩუბინაშვილის, ალ. ცაგარელის, პ. კონჭოშვილის, ნ. მარის, ნ. კონდაკოვის ნაშრომებში. სპეციალური გამოკვლევა მიუძღვნა ამ მოხატულობას ა. ბაუმშტრაკმა. იგი მოხსენიებულია შ. ამირანაშვილის ნაშრომში ქართული ხელოვნების შესახებ. ამ მოხატულობას ისტორიულ პირთა გამოსახულებების თვალსაზრისით განიხილავენ კ. კეკელიძე და პ. ინგოროყვა. ამავე კუთხითაა იგი განხილული ს. კაკაბაძისა და ე. მეტრეველის ნაშრომებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 1960 წელს ქართველ მეცნიერთა მიერ (ა. შანიძე, გ. წერეთელი, ი. აბაშიძე) იერუსალიმში მოგზაურობიდან ჩამოტანილი მასალა, რომლის საფუძველზე გამოიცა თ. ვირსალაძის მონოგრაფიული ნაშრომი. ჯვრის მონასტრის კედლის მხატვრობას სწავლობს გერმანელი მეცნიერი გ. კიუნელი, ხოლო ბერძენმა მეცნიერმა ვ. ცაფერისმა გამოსცა ბუკლეტი მოხატულობის აღწერითა და ფერადი ფოტოებით.

მონასტრის მთავარი ტაძრის მოხატულობაში გამოიყოფა სამი ქრონოლოგიური ჯგუფი: პირველი — ჩრდილო-დასავლეთი (გარდა ჩრდილოეთი წახნაგისა) და ჩრდილო-აღმოსავლეთი ბურჯებისა და აფსიდის პილასტრების მოხატულობა (პალეოლოგოსთა დროინდელი, XIV საუკუნის); მეორე — სამხრეთ-დასავლეთი ბურჯის დასავლეთი და აღმოსავლეთი წახნაგების მოხატულობა (ასევე ამჟამად სამხრეთ კედელზე ჩამოკიდებული ფრაგმენტი) შოთა რუსთაველისა და სხვა ვოტივური გამოსახულებითურთ (სავარაუდოდ XVI საუკუნისა); მესამე — XVII საუკუნეში შესრულებული დასავლეთი კედლის, აფსიდისა და ბემის მოხატულობა, აგრეთვე დანარჩენი ბურჯების წახნაგებისა და თაღების მოხატულობა. ამ ბოლო ჯგუფში შესრულებული მანერის მიხედვით რამდენიმე ქვე-ჯგუფი გამოიყოფა. ამავე ჯგუფს განეკუთვნება მარიამ დედოფლის გამოსახულება საკურთხევლის პილასტრზე მაცხოვრის ფიგურის ფერხთით (XIV საუკუნე), რომელიც ამჟამად ნაწილობრივაა შემორჩენილი.

ამჟამად ფერწერა შემორჩენილია ტაძრის აფსიდში, ბემაში, ბურჯებზე, თაღების სოფიტებში, დასავლეთი კედლის ქვედა ნაწილში. რამდენიმე ფრაგმენტი, როგორც ცნობილია, ჩამოხსნილ იქნა XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს და გაიყიდა. ისინი ინახებოდა კერძო კოლექციებში, საიდანაც რამდენიმე ფრაგმენტი ბოსტონის მუზეუმმა შეიძინა, რამდენიმე კი შეძენილ იქნა ქართველი მეცენატების მიერ (ს. ორჯონიკიძე, ბ. პატარკაციშვილი) და გადაეცა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ნაწილი ჩამოხსნილი ფრესკებისა ინახება მონასტერშივე.

1960 წელს იეუსალიმის ჯვრის მონასტერში მოეწყო ექსპედიცია ქართველი მეცნიერების მიერ, რომლის დროსაც მოხდა ფრესკების ფოტოფიქსაცია. დღეისათვის 1960 წლის მდიდარი ფრესკებიდან მოხატულობა არ შემორჩა საკურთხევლის აფსიდში, თუმცა მის ზედა ნაწილში გაჭრილი სამი სარკმლის თავზე და მათ შორის გაირჩევა ფრონტალურად მდგომ ფიგურათა მკრთალი კონტურები.

საკურთხევლის ბემის ჯვრულ კამარაზე გამოსახული იყო ღვთისმშობლის ციკლი: ამჟამად განირჩევა „იოაკიმეს ხარებისა“ და „ანას ხარების“ კომპოზიციები ჩრდილოეთ მხარეს და „ტაძრად მიყვანება“ ბემის სამხრეთი კედლის ზედა ნაწილში. ბემის ჩრდილოეთ კედელზე, ზედა რეგისტრში „მარიამის დიდების“ სცენაა, რომლი ქვეშ რამდენიმე რიგად ღრუბლების ზოლებით გამოყოფილი მართალთა ფიგურებია. ძელი აღწერით ბემაში გამოსახული იყო ჯვრის ისტორიასთან დაკავშირებული რამდენიმე სცენა („ლოტისათვის სამი რტოს გადაცემა აბრაამის მიერ“, „ელენე დედოფლის მიერ ჯვრის მოპოვება“), რომლებიც ამჟამად აღარ არსებობს.

საკურთხევლის პილასტრების დასავლეთ (დარბაზისაკენ მიმართულ) წახნაგებზე გამოსახულია ფეხზე მდგომი ღვთისმშობელი ოდიგიტრია, ხოლო მარჯვნივ კი — ქრისტე პანტოკრატორი, რომლის ფერხთით მიხატული იყო მარიამ დედოფლის ამჟამად ამოჭრილი ფიგურა. ჩრდილოეთი და სამხრეთი საბჯენი თაღების აღმოსავლეთ კალთებზე გამოსახული იყო „ხარება“. აღმოსავლეთი საბჯენი თაღის სოფიტში ჩრდილო კალთაზე შემორჩენილია მამამთავარ იუდას ფიგურა და „იაკობის კიბე“ სამხრეთ კალთაზე. საკურთხევლის პილასტრების შიდა წახნაგებზე გამოსახულია დიაკვანი. ბემის კედლებზე წმინდა გერასიმეა ფერხთით ლომის ფიგურით. ამ რიგში, ეტყობა, ეკლესიის მამები იყვნენ გამოსახულნი.

ჩრდილოეთი საბჯენი თაღის დასავლეთის კალთაზე წარმოდგენილია წინასწარმეტყველი სოფონია. დასავლეთი საბჯენი თაღის სოფიტში — მედალიონების რიგი წმინდანთა ნახევარფიგურებით. სადიაკვნეს თაღში გამოსახული იყო „მოგვთა თაყვანისცემა“ (ამჟამად დაკარგულია).

გუმბათი ასევე იყო მოხატული, სადაც გამოსახული იყო პანტოკრატორი. საუფლო დღესასწაულთა ციკლი და, შესაძლოა, სხვა ციკლებიც, რომლებიც სავარაუდოდ ამკობდა კამარებსა და კედლებს, ძველ აღწერებშიც არ არის დამოწმებული.

დასავლეთ კედელზე, კარის მართკუთხა ტიმპანის ცენტრში მედალიონში გამოსახულია ოდიგიტრიის ნახევარფიგურა, მის ქვემოთ — „უფლის ხელი მართალთა სულებით“, ტიმპანის თავზე კარის ჰორიზონტალურ წირთხლში, ორი, მარიამისკენ მფრინავი ანგელოზის ფიგურა. ოდიგიტრიის ორსავ მხარეს გრაგნილებზე დიდი ზომის ქართული და ბერძნული სამშენებლო წარწერებია, რომლებშიც ნიკიფორე ჩოლოყაშვილის მოღვაწეობაა მოხსენიებული. კარის გვერდით, ჩრდილოეთით, წმინდა სოლომონი, სამხრეთით წმინდა კონსტანტინესა და წმინდა ელენეს გამოსახულებები იყო (ამჟამად დაკარგულია). კარის სამხრეთ წირთხლში გამოსახულია ორანტის პოზაში, სანთლებით ხელში მდგომი ფიგურა, ახვეული თვალებით და გოლგოთის ჯვრის თავს უკან, სავარაუდოდ იოანე ლაზი, პეტრე იბერის თანამოსაგრე. კარის მარჯვნივ პეტრე იბერის ფრონტალური ფიგურაა.

დასავლეთ კედლის სამხრეთ პილასტრზე გამოსახულნი არიან ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელები. დასავლეთ კედელზე გამოსახული იყო ქართველ ქტიტორთა რიგი, რომელშიც აღწერებით შედიოდნენ წმინდა მირიან მეფე, ვახტანგ გორგასალი და ბაგრატ IV. დასავლეთ კარის თავზე გამოსახული იყო გიორგი-პროხორე — ტაძრის აღმაშენებელი. ამავე კედლის კიდურა ნაწილებში გამოსახულნი იყვნენ პაატა და ქაიხოსრო წულუკიძეები და ჯვრის მონასტრის ძმობის ჯგუფური პორტრეტი. ისტორიულ პირთა ეს გამოსახულებები ამჟამად მთლიანად გამქრალია.

1756 წლის ტიმოთე გაბაშვილის მიმოსლვის B რედაქციის ავტოგრაფში ჩართულია იერუსალიმის ჯვრის მონასტრის კედლის მხატვრობიდან გადმორებული და ფერებით შესრულებული სამი ქართველი მეფის — მირიანის, ბაგრატ კურაპალატისა და ვახტანგ გორგასალის სურათები.

მეფეთა დასის მეორე ჩანხატი დაბეჭდილია პლატონ იოსელიანის 1852 წლის წიგნში „მიმოსვლა ანუ მგზავრობა იონა რუისის მიტროპოლიტისა“.

ნიკოლოზ ჩუბინაშვილი იყო უკანასკნელი ვინც გადმოხატა ჯვრის მონასტრის მეფეთა ფრესკები.

სამხრეთ კედელზე გამოსახული იყო ლევან დადიანი ოჯახით, ხოლო ჩრდილოეთ კედელზე იყვნენ: ექვთიმე გრძელიძე, არსენ ვაჩესძე, იოანე ჭიმჭიმელი და ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი. დასავლეთ მკლავის თაღში ოთხი ასურელი მამა იყო წარმოდგენილი (ამჟამად დაკარგულია).

ყველაზე უკეთაა შემონახული ბურჯების მოხატულობა. ბურჯების კომპოზიცია სამნაწილიანია: ცენტრალური გამოსახულება წყვილადი ფიგურებით; მათ ზემოთ ხან ნახევარფიგურები, ხანაც მთელი სცენები, რომლებიც თაღების სოფიტებზე ან კედლის სიბრტყეებზე გადადის; ქვედა ნაწილში მსხვილი ორნამენტული კომპოზიციებია.

ამჟამად სამხრეთ-აღმოსავლეთი ბურჯის მოხატულობა აღარ არსებობს. დარჩენილია მხოლოდ ბურჯის დასავლეთ წახნაგის კომპოზიცია: წმინდა საბასა და წმინდა ექვთიმეს ფიგურები, რომელთა ფერხთით გამოსახულია გრიგოლ არსენავრი ძითურთ. მათ ზემოთ წმინდა ბასილისა და წმინდა იოანე ოქროპირის ნახევარფიგურებია. ეს ფრაგმენტი, ახალ საფუძელზე გადატანილი და ლითონის ჩარჩოში ჩასმული, სამხრეთ კედელზე კიდია. ქვედა რეგისტრში იყო კომპოზიცია „სიბრძნემ იშენა თავისა თვისისა სახლი“, რომელიც ამჟამად ჩამოხსნილია და მონასტერშ ინახება. აღმოსავლეთის წახნაგზე — წმინდა ლუკა და წმინდა პროხორე (ამჟამად ინახება სვეტიცხოვლის ტაძარში), მათ ზემოთ „მაცხოვრის ცდუნება ეშმაკის მიერ“ (ამჟამად დაკარგულია). სამხრეთ წახნაგზე — წმმინდა სებასტიანი (კომპოზიციის ზედა ნაწილი საქართველოშია), მის ფერხთით კი — იოანე გურული (ამჟამად დაკარგულია). ჩრდილოეთ წახნაგზე — ზედა რეგისტრში ელიას ამაღლება (ამჟამად თბილისის სიონის ტაძარშია). შუა რეგისტრში, შესაძლოა წმინდა ელია და წმინდა ელისე (ასევე თბილისის სიონის ტაძარშია).

სამხრეთ-დასავლეთი ბურჯის დასავლეთ წახნაგზე — წმინდა პეტრე და წმინდა პავლეა, ხოლო მათ ფერხთით წმინდა გაბრიელ პატარიძის ვოტივური გამოსახულებაა. სამხრეთ წახნაგზე — ორი ერთმანეთის ზომის კომპოზიცია: ზევით წმინდა მარკელი და წმინდა იაკობ სპარსი, ქვემოთ წმინდა არტემი და თეოდოსი მანგლელი რევიშვილი. აღმოსავლეთ წახნაგზე — წმინდა მაქსიმე აღმსარებელი და იოანე დამასკელია შოთა რუსთაველის ვოტივური გამოსახულებით მათ ფერხთით. ზედა ვიწრო რეგისტრში — წმინდა მიქელ სინელისა და წმინდა ნიკიტას ნახევარ ფიგურები. ჩრდილოეთ წახნაგზე — წმინდა გიორგი და წმინდა თევდორე, მთელი ტანით. ქვედა რეგისტრში წმინდა დემეტრე და წმინდა ნესტორი, ასევე მთელი ტანით.

ჩრდილო-დასავლეთი ბურჯის დასავლეთ წახნაგზე — მარიამისა და ელისაბედის შეხვედრა; სამხრეთ წახნაგზე — მთავარანგელოზთა კრება, ზედა რეგისტრში — „უძილი თვალი“. აღმოსავლეთ წახნაგზე — წმინდა კირილე ალექსანდრიელი და წმინდა ათანასე დიდი. მათ ზემოთ, ვიწრო რეგისტრშიწმინდა მოკიას და მის ზემოთ წმინდა თეოდოსის ნახევარფიგურებია. ჩრდილოეთ წახნაგზე — წმინდა პახომი ანგელოზის წინაშე, ზემოთ — წმინდა მენელსაცხებლე დედების ორი ნახევარფიგურა (დარჩენილია ერთი მარიამი).

ჩრდილო-აღმოსავლეთი ბურჯის აღმოსავლეთ წახნაგზე — წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი და დანიელ წინასწარმეტყველი. მათ ქვეშ — წმინდა სერაპიონი. აქვეა 48-ე ფსალმუნის ტექსტი. ამ წახნაგის ზედა ნაწილზე ჩამოდის ნაწილობრივ თაღის სოფტში გამოსახული სცენა „დანიელი ლომთა ხაროში“. სამხრეთ წახნაგზე — წმინდა წინასწარმეტყველები დავითი და სოლომონი. მათ ზემოთ „აბრაამის მსხვერპლშეწირვა“. აღმოსავლეთ წახნაგზე — წმინდა ათანასე ათონელი და წმინდა ისიდორე პელუზელი, მათ ზემოთ წმინდა ქრისტინეს და წმინდა მარიამ მაგდალინელის ნახევარფიგურებია. ჩრდილო-დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ბურჯებს შორის თაღის სოფტში გამოსახულია „დანიელი ლომთა ხაროში“ და წმინდა თეოდოსის ნახევარფიგურა, ხოლო თაღს ზემოთ, დარბაზის ცენტრისაკენ მიმართულ სამკუთხა არეებზე — წმინდა რუფინუსი და წმინდა სილოანოსი.

გარდა ზემოთაღნიშნული გამოსახუებებისა, ძველი აღწერებით ტაძრის ბურჯებზე იყო კიდევ რამდენიმე ვოტივური პორტრეტი, რომელთა თავდაპირველი ადგილმდებარეობა გაურკვეველია, ხოლო თვით გამოსახულებანი ამჟამად აღარ არსებობს: აფხაზეთის კათალიკოსი მაქსიმე, ელისე თბილელი, ნიკიფორე ჩოლოყაშვილი. ა. ბაუშმატარკის ცნობით, ტაძრის ერთ-ერთ მინაშენში შემორჩენილი იყო ბერძენ ფილოსოფოსთა პორტრეტები, რომელბიც ამჟამად ასევე დაკარგულია.

ფერწერულმა ანსამბლმა XX საუკუნის განმავლობაშიც საგრძნობი ცვლილებები განიცადა. ნიშანდობლივია, რომ ქართული წარწერები მრავალგზის იყო დაფარული საღებავით და შენაცვლებული ბერძნული წარწერებით. მაგალითად, 1901 წლის ფოტოზე „მთავარანგელოზთა კრების“ კომპოზიციაზე არის ქართული წარწერები, 1960 წლისაზე კი მათზე ბერძნული წარწერებია გადაწერილი. ფრესკის გაწმენდის შემდეგად გამოჩნდა ძველი ქართული წარწერები. აღნიშნულის გარდა მრავალ ფრესკაზე შეიმჩნევა ქართული ტექსტების ბერძნულით გადაფარვის მცდელობა.

მონასტრის სიძველეები რედაქტირება

მონასტერში შემორჩენილია ძალიან ბევრი ნივთი, რაც საქართველოს უკავშირდება.

ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, მისი დროის გამოჩენილი სასულიერო და პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი და მწიგნობარი იყო. 1643-1649 წლებში ის იყო იერუსალიმის ჯვრის მონასტრისა და გოლგოთის ქართველ ბერთა წინამძღოლი. ზუსტად ამ პერიოდში მიჰყო ხელი მან წმინდა მიწაზე ქართველთა უმთავრესი სავანის — ჯვრის მონასტრის შეკეთება-განახლებას. ამის სამახსოვროდ ჯვარის მამამ მთავარ ტაძარში რამდენიმე მოსახსენიებელი წარწერა დატოვა. მათ შორის, ბრინჯაოს დისკოზე, რომელიც ეკლესიის შუაგულში, ზუსტად გუმბათის ქვეშ, იატაკის მოზაიკურ წყობაში იქნა ჩართული. 55 სმ დიამეტრის დისკოს წრიულად გასდევდა ლამაზი ასომთავრული ხელრთვით (ასოთა სიმაღლე 15 სმ სიმაღლის) შესრულებული, ალაგ-ალაგ დაქარაგმებული წარწერა:

მ(ა)მ(ა)ნო, დეგით მტკიცედ და შეურყევლად და მომიხსენ(ე)თ მე, ც(ოდვილ)ი ჯ(ვარის მამა)ი ნიკ(იფორე), ქ(ორონი)კ(ონ)სა ტკა(1643 წ.).

1960-იან წლებში გადაღებულ ფოტოსურათებზე დისკო ჯერ კიდევ ძველ ადგილას, მოზაიკურ იატაკზე იყო განთავსებული. გამოიყურებოდა ნორმალურად და მასზე ამოღარული წარწერაც თავისუფლად იკითხებოდა. მაგრამ, 1969-1973 წლებში ჯვრის მონასტრის მთავარი ტაძრის რესტავრაციის პროცესში, როცა ადგილიდან იატაკის საფრის დროებით მოხსნა გახდა საჭირო, დისკო მოზაიკის წყობიდან ამოიღეს და მას შემდეგ ის მოძრავ ექსპონატად გადაიქცა. 2002 წელს წმინდა მიწის ქართულ სიძველეთა შემსწავლელი ექსპედიციის წევრებმა ეს ნივთი დაცვის მიზნით მონასტრის ქვედა სართულზე მოწყობილ მუზეუმში გადაიტანეს. 2018-2019 წლების შუალედში დისკო უკვალოდ დაიკარგა[6].

ტაძარში დაცულია ქართველი სამღვდელო პირების შესამოსელი, ძველი ქვევრები. აქ იყო კვიპაროსის ძალიან დიდი ხე. მონასტრის ულამაზეს ეზოში დგას ლიმონის ხე, რომელიც უშვილოთა შემწეა.

მწიგნობრულ-ლიტერატურული საქმიანობა რედაქტირება

ჯვრის მონასტერში დაარსებისთანავე გაიშალა ლიტერატურულ-საგანმანათლებლო მუშაობა, რომელიც ჯერ კიდევ გიორგი-პროხორემ წამოიწყო. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და კალიგრაფები: მიქაელ დვალი, იოანე დვალი, შავი იოანე, გაბრიელ საყვარელი (XI ს.), მიქაელ გვირგვინის ძე (XII ს.). ტრადიციის გადმოცემით, აქ ყოფილა არსენ იყალთოელი, ნიკოლოზ I გულაბერისძე, ერთხანს თითქოს აქ მოღვაწეობდა შოთა რუსთაველიც (მთავარ ტაძარში სვეტზე შემონახულა მისი ფრესკული პორტრეტი, XVII ს.). ჯვრის მონასტერში შეიქმნა უცნობ ავტორთა ჰაგიოგრაფიული თხზულებანი „პროხორეს ცხოვრება“, „ლუკას წამება“ (XIV ს.), „ნიკოლოზ დვალის მარტვილობა“ და სხვა. შედგა კრებულები, გამრავლდა ხელნაწერები. ჯვრის მონასტერი ფართოდ არის აღწერილი და შესწავლილი (ტ. გაბაშვილი, გ. ავალიშვილი, ნ. ჩუბინაშვილი, პ. უსპენსკი, რ. ჟანენი, კ. კეკელიძე, გ. ფერაძე, ბ. თარხნიშვილი, კ. სალია, ე. მეტრეველი და სხვა). აქაურ ქართულ ხელნაწერთა უმდიდრესი კოლექციის ნაწილი 1888 აღწერა ა. ცაგარელმა, 1902 წელს ნ. მარმა, 1924-1926 წლებში რ. ბლეიკმა. ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერების ძირითადი ნაწილი ახლა იერუსალიმის საპატრიარქო ბიბლიოთეკაშია დაცული, ხოლო ზოგიერთი სინის მთაზე, თბილისში, ქუთაისში, სანქტ-პეტერბურგში, ვენაში, პარიზში, ლონდონში, ვაშინგტონში და სხვაგან.

იერუსალიმის ჯვრის მონასტერში გადაწერეს პალესტინის მამათა ცხოვრებანი, რომელიც ამჟამად ლონდონშია დაცული ( Add - 11281, XI ს.), ჰიმნოგრაფიული კრებულები, სვინაქსარები, ჟამნი და სხვ. აქ არის დაცული მრავალი თხზულება, რომლებიც თარგმნილია ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელების, ეფრემ მცირისა და სხვათა მიერ. იერუსალიმის ჯვრის მონასტერში არის შემორჩენილი „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ ერთადერთი ნუსხა.

გალერეა რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 562-563.
  • საგანელიძე თ., იერუსალიმის ჯვრის მონასტერი, გაზეთი „აღსავალი“, № 10-15, 2004 წ.
  • ტლაშაძე თ., უცხოელ პილიგრიმთა ცნობები პალესტინის ჯვრის მონასტრის შესახებ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ”ქრისტიანობის კვლევები”, II, გვ. 49-53, გამ. "უნივერსალი", თბილისი, 2009.
  • აბაშიძე ი., სანიძე ა., წერეთელი გ., შოთა რუსთაველი ჯვრის მონასტერში, საბჭოთა ხელოვნება, 1960. - N12. გვ. 3-7
  • შოთა რუსთაველის პორტრეტი იერუსალიმის ჯვრის მონასტერში - ამირანაშვილი შ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1951. გვ. 344-363.
  • შოთა რუსთაველი და ქართველთა ჯვრის მონასტერი იერუსალიმში, ბარამიძე ა. ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან.-ტ.VI. თბილისი,1975. გვ. 45-81.
  • გოჩოლეიშვილი დ., ირუსალიმის ჯვრის მონასტრის ისტორიიდან. მაცნე ისტორიის... სერია, 1974. N4. გვ. 107-114.
  • მენაბდე ლ., იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ისტორიის ზოგიერთი საკითხი, ივანე ჯავახიშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული . თბილისი,1976. გვ. 245-254.
  • რურუა ი., პალესტინის სიძველეთა შორის, მნათობი, 1966. N8.გვ.165-180.
  • გაბაშვილი ტ., მიმოსვლა. თბილისი,1956. გვ. 78; გვ.0220.
  • გურგენიძე ვ., ჯვრის მონასტერი, ჯვარი ვაზისა, 1988. გვ. 37-43.
  • ვირსალაძე თ., ანტიკურ ფილოსოფოსთა გამოსახულებანი XVII საუკუნის მოხატულობაში (იერუსალიმის ჯვრის მონასტერში, ათონის მონასტერში და პეტრიწონის მონასტერში), ქართული ხელოვნებს ისტორიის ინსტიტუტის XXIII სამეცნიერო სესია. 1971 წლის 25-26 მაისს. მოხსენებათა თეზისები და მუშაობის გეგმა. თბილისი,1971. გვ. 11-13.
  • კანდელაკი ბ., ისევ რუსთაველის პორტრეტის გამო, მნათობი, 1975. N2. გვ. 187-198.
  • კუპრავა მ., რას გვაუწყებს იერუსალიმის ჯვრის მონასტრის შოთასეული ფრესკა, საბჭოთა ხელოვნება, 1985. N8. გვ. 82-89.
  • მამისთვალიშვილი ე., იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ისტორია (ქართული პერიოდი).-გორი.-[2002].-125 გვ.
  • მგალობლიშვილი თ., იერუსალიმის ჯვრის მონასტერი ლეგენდები, ქრისტიანობა 20 საუკუნე საქართველოში. თბილისი,2004. გვ. 176-192.
  • XIV-XV საუკუნეების არაბი ისტორიკოსების ცნობები საქართველოს შესახებ. თბილისი,1988. გვ. 27-48.
  • მეტრეველი ე., N14 ხელნაწერის ანდერძის გაგებისათვის, მაცნე ენისა...სერია, 1984. გვ. 80-91. რეზ. რუს. ენაზე (გვ.91).
  • ნუცუბიძე შ., პალესტინის XIII-XIV საუკუნეების ერთი მხატვრობა და ქართული კულტურის საკითხები, საბჭოთა ხელოვნება, 1957. N3. გვ. 18-22.
  • ჟან შარდენის მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში. თბილისი,1975. გვ. 199.
  • სინამდვილის დამახინჯების წინააღმდეგ, საბჭოთა ხელოვნება, 1960. N12. გვ. 7-8.
  • "სიონის ზემოდ არის ქართველთა ეკლესია...იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტერი..., ივერია.-1895(19 აპრ.). გვ. 2.
  • სტეფანაძე მ., პეტრე იბერის საამშენებლო მოღვაწეობა იერუსალიმში ..გივი ჟორდანია-90. თბილისი,2001. გვ. 156-170.
  • ქართველთა ჯვრის მონასტრი იერუსალიმში ..ჯვარი ვაზისა, 1980. N2. გვ. 10-17.
  • შანიძე ა., ჯვრის მონასტერში, ჯვარი ვაზისა, 1988. N2. გვ. 44-45.
  • ჯაფარიძე გ., XIV საუკუნის არაბი ენციკლოპედისტი იერუსალიმის ჯვრის მონასტერის შესახებ, მაცნე ისტორიის ...სერია, 1985. N3. გვ. 179-186.
  • ჯავახიშვილი ი., თხზ.ტ.I. თბილისი,1979. გვ. 338-339.
  • აბაშიძე ი., ...და ისევ პალესტინა, გაზ. "კომუნისტი", 1988(20 ტებ.). გვ. 3.
  • აბაშიძე ი., ისევ ერთი სურათის გამო ანუ ვისია ის საფლავი?, ლიტერატურული საქართველო, 1990(20 ივლ.). გვ. 8-9.
  • იერუსალიმის ჯვრის მონასტერი, გაზ. "სამშობლო", 1990 (ივნისი). N13. გვ. 1.
  • იორდანიდისი კ., კელესიდისი ა. დავუბრუნოთ კანონიერ მფლობელს, საქართველოს რესპუბლიკა, 1992(9 სექტ.). გვ. 3.
  • კანდელაკი ბ., ილია იერუსალიმის ჯვრის მონასტერში, ქწიგნის სამყარო, 1988. N1. გვ. 7.
  • კილასონია ს., ქართუულ სულს ოდითგანვე ფრესკების წაშლით ებრძვიან, ქართული უნივერსიტეტი, 2004(22-28 სექტ.). გვ. 5,7.
  • კლიმიაშვილი რ., იმ თავითვე უნდა ვიზრუნოთ, ლიტერატურული საქართველო, 1988(12 თებ.). გვ. 12.
  • კუბიტაშვილი ზ., ქართული კულტურის კერა პალესტინაში, განათლება, 1991(17 ოქტ.). გვ. 8.
  • მამისთავაშვილი ე., იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაარსების საკითხისათვის, ლიტერატურული საქართველო, 1998(25 სექტ.). გვ. 14.
  • მგალობლიშვილი თ., უკეთუ დაგივიწყო, საქართველო, დილის გაზეთი, 2000(23 ტებ.). გვ. 10.
  • მენაბდე ლ., პალესტინის ჯვრის მონასტერი, ქართული ენა და ლიტერატურა არაქართულენოვან სკოლებში, 1998(N1). გვ. 103.
  • პირველი ე., ჯვრის მონასტრის ქართული წიგნთსაცავი, ლიტერატურული გაზეთი, 1963(1 თებ.). გვ. 2.
  • სანიკიძე ლ., აპოლოგია ქართული ჯვრისა, გაზ. "კომუნისტი", 1989(11 მაისი). გვ. 4.
  • შარაძე გ., მოწიწებითა და მადლიერების გრძნობით ნაშრომი იერუსალიმის ჯვრის მონასტერზე, თბილისი, 1987(18 დეკ.). გვ. 4-5.
  • შეყილაძე ლ., ჯვრის მონასტრის ფრესკები უნივერსიტეტში მოაბრძანეს, საქართველოს რესპუბლიკა, 2001(30 ოქტ.). გვ. 1,3.
  • ჭილაია ს., მამულიშვილური თაოსნობა, გაზ. "კომუნისტი", 1988(17 მარტი).
  • თორაძე ვ., თორაძე ნ., საქართველოს მართლმადიდებელი ეჯკლესიის ისტორია. თბილისი,[2006]. გვ. 168-174.
  • ჯვრის მონასტერი იერუსალიმში, შუბითიძე ვ., ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები. თბილისი,2012. გვ. 219-220.
  • იერუსალიმის ჯვრის მონასტერი//გველესიანი გ., საქართველოს ეკლესია-მონასტრები.-ქუთ.,2013. გვ. 75-96.
  • იერუსალიმის ჯვრის მონასტერი, ნონეშვილი ა., ქართული კულტურა უცხოეთში 100 მოღვაწე და ძეგლი. თბილისი, 2017. გვ. 68-69.
  • აბაშიძე ი., პალესტინის დღიური, მნათობი, 1961. N2. გვ. 82-113.
  • დიდებულიძე მ., ჯანჯალია მ., იერუსალიმის ჯვრის ონასტრი მოხატულობა, გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი, გვ. 26-33

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. ეპ. პეტრე კენჭოშვილი, „მოგზაურობა წმინდა მიწაზე“
  2. მონაზონი ევგენია, იერუსალიმის ჯვრის მონასტერი; ჟურნ. „სამთავროს ყვავილოვანი“, №20(45), თბ., 2023, გვ. 57-67
  3. Besik Khurtsilava. On the history of creating the first basilica in the place of the Cross Monastery in Jerusalem. Pro Georgia, 2019/1
  4. მარტივი კითხვები. სტუმარი: აღმოსავლეთმცოდნე თამილა მგალობლიშვილი
  5. Кондаков Н., Археологическое путешествие по Сирии и Палестине, 1904
  6. ხურცილავა ბ., ნიკოლოზ ჩოლოყაშვილისეული დისკო უკვალოდ გაქრა, „ისტორიანი“, № 6 (103), ივლისი 2019, გვ. 6-8