დავით VI ნარინი

(გადამისამართდა გვერდიდან დავით ნარინი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დავით.

დავით VI ნარინი (დ. დაახლოებით 1225 — გ. 1293) — საქართველოს მეფე 1245 (1247)-1293, რუსუდან მეფის ძე.

დავით VI ნარინი
საქართველოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 1247
მმართ. დასასრული: 1293
წინამორბედი: რუსუდანი
მემკვიდრე: კონსტანტინე I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1225
გარდ. თარიღი: 1293
მეუღლე: 1. თამარ ამანელისძე
2. თეოდორა პალეოლოგინა
შვილები: 1. კონსტანტინე I
2. მიქელი
3. ვახტანგ II
4. ალექსანდრე
5. რუსუდანი
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: ღიას ად-დინი
დედა: რუსუდანი
ხელმოწერა:

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაახლოებით 1230 წელს, როდესაც აღმოსავლეთ საქართველო ხვარაზმელებს ჰქონდათ დაპყრობილი და სამეფო კარი ქუთაისში იყო გახიზნული, მცირეწლოვანი დავითი დედამ თანამოსაყდრედ დასვა. მონღოლებთან რუსუდანის შეთანხმების შემდეგ, დაახლოებით 1242-1243 წლებში, დედა-შვილი თბილისში დაბრუნდა. იმავე წლებში მონღოლთა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტახტის მემკვიდრე, ქართველი დიდებულ ფეოდალთა ერთი ჯგუფის თანხლებით, ოქროს ურდოში ბათო-ყაენთან მეფედ დასამტკიცებლად გაგზავნა.

ქართველები დიდ ყაენთან გაგზავნეს ყარაყორუმში. ტახტის მემკვიდრე მონღოლეთში რამდენიმე წელიწადს ჩარჩა. საქართველოში მის შესახებ არაფერი იცოდნენ. 1246 წელს ყარაყორუმში ჩავიდა ტახტის ახალი მემკვიდრე დავით გიორგის ძე. ყაენმა გუიუქმა საცილობელი საკითხი მონღოლური სამართლის მიხედვით გადაწყვიტა: დავით გიორგის ძე, როგორც უფროსი, უფროს (მონღოლურად „ულუ“) მეფედ, ხოლო დავით რუსუდანის ძე უმცროს (მონღოლურად „ნარინი“) მეფედ დაამტკიცა. 1248 (1249) დავით VI და დავით VII თბილისში ჩამოვიდნენ. 1259-მდე ორივე მეფე თანხმობით განაგებდა სამეფოს. 1256-იდან საქართველო ჰულაგუიანთა სახელმწიფოს შემადგენლობაში მოექცა.

მონღოლების ბატონობის სიმძიმით შექმნილი აუტანელი გაჭირვების გამო 1259 დაიწყო აჯანყება დავით VI-ის მეთაურობით. ყაენმა ჰულაგუ-ხანმა დავით VI-ის წინააღმდეგ დიდძალი ჯარი გაგზავნა არღუნ-ნოინის სარდლობით. დავით VI-მ ბრძოლის გაგრძელება შეუძლებლად ცნო, ლაშქარი დაშალა, თვითონ დასავლეთ საქართველოში გადავიდა და ქუთაისში გამაგრდა. არღუნმა დასავლეთ საქართველოში გადასვლა ვერ გაბედა, მაგრამ ახლა აჯანყებული დავით VII ულუს წინააღმდეგ მოუხდა ბრძოლა (1260). ეს უკანასკნელი 1261 იძულებული გახდა დავით VI-თან გადასულიყო.

1262 წელს, როცა დავით VII მონღოლებს შეუთანხმდა და აღმოსავლეთ საქართველოში გადავიდა, დავით VI ფაქტობრივად დასავლეთ საქართველოს (იმერეთის) მეფედ დარჩა. დასავლეთ საქართველოზე მონღოლების ბატონობა არ ვრცელდება და დავით VI დამოუკიდებლად განაგებდა ქვეყანას. მისი საგარეო პოლიტიკა იქითკენ იყო მიმართული, რომ განემტკიცებინა კავშირი ილხანების მეტოქე ქვეყნებთან და აღედგინა საქართველოს პოლიტიკური გავლენა ტრაპიზონის სამეფოში. ამ მიზნით ჯერ 1264-1265, ხოლო შემდეგ 1268 წელს დავით VI-მ ელჩები გაგზავნა ეგვიპტის სულთანთან. მეორე მხრით, დავით VI-ს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ოქროს ურდოსთან. ამასთან, დავით VI ცდილობდა ილხანთა სამეფოში ატეხილი შინაომები თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა. 1269 (1270) დავით VI-მ შეიხიზნა მონღოლი ბატონიშვილი თეგუდარი (ნიკუდარი), რომელიც ბარახა-ყაენთან (მავერა-ნაჰრის, შვიდმდინარეთისა და აღმოსავლეთ თურქესტანის ყაენი 1266-71) ერთად აბაღა-ყაენის (ილხანი 1263-82) წინააღმდეგ იბრძოდა. მაგრამ როცა თეგუდარის ლაშქარმა ყაჩაღურ ძარცვა-რბევას მიჰყო ხელი, იგივე დავით VI წინ აღუდგა მას აბაღას სარდალ სირმონთან ერთად. 70-იან წლებში დავით VI-ს გადაუდგა რაჭის ერისთავი კახაბერ კახაბერისძე, რომელიც აბაღას ეახლა და დავით VI-ის წინააღმდეგ ბრძოლაში თავისი სამსახური შესთავაზა. აბაღას სარდლები ორჯერ შეიჭრნენ იმერეთში, მაგრამ დავით VI ხელში ვერ ჩაიგდეს.

მონღოლთა ბატონობის შედეგად საქართველოს ძლიერების შესუსტებას ტრაპიზონის სამეფოში ქართული ორიენტაციის დასის განადგურება და ბიზანტიის მომხრე პოლიტიკური დაჯგუფების გაძლიერება მოჰყვა. განსაკუთრებით გააქტიურდა ბიზანტიის მთავრობა ტრაპიზონის მეფის იოანე II-ის (1266-1297) დროს. 1282 წლის აპრილში დავით VI-მ ილაშქრა ტრაპიზონის სამეფოში. ტრაპიზონის აღება ვერ შეძლო, თუმცა საკეისროს დიდი ნაწილი დაიპყრო. 1284 წელს საქართველოში გათხოვილი ტრაპიზონის მეფის იოანე II-ის და თეოდორა დავით VI-ის ჯარის დახმარებით ტრაპიზონში შეიჭრა და კეისარი გახდა. იმპერიაში საქართველოს პოლიტიკური გავლენა დამყარდა, მაგრამ შემდეგში ვითარება შეიცვალა და იოანე II-მ ხელისუფლება დაიბრუნა. დავით VI-ისა და დავით VII-ის დროიდან საქართველო ფაქტობრივად სამ პოლიტიკურ ერთეულად (აღმოსავლეთ საქართველო, სამცხე და დასავლეთ საქართველო) იყო დაყოფილი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გუჩუა ვ., ქსე, ტ. 3, გვ. 335, თბ., 1978

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
წინამორბედი:
რუსუდანი
საქართველოს მეფე
1245 - 1259
შემდეგი:
დავით VII