რაჭა
რაჭა — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე.
რაჭა | |
---|---|
რიონის ხეობა | |
კუთხის ცენტრი | წესი, ონი |
ქვეყანა | საქართველო |
რეგიონი | რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | 2 |
ფართობი | 2 893 |
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში | |
გეოგრაფია
რედაქტირებარაჭა მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება კავკასიონის ქედი რიონისა და ჭანჭახის სთავეებთან, ჩრდილო-დასავლეთიდან ქვემო სვანეთისგან გამოყოფს მდინარე ასკისწყალი და თავშავის ქედი, სამხრეთით - იმერეთი, აღმოსავლეთით შიდა ქართლისგან გამოყოფილია ჯეჯორის ხეობით უღვირის ქედამდე, დასავლეთით - ლეჩხუმი. ისტორიულ-გეოგრაფიულად რაჭა სამ კუთხედ იყოფოდა: მთის რაჭა, ზემო რაჭა და ქვემო რაჭა. ზემო და ქვემო რაჭას შორის საზღვარი გადის მდინარე რიონზე ხიდისკარის ვიწროებში სოფელ წესის მახლობლად. ამჟამად რაჭის ტერიტორია შედის ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში. რაჭის ფართობი 2818 კმ2-ია
მთის რაჭა
რედაქტირებამთის რაჭა მდებარეობს მდინარე რიონის სათავისა და გლოლის ან ჭანჭახის წყლის შორის. იგი მოქცეულია კავკასიონის მთავარი ქედისა და შოდა-კედელას ქედს შორის და თავისი საშუალო სიმაღლით 3800 მეტრს აღემატება ზღვის დონიდან. მთის რაჭა შემოზღუდულია მაღალი მთებით: ფასისმთა — 3786 მეტრი, გეზე — 3870 მეტრი, ლაბო და წითელი — 4317 მეტრი, წიხვარგა — 4137, ბურჯულა — 4356, შოდა — 3607 მეტრი და სხვა. აქ წლის განმავლობაში ცივი ამინდებია (წლის საშუალო ტემპერატურა 5°C-ია, ზამთარი კი ძლიერ ცივია და თოვლიან-ყინვებიანი. იანვრის ტემპერატურა -12°C-დან -18°C-დე, გაზაფხული გვიან დგება, შემოდგომა ადრე. ზაფხული გრილია და მოკლე. მთის რაჭა XV საუკუნემდე ეკუთვნოდა სვანეთს. ის შედგება სამი სოფლისაგან: ღები (1500 მეტრი), ჭიორა (1500 მეტრი) და გლოლა (1400 მეტრი). მთიან რაჭაში ბევრი კოშკი იდგა.
კუდარო
რედაქტირებარაჭის შემადგენელი ნაწილი იყო კუდაროს ქვეყანა, რომელიც ჯეჯორის ხეობის ზემო წელში მდებარეობდა. ის პირველად სორის სახარების XIV საუკუნის მინაწერშია ნახსენები. გვიან ფეოდალურ ხანაში კუდაროში შედიოდა 20 სოფელი. XVIII საუკუნის დასაწყისში კუდაროდან რაჭველების გადასახლების შემდეგ იქ ოსები დასახლდნენ. მისი სოფლების დასახელებები (ოიკონიმია) ქართულია.
ისტორია
რედაქტირებარაჭა დასახლებული იყო ძველი ქვის ხანიდან. სოფელ ქვედთან, ერთ-ერთ მღვიმეში აღმოჩენილია მეზოლითის ხანის ნამოსახლარი. მთის რაჭაში ადამიანს უცხოვრია ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში. გონასა და ღების მიდამოებში მიკვლეულია სპილენძისა და დარიშხნის ძველი მაღაროები. აქ ბრინჯაოს წარმოება უნდა დაწყებულიყო შუა ბრინჯაოს ხანაში. მძივები და ბრინჯაოს სამაჯური რაჭიდან ინახება საქართველოს მუზეუმის არქეოლოგიურ განყოფილებაში. 1928 წელს სოფ. ღებში, ადგილ „შოშეთში“ აღმოჩნდა ბრინჯაოს ბალთა, რომელიც მიცვალებულს წელზე ჰქონია. გამოვლენილია სამაროვნები, რომლებიც შეიცავენ უძველეს კულტურულ ფენებს ბრინჯაოს ხანიდან ადრინდელი ანტიკური ხანის ჩათვლით. არქეოლოგიური თვალსაზრისით საყურადღებო, აგრეთვე, ჭიორის მიდამოში მდებარე ადგილი „შხროლი“, სადაც ჩნდება უფრო გვიანდელი დროის, ქრისტიანობის ხანის, სხვადასხვა ნივთები და სამკაულები.
ადრეულ პერიოდში რაჭა ლეჩხუმთან ერთად ქმნიდა თაკვერს. თაკვერი დამოწმებულია VII საუკუნის წყაროებში. თაკვერის საერისთავო შედიოდა ეგრისის სამეფოში. თაკვერს გამოეყო რაჭა და სახელწოდება თაკვერი შემორჩა მხოლოდ ლეჩხუმს.
რაჭის საერისთავო
რედაქტირებაX საუკუნის ბოლოს შეიქმნა რაჭის საერისთავო, რომლის პირველი ერისთავი რატი ბაღვაში იყო. მისი ძის, კახაბერის ძის სახელიდან მოდის რაჭის ერისთავების - კახაბერისძეთა გვარსახელი. რაჭის ერისთავები დიდ როლს თამაშობდნენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში X-XIII საუკუნეებში. ამ პერიოდში რაჭის ერისთავები მეფის მოხელეებს წარმოადგენდნენ. მათ ევალებოდათ საერისთავოში სამეფო გადასახადების აკრეფა, ლაშქრის გამოყვანა და წინამძღოლობა. რაჭის ერისთავთა მთავარი რეზიდენცია მინდაციხე იყო. დიდი ციხე-დარბაზი იყო კვარის ციხეც.
XIII საუკუნის 80-იან წლებში დავით ნარინმა გააუქმა საერისთავო და ეს ტერიტორია სამეფო მამულებად გამოაცხადა. კახაბერისძეთა საგვარეულო, როგორც ჩანს, ამოწყდა. XIV საუკუნის 30-იან წლებში, შემდგომში საერისთავოს აღდგენის შემდეგ ერისთავის ტიტულს ჭარელიძეთა, უფრო მოგვიანებით კი, 1488 წლიდან, ჩხეტიძეთა საგვარეულო ატარებდა.
XV საუკუნის მეორე ნახევარში საქართევლოს სამეფო-სათავროებად დაშლის შემდეგ რაჭის საერისთავო სამეგრელოს შემადგენლობაში შევიდა. მეთხუთმეტე საუკუნის 30-იან წლებში იმერეთის მეფემ ბაგრატ მესამემ რაჭის ერისთავებს მინდაციხე-დარბაზი გადასცა და იმერეთის შექმნილი სამეფოს ახლად შექმნილი სადროშოების, მასამო-რაჭის სადროშოს, სარდლობა ჩააბარა. რაჭის ერისთავებს საკუთარი სათავადო ჰქონდათ, რომელიც თავდაპირველად მდ. ლუხუნის ხეობის ერთ ნაწილს მოიცავდა. რაჭის ერისთავთა მთავარი რეზიდენცია გახდა მინდაციხე და სასახლე სოფელ წესში.
დღევანდელი მთის რაჭის ტერიტორიაზე სვანური მოსახლეობა გავრცელებულა და კავკასიონის მთელი ეს კუთხე XV საუკუნის პირველ ნახევარში სვანეთს ჰკუთვნებია. რაჭული მოსახლეობა დამკვიდრებულა უმთავრესად სამ სოფელში: ღებში, ჭიორასა და გლოლაში, სადაც დღესაც ბინადრობენ. სვანური ყოფის დამასახიათებელი ძველი ნაშთები დღეს აქ უკვე მოსპობილია, დარჩენილია მხოლოდ ერთი სვანური, „მურყვამის“ ტიპის კოშკი სოფ. ღებში, რომელიც გამოყენებულია სამლოცველოდ და ეწოდება „დედა ღვთისა“. ამასთანავე, გამქრალია სვანური ადათ-ჩვეულებების და რწმენის ნაშთებიც. აღსანიშნავია აგრეთვე ის გარემოებაც, რომ მიუხედავად ისტორიულ მოვლენათა ამ ფაქტისა, ჩვენ აქ არ ვხედავთ ორი ყოფის—სვანურისა და რაჭულის—გადაჯვარედინებას და არც მათ ასიმილაციას. რაჭველებს, დროისა და ადგილის მიუხედავად, დღემდე დაუცავთ წმინდა რაჭული კილო, ყოფა-ცხოვრება და რწმენა. კავკასიონის მთავარ ქედსა და შოდა-კედელას ქედს შუა მოქცეული მთიულეთის რაჭის ფეოდალების ხელში გადასვლიდან ღებში, ჭიორასა და გლოლაში ვრცელდება რაჭული მოსახლეობა და სვანურის ნაცვლად მყარდება რაჭული ყოფა-ცხოვრება.
XV-XVII საუკუნეების რაჭის საერისთაოში იმერეთის მეფეები ფლობდნენ ყმა მამულს. მათვე ეკუთვნოდათ ხოტევისა და კვარის ციხეები, სოფელი ნიკორწმინდა. საზაფხულო რეზიდენცია იყო სოფელი შაორი და სოფელი ამბროლაური. იმერეთის მეფის ალექსანდრე III-ის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც სამეფოში ფეოდალური ანარქია სუფევდა, რაჭის ერისთავები შინა ომების აქტიური მონაწილეები და ხშირად ინიციატორებიც იყვნენ. მათ სურდათ: გაეფართოებინათ თავიანთი სათავადოები, თავი დაეღწიათ იმერეთის მეფის მოხელეობისაგან და საერისთავო დამოუკიდებელ სამთავროდ ექციათ.
თავდაპირველად ერისთავმა შოშიტა მეორემ იმერეთში გაჩაღებულ შინაომში კანონიერ მეფე ბაგრატ IV-ეს დაუჭირა მხარი. 1678 წელს შოშიტა არჩილ მესამეს იმერეთის სამეფო ტახტის დაკავებაში დაეხმარა. თუმცა შემდეგ ბაგრატ მეოთხეს თურქები დაეხმარნენ და არჩილი ტახტიდან გადაყენეს. რაჭის ერისთავებს არჩილის რუსეთში წასვლის შემდეგაც არ შეუწყვეტიათ ბრძოლა იმერეთის ხელისუფლებასთან. ერისთავმა შოშიტა მესამემ კარგი ურთიერთობა დაამყარა ქართლის მეფეებთან, განსაკუთრებით ვახტანგ VI-სთან.
თავდაპირველად რაჭის ერისთავები საერისთავოს თავადებს ეყრდნობოდნენ იმერეთის სამეფო ხელისუფლებასთან ბრძოლაში. მოკავშირეებმა, უპირველეს ყოვლისა, რაჭის საერისთვოში მეფის კუთვნილი ყმა-მამული მიითვისეს: იაშვილებმა-კვარისციხე, წულუკიძეებმა-ხოტევისა; სამეფო ყმა-მამულის დიდი ნაწილი კი რაჭის ერისთავების ხელში გადავიდა. იმერეთის მეფე სოლომონ პირველმა 1769 წლის მეორე ნახევარში როსტომი ოჯახიანად შეიპყრო, ხოლო რაჭის საერისთავო გააუქმა. 1784 წელს რაჭის საერისთავო იმერეთის მეფემ დავით გიორგის ძემ აღადგინა. მეფის გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი ითამაშა კაცია II დადიანმა. მეფემ ერისთვობა ერთ-ერთ თავის დისწულს ანტონს უბოძა. ამით უკმაყოფილო წულუკიძეებისა და წერეთლების გამოსვლა მარცხით დამთავრდა.
1785 წელს იმერეთის მეფემ რაჭის ერისთავად ანტონის ნაცვლად მისი მამა, გიორგი როსტომის ძე, დასვა. ბერი წულუკიძე და პაპუნა წერეთელი ახალციხეში გაიქცნენ და 1786 წლის ისნვარში 500 ლეკისა და 1000 თურქისაგან შემდგარი ლაშქრით რაჭაში შეიჭრნენ. იმერეთის მეფემ ოდიშის ლაშქარი მოიშველია და რაჭაში ილაშქრა. გადამწყვეტ ბრძოლაში 1786 წლის 26 იანვარს სოფელ სხვავასთან დავით გიორგის ძემ გაიმარჯვა, 1787 წელს გიორგი რაჭის ერისთავი ბრძოლაში დაიღუპა და მის ადგილას დავით გიორგის ძემ კვლავ ანტონ გიორგის-ძე დასვა. 1789 წელს იმერეთში გამეფდა სოლომონ II, რომელმაც საბოლოოდ გაუქმა რაჭის საერისთავო. რაჭის საერისთავოს სხვადასხვა დროს განაგებდა რამდენიმე თავადური საგვარეულო: წულუკიძე, იაშვილი, ჯაფარიძე, ინასარიძე, ლაშხისშვილი.
რაჭის მაზრა
რედაქტირებაიმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ, რაჭის ტერიტორია ქმნიდა ჯერ ოკრუგს. 1840 წელს ეწოდა რაჭის უბანი და შევიდა საქართველო-იმერეთის გუბერნიის ქუთაისის მაზრის შემადგენლობაში. 1846 წელს, ქუთაისის გუბერნიის შექმნის შემდეგ, რაჭის უბანს დაემატა ოსეთის ოკრუგის მამისონის ხეობის სოფლები და იწოდა რაჭის მაზრად. იყოფოდა ბუგეულის, კუდარო-მამისონის, უწერისა და ხოტევის უბნებად, ხოლო 1888 წლიდან ამბროლაურისა და ონის უბნებად. მაზრის ადმინისტრაციული ცენტრი იყო ონი, ფართობი 2857 კმ², მოსახლეობა თავდაპირველად იყო 23500 ადამიანი, XIX საუკუნის მიწურულს შეადგინა 72742 ადამიანს. 1916 წელს „კავკასიის საკურორტო საზოგადოებამ“ დაიწყო რაჭის შესწავლა კურორტების მოწყობის მიზნით. 1916 წლისთვის რაჭის მაზრის ფართობი შეადგენდა 2718 კმ²-ს.
საბჭოთა პერიოდში, 1928 წელს რაჭის მაზრა გაერთიანდა ლეჩხუმის მაზრასთან და იწოდა რაჭა-ლეჩხუმის მაზრად. რაჭა-ლეჩხუმის მაზრა გაუქმდა 1930 წელს და მის ნაცვლად შეიქმნა ამბროლაურის, ონის და ჭრებალოს რაიონები.
მოსახლეობა
რედაქტირება1897 წლისთვის რაჭაში 61621 ადამიანი ცხოვრობდა. რაჭის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სოფლებში ცხოვრობს. ეს სოფლები ხალხმრავლობით არ გამოირჩევა და ძირითადად მდინარეთა ნაპირებზე მდებარეობს ან მთის ფერდობებზეა შეფენილი. ადგილობრივები საგრძნობლად დაზარალდნენ 1991 წლის 29 აპრილს მომხდარი მიწისძვრის გამო.
კულტურა
რედაქტირებარაჭაში ბევრი ეკლესია და ნაეკლესიარი, ციხე და ნაციხარია აღრიცხული. რაჭველები ცნობილი ხელოსნები იყვნენ. XI საუკუნეში ნიკორწმინდის დაწერილის მიხედვით რაჭასა და მის მეზობელ არგვეთში მრავლად უშენებიათ ორ-სამსართულიანი სახლები, რომელის ქვედა ქვითკირით ამოშენებული სარდული ბოსლად და ფარეხად იყო გამოყენებული. საცხოვრებლად გამოიყენებოდა მეორე და მესამე, ხისგან აშენებული სართულები, რომლებსაც „სენა“ და „ქორედი“ ეწოდებოდა. მარნის შენობებს მუხის ხისგან აგებდნენ.
რაჭველებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ჩრდილო-კავკასიელ მთიელებთან. ისინი ერთმანეთს შვილებს უგზავნიდნენ აღსაზრდელად, რათა მეზობელთა ენა და წეს-ჩვეულება ესწავლათ. ეს მათ ერთმანეთთან ურთიერთობას უადვილებდა. ამ წეს-ჩვეულებას რაჭველები „კერძ-მოკეთეობას“ უწოდებდნენ.
ეკონომიკა
რედაქტირებარაჭაში მოჰყავდათ საგაზაფხულო და საშემოდგომო ხორბალი, ქერი და შვრია. ეს ორი კულტურა უფრო მაღალ სოფლებში იყო გავრცელებული. დიდი ადგილი ეკავა მევენახეობას. მევენახეობა-მეღვინეობა ქვემო რაჭაში იყო წამყვანი, ზემო რაჭაში კი ასეთი იყო მესაქონლეობა. რაჭველთა ყოფაში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ღორის მოვლა-მოშენებას. განსაკუთრებით უვლიდნენ სალორე ღორებს. დამარილებული ღორის ხორცი კვამლში გამოჰყავდათ და იღებდნენ რაჭული ლორს, რომელიც მთელ საქართველოშია ცნობილი. რაჭველები ეწეოდნენ საქონლით ვაჭრობასაც. ოჯახები 50-70 ადამიანისგან შედგებოდა.
სოფელი წედისი რკინის მადნის მოპოვებითა და რკინის დამუშავებით იყო ცნობილი. რაჭაში შემუშავებული იყო ადგილობრივ რელიეფურ პირობებთან შეგუებული სახვნელი იარაღი, რომელიც ნიადაგს ისე ამუშავებდა, რომ მის გამოფიტვა-დაცურებას გამორიცხავდა.
რაჭის მოსახლეობისთვის ტრადიციული იყო გარე სამუშაოებზე სიარული, რასაც ისინი „მოსაგებში“ წასვლას უწოდებდნენ. გარე სამუშაოებზე ისინი გვიან შემოდგომიდან გაზაფხულამდე მიდიოდნენ. XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან გარე სამუშაოებზე სიარული გასცდა საქართველოს ფარგლებს, მიდიოდნენ ჩრდილო კავკასიაში და უფრო შორსაც. ჩრდილოეთში წასული ბევრი რაჭველი უკან აღარ დაბრუნდა და იქვე დარჩა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 312.
- თოფჩიშვილი რ., „საქართველოს ეთნოგრაფია/ეთნოლოგია“, თბილისი: „უნივერსალი“, 2010. — გვ. 126-128, ISBN 578-9941-12-882-0 Invalid ISBN.
- ბერაძე, თ. რაჭა, თბილისი, 1983
- ბაბე ე., „რაჭა (გამოკვლევანი)“ // შვიდი მნათობი : ჟურნალი, 1919, № 2.