გლოლა

სოფელი საქართველოში, ონის მუნიციპალიტეტში.

გლოლასოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში.[2] მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ჭანჭახის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე, მდინარე ბოყოსწყლის შესართავთან. ზღვის დონიდან 1280 მეტრზე, ქალაქ ონიდან დაშორებულია 25 კილომეტრით.

სოფელი
გლოლა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ონის მუნიციპალიტეტი
თემი გლოლა
კოორდინატები 42°42′06″ ჩ. გ. 43°38′29″ ა. გ. / 42.70167° ჩ. გ. 43.64139° ა. გ. / 42.70167; 43.64139
ცენტრის სიმაღლე 1280
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 279[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,3 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
გლოლა — საქართველო
გლოლა
გლოლა — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
გლოლა

სოფლის მიდამოებში, მდინარეების ბოყოსწყლისა და ჭანჭახის შესართავთან, არის მყინვარის მიერ მთავარი ქედიდან ჩამოზიდული გრანიტული გლოლის ლოდები. მათი გადაადგილების დრო უკავშირდება უკანასკნელ ან უკანასკნელისწინა გამყინვარებას. გლოლის ლოდები შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში“. გლოლა პირველად დამოწმებულია ალექსანდრე მეფის სიგელში (XV ს.) – „წიგნი ალექსანდრე მეფისა სვანთა მიერ ჯაფარიძეთა სისხლის გადახდაზე“. ვახუშტი ბაგრატიონი გლოლის შესახებ წერს:

ვიკიციტატა
„მოერთვის რიონს აღმოსავლეთიდამ გლოლის ჴევი. აქა ძეს რიონზედ ჴიდი. ხოლო გლოლის ჴევი გამოსდის გლოლასა და ჟღელეს შორის კავკასსა, და მოდის დასავლეთად. ამ ჴევს ერთვის სხუა ჴევი ორი. ერთი გამოსდის ამასა და დიგორს შორის კავკასსა. არს გლოლა დაბა მგზავსი ციხისა, კოშკოვან-გოდლოვან-ზღუდიანი. შიგ ეკლესია, აღვსილი ოქრო-ვერცხლის ხატითა და ჯუარითა და წიგნებითა, ძუელადვე ხიზნულნი[3].“

მდ. ჭანჭახის მარჯვენა ნაპირზე, გორაკზე, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ზედაქალაქს უწოდებს, შემორჩენილია შუა საუკუნეების ციხის, განვითარებული შუა საუკუნეები 2 ეკლესიისა და სხვა ნაგებობათა ნანგრევები. ერთი, შედარებით დიდი, ეკლესია წმინდა გიორგისა შემოსილია სუფთად გათლილი მოყვითალო შირიმის კვადრებით. ინტერიერში მოხატულობის კვალია. მოხატული ყოფილა მეორე, ნახევრად დამუშავებული დიდრონი ქვით ნაგები მიქელგაბრიელის ეკლესიაც. გლოლაში ასევე არის ჯვარპატიოსნის (შუა საუკუნეები), ნათლისმცემლის (XVII ს.) ეკლესიები და ეკლესია „ციხე“ (შუა საუკუნეები).

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 279 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1901[4] 632 317 315
1911[5]   754
2002[6]   385 182 203
2014[1]   279 134 145

ეტიმოლოგია

რედაქტირება

ხალხური გადმოცემის ერთ-ერთი ვერსიით მთიელებში მოგზაურობის დროს თამარ მეფეს, გლოლიდან 10 ვერსის მოშორებით სამაროვანში (ადგილის სახელია) შეუსვენია. თამარს აქ მოუკითხავს საბალახოდ გაშვებული ჯორები. მეფის თანამგზავრებს ბევრი ძებნის შემდეგ, ჯორები გლოლაში უპოვნიათ, მჟავე წყლებთან (ვეძასთან) მწოლარე, თამარს გაუსინჯავს მჟავე წყალი და ძალიან მოსწონებია, უბრძანებია იმ ადგილზე ეკლესიის აშენება. თანამგზავრთაგან ერთ-ერთი, სახელად ბერი ეკლესიის მშენებლობის მეთვალყურედ დაუტოვია, ბერთან ერთად დარჩენილა ბერის ბიძა და ერთი მოსამსახურე ბიჭი. გადმოცემით, ამ სამი კაცისაგან გამრავლებულა და მოშენებულა გლოლა. მათი შთამომავალნი, წინაპართა სახელებისაგან წარმომდგარი გვარსახელებით აქ დღესაც ცხოვრობს. ბერის შთამომავალნი იწოდნენ ბერიშვილებად, ბიძისაგან — ბიძიშვილებად, ხოლო ბიჭისაგან — ბიჭაშვილები.

გლოლის დაარსების შესახებ სხვა თქმულება-გადმოცემებიც არსებობს, მაგრამ მათ შორის, უფრო სწორი და დამაჯერებელი, მეცნიერულად გამართლებული მოსაზრება მისი სვანური წარმომავლობის აღიარება უნდა იყოს.

„ღები — წერს ბ. ნიჟარაძე, — ერთადერთი მაგალითი როდია, სოფელთა სვანურად სახელწოდებისა რაჭის მაზრაში... სოფელი გლოლა / სვანურად — გლოლა დაფერდება, მოფერდო/ ადგილია“[7].

გლოლის სვანური წარმომავლობის ბ. ნიჯარაძის ცნობას იზიარებს ს. მაკალათიაც.

მართლაც ასეთ მოფერდო ადგილზეა გაშენებული ძველი გლოლა. ამიტომაც მისი სახელისა და თვით გლოლის ძველი მოსახლეობის სვანური წარმომავლობა ეჭვს არ უნდა იწვევდეს.

გლოლის მნახველს მთელი სიდიადით თვალწინ წარმოუდგება „ზედქალაქად“ წოდებული მაღალკლდოვანი კონცხი, უძველესი ციხე-კოშკებისა და ეკლესიის ნანგრევების გრანდიოზული სანახაობით.

გლოლა იყოფა ორ ნაწილად, ძველი სოფელია ბოყოს უბანი, ქვემო და ზემო შვირალა კი გლოლის ახალი დასახლებებია მდ. ჭანჭახის მარცხენა ნაპირზე. ძველ და ახალ გლოლას შორის აღმართულია მაღალკლდოვანი კონცხი — ყვირეთის ქედის ნაწილი. ამ ბორცვსა და მასზე ნაგებ ციხე-კოშკებს, ეკლესიას, „ზედქალაქს“ ეძახიან. აქ მაღლა გორაზე იდგა წმ. გიორგისა და მიქელ-გაბრიელის დარბაზული ეკლესიები. გლოლის ამ ეკლესიებზე ვახუშტი ბატონიშვილი წერს:

 
„შიგ ეკლესია, აღვსილი ოქრო-ვერცხლის ხატითა და ჯუარითა, და წიგნებითა, ძველთაგანვე ხიზნულნი.“

1902 წელს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ე. ვაშაკიძე მოიხსენიებს გლოლის წმინდა გიორგის ეკლესიაში თამარ მეფის ფრესკას, ამის შესახებ მოგვიანებით ს. მაკალათია დასწერს: „მთის რაჭა საზოგადოდ ღარიბია ფრესკოვანი ძეგლებით და გლოლის პატარა ეკლესია ამ კუთხეში ერთადერთი ძეგლია, რომელიც მართლაც შემკულია მაღალმხატვრული ფრესკებით[8].“ დღეს ეს ადგილი თავის სიძველეთა გადმონაშთებით ნანგრევებად არის ქცეული.

საყურადღებოა, რომ „ზედქალაქად“ წოდებული საგანგებოდ შერჩეული გლოლის მაღალკლდოვანი კონცხი, მასზე ნაგები ციხე-გალავნით, წარმოადგენდა აგრეთვე ძლიერ საბრძოლო-თავდაცვით და სათვალთვალო-სადაზვერვო სიმაგრეს, საიდანაც კარგად მოჩანდა მდ. ჭანჭახის ხეობით მიმავალი ყველა გზა, თითქმის მამისონის უღელტეხილამდე.

„ზედქალაქის“ ბორცვზე აღმართული ყოფილა ქვითკირით მყარად ნაგები რამდენიმე მაღალსართულიანი საგვარეულო საბრძოლო-თავდაცვითი დანიშნულების ციხე-კოშკი. თავის დროზე ეკლესიის წინ, სამხრეთით ბუბაშვილების ციხე-კოშკი იდგა, სამხრეთ-დასავლეთით ეკლესიას ჩიჩხაშვილების ციხე-კოშკი უმშვენებდა მხარს. სალოცავის ჩრდილო-აღმოსავლეთით გოგოჩიშვილების ციხე-კოშკი ყოფილა აღმართული, კონცხის დასავლეთით კი ბელაშვილების ციხე-კოშკი მდგარა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები
  3. ქართლის ცხოვრება. ტომი IV. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. გვ. 768. სახელმწიფო გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო.“ თბილისი 1973
  4. Кавказскій календарь на 1902 годъ, Тифлись, 1901, стр. 86.
  5. Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 143.
  6. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  7. ბ. ნიჟარაძე, ისტორიულ-ეთნოგრაფიული წერილები, ტ. 2, თბ., 1965, გვ. 50
  8. ს. მაკალათია, „მთის რაჭა“, თბ., 1987