წესი (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი)
წესი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: წესი და მუხლი).
სოფელი | |
---|---|
წესი | |
ბარაკონი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
თემი | წესი |
კოორდინატები | 42°32′20″ ჩ. გ. 43°12′06″ ა. გ. / 42.53889° ჩ. გ. 43.20167° ა. გ. |
დაარსდა | ადრინდელი ფეოდალური ხანა |
ცენტრის სიმაღლე | 700 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 461[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,8 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობს მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 700 მეტრი, ამბროლაურიდან 5 კილომეტრი. წესს აღმოსავლეთით ესაზღვრება ლიხეთი და სორი, დასავლეთით — კვაცხუთი, ხიმში და სადმელი, სამხრეთით მუხლი, ბარი და შუა სხვავა. ჩრდილოეთით ალპური საძოვრები. წესი მდიდარია თავისი ლანდშაფტური ნაირფეროვნებით, უღრანი ტყეებით, მდინარეთა ხეობებით, ცივი წყაროებით, სუფთა ჰაერით.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 461 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 628 | 298 | 330 |
2014[1] | 461 | 231 | 230 |
ისტორია
რედაქტირებაშუა და გვიანდელ ფეოდალურ ხანაში წესში რაჭის ერისთავთა რეზიდენცია იყო, აქ იდგა მათი კარის ეკლესია — ბარაკონი, რომელიც ადრინდელი ფეოდალურ ხანაში იყო აგებული. შემორჩენილია მისი ნანგრევები. წესი დასავლეთიდან ხიდიკრის კოშკით, ხოლო აღმოსავლეთიდან მინდაციხით იყო გამაგრებული.
1753 წელს ააგეს ბარაკონის ახალი გუმბათოვანი ეკლესია. შემორჩენილია აგრეთვე ფეოდალური ხანის რამდენიმე სიმაგრისა და ეკლესიის ნანგრევები.
წესი ასევე გამორჩეული იყო თავისი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობით. 1808 წელს წესში დაუბეჭდიათ საღმრთო წიგნი „სავედრებელი ღვთისმშობელისა“, ხოლო 1811 წელს „გამოკრებული სადღესასწაულო“. 1820-იან წლებში სოფელში ცხოვრობდა 60 ოჯახი.[3]
სახელწოდება
რედაქტირებასოფლის სახელის წარმოშობის შესახებ ხალხის სხვადასხვა ვერსია არსებობს: ერთი ვერსიით ვინმე ხიდიკარს რომ მოადგებოდა, ხიდის აქეთ-იქითა კოშკებიდან გუშაგები გამოდიოდნენ და გამვლელს ღვინით სავსე ჯამით რაჭის ერისთავის დღეგრძელობას თხოვდნენ - ასეთია ჩვენი წესიო. სხვა ვერსიით ხიდიკარში გამვლელებს ბაჟს ახდევინებდნენ, ხალხს არ მოსწონდა ეს და უკმაყოფილების გამოსახტავად ამბობდა - ეს რა წესიაო.
აგრეთვე გავრცელებულია აზრი, რომ ბარაკონზე ყოფილა თავისებური სასამართლო-სამსჯავრო, სადაც ხდებოდა გარკვეული წესების დადგენა და ამიტომაც დაერქვა სოფელს ეს სახელი.
ეკონომიკა
რედაქტირებასოფელ წესში არის საჯარო სკოლა, სპორტული კომპლექსი, რამდენიმე სავაჭრო ობიექტი. სოფელს არ ემსახურება ტრანსპორტი.
ცნობილი ადამიანები
რედაქტირებასოფელში დაიბადა ქართველი ბოლშევიკი, ტერორისტი არკადი ელბაქიძე.
ისტორიული ძეგლები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 310.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ ჟაკ ფრანსუა გამბა, „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ გვ. 194 — „განათლება“, თბილისი, 1987