ზურაბ მაისაშვილის ოდა
ზურაბ მაისაშვილის ოდა - კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი, XIX საუკუნის II ნახევრის საცხოვრებელი სახლი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესში.[1]
ზურაბ მაისაშვილის ოდა | |
---|---|
სახლის სურათი მარტში | |
კოორდინატები | 42°32′21″N 43°12′27″E / 42.539278° ჩ. გ. 43.207389° ა. გ. |
მდებარეობა | ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესში |
ტიპი |
|
სიმაღლე | 1 სართული |
გახსნის თარიღი | XIX საუკუნის II ნახევარი |
სახლი მდებარეობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის ტერიტორიაზე, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე გაშლილ ვაკე ადგილას. ეზო კარ-მიდამო დაახლ. 3900-4000 მ2 ფართობზეა განფენილი. სახლის ჩრდილოეთით მოქცეულია ხეხილიანი ბაღი (მათ შორის ასწლოვანი მსხლის ხეებით), ხოლო სამხრეთის მხრიდან ვენახი.
ეზოში შემორჩენილია ძველი, ხის საწნახელი და XIX საუკუნის ღრმა ჭა, რომელიც მიწის სიღრმეში ამოყვანილია რიყის ყვის წყობით, ხოლო მიწის ზემოთ წარმოდგენილია კირქვის თლილი კვადრებით ნაგები ცილინდრული კონსტრუქციის სახით. ერთსართულიანი ოდა-სახლი შედგება თელის ხის ფიცრებისგან ნაგები სამი, ანფილადურად განლაგებული ოთახისგან, რომელსაც ჩრდილოეთის მხრიდან მიუყვება მაღალოსტატურად შესრულებული, თეთრად შეღებილი ხის ჭვირული აივანი, სამხრეთით- ნაწილობრივ გახსნილი, ხის სვეტებიანი აივანი, ხოლო აღმოსავლეთით შემინული შუშაბანდი. ოთახები გამართულია დაბალ, ქვითკირის საფუძველზე, რომელშიც საჰაერო ღიობებია დატანებული.
აივნები დაფუძნებულია მოგვიანო პერიოდის, ბეტონის ბლოკისებრ „ხიმინჯებზე“ (სავარაუდოდ, თავდაპირველი საყრდენები ხის ან ქვის ხიმინჯები უნდა ყოფილიყო). აღმოსავლეთის მხარეს მდებარე ოთახის სამხრეთ კედელში დატანებულია დეკორატიულად გაფორმებული ბუხარი, რომლის გათლილი კირქვის კვადრებით ამოყვანილი ფორმები სამხრეთის კედლის გარე მასებზე იკითხება. ოთახების კედლებში დატანებულია რამდენიმე, ოთახებსშორის და აივნებზე გამავალი კარები და დარაბებიანი ფანჯრები. სახლის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში მოქცეულია მცირე ზომის „სათაფლე“ ოთახი, სადაც რამდენიმე რეგისტრად შემორჩენილია ხის თაროები. სახლს გააჩნია ოთხფერდა თუნუქის სახურავი. მიწისძვრის შედეგად სახლის სამხრეთ-დასავლეთი მონაკვეთი და შუა ოთახში მდებარე ბუხარი ძლიერ დაზიანდა. ამ ადგილების რეაბილიტაცია განხორციელდა თანამედროვე მასალების (ბლოკი, ქვიშა-ცემენტის ხსნარი) გამოყენებით.
სახლის მფლობელი, გამოჩენილი რაჭველი ინჟინერი, მეწარმე და ქველმოქმედი ზურაბ მაისაშვილის შვილებსა საკმაოდ ახლო მეგობრული და ნათესაური კავშირი ჰქონდათ ქართველ კომუნისტებთან რევოლუციამდე. აბელ ენუქიძე, არკადი ელბაქიძე, კამო და სხვები ციხიდან გაქცევის პირობებში იმალებდნენ რაჭაში ზურაბ მაისაშვილი ოდა-სახლში. ეკატერინე სვანიძესთან ნათესაური კავშირის გამო ის და მისი პირველი შვილი ვასილ ჯუღაშვილი ამ სახლში ცხოვრობდნენ 1907 წლის ზაფხული. [2]
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ შემდეგ ამ სახლის მკვიდრს ყველანაირი ქონება და სიმდიდრე ჩამოართვეს, სახლის უდიდესი ნაწილიც დაშალეს, ხოლო ოჯახი გადასახლებას და დახვრეტას ძველი დამსახურებების გამო გადაურჩა. [2]
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ამ სახლის მაშინდელმა მკვიდრმა კოტე მაისაშვილმა გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში. იარაღი და ტყვია-წამალი, რომელიც უნდა გამოეყენებინათ ამ სახლში იმალებოდა, თუმცა განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე იარაღი და ტყვი-წამალი ჩეჩმაში დაიმარხა, ხოლო კოტე მაისაშვილი დაიჭირეს. კოტე მაისაშვილს დახვრეტა ეკუთნოდა, თუმცა რაჭის მაზრის ხელმძღვანელის არკადი ელბაქიძის ძმის თანასოფლელობის და ახლო კავშირის გამო ის გადაურჩა სიკვდილს. [2]
2019 წელს სახლს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. [2]
გალერეა
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 26461
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ძეგლების ნუსა,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 ზურაბ მაისაშვილის ოდა-სახლი, ჟურნალი „იბერია“