რიონი

მდინარე საქართველოში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რიონი (მრავალმნიშვნელოვანი).

რიონიმდინარე დასავლეთ საქართველოში. სიგრძე 327 კმ, მდინარის აუზის ფართობი 13 400 კმ². სათავე აქვს კავკასიონის სამხრეთ კალთაზე ფასის მთაზე, ზღვის დონიდან 2960 მ. ერთვის შავ ზღვას ფოთთან. სათავიდან სოფელ გლოლამდე მიედინება სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ განიერ, ღრმა ხეობაში, რომელიც მდინარე ზოფხიტურის შეერთებამდე ტროგულია. ივითარებს განიერ ჭალას და იტოტება. ადგილ საგლოლოს ქვემოთ მიედინება ჯერ სამხრეთისკენ, შემდეგ — სამხრეთ-დასავლეთისკენ ღრმა და ვიწრო ხეობაში, ივითარებს ვიწრო წყვეტილ ჭალას. ონთან უხვევს დასავლეთისკენ და მიედინება სოფელ ალპანამდე. ხეობა აქ ღრმა და განიერია, აქვს ფართო ჭალა, რომელიც წყალდიდობის დროს თითქმის მთლიანად იტბორება. მდინარე იტოტება და წარმოშობს კუნძულებს. ჩამოყალიბებულია ტერასები, რომელთა სიმაღლე 2-3-იდან 20-35 მ-მდეა, სიგრძე 2-3 კმ, სიგანე რამდენიმე ასეული მეტრია. ტერასებზე გაშენებულია სოფლები, ბაღ-ვენახები, ბოსტნები და ნათესები. ხეობა ზოგან შევიწროებულია, ქმნის კლდეკარს (ხიდიკრის კლდეკარი). სოფელ ალპანიდან რიონი მკვეთრად უხვევს სამხრეთისკენ და ვიწრო ხეობაში გაედინება, მხოლოდ ალაგ-ალაგ განივრდება და იტოტება. სოფელ ტვიშთან ქმნის ღრმა კლდეკარს. ქუთაისის ქვემოთ, კოლხეთის დაბლობზე გამოდის, ივითარებს განიერ ჭალას, იტოტება და წარმოშობს კუნძულებს.

რიონი

რიონი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე, იმერეთის მხარე, გურიის მხარე
ქალაქები ონი, ამბროლაური, ქუთაისი, ვანი, ფოთი
სათავე კავკასიონი (საქართველო)
42°53′09″ ჩ. გ. 43°21′00″ ა. გ. / 42.88583° ჩ. გ. 43.35000° ა. გ. / 42.88583; 43.35000
სათავის მდებარეობა ფასის მთა
სათავის სიმაღლე 2960 მ
შესართავი შავი ზღვა (საქართველო)
42°11′03″ ჩ. გ. 41°38′10″ ა. გ. / 42.18417° ჩ. გ. 41.63611° ა. გ. / 42.18417; 41.63611
შესართავის მდებარეობა ფოთი
შესართავის სიმაღლე 0 მ
სიგრძე 327 კმ
აუზის ფართობი 13 400 კმ²
რიონი — საქართველო
რიონი
რიონი
— სათავე, — შესართავი
რიონი ვიკისაწყობში
მდინარე რიონი ქუთაისის ცენტრში

რიონი სოფელ ვარციხესთან უხვევს დასავლეთისკენ და ამ მიმართულებით მიედინება შესართავამდე. განსაკუთრებით განიერია ჭალა ვარციხიდან სოფელ ბაშამდე. აქ ის დატოტვილია, წარმოშობს მრავალ კუნძულს, რომელთა ნაწილი წყალდიდობის დროს იტბორება.

სოფელ ბაშს ქვემოთ რიონი ნაკლებ დატოტვილია, სოფელ საჯავახოს ქვემოთ კალაპოტი რამდენადმე ღრმავდება, ინტენსიურად იკლაკნება. სოფელ ჯაპანასთან წარმოქმნის ნამდინარევ ტბებს (ნარიონალებს). ქვემო დინებაში მოქცეულია ხელოვნურ ჯებირებსა და მიწაყრილებს შორის, რაც იმითაა გამოწვეული, რომ დასავლეთის ძლიერი ქარების დროს ხდება წყლის მოდენა და რიონი არა თუ ვერ ერთვის ზღვას, მასზე საწინააღმდეგო დინებაც კი ვითარდება, რაც შესართავიდან რამდენიმე კმ-ზე ვრცელდება, მდინარე გუბდება და ნაპირიდან გადმოდის.

რიონის მთავარი შენაკადებია მარჯვენა: საკაურა, ლუხუნი, რიცეულა, ლაჯანურა, გუბისწყალი, ცხენისწყალი, ტეხური, ცივი; მარცხენა: ჭანჭახი, ღარულა, ჯეჯორა, ლეხიდარი, ყვირილა, ხანისწყალი, სულორი, ყუმური, ხევისწყალი.

რიონის აუზი ლანდშაფტების მრავალფეროვნებით ხასიათდება. ეს არსებით გავლენას ახდენს მის ჰიდროლოგიურ რეჟიმზე. იგი საზრდოობს მყინვარული, თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით.

წყალდიდობა გაზაფხულ-ზაფხულზეა, რაც გამოწვეულია სეზონური თოვლისა და მყინვარების დნობით, აგრეთვე წვიმებით. წყალდიდობა ზემო დინებაში იწყება აპრილის დასაწყისში, შუაწელში — მარტის პირველ ნახევარში, ხოლო ქვემოთ — თებერვლის ბოლოს. წყალდიდობის მაქსიმუმი ზემო დინებაში შუა ივნისშია, შუაწელში — მაისის ბოლო დეკადაში, ქვემოთ — მაისის დასაწყისში. წყალდიდობა გრძელდება აგვისტოს ბოლომდე. სექტემბრის ბოლოს იწყება თავსხმა წვიმებით გამოწვეული წყალდიდობა, რომელიც მაქსიმუმს ოქტომბერ-ივნისში აღწევს. ყველაზე დაბალი დონეა ზამთარში (დეკემბერ-თებერვალში). მაგრამ ქვემოთ დინებაში იგი ირღვევა წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნებით.

რიონი ქუთაისთან

რიონის საშუალო წლიური ხარჯი გლოლასთან 27,3 მ³/წმ, ქუთაისთან 134 მ³/წმ, საქოჩიკიძესთან — 406 მ³/წმ, მაქსიმალური ხარჯი გლოლასთან 345 მ³/წმ, ქუთაისთან — 1440 მ³/წმ, საქოჩაკიძესთან — 3000 მ³/წმ, მინიმალური ხარჯი გლოლასთან — 16 მ³/წმ, ქუთაისთან — 22,0 მ³/წმ, საქოჩაკიძესთან — 34,0 მ³/წმ.

რიონის ჩამონადენი წყლის სეზონების მიხედვით: გაზაფხულზე წლის ჩამონადენის 38,8 %, ზაფხულში - 28,5 %, შემოდგომაზე — 18,4 %, ზამთარში — 14,3 %. ჩამონადენის განაწილება საზრდოობის კომპონენტების მიხედვით ასეთია: მიწისქვეშა წყლებისა — 34,7 %, წვიმისა — 32,5 %, თოვლისა — 28,2 %, მყინვარული წყლებისა — 4,6 %. რიონს შავ ზღვაში წლიურად 12,9 კმ³ წყალი და დიდი რაოდენობით მყარი ჩამონადენი შეაქვს. მყარი ჩამონადენის საშუალო წლიური ოდენობა იზრდება სათავიდან შესართავისაკენ: სოფელ ღებთან იგი შეადგენს 96 ათ. ტ, ხიდიკართან — 2,2 მლნ. ტ, სოფელ ნამოხვანთან — 4,9 მლნ. ტ, საქოჩაკიძესთან — 6,9 მლნ. ტ.

რიონზე იცის ყინულნაპირისი, ძგიფი, თოში, ყინულსვლა. ზემო და შუა დინებაში, განსაკუთრებით მკაცრ ზამთარში, ზოგან წარმოიქმნდება ყინულსაფარი.

რიონის წყალი ხასიათდება საშუალო მარილიანობით (150-300 მგ/ლ) და იონური შემადგენლობის მიხედვით ჰიდროკარბონატულ კლასს მიეკუთვნება. მდინარეზე აგებულია ჰიდროელსადგურები: რიონჰესი, გუმათჰესი I, გუმათჰესი II, ვარციხეჰესი. ჰესები აგებულია შენაკადებზეც: ლაჯანურჰესი, შაორჰესი, ტყიბულჰესი. რიონი და მისი შენაკადები გამოყენებულია სარწყავად (მაშველისა და აჯამეთის არხები), აგრეთვე ყოფილი ფაბრიკებისა და ქარხნების წყალმომარაგებისათვის. რიონის ნაპირას გაშენებულია ქალაქები: ონი, ამბროლაური, ქუთაისი, სამტრედია, ფოთი.

მდინარის ძველი სახელწოდება

რედაქტირება

ფასისი მდინარე რიონის ძველი ბერძნული სახელწოდებაა. ფასისად მოიხსენიება მდინარე რიონის ნაწილი ყვირილას შესართავამდე, ასევე მდინარეების: ყვირილასა და ძირულას მონაკვეთები. ფასისზე გადიოდა სავაჭრო მაგისტრალის მონაკვეთი შავსა და კასპიის ზღვებს შორის. ძველი ბერძნები ფასისს ევროპისა და აზიის საზღვრად მიიჩნევდნენ. ძველ მსოფლიოში ფასისი და კოლხეთის სამეფო (კოლხეთი) ხშირად ერთ ცნებად აღიქმებოდა. რომაელთა ძლიერების ხანაში ფასისი მათი სამფლობელოების ჩრდილოეთი ზღვარი იყო. ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ფასისი და კოლხეთი იასონისა და არგონავტთა მოქმედების არეალია.

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: