კოლხეთის დაბლობი
კოლხეთის დაბლობი — დაბლობი საქართველოში. წარმოადგენს კოლხეთის ბარის დაბალ ნაწილს; მოიცავს აკუმულაციურ ვაკე-დაბლობსა და მიმდებარე სტრუქტურულ-ეროზიულ გორაკ-ბორცვებს ზღვის დონიდან 200 მ-მდე. პირველი აგებულია პლეისტოცენური და ჰოლოცენური თიხნარებით, ქვიშებითა და რიყნარით, მეორე — დისლოცირებული კაინოზოური ასაკის ნალექებით. კოლხეთის დაბლობი ოდნავ დახრილია შავი ზღვისაკენ და გადაკვეთილია მცირე სიღრმის ხეობებით. იგი სამკუთხედის ფორმისაა, ფუძით შავ ზღვას ებჯინება, ხოლო წვერი ქალაქ ზესტაფონთან აქვს. აჭარასა და აფხაზეთში კოლხეთის დაბლობი ვიწრო ზოლად ვრცელდება. კოლხეთის დაბლობზე ზღვიური ტენიანი სუბტროპიკულ ჰავაა. იანვრის საშუალო ტემპერატურა 3,5–4-იდან 6–6,5°C-მდეა, აგვისტო 22–23°C. აბსოლუტური მინიმალური –8–10°C-მდეა, აბსოლუტური მაქსიმალური 37–38°C. იცის აღმოსავლეთის და დასავლეთის ქარები. დამახასიათებელია ფიონები და ბრიზები. აჭარის სანაპიროზე წელიწადში 2500 მმ ნალექი მოდის. აღმოსავლეთისკენ ნალექები მცირდება 1200 მმ-მდე.
კოლხეთის დაბლობი | |
---|---|
კოორდინატები: 42°15′35″ ჩ. გ. 42°27′11″ ა. გ. / 42.259917° ჩ. გ. 42.453306° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
სიმაღლე | 150–200 მ |
სიგრძე | 153 კმ |
სიგანე | 115 კმ |
ჰიდროგრაფია | რიონი |
კლიმატი | სუბტროპიკული |
ლანდშაფტი | სუბტროპიკული ლანდშაფტი |
კოლხეთის დაბლობის მთავარი მდინარეა რიონი და მისი შენაკადები: ყვირილა, ხანისწყალი, ცხენისწყალი, ტეხური და სხვა. კოლხეთის დაბლობს ეკუთვნის მდინარეების ენგურის, კოდორის, სუფსისა და ნატანების ქვემო დინებები. მდინარეები საზრდოობს წვიმის, თოვლის, მიწისქვეშა და მყინვარული წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა. ბევრია ტბა. კოლხეთის დაბლობზე გავრცელებულია სუბტროპიკული ეწერი, ალუვიური, ჭაობიანი და ტორფიან-ჭაობიანი ნიადაგები. გორაკ-ბორცვებზე წითელმიწები და ყვითელმიწებია. დაბლობის ზღვისპირა ნაწილში ჭაობიანი ტყეებია, ჭარბობს მურყანი და ტირიფი. დაუჭაობებელ ნაწილში კოლხური ტყის ნარჩენებია, რომლის მთავარი ჯიშებია: მუხა, რცხილა, წიფელი, წაბლი, ლაფანი, ძელქვა. გავრცელებულია მარადმწვანე ბუჩქები და ლიანები.
კოლხეთის დაბლობზე ბინადრობს გარეული ღორი, კურდღელი, მელა, შველი, მგელი, კვერნა, წავი; ფრინველებიდან კოლხური ხოხობი, გარეული ბატი, გარეული იხვი, ტყის ქათამი და სხვა. კოლხეთის დაბლობზე არის კოლხიდის, აჯამეთის, სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალები.
კოლხეთის დაბლობისათვის დამახასიათებელია ნოტიო სუბტროპიკული ტიპის ლანდშაფტი, რომელშიც გამოიყოფა ლანდშაფტის ქვეტიპი: ნოტიო სუბტროპიკული ვაკე-დაბლობი და დაბალი სტრუქტურულ-ეროზიული გორაკ-ბორცვები ლიანებიანი კოლხური ტყის ნაშთებითა და სუბტროპიკული ეწერი და დაჭაობებული ნიადაგებით. თავის მხრივ, აღნიშნული ქვეტიპი ლანდშაფტის რამდენიმე სახეს აერთიანებს. კოლხეთის დაბლობის უდიდესი ნაწილი მჭიდროდ არის დასახლებული და მაქსიმალურად არის ათვისებული მეურნეობისათვის.
ლიტერატურა
რედაქტირება- დევდარიანი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 595.
- მარუაშვილი ლ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, ნაწ. 1-2, თბ., 1969-1970;
- სანებლიძე მ., უკლება დ., ჯაყელი ქ., საქართველოს ლანდშაფტური რუკა, თბ.-მ., 1970