ტერმინს „ლაფანი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ლაფანი (მრავალმნიშვნელოვანი).

ლაფანი, ლაფნის ხე (Pterocarya) — ზაფხულმწვანე მერქნიან მცენარეთა გვარი კაკლისებრთა ოჯახისა. 35 მ-მდე სიმაღლის ერთსახლიანი ხეებია. დაკიდებულ მჭადა ყვავილედში შეკრებილია ერთსქესიანი ყვევილები. ნაყოფობისას მჭადა დიდდება (ზოგჯერ 0,5 მ-მდე), გრძელი მტევნის მსგავსად ჩამოეკიდება ხოლმე ხეს და ძალიან ალამაზებს მას. ლაფნის 11-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიის სუბტროპიკულ და ზომიერად თბილ ქვეყნებში. სახეობათა უმრავლესობა თავმოყრილია აღმოსავლეთაზიაში, იზრდება მთის ხეობებში და ზოგან ზღვის დონიდან 3500 მ ქღწევს.

ლაფანი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  კაკლისებრნი
გვარი:  ლაფანი
ლათინური სახელი
Pterocarya

საქართველოში ბუნებრივად იზრდება მხოლოდ 1 რელიქტური სახეობა — კავკასიური ლაფანი (Pterocarya pterocarpa), კულტივირებულია 3 უცხოური სახეობა. კავკასიური ლაფანი უფრო ამიერკავკასიის დასავლეთ ნაწილშია გავრცელებული. აღმოსავლეთ ნაწილში იგი გვხვდება ალაზან-აგრიჩაის ვაკეზე, თალიშში, მცირე რაოდენობით - სამხრეთ დაღესტანში და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზერბაიჯანში კასპიისპირეთში.

მისი არეალი გრძელდება ლაზისტანსა და ირანის კასპიისპირეთში. იზრდება დაბლობიდან მთის ქვემო სარტყლამდე, ზღვის დონიდან 500-800 მ-მდე, უფრო ხშირად მდინარის და ნაკადულის ნაპირებზე, ალუვიურ ნიადაგზე. ჩვეულებრივ შერეულია ფოთლოვან ტყეში მურყანთან, თელადუმასთან, აღმოსავლურ წიფელთან, კავკასიურ რცხილასთან, იფანთან, ქორაფთან, ლენქორანულ ალბიციასთან და სხვა. მისი წმინდა კორომები — ლაფნიანები იშვიათია.

სწრაფმზარდია, სრულასაკოვანი ხის (60-80 წლის) წლიური ნაზარდი სიმაღლეში თითქმნის 1 მ აღწევს. ყვავილობს აპრილ-მაისში, მსხმოიარობს სექტემბერ-ოქტომბერში. უხვად ივითარებს ძირკვიდან ამონაყარს. ცოცხლობს 250 წლამდე. დეკორატიული ხეა, რგავენ ხეივნებად, ეულად, ტენიან ადგილებში ტყის გასაშენებლად, მდინარისა და წყალსატევების ნაპირების გასამაგრებლად. ფოთოლი და ქერქი ყავისფერ საღებავს და მთრომლავ ნივთიერებებს შეიცავა. ფოთოლში არის აგრეთვე C ვიტამინი და შხამიანი ნივთიერება. თეთრი, რბილი და მექნისაგან ჯამებს, გობებსა და სხვა ნივთებს აკეთებენ. ბევრგანაა გაშენებული ბაღ-პარკებში. ამრავლებენ თესლით და ვეგეტატიურად.

ლიტერატურა რედაქტირება