ცხენისწყალი
ცხენისწყალი — მდინარე დასავლეთ საქართველოში. სათავე აქვს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მწვერვალ ფასისმთის დასავლეთით, ზღვის დონიდან 2710 მ სიმაღლეზე, ერთვის რიონს მარჯვენა მხრიდან სოფელ საჯავახოსთან. სიგრძე 176 კმ, აუზის ფართობი 2120 კმ². ცხენისწყლის შუა და ზემო დინება კავკასიონის სამხრეთ კალთაზე მოედინება, ქვემო — კოლხეთის დაბლობზე. საზრდოობს თოვლის, წვიმის, მიწისქვეშა და მყინვარული წყლით. გაზაფხულ-ზაფხულში ახასიათებს წყალდიდობა (ჩამოედინება წლიური ჩამონადენის 70 %), ზამთარში — წყალმცირობა (10 %), შემოდგომაზე — წყალმოვარდნა (20 %).
ცხენისწყალი | |
---|---|
ცხენისწყალი ცაგერში | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე, იმერეთის მხარე |
ქალაქები | ცაგერი |
მარჯვენა შენაკადები |
ზესხო ხელედულა ჯონოულა |
მარცხენა შენაკადები |
ღობიშური ლეუშერი ხოფური |
სათავე |
სვანეთის კავკასიონი 42°54′03″ ჩ. გ. 43°18′43″ ა. გ. / 42.90083° ჩ. გ. 43.31194° ა. გ. |
სათავის მდებარეობა | მწვერვალ ფასისმთის დასავლეთით |
სათავის სიმაღლე | 2710 მ |
შესართავი |
რიონი 42°07′31″ ჩ. გ. 42°17′58″ ა. გ. / 42.12528° ჩ. გ. 42.29944° ა. გ. |
შესართავის მდებარეობა | სოფელ საჯავახოსთან |
სიგრძე | 176 კმ |
აუზის ფართობი | 2120 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 90,4 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
ცხენისწყალი ვიკისაწყობში |
წყალდიდობა ქვემო დინებაში თებერვალ-მარტში იწყება, ზემო დინებაში — აპრილში. წყალდიდობის მაქსიმუმი მაის-ივლისშია, რის შემდეგ დონე იკლებს აგვისტოს ბოლომდე. აუზის მთიან ნაწილში წყალმცირობა 4-5 თვე გრძელდება (ნოემბრიდან მარტამდე). ქვემო დინებაში წყალმცირობა არამდგრადია, ხშირია წვიმებითა და თოვლის დნობით გამოწვეული წყალმოვარდნები. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 90,4 მ³/წმ. ცხენისწყალი ყოველწლიურად რიონს უერთებს 2,84 კმ³ წყალს. ყინულოვანი მოვლენები — ყინულნაპირისი და თოში — იცის ზემო და შუა დინებაში. მდორე დინების ცალკეულ მონაკვეთებზე წარმოიქმნება ყინულსაფარი, რომელიც 5-6 დღეს გრძელდება.
ცხენისწყლის უმთავრესი შენაკადებია: ზესხო, ხელედულა, ჯონოულა (მარჯვ.), ღობიშური, ლეუშერი, ხოფური (მარცხ.). ზემო და შუა დინებაში იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად, წისქვილების ასამუშავებლად, ენერგეტიკისთვის, ქვემო დინებაში — სარწყავად. ცხენისწყლის ნაწილი გადაგდებულია მდინარე ლაჯანურაში ლაჯანურჰესის ასამუშვებლად, რისთვისაც ქალაქ ცაგერთან კაშხალია აგებული.
ცხენისწყალზე მდებარეობს ქალაქი ცაგერი.
ლიტერატურა
რედაქტირება- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 251.