სვანეთის კავკასიონი
სვანეთის კავკასიონი — კავკასიონის მონაკვეთი ფასისმთისა (აღმოსავლეთით) და დალარის უღელტეხილის (დასავლეთით) მერიდიანებს შორის. ჩრდილოეთით ისაზღვრება კავკასიონის მთავარი ქედის თხემით მდინარე დალარის სათავეებიდან მდინარე ცხენისწყლის სათავეებამდე, სამხრეთით და აღმოსავლეთით მდინარეების თხეიშის, ხელედულისა და ცხენისწყლის ხეობებით, დასავლეთით — აფხაზეთ-სვანეთის ქედით.
სვანეთის კავკასიონი აგებულია კამბრიულისწინა, პალეოზოური და მეზოზოური ნალექებით. გავრცელებულია აგრეთვე მეოთხეული ნალექები. სვანეთის კავკასიონი კავკასიონის სხვა მონაკვეთებისაგან გამოირჩევა ბუნების სიმშვენიერით და მას ზოგჯერ სვანეთის ალპებს უწოდებენ. გაბატონებულია საშუალ- და მაღალმთის მთა-ხეობათა რელიეფი. ძირითადია კავკასიონის მთავარი ქედი, რომელიც აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით, გნაისებით, კრისტალური ფიქლებით; გამოირჩევა დიდი აბსოლუტური სიმაღლით, ძლიერ დანაწევრებული თხემით, კონუსისებრი შიშველი, ფრიალო კიდეებითა და თანამედროვე მყინვარებით. აღმართულია 4500 მ-ზე მაღალი მწვერვალები, თოვლ-ყინულით დაფარული უღელტეხილები.
მთავარი ქედის სამხრეთ განშტოებებიდან აღსანიშნავია: აფხაზეთ-სვანეთის, შდავლერის, ცალგმილის, უშბის, გვალდის, ნამკოდრის, უღვირ-ზაგარის, ლაქუცის, კარეტისა და სხვ., რომლებიც გამოირჩევა ალპური ლანდშაფტით. მნიშვნელოვანი ელემენტია გვერდითი სვანეთის ქედი. სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედისა და მისი განტოტებების კალთები ძლიერ დასერილია მრავალი მთის მდინარის ღრმა და ვიწრო ეროზიული ხეობით. მსხვილი ოროგრაფიული ერთეულებია მდინარეების ცხენისწყლისა და ენგურის ხეობები. უკანასკნელი ზემო დინებაში გასწვრივია, ფართო და ქვაბულისებრი (მესტიის ქვაბული). მდინარეების ცხენისწყლისა და ხელედულის ხეობებიც ფართოა, აქვთ ქვაბულის მოყვანილობა (ქვემო სვანეთის ქვაბული).
სვანეთის კავკასიონზე ჰავის სიმაღლებრივი ზონალურობაა. ზემო და ქვემო სვანეთში ქვაბულების ფსკერზე საშუალო წლიური ტემპერატურა 5,7 °C-დან 9,4 °C-მდეა, იანვარში – 1,8 °C-დან — 6 °C-მდე მერყეობს, ივლისში 18,4 °C-დან 20 °C-მდეა; აბსოლუტურ მინიმალური - 26 °C-დან -35 °C-მდეა, აბსოლუტურ მაქსიმალური 35-39 °C. უკიდურეს სამხრეთ ნაწილში ჰაერის ტემპერატურები უფრო მაღალია. სიმაღლით ტემპერატურები კანონზომიერად ეცემა. სვანეთის კავკასიონის დაბალ ნაწილში 1000-1250 მმ ნალექი მოდის წელიწადში, მთებში 2000 მ-ს აღემატება. სვანეთის კავკასიონი გამოირჩევა ხშირი ჰიდროგრაფიული ქსლით, წყალუხვი მდინარეებითა და მყინვარების სიუხვით. ძირითადი არტერიაა მდინარე ენგური. მდინარეების უმეტესობა გარდა თოვლის, წვიმისა და გრუნტის წყლისა, საზრდოობს მყინვარების წყლით. წყალდიდობა გაზაფხულ-ზაფხულშია, წყალმცირობა — შემოდგომა-ზამთარში. სვანეთის კავკასიონზე 100-ზე მეტი მყინვარია. სვანეთის კავკასიონი მდიდარია მინერალური წყლებით.
ნიადაგურ-მცენარეული საფარიც სიმაღლებრივ ზონებს ქმნის. ზღვის დონიდან 1800-2000 მ-მდე ტყის ტიპურ და გაეწრებულ ყომრალ ნიადაგებზე გავრცელებულია კოლხური ტიპის შერეული ფოთლოვანი ტყეები, 1000-1200 მ-ს ზემოთ წარბობს წიფელი და წიწვიანი ჯიშები. წიწვიანები გაბატონებულია 1200-1800 მ-მდე. მდინარე ენგურის აუზის აღმოსავლეთ ნაწილში მუქწიწვიანებში ჭარბობს ნაძვი, დასავლეთ ნაწილში — სოჭი.
ტყის ზედა საზღვართან არის არყის, ცირცელის, მაღალმთის მუხის, წიფლისა და ნეკერჩხლის ტანბრეცილი ტყეები. 2000-2100 მ-ს ზემოთ მთის მდელოს ნიადაგებზე სუბალპური და ალპური მდელოები და ხალებია, 2800-3000 მ-ს ზემოთ მარადთოვლიანი ზონაა.
ლიტერატურა
რედაქტირება- უკლება დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 310.