არყი, არყის ხე (ლათ. Betula) — ფოთოლმცვივანი ხეებისა და ბუჩქების გვარი არყისებრთა ოჯახისა, რომელიც 20 მ სილაღლემდე იზრდება. ქერქი თეთრია ან ყომრალი. მორიგეობით განლაგებული მომრგვალო მარტივი ფოთლები კიდემთლიანია. ყვავილები შეკრებილია მჭადა ყვავილებად. ნაყოფი ბრტყელი კაკალია, რომელსაც ორი აპკისებრი ფრთა აქვს. მრავლდება თესლითა და ძირკვის ამონაყარით. ცნობილია 130-მდე პოლიმორფული სახეობა, რომლებიც გვხვდება ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ და ცივ სარტყელში აგრეთვე სუბტროპიკულ მთებში.

არყი

მტირალა არყი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანები
რიგი:  წიფლისნაირნი
ოჯახი:  არყისებრნი
გვარი:  არყი
ლათინური სახელი
Betula L., 1753
სინონიმები
  • Betulaster Spach, 1841
  • Apterocaryon Opiz, 1855
  • Chamaebetula Opiz, 1855
გავრცელება

საქართველოში 5 სახეობაა. აჭარა-გურიაში მთის ზედა სარტყელსა და სუბალპურ ტანბრეცილ ტყეებში გვხვდება მედვედევის არყი (Betula medwedewii); კოლხეთის ენდემი მეგრული არყი (Betula megrelica) გავრცელებულია სამეგრელოსა და სვანეთის მთებში; რადეს არყი (Betula raddeana) — კავკასიონის ჩრდილოეთ კალთების ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში; თეთრი (ლიტვინოვის) არყი (Betula pubescens) ყველაზე გავრცელებული სახეობაა, დიდი რაოდენობითაა კავკასიონის და სამხრეთ მთიანეთის კალთებზე, ხოლო მეჭეჭიანი ანუ მტირალა არყი (Betula pendula) კავკასიაში ყველგან გვხვდება.

არყი სინათლის მოყვარული და ტენის მომთხოვნია. ზოგი სახეობა შედარებით მშრალ პირობებს ეგუება, სიცივისა და ყინვის ამტანია. ცოცხლობს 150 წელზე მეტს. ქმნის წმინდა კორომებს (არყნარებს) ან შერეულია სხვა მერქნიან მცენარეებთან. მერქანს იყენებენ საფანერო და საავეჯო წარმოებაში, მანქანათმშენებლობაში ზოგიერთი დეტალისათვის. არყის წვენი შეიცავს შაქარს და იყენებენ ბურახისა და სიროფის დასამზადებლად. კვირტები და ფოთლები იხმარება მედიცინაში.

არყის ფოთლები შეიცავს ეთერზეთს, საპონინებს, C-ვიტამინს. კვირტები შეიცავს ეთეროვან ზეთებს, რომელიც წარმოადგენს ყვითელ სითხეს სასიამოვნო ბალზამური სუნით.

ნედლეულს გააჩნია ძლიერი ბაქტერიოციდური, ანტისეპტიკური, ნაღველმდენი და შარდმდენი მოქმედება, ხალხში არყის ფოთლებს იყენებენ აბაზანებისათვის რადიკულიტისა და რევმატიზმის დროს, თმის ზრდის დასაჩქარებლად ფოთლების ნახარშით იბანენ თავს. დადგენილია არყის ახალი ფოთლების ანთების საწინააღმდეგო მოქმედება სიყვითლის და თირკმლების კოლიტისას. ფოთლების გამონახარშს იყენებენ გულსისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეული შეშუპებისას.

არყის მერქნის აქტივირებულ ნახშირს ხმარობენ როგორც აბსორბენტ საშუალებას მუცლის შებერვისას და სხვადასხვა მოწამვლებისას. არყის ხის წვენი საუკეთესო ვიტამინური საშუალებაა. ადამიანები, რომლებიც მუდმივად მოიხმარენ წვენს, არ უჩივიან მარილების დაგროვებასა და ქოლესტერინს.

არყის ხის სოკოს იყენებენ კუჭნაწლავის დაავადებების დროს ნაყენების და ექსტრაქტების სახით, აგრეთვე ავთვისებიანი ახალწარმონაქმნებისას.

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=არყი&oldid=4200770“-დან