ვარციხის ჰიდროელექტროსადგურების კასკადი

ჰიდროელექტროსადგური საქართველოში
(გადამისამართდა გვერდიდან ვარციხეჰესი)

ვარციხის ჰიდროელექტროსადგურების კასკადი — საქართველოს ერთ-ერთი მძლავრი სეზონური ჰიდროელექტროსადგურების კომპლექსი. მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე. სადგურის ჯამური საპროექტო დადგმული სიმძლავრეა 184 მეგავატი, ელექტროენერგიის გამომუშავება – 1 მილიარდი კვტ·სთ; კასკადი შედგება 4 ჰესისაგან. პირველი ჰესი ექსპლუატაციაში შევიდა 1976, მეორე – 1978, მესამე – 1980, მეოთხე – 1988 წელს. გამოყენებულია მდინარე რიონის წყლის ვარდნა მის ქვემო წელზე – რიონჰესის გადამგდები არხიდან მარჯვენა შენაკად მდინარე გუბისწყლის შესართავამდე. ამ მონაკვეთზე მდინარე რიონის ვარდნა 64,5 მეტრს შეადგენს.

ვარციხის ჰესების შემადგენლობაშია: დაბალზღურბლიანი დასაშლელი კაშხალი, რომელიც აშენებულია მდინარე რიონზე, სოფელ გეგუთში (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) 1976 წლის დეკემბერში, წარმოქმნის ვარციხის წყალსაცავს, კაშხალის სიგრძეა 98 მ, სიმაღლე – 21,2 მ; წყალმიმღები გამრეცხი გალერეები; მიწაყრილის ყრუ კაშხალი (სიგრძე – 44,7 მ, სიმაღლე – 11 მ); მარჯვენა სანაპირო დამბა (სიგრძე – 2387 მ); დერივაციის ტრასა, რომელიც მიჰყვება მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროს (საერთო სიგრძე – 27,15 კმ), შედგება 4 მონაკვეთისაგან, თითოეული მონაკვეთის ბოლოს განლაგებულია კასკადში შემავალი ჰესები. ვარციხის ჰესების კასკადის თითოეული ელექტროსადგურის საპროექტო დადგმული სიმძლავრეა 46 მეგვტ, მაქსიმალური დაწნევა – 15 მ, ელექტროენერგიის გამომუშავება – 250 მილიონი კვტ·სთ. ცალკეულ ჰესში დადგმულია ორ-ორი მოსაბრუნებელფრთებიანი ტურბინა, თითოეული 23 მეგვტ სიმძლავრისა. გამომუშავებული ელექტროენერგია 110 კვ-იანი გადამცემი ხაზების საშუალებით მიეწოდება საქართველოს ენერგოსისტემას.

1996 წლის 17 დეკემბერს ვარციხის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის ბაზაზე შეიქმნა სააქციო საზოგადოება „ვარციხეჰესების კასკადი“. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2005 წლის დამდეგს განხორციელდა ჰესის პრივატიზაცია. 2006 წლის მაისიდან სააქციო საზოგადოება შპს-დ გარდაიქმნა და დაერქვა „ვარციხე-2005“. 2007 წლის 1 იანვრიდან შედის ჰოლდინგურ კომპანია შპს „ჯორჯიან მანგანეზში“.

ვარციხეჰესების კასკადის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია

რედაქტირება
წელი ელექტროენერგია

(მლნ. კვტ·სთ)

1977 61,1
1980 360,6
1985 543,6
1990 851,4
1995 591,2
2000 665,7
2005 674,0
2010 796,2
2013 847,6

ლიტერატურა

რედაქტირება

რესერსები ინტერნეტში

რედაქტირება