სოლომონ II

უკანასკნელი ქართული პოლიტიკური ერთეულის მეფე, რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ იმერეთის სამეფოს დ

სოლომონ II (გამეფებადმე დავითი) (დ. 1772 — გ. 7 თებერვალი, 1815, ტრაპიზონი) – იმერეთის უკანასკნელი მეფე 1789-1810 წლებში, რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ იმერეთის სამეფოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სულისჩამდგმელი, სოლომონ I-ის ძმის, არჩილის ძე და ერეკლე II–ის შვილიშვილი, უკანასკნელი ქართული პოლიტიკური ერთეულის მეფე.

სოლომონ II
დავითი

სოლომონ II
იმერეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1789
მმართ. დასასრული: 7 თებერვალი (ძვ. სტ.), 1815 (გარდაცვალება)
20 თებერვალი, 1810 (რუსეთის მიერ იმერეთის დაპყრობა)
წინამორბედი: დავით II
მემკვიდრე: იმერეთის სამეფოს დაპყრობა რუსეთის იმპერიის მიერ
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1772
გარდ. თარიღი: 7 თებერვალი (ძვ. სტ.), 1815
გარდ. ადგილი: ტრაპიზონი
მეუღლე: მარიამ დადიანი, კაციას ასული (გ. 1791)
დინასტია: იმერეთის ბაგრატიონები
მამა: არჩილი, ალექსანდრე V–ს ძე
დედა: ელენე, ერეკლე II–ს ასული
ხელმოწერა:
ბრძოლები/ომები:
  • მათხოჯის ბრძოლა
  • ბრძოლა იმერეთის სამეფოს დამოუკიდებლობისათვის
  • დავით არჩილის ძე იზრდებოდა ბაბუის, ერეკლე II-ის, კარზე. უმემკვიდრო სოლომონ I-ის ანდერძის საწინააღმდეგოდ, იმერეთის მსხვილი ფეოდალების ძალისხმევით მეფე დავით გიორგის ძე (დავით II) გახდა, რომელმაც რუსეთში ელჩები გააგზავნა და რუსეთის იმპერატორს ქვეშევრდომობა სთხოვა, რასაც ფეოდალთა დიდი ნაწილის უკმაყოფილო მოყვა. უკმაყოფილო თავადებისა და ერეკლე II-ს დახმარებით, 1789 წლის 11 ივლისს, მათხოჯის ბრძოლაში, დავით არჩილის ძემ გაიმარჯვა და სოლომონ II-ის სახელით გამეფდა. თავდაპირველი გამარჯვების მიუხედავად, დავით გიორგის ძემ ტახტისთვის ბრძოლა გააგრძელა და ოსმალთა და ლეკთა რაზმების დახმარებით მოახერხა იმერეთის დაპყრობა, თუმცა ლომსიანთ ხევის ბრძოლაში დამარცხდა და იმერეთი სოლომონ II–ემ დაიბრუნა.

    მმართველობის ადრეულ წლებში სოლომონ II ერეკლე II–სა სოლომონ I–ის პოლიტიკური კურსის გაგრძელებას ცდილობდა, რაც საქართველოს გაერთიანების მცდელობაში გამოიხატებოდა. ამ პერიოდის მთავარი ეპიზოდები იყო მისი ბრძოლა ოდიშის ურჩ მთავართან, რომელმაც 1803 წლის დეკემბერში რუსეთის მფარველობა მიიღო და დაიწყო რუსეთის გეგმის განხორციელება, რომელიც ჯერ იმერეთის სამეფოს დაშლას, ხოლო შემდეგ დასუსტებული სამეფოს გაუქმებას მოიცავდა.

    ამ პერიოდის სოლომონ II-ის საგარეო პოლიტიკა ხასიათდებოდა რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიის დაბალანსების მცდელობით, თუმცა მეფის ორმაგი თამაში რუსეთმა შეიტყო. 1804 წელს რუსები იმერეთში შეიჭრნენ და ხალხს ძალით აფიცებდნენ რუსეთის იმპერატორის, ალექსანდრე I–ის, ერთგულებაზე. სოლომონი იძულებული გახდა 25 აპრილს ელაზნაურში (ახლანდელ სოფ. ვახანის ახლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი) დაედო ე.წ. ელაზნაურის შეთანხმება, რომლის ძალითაც იმერეთი რუსეთის ქვეშევრდომად ცხადდებოდა, თუმცა პოლიტიკურ არსებობას ინარჩუნებდა და მეფობა ხელშეუხებელი იყო. ამ ხელშეკრულებით რუსეთის ახალი ტაქტიკა გამოიკვეთა: ადგილობრივ ხელისუფლებას თითქოს არ აუქმებდნენ, მაგრამ მეფეს ფაქტობრივად უუფლებოდ ტოვებდნენ. თავად სოლომონს ელაზნაური დროის მოგების საშუალებად მიაჩნდა.

    1806-1812 რუსეთ-თურქეთის ომის დროს სოლომონ II-ეს ორივე იმპერიის დასუსტების იმედი ჰქონდა, მაგრამ 1809 წელს მეფეს მოსთხოვეს პეტერბურგში „დეპუტაციის“ წევრად ჩასვლა, რაც ელაზნაურის შეთანხმებით იყო გათვალისწინებული. სოლომონი არ დაემორჩილა ბრძანებას და სანაცვლოდ ქუთაისიდან ჯარის გაყვანასა და ხელშეკრულებითვე გათვალისწინებული მუხლების შესრულებას მოითხოვდა. ამის პასუხად რუსებმა ახალი გეგმა აამოქმედეს, რომლის მიხედვითაც სოლომონის წინააღმდეგ უნდა აემხედრებინათ გურია, რაჭა, აგრეთვე ზემო იმერეთის თავადები ზურაბ წერეთელი და წულუკიძეები.

    1810 წლის 28 მარტს სოლომონი რუსეთთან მოსალაპარაკებლად ვარიანში ჩავიდა. მოლაპარაკებების ნაცვლად რუსეთმა მეფე დაატყვევა და პეტერბურგში გადაყვანას უპირებდა. 11 მაისს მეფემ ტყვეობას თავი დააღწია და 25 კაციან ჯგუფთან ერთად ახალციხეში გადავიდა, სადაც იმერეთის რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებისთვის მზადება დაიწყო. აჯანყება წარმატებულად დაიწყო, თუმცა ჯერ ჩხერის ციხესთან (ხარაგაული), შემდეგ სოფელ ცხრაწყაროსა და მდინარე ჭიშურასთან მარცხის შემდეგ მეფე ხანისწყლის ხეობაში გამაგრდა. სექტემბრის მიწურულს სოლომონი იძულებული გახდა ახალციხეში გადასულიყო. რუსეთმა იმერეთის სამეფო გააუქმა და რუსული მმართველობა შემოიღო, ხოლო მარიამ დედოფალი და მეფის და – მარიამი – ვორონეჟში გადაასახლეს.

    ახალციხეში გადახვეწის შემდეგ სოლომონმა დახმარება ნაპოლეონს სთხოვა, მაგრამ ეს წერილი უპასუხოდ დარჩა. შემდეგ მეფე ოსმალეთში გადადის, საიდანაც ოსმალეთის, ირანისა და საფრანგეთის დახმარებას ეძიებს, მაგრამ 1812 წლის რუსეთ-თურქეთის ზავის ბუქარესტის საზავო ხელშეკრულების პირობებში არაფერია ნათქვამი იმერეთის მეფის უფლებების აღდგენაზე, ხოლო 1813 წლის რუსეთ-ირანის გულისტანის საზავო ხელშეკრულებით კი მთელი საქართველო რუსეთის გავლენის სფეროდ გამოცხადდა.

    1815 წლის 7 თებერვალს, იგი გარდაიცვალა, დაკრძალეს ტრაპიზონში, წმ. გიორგის სახელობის ბერძნული ეკლესიის გალავანში. 1990 წლის შემოდგომაზე სოლომონ II-ის ნეშტი საქართველოში გადმოასვენეს და გელათის მეფეთა საძვალეში დაკრძალეს. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად, როგორც სამშობლოსათვის თავდადებული. ხსენების დღე – ძვ. სტ. 7 თებერვალი, ახ. სტ. 20 თებერვალი.

    ხარაგაულში, სადაც ხელი მოეწერა ელაზნაურის შეთანხმებასა და გაიმართა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ იმერეთის ყველაზე დიდი ბრძოლა, სოლომონ II-ის სახელს მთავარი ქუჩა ატარებს.

    ბიოგრაფია

    რედაქტირება

    ადრეული წლები და გამეფება

    რედაქტირება

    იზრდებოდა პაპის, ერეკლე II-ის კარზე. უმემკვიდრო სოლომონ I-მა სიცოცხლეშივე ტახტი ძმისწულს, დავით არჩილის ძეს, უანდერძა, მაგრამ იმერეთის გავლენიანმა ფეოდალებმა, სოლომონ I-ის გარდაცვალების შემდეგ, 1784 წელს, მცირეწლოვანი დავითის ნაცვლად ტახტზე დავით გიორგის ძე (დავით II) დასვეს. იმავე წელს დავით II-მ რუსეთში ელჩები გაგზავნა და იმპერატორს ქვეშევრდომობა სთხოვა. ამით უკმაყოფილო თავადები – პაპუნა წერეთელი, ბერი წულუკიძე და სხვები, დავით არჩილის ძეს დაუკავშირდნენ და მისი გამეფება მოინდომეს. 1788-იდან, მათ ოდიშის ახალი მთავარი გრიგოლ დადიანიც შეუერთდა და დავით არჩილის ძე თავის დაზე, მარიამზე დააქორწინა. უკმაყოფილო თავადების და ერეკლე II-ს დახმარებით, მათხოჯის ბრძოლაში (11 ივლისი, 1789) დავით არჩილის ძემ გაიმარჯვა და სოლომონ II-ის სახელით გამეფდა (სოლომონ I-ის პატივისაცემად). ამ დროისთვის იგი 17 წლისა იყო.

    ბრძოლა სამეფო ხელისუფლების შენარჩუნებისთვის

    რედაქტირება

    სოლომონ II-ის პოზიცია მტკიცე არ იყო. დამარცხებული დავით II, რომელმაც თავი დროებით ახალციხის საფაშოს შეაფარა, ტახტისათვის ბრძოლას განაგრძობდა. 1790 წელს მან, ოსმალთა და ლეკთა რაზმების დახმარებით, ძალზე მცირე ხნით, იმერეთი დაიპყრო. 1790 წლის დამლევს, ერეკლე II–მ სოლომონს, რომელიც პაპუნა და ზურაბ წერეთლებთან იყო შეკედლებული, თავისი შვილიშვილი – იოანე მიაშველა. ბრძოლა ლომსიანთ ხევში მოხდა, სადაც ერეკლეს ზარბაზნებით გაძლიერებულმა 500 კაციანმა რაზმმა 10 000 კაციანი მოწინააღმდეგე დაამარცხა. სოლომონ II–მ იმერეთი დაიბრუნა.

    პოლიტიკური კურსი, საქართველოს გაერთიანების მცდელობა

    რედაქტირება

    სოლომონ II, სიძნელეების მიუხედავად, ერეკლე II–სა სოლომონ I–ის პოლიტიკური კურსის გაგრძელებას ცდილობდა, რაც საქართველოს გაერთიანების მცდელობაში გამოიხატებოდა. 1790 წლის ივნისში, სოლომონ ლიონიძის თაოსნობით, გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ძალითაც სოლომონ II, გრიგოლ დადიანი და სიმონ გურიელი ქართლ-კახეთის სამეფოსთან სამხედრო კავშირს ამყარებდნენ საერთო მტრის წინააღმდეგ, აღიარებდნენ ერეკლეს მფარველობას და მასვე ანდობდნენ რუსეთთან ურთიერთობას. ხელშეკრულების ერთ-ერთ მუხლში ნათქვამი იყო: “შევრაცხო ყოველი მტერი თქუჱნი მტერად ჩემდა და ყოვლისა სამეფოსა ჩემისა და ვიყო მტერი მტერისა თქუჱნისა და მოყვარე მოყვრისა”. ამ შეთანხმებას, სხვებთან ერთად, ხელს აწერდნენ ქართლ-კახეთის დედოფალი დარეჯანი და იმერეთის დედოფალი მარიამი. 1793 წელს ხელშეკრულების მონაწილენი საერთო მფარველობას სთხოვდნენ რუსეთის იმპერატორს, მაგრამ 1792 წლის 9 იანვრის ზავით, რომელიც რუსეთ-ოსმალეთს შორის დაიდო (იასის საზავო ხელშეკრულება), ძირითადად, კვლავ დამტკიცდა ოსმალეთის უპირატესი უფლებები დასავლეთ საქართველოზე. რუსეთის დახმარების იმედი არც ამჯერად გამართლდა.

    ბრძოლა ოდიშის ურჩი მთავრის, გრიგოლ დადიანის წინააღმდეგ

    რედაქტირება

    სამეფო ხელისუფლების გასაძლიერებლად მეფე ცდილობდა დაეთრგუნა ურჩ მთავართა და თავად-აზნაურთა თავგასულობა. 1792 წელს მან მოახერხა ოდიშის მთავრის, გრიგოლ დადიანის გადაყენება (რომელიც მისი მთავარი მოწინააღმდეგე იყო) და მთავრად თავისი ერთგული მანუჩარი დასვა. მანუჩარმა ტყვეებით მოვაჭრეთა წინააღმდეგ ბრძოლის პირობა დადო (1795). 1798 წელს გრიგოლი კვლავ გადადიანდა, მანუჩარმა კი სალიპარტიანო მიიღო. 1802 წელს სოლომონი მანუჩართან ერთად ლეჩხუმში შეიჭრა. იმავე წელს ჭყვიშის ციხე აიღო, სალხინოსთან დადიანი დაამარცხა და მთავრად მცირე ხნით დადიანების უმცროსი ძმა ტარიელი (ოტია) გამოაცხადა. შეშფოთებულმა გრიგოლმა რუსეთს დახმარება სთხოვა. ამ უკანასკნელმა ისარგებლა იმერეთში შექმნილი მდგომარეობით და 1803 წლის დეკემბერში სამეგრელომ რუსეთის მფარველობა მიიღო. ამით განხორციელდა რუსეთის გეგმა, რომლის მიხედვითაც პატივმოყვარე დადიანი იმერეთის სამეფოს გაუქმებისათვის ბრძოლაში უნდა გამოეყენებინათ. 1804 წელს გრიგოლი გარდაიცვალა და მთავრის ტახტი მისმა ძემ, ლევან V-მ (1804-1840) დაიკავა.

    ელაზნაურის შეთანხმება, რუსეთის ქვეშევრდომობა

    რედაქტირება

    1803 წელს სოლომონ II-მ ლიონიძის ელჩობით რუსეთს კვლავ სთხოვა მფარველობა, თუმცა, ამის პარალელურად, ოსმალეთშიც გააგზავნა ელჩობა, რომლის მეშვეობითაც რუსეთის მძლავრობისაგან დახმარებას ითხოვდა. მეფის ეს ორმაგი თამაში რუსეთმა შეიტყო, მისთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ სოლომონი მზად იყო ბაბა-ხანთან (აღა მაჰმად ხანის ძმისშვილი) ერთად გამოსულიყო რუსეთის წინააღმდეგ. მაშინ პავლე ციციანოვმა იმერეთის დაპყრობის დავალება მიიღო. 1804 წელს რუსები იმერეთში შეიჭრნენ და ხალხს ძალით აფიცებდნენ რუსეთის იმპერატორის, ალექსანდრე I–ს ერთგულებაზე. სოლომონი იძულებული გახდა რუსეთის მიერ შემოთავაზებული პირობები მიეღო. იმავე წლის 25 აპრილს ელაზნაურში (ახლანდელ სოფ. ვახანის ახლოს, ხარაგაულის რაიონში) დაიდო ე. წ. ელაზნაურის შეთანხმება, რომლის ძალითაც იმერეთი რუსეთის ქვეშევრდომად ცხადდებოდა, თუმცა პოლიტიკურ არსებობას ინარჩუნებდა და მეფობა ხელშეუხებელი იყო. გურიის სამთავრო იმერეთის გამგებლობაში რჩებოდა. ამავე ხელშეკრულებით, რუსეთი იმერეთში ჯარის ნაწილებს აყენებდა და იმერეთის დაცვას კისრულობდა. სიტყვიერი შეთანხმებით ციციანოვი მეფეს ლეჩხუმს შეჰპირდა, თუმცა ამ სადავო ტერიტორიაზე მოსალაპარაკებლად სოლომონი და გრიგოლ დადიანი საჭილაოში შეახვედრეს ერთმანეთს, სადაც ორივემ ერთად დაიფიცა რუსეთის ერთგულებაზე. ამ ხელშეკრულებით რუსეთის ახალი ტაქტიკა გამოიკვეთა: ადგილობრივ ხელისუფლებას თითქოს არ აუქმებდნენ, მაგრამ მეფეს ფაქტობრივად უუფლებოდ ტოვებდნენ. თავად სოლომონს ელაზნაური დროის მოგების საშუალებად მიაჩნდა.

    რუსეთ–თურქეთის ომი და იმერეთის ოკუპაცია

    რედაქტირება

    იმერეთის მეფე დიდ იმედებს ამყარებდა 1806 წელს დაწყებულ რუსეთ-თურქეთის ომზე, რადგან ამ ქვეყნების დასუსტება მისი სამეფოს გაძლიერებას შეუწყობდა ხელს. ომის მსვლელობისას, 1809 წლის ოქტომბერში, ტრაპიზონის სერასკირის, შერიფ-ფაშას სარდლობით ოსმალები გრიგოლეთსა და მალთაყვას შორის დაბანაკდნენ. 2 ნოემბერს მამია გურიელმა მათ ზურგიდან შემოუტია, რის შემდეგაც რუსეთს გზა გაუხსნა ფოთისაკენ: მამია ამ სამსახურისათვის რუსეთმა იმერეთის მეფისაგან დამოუკიდებლად სცნო.

    იმავე, 1809 წელს მეფემ რუსეთის მოხელე ტორმასოვისაგან ბრძანება მიიღო პეტერბურგში “დეპუტაციის” გაგზავნის შესახებ, რაც 1804 წლის შეთანხმებით იყო გათვალისწინებული. სოლომონი არ დაემორჩილა ბრძანებას და სანაცვლოდ ქუთაისიდან ჯარის გაყვანას, ხელშეკრულებითვე გათვალისწინებული მხოლოდ 120 კაცის დატოვებას, ლეჩხუმსა და ციციანოვის სხვა დაპირებების შესრულებას მოითხოვდა. ამის პასუხად რუსებმა ახალი გეგმა აამოქმედეს, რომლის მიხედვითაც სოლომონის წინააღმდეგ უნდა აემხედრებინათ გურია, რაჭა, აგრეთვე ზურაბ წერეთელი და წულუკიძეები.

    1810 წლის 20 თებერვალს რუსთა ჯარი იმერეთისკენ დაიძრა. ვარციხეში გამაგრებული სოლომონის მომხრეები შედრკნენ და უკან დაიხიეს, 4-5 ათასი კაციდან სოლომონს ათასი მებრძოლიღა შემორჩა. მოსახლეობას რუსები კვლავ ძალით აფიცებდნენ რუსეთის სახელმწიფოს ერთგულებაზე.

    დატყვევება და პირველი ლტოლვილობა

    რედაქტირება

    1810 წლის 9 მარტს გენერალ–მაიორ სიმონოვიჩისადმი გაგზავნილ წერილში სოლომონ მეფე თანხმობას აცხადებდა გადადგომაზე, თუ საცხოვრებლად იმერეთში დატოვებდნენ. 28 მარტს იგი ვარიანში ტორმასოვს შეხვდა მოსალაპარაკებლად, მაგრამ დაატყვევეს და თბილისში, ერთ-ერთ ბინაში გამოკეტეს. აქედან კი პეტერბურგში უპირებდნენ გადაგზავნას. 11 მაისს სოლომონის საწოლში მისი მსახური ჩაწვა, თავის ტანსაცმელი მეფეს დაუთმო, რისთვისაც შემდგომში მსახური სასტიკად დასაჯეს. ერთგული მსახურის ტანსაცმელში გადაცმულმა მეფემ ტყვეობას თავი დააღწია. იქვე დატოვა წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი (Орден Святого Александра Невского), რომელიც რუსეთისაგან 1804 წელს მიიღო. გაპარვისას მას თან ახლდნენ ქაიხოსრო, როსტომ და სიმონ წერეთლები, გრიგოლ და დავით ერისთავები, ბერი ლორთქიფანიძე, აზნაური გაბაშვილი და სხვები – სულ 25 კაცამდე. გზად მოთარეშე ლეკების 300 კაციანი რაზმი შეეფეთათ და ლტოლვილების დატყვევება დააპირეს, მაგრამ, რომ გაიგეს სოლომონი იყო, თავად გააცილეს ახალციხემდე.

    რუსთაგან ლტოლვილი მეფე ახალციხეში გადავიდა, სადაც მას სოლომონ ლიონიძე და მალხაზ ანდრონიკაშვილი ელოდნენ.

    ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და სამეფოს გაუქმება

    რედაქტირება

    აქედან დაიწყო აჯანყების მზადება 1804 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მოთხოვნით. 1810 წლის 17 მაისის წერილში ზემო იმერლებისადმი, სოლომონი აჯანყებისაკენ მოუწოდებს მათ და წერს: „ამაზედაც გული დაიჯერეთ, იმერეთის გულისთვის ჩემი სიცოცხლე უნდა დავასრულო“. ამ აჯანყებაში სოლომონს მხარს უჭერდნენ მანუჩარ და ტარიელ დადიანები, ლეჩხუმის მთავარი ბერი გელოვანი და სხვა თავადები. მეფეს ხუთი ათასი კაცი აგიაშვილის სარდლობით ქუთაისის ალყაზე ჰყავდა, სამი ათასი ხარაგაულის ციხის მიდამოებში დააყენა რუსეთის ჯარისათვის გზის გადასაკეტად. ქართლის მიმართულებით, კორტოხის გზაზე ათას ხუთასი კაცი დააბანაკა მალხაზ ანდრონიკაშვილისა და როსტომ წერეთლის მეთაურობით, ორი ათასი კაცი კი მაღლაკთან იდგა, რათა გურია-ოდიშის ჯარი არ გაეშვათ ქუთაისისაკენ. რუსეთის სამსახურში მყოფი მეფის სახლთუხუცესი, ზურაბ წერეთელი 1810 წლით დათარიღებულ წერილში შეშფოთებული წერს თავის შვილს, გრიგოლს – მთელი იმერეთი გაერთიანებულია ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლველადო.

    ამ გაერთიანებული ჯარის წინააღმდეგ რუსეთმა თბილისიდან 3200 ჯარისკაცი გაგზავნა და ეს არმია ორ ნაწილად გაყო. 22 ივნისს სოფ. საქარასთან პირველი შეტაკება მოხდა აჯანყებულებსა და რუსებს შორის. სოფ. კორტოხთან ანდრონიკაშვილისა და როსტომ წერეთლის მოლაშქრეებმა შეაჩერეს რუსთა ჯარების ნაწილები, 29 ივლისს კი ალყა შემოარტყეს ქუთაისის ციხეში მდგომ სიმონოვიჩს. პასუხად რუსეთმა თბილისიდან ახალი ჯარი გაგზავნა გენერალ-ლეიტენანტ როზენის (Иван Карлович Розен) მეთაურობით (1810). ამ დროიდან დაიწყო აჯანყების დაღმასვლა. როზენმა ჩხერის ციხესთან იმერეთის 5000-კაციანი ჯარი დაამარცხა. ამის შემდეგ ბრძოლები სოფელ ცხრაწყაროსთან და მდინარე ჭიშურასთან გაიმართა. სადაც სოლომონის ჯარი კვლავ დამარცხდა. სოფ. მაღლაკთან გიორგი წულუკიძისა და ზურაბ წერეთლის ჯარის ნაწილებმა, ლევან დადიანთან შეთანხმებით, რუსები უბრძოლველად გაატარეს და ქუთაისისაკენ გზა გაუხსნეს. როზენს ქუთაისში დადიანი, გურიელი და თავადთა ერთი ნაწილი ეახლა. დამარცხებისათვის განწირული მეფე ერთხანს ხანისწყლის ხეობაში გამაგრდა, მაგრამ სექტემბრის მიწურულს იძულებული გახდა ახალციხეში გადასულიყო. რუსებმა იმერეთის სამეფო გააუქმეს და რუსული მმართველობა შემოიღეს. ტორმასოვის ბრძანებით, მარიამ დედოფალი (გ. 1841 წ. პეტერბურგში) და მეფის და – მარიამი ვორონეჟში გადაასახლეს.

    საბოლოო ლტოლვილობა და გარდაცვალება

    რედაქტირება
     
    სოლომონის აკლდამა ტრაპიზონში

    ახალციხეში გადახვეწილი სოლომონი არ წყვეტს ბრძოლას ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. 1811 წლის 6 იანვრით დათარიღებულ წერილში იგი დახმარებას სთხოვს ნაპოლეონს. მაგრამ ეს წერილი უპასუხოდ რჩება. ამის შემდეგ მეფე ოსმალეთში გადადის, ჯერ ერზრუმში, შემდეგ კი – ტრაპიზონში, სადაც პატივით მიიღო იქაურმა ფაშამ, წარმოშობით ქართველმა თავადმა. იქიდან სოლომონი ოსმალეთის, ირანისა და საფრანგეთის დახმარებას ეძიებს, მაგრამ სწორედ ამ დროს მისთვის არასასიკეთოდ ვითარდება პოლიტიკური მოვლენები: 1812 წლის რუსეთ-თურქეთის ზავის (ბუქარესტის საზავო ხელშეკრულება) პირობებში არაფერია ნათქვამი იმერეთის მეფის უფლებების აღდგენაზე, 1813 წლის რუსეთ-ირანის ზავით (გულისტანის საზავო ხელშეკრულება) კი მთელი საქართველო რუსეთის გავლენის სფეროდ გამოცხადდა. ამგვარად, სოლომონის ძალისხმევამ ნაყოფი ვერ გამოიღო და მალე, 1815 წლის 7 თებერვალს, იგი გარდაიცვალა. დაკრძალეს ტრაპიზონში, წმ. გიორგის სახელობის ბერძნული ეკლესიის გალავანში. მეფის საფლავის ქვაზე ასეთი წარწერა ყოფილა ამოკვეთილი: “განმეძარცვა მე პირველქმნილი სიკეთე და მშვენიერება და მდებარე ვერ შიშველ და კდემული საფლავსა ამას შინა, ტომისაგან დავითისა, შთამოსრული ბაგრატიონი, ძე არჩილისა, სრულიად იმერთა მეფე სოლომონ, რომლისათვისაც ვითხოვ შენდობას. თებერვლის 7, ქორონიკონსა ქრისტეს აქეთ ჩყიე”.

    1990 წლის შემოდგომაზე, სოლომონ II-ის ნეშტი საქართველოში გადმოასვენეს და გელათის მეფეთა საძვალეში დაკრძალეს.

    სოლომონ II–ს დამოკიდებულება ეკლესიასთან

    რედაქტირება

    სოლომონ II-ის სულიერი მოძღვარი იყო წმიდა ილარიონ ქართველი–ახალი (ერობაში იესე ყანჩაველი, შემდგომში ათონის მთის მოღვაწე). მათმა სულერმა კავშირმა და ერთნაირმა სახელმწიფოებრივმა მსოფლმხედველობამ განაპირობა სამეფოში ბევრი სასიკეთო ცვლილება. სარწმუნოებრივი და სახელმწფოებრივი აზროვნების განვითარებისა და განმტკიცების მიზნით მეფემ გააძლიერა ეკლესია და დააწინაურა ღირსეული ადამიანები. მეფე სოლომონ II საკუთარი მამულებით აჯილდოვებდა ქვეყნის ერთგულ თავადებს, დაუმტკიცა იერუსალიმის ეკლესიას იმერეთში მამულები და გადასახადები, განუახლა გუჯარი ბიჭვინთის ეკლესიას.

    შემორჩენილია სოლომონ II-ის მიერ ტრაპიზონის ბერძნული ეკლესიისადმი შეწირული ოქროთი მოჭედილი ბერძნული სახარება წარწერით: "შეიწირე, წმიდა გიორგი, აქა მდებარე სრულად იმერთა მეფე, ძე ქართლისა, მეორე სოლომონის მიერ წმ. ესე სახარება", მეორე გვერდზე მოხსენიებულია მეფის მოძღვარი იესე ყანჩაველი.

    სარწმუნოებრივი ღვაწლისა და სამშობლოსათვის თავდადების გამო სოლომონ II–ს წმინდანად კანონიზაცია მოხდა 2005 წლის 27 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ.

    ლიტერატურა

    რედაქტირება
    • საქართველოს მეფეები, მ. ლორთქიფანიძისა და რ. მეტრეველის რედაქცია, თბ., ნეკერი, 2000
    • ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. II, თბ., 1968
    • ალ. ხახანაშვილი, მეფე იმერეთისა სოლომონ II, ტფ. 1910
    • მ. გონიკაშვილი, შენიშვნები იმერეთის სამეფოს გაუქმების შესახებ, თბ., 1962
    • 1. მ. გონიკიშვილი, წმინდა მეფე სოლომონ მეორე - სამშობლოსათვის თავდადებული: წინაპრის ლანდი, საქართველოს რესპუბლიკა, 2005, 9 ნოემბერი, N260 (5293)
    • რეხვიაშვილი, მ., იმერეთის სამეფო 1462-1810, თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1989.
    • თ. ხუსკივაძე, უკანასკნელი მეფე იმერეთისა სოლომონ II, ტფ., 1902
    • მ. დუმბაძე, დასავლეთ საქართველო XIX ს–ის I ნახევარში, თბ., 1983
    • მ. დუმბაძე, იმერეთის სახელმწიფოს გაუქმება და ცარიზმის ბატონობის გაფართოება საქართველოში, სინ., ტ. IV, თბ., 1973
    • მ. სურგულაძე, ბაგრატიონთა სამეფო სახლი, გენეალოგიური ტაბულის შემდგენლები მ. სურგულაძე, მ. ქავთარია, თბ., 1975
    • პეტრე გნილოსაროვი, მეფე სოლომონ მეორეზე და მის დროს განმგებლობასა ზედა: (რუსულითგან), ცისკარი, 1859, N12, გვ.347-354 და ცისკარი, 1860, N1, გვ.69-113
    • Alexandre Manvelichvili, Histoire de la Géorgie, Nouvelles Éditions de la Toison d'Or, Paris, 1951, 476 p., p. 371-378 .
    • Nodar Assatiani et Alexandre Bendianachvili, Histoire de la Géorgie, l'Harmattan, Paris, 1997, 335 p. (ISBN 2-7384-6186-7)б p. 247-252 .
    • Cyrille Toumanoff, Manuel de généalogie et de chronologie pour le Caucase chrétien (Arménie, Géorgie, Albanie), Édition Aquila, Rome, 1976, p. 173 & 551 .

    რესურსები ინტერნეტში

    რედაქტირება


    სოლომონ II
    დაიბადა: 1772 გარდაიცვალა: 7 თებერვალი, 1815
    წინამორბედი:
    დავით II
    იმერეთის მეფე
    1772–1815
    შემდეგი:
    რუსეთის მიერ სამეფოს ანექსია