იმერეთის აჯანყება (1810)
იმერეთის აჯანყება 1810 — ბრძოლა იმერეთის სამეფოს დამოუკიდებლობისათვის.
მეფე სოლომონ II რუსეთის მთავრობას 1804 წლის ტრაქტატით გათვალისწინებული პირობების შესრულებას სთხოვდა. 20 თებერვალს ქუთაისში გამოქვეყნდა ბრძანება სოლომონ II-ის ტახტიდან გადაყენებისა და იმერეთში რუსეთის მმართველოს შემოღების შესახებ. ცარიზმის მოხელეებმა მოტყუებით ჩაიგდეს ხელში სოლომონ II და უცდიდნენ იმპერატორის ბრძანებას მისი პეტერბურგში გადასახლების შესახებ. მაგრამ მეფემ მოახერხა გაქცევა და თავი ახალციხის საფაშოს შეაფარა. აქედან მან აჯანყებისაკენ მოუწოდა იმერეთის მოსახლეობას, რომლის უკმაყოფილება თანდათან იზრდებოდა. რუსი მოხელეები, ისე როგორც აღმოსავლეთ საქართველოში, აქაც იძულებითი წესით მოითხოვდნენ გლეხებისაგან სურსათს, ტრანსპორტს და სხვა სამსახურს. უკმაყოფილო იყო თავადაზნაურობაც, რომელიც პრივილეგიებს კარგავდა. იმერეთში სახალხო-განმათავისეუფლებელი ბრძოლა გაჩაღდა.
აჯანყების ცენტრი იყო ლომსიანთხევი. პირველი შეტაკება მოხდა საქარაში 22 ივნისს. ქაიოსრო აბაშიძემ 2000-იანი რაზმით დაამარცხა მაიორი კალატოზოვი. საქართველოს მთავარმართებელმა ალექსანდრ ტორმასოვმა თბილისიდან 3200 კაცისაგან შემდგარი ჯარი გაგზავნა დიმიტრი ორბელიანის ხელმძღვანელობით. ორბელიანმა რაზმი 2 ნაწილად გაყო: ერთი ალის გზით დაიძრა, მეორე კი ვახანის. ერთი ნაწილი, ტიხოვკის ბატალიონი აჯანყებულებმა ბნელათხევში გაანადგურეს. ორბელიანი იძულებული გახდა ოთხდღიანი ბრძოლების შემდეგ შეჩერებულიყო. . 16 ივლისს ტორმასოვმა ორბელიანის ნაცვლად სარდლად დანიშნა გრიგოლ როზენი. ორბელიანი როზენს არ დაელოდა, ჩხერამდე გზა გაიკვალა და ციხე დაიკავა. ჩხერში მეთაურობა გადაიბარა როზენმა. ჩხერიდან ქუთაისამდე გზაზე მან დაამარცხა 5 ათასი კაცისაგან შემდგარი იმერთა ჯარი. ბრძოლაში მოკლეს აჯანყებულთა ერთ-ერთი მეთაური დიმიტრი აბაშიძე. 26 ივლისს ცხრაწყაროსთან ბრძოლაში როზენმა დაამარცხა აჯანყებულები, ამ ბრძოლაში დაიღუპა ქაიხოსრო აბაშიძე. 27 ივლისს მდინარე ყვირილასთან როზენმა დაამარცხა იმერლების 4000-იანი რაზმი ქაიხოსრო წერეთლის მეთაურობით. 28 ივლისს როზენმაისევ დაამარცხა წერეთელი სიმონეთის ტყეში და ქუთაისს მიადგა. 4-10 აგვისტოს მიმდინარეობდა ბრძოლები რიონთან და გელთთან სოლომონ II-ის შესაპყრობად. სოლომონ II ერთხანს ხანისწყლის ხეობაში გამაგრდა, მაგრამ ბოლოს დამარცხდა და სექტემბრის მიწურულს იძულებული გახდა ისევ ახალციხის საფაშოსათვის შეეფარებინა თავი. იმერეთში სამეფო გააუქმეს და რუსეთის მმართველობა შემოიღეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნარსია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 112-113.
- რეხვიაშვილი მ., იმერეთის სამეფო 1462-1810, თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1989. — გვ. 376-386.
- ბერძენიშვილი ნ., საქართველო XIX საუკუნის პირველ მეოთხედში, მის წგნ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973;