ახალციხის საფაშო
ახალციხის საფაშო, ჩილდირის საფაშო — ოსმალეთის ადმინისტრაციული-პოლიტიკური ერთეული მის მიერ დაპყრობილ სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიაზე. XVI საუკუნის I ნახევარში ოსმალებმა დაიპყრეს სამცხე-საათაბაგოს დასავლეთი, 1578 კი — აღმოსავლეთი ნაწილი. 1579 სულთნის ბრძანებით სამცხე-საათაბაგოს სხვადასხვა დროს დაპყრობილი ტერიტორიები გააერთიანეს და ერთი უმაღლესი ადმინისტრაციული-სამმართველო ერთეული ახალციხის (ჩილდირის) საფაშო ჩამოაყალიბეს. ყვარყვარე IV ათაბაგი (1574-1581) და მისი ძმა მანუჩარ II დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ სულთნის პოლიტიკას, მაგრამ უშედეგოდ. მანუჩარი იძულებელი გახდა გამაჰმადიანებულიყო. მას მუსტაფა ეწოდა და სულთანმა ახალციხის ფაშად დანიშნა. დამპყრობელებმა დაიწყეს ამ მხარის გაოსმალება. მანუჩარ II ათაბაგმა საიდუმლო კავშირი დაამყარა ქართლის მეფე სიმონ I-თან და დახმარებას უწევდა მას ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლაში.
1582 მანუჩარის მეთაურობით სამცხეში დიდი აჯანყება დაიწყო. ქართველებმა გაათავისუფლეს ახალციხე და მისი სანახები. მანუჩარმა უარყო მაჰმადიანობა და სამცხის ათაბაგი გახდა. 1587 ოსმალებმა შეძლეს სამცხეში აჯანყების ჩაქრობა და ახალციხის ხელმეორედ დაპყრობა. 1595 ოსმალეთის მთავრობამ სამცხე აღწერა და „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“ შეადგინა. 1607 ირანელებმა ქართველების აქტიური დახმარებით ოსმალები განდევნეს ახალციხიდან. შაჰ-აბას I-მა ახალციხის გამგებლად მანუჩარ II-ის შვილი 15 წლის მანუჩარი დანიშნა (მანუჩარ III ათაბაგი), მაგრამ 1608 ოსმალებმა კვლავ დაიპყრეს ახალციხე. 1612 ირან-ოსმალეთის ზავით ახალციხე ოსმალეთს დარჩა. ოსმალებმა მანუჩარ III-ს დაუპურისპირეს გამაჰმადიანებული მესხი ფეოდლები და განხეთქილება ჩამოაგდეს საკუთრივ ათაბაგის სახლის წევრებს შორის. 1625 სულთანმა ახალციხის ბეგლარბეგად დანიშნა მანუჩარ III-ის ბიძა ბექა III (საფარ-ფაშა). ამ დროიდან სამცხე-საათაბაგოს ქართულმა ფეოდალურმა სამთავრომ პოლიტიკური არსებობა შეწყვიტა.
ახალციხის საფაშოს პოლიტიკური ორგანიზაცია ოსმალეთის საფუძველზე იყო მოწყობილი, თუმცა ინარჩუნებდა მთელ რიგ თავისებურებებს, რომლებითაც განსხვავდებოდა ოსმალეთის სხვა პროვინციებისაგან. ახალციხის საფაშოს ოსმალეთის ჩვეულებტიოვი მოხელე კი არ განაგებდა, არამედ ათაბაგთა (ჯაყელების) საგვარეულოს გამაჰმადიანებული წარმომადგენელი. ფაშობის თანამდებობა აქ მემკვიდრეობით გადადიოდა. ეს უფლება თითქმის ახალციხის საფაშოს გაუქმებამდე შეინარჩუნეს. ახალციხის საფაშოს ორ-ორ ან სამთუღიანი ფაშა (ბეგლარბეგი) მართავდა. იგი განაგებდა საფაშოს სამოქალაქო და სამხედრო საქმეებს, რომელთა საწარმოებლად მისი თავმჯდომარეობით დივანი („ფაშა-დივანი“) იკრიბებოდა. საფაშო საჯანყებად იყოფოდა. სანჯაყს (ლივა) სანჯაყ-ბეგი მართავდა. სანჯაყთა რაოდენობა დროთა განმავლობაში იცვლებოდა. ახალციხის საფაშო მთლიანად არ მოიცავდა სამცხე-საათაბაგოს ყოფილ ტერიტორიას. მისი ნაწილი (ისპირი, თორთუმი, პატარა არტაანი, ნამერავანი) ოსმალებმა სხვა საფაშოებს შეუერთეს. საფარ-ფაშას დროს ოსმალებმა ხელახლა აღწერეს ახალციხის საფაშო ისინი აქ ნერგავდნენ ოსმალეთის მიწათმფლობელობისა და მიწათსარგებლობის წესებს, საგადასახადო სისტემას, მაგრამ მაინც ვერ შეძლეს ქართული წესების მთლიანად ამოგდება.
ახალციხის საფაშოს ოთხი სანჯაყი ბოძებული იყო „იურთლუქისა“ და „ოჯაქლიქის“ წესით კერძო საკუთრებად, რომელთა გამგებლები (გამაჰმადიანებული ქართველები ბეგები) მემკვიდრეობით ფლობდნენ მათ. ეს სანჯაყები არ იყო გაერთიანებული „დავთარში“, არ ექვემდებარებოდა ოსმალეთის საგადასახადო სისტემას და მათი შემოსავალი ბეგებს ეკუთვნოდა, ხოლო თვით სანჯაყ-ბეგი ადმინისტრაციული დამოუკიდებლობითა და მართლმსაჯულების უფლებით სარგებლობდა.
ახალციხის საფაშოში ოსმალებმა ძალდატანებით დაიწყეს ისლამის გავრცელება. ქართველ ფეოდალების ნაწილი რენეგატობის გზას დაადგა. მხოლოდ გლეხობა ინარჩუნებდა დიდხანს ქრისტიანულ სარწმუნოებას, მშობლიურ ენას, ზნე-ჩვეულებებს, ეროვნულ ტრადიციებს. ახალციხის საფაშო ოსმალეთისათვის ხელსაყრელი პლაცდარმი იყო, ერთი მხრით, დასავლეთ საქართველოს სამეთვალყურეოდ და ქართლ-კახეთის წინააღმდეგ, მეორე მხრით, კავკასიის მთიელ აბრაგებთან დასაკავშირებლად. ახალციხის საფაშო იქცა ტყვეთა სყიდვის ცენტრად და მთიელი აბრაგების საბუდრად,საიდანაც ორი საუკუნის მანძილზე ავაზაკთა ბრბოები გამუდმებით თავს ესხმოდნენ და არბავდნენ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობას.
1829 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად ახალციხის საფაშოს 24 სანჯაყიდან 10 სანჯაყი (ქვაბლიანი, ოძრხე, ახალციხე, აწყური, ასპინძა, ხერთვისი, ახალქალაქი, ჭაჭარაქი, ფოცხოვი, პალაკაციო) რუსეთის იმპერიას გადაეცა. XIX საუკუნის შუა წლებიდან ახალციხის საფაშო გაუქმდა, ხოლო ოსმალთა მფლობელობაში დარჩენილი 14 სანჯაყი ოსმალეთმა სხვადასხვა პროვინციებს შეუერთდა. ისინი რუსეთმა 1877-1878 წლების ომის შემდეგ მიიღო.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- სვანიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 102.