რუსეთ-ოსმალეთის ომი (1828-1829)
რუსეთ-ოსმალეთის ომი [14 (26) აპრილი, 1828 — 2 (14) სექტემბერი, 1829] — სამხედრო დაპირისპირება რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებს შორის ბალკანეთსა და კავკასიაში. ეს ომი საბერძნეთის დამოუკიდებლობის ომის გამო იყო გამოწვეული. ომი დაიწყო, როდესაც სულთანმა რუსეთის ნავარინოს ბრძოლაში მონაწილეობით გაღიზიანების გამო დარდანელის სრუტე დახურა რუსეთის გემებისთვის და ამით აკერმანის კონვენცია დაარღვია. რუსეთი ომისთვის მომზადებული იყო, ამიტომ ის მისთვის ხელსაყრელ ვითარებაში მიმდინარეობდა, რამაც მისი გამარჯვება განაპირობა. ომი დასრულდა ადრიანოპოლის ზავით. ომის შედეგად რუსეთმა გააფართოვა თავისი საზღვრები, მტკიცედ მოიკიდა ფეხი კავკასიაში და განამტკიცა პოზიციები შავ ზღვაზე.

წინაპირობები
რედაქტირებაპელოპონესის ბერძნებს, რომლებიც 1821 წლის გაზაფხულზე აუჯანყდნენ ოსმალეთის მმართველობას, დაეხმარნენ საფრანგეთი და ინგლისი; ალექსანდრე I-ის დროს რუსეთმა დაიკავა ნეიტრალური პოზიცია, თუმცა ბერძნებთან იყო ალიანსში აახენის კონგრესის შეთანხმებების საფუძველზე.
ნიკოლოზ I-ის იმპერატორად გახდომისთანავე რუსეთის პოზიცია ბერძნულ საკითხთან დაკავშირებით შეიცვალა; მაგრამ ყოფილ მოკავშირეებს შორის დაიწყო დაპირისპირება ოსმალეთის იმპერიის საკუთრების გაყოფის გამო; ამით ისარგებლა პორტამ და რუსეთთან დადებული შეთანხმებები ბათილად გამოაცხადა, მათ შორის 1826 წლის აკერმანის კონვენცია და რუსეთის ქვეშევრდომების ოსმალეთიდან გააძევა. პორტამ შესთავაზა სპარსეთს ჩართულიყო რუსეთთან ომში, ასევე რუსულ გემებს აუკრძალა ბოსფორში შესვლა.
რუსეთი ცდილობდა არა მხოლოდ ბუქარესტის ზავისა და აკერმანის კონვენციის პირობების დადასტურებას, არამედ შავი ზღვის რეგიონსა და კავკასიაში ყოფნის გაფართოებას, ასევე ბალკანეთში გავლენის გაძლიერებას. საბოლოო მიზანი იყო მოწინააღმდეგის დამარცხება და ძალისმიერი გზით რუსეთის პირობებზე დაყოლიება.
სულთანი მაჰმუდ II ცდილობდა ომს რელიგიური ხასიათი მიეცა; ისლამის დასაცავად არმიის წინამძღოლობის მსურველმა თავისი დედაქალაქი ადრიანოპოლში გადაიტანა და დუნაის ციხესიმაგრეების გამაგრება ბრძანა. პორტის ამგვარი ქმედებების გათვალისწინებით, იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა ომი გამოუცხადა თურქებს 1828 წლის 14 (26) აპრილს და უბრძანა თავის ჯარებს, რომლებიც მანამდე ბესარაბიაში იყვნენ განლაგებული, ოსმალეთის ტერიტორიაზე შესულიყვნენ.
საერთო მდგომარეობა და მხარეთა გეგმები
რედაქტირებაბალკანეთში
რედაქტირებასამხედრო ოპერაციების მთავარი არეალი, ისევე როგორც რუსეთ-ოსმალეთის წინა ექვს ომში, იყო ბალკანეთი. რუსული არმია ტრადიციულად გეგმავდა დუნაის გადაკვეთას, წინ მიიწევდა შავი ზღვის სანაპიროს ხრიდან, რათა არ გამოეწვია ავსტრიის საომარ მოქმედებებში ჩართვა, დაეკავა ბალკანეთის ქედი და სიახლის სახით აეღო ადრიანოპოლი და კონსტანტინოპოლი. იგეგმებოდა საზღვაო ძალების გამოყენება შავი ზღვის სრუტეებისა და კონსტანტინოპოლის ბლოკირება, როგორც შავი ზღვიდან, ისე ეგეოსის ზღვიდან.
ოსმალეთმა აირჩია თავდაცვითი სტრატეგია ბალკანეთში, იმ იმედით, რომ გამოიყენებდა თავისი ახალი რეგულარული არმიის ძალებს დუნაის ქვედა წელში რუსული ჯარების წინსვლის შესაჩერებლად, ეყრდნობოდა სილისტრია-შუმლა-ვარნა-რუსჩუკის ციხეების სტრატეგიულ მდებარეობას.
კავკასიაში
რედაქტირებარუსეთ-ოსმალეთის საზღვარი ფოთიდან გადიოდა მდინარე რიონის გასწვრივ, შემდგომ სურამის მთებით მესხის ტბებამდე მდინარე არფა-ჩაის ხეობამდე. ანაპის, ახალციხის, ბათუმის, ყარსის, აგრეთვე სხვადასხვა ციხესიმაგრეების ფლობით, ოსმალები მათ საზღვარს აუღებლად თვლიდნენ. ისინი გეგმავდნენ, შეძლების ფარგლებში ერივანის აღებას და წარმატების შემთხვევაში საქართველოში შეჭრას.
ამიერკავკასიაში რუსეთს რამდენიმე ძირითადი სტრატეგიული მიზანი ჰქონდა: პირველი იყო ოსმალეთის განდევნა კავკასიის სანაპიროდან (ანაპას, ფოთისა და ბათუმის ციხეების ჩათვლით) და მათი კავშირის გაწყვეტა კავკასიის მეამბოხე მთიელ მოსახლეობასთან; მეორე იყო ახალციხის საფაშოსა და ციხეზე დაუფლება.
ომის მიმდინარეობა
რედაქტირება1827 წლის 8 დეკემბერს ოსმალეთის სულთანმა გამოაქვეყნა დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც ის აპირებდა სამხრეთ კავკასიაში პოზიციების აღდგენას. რუსეთმა ოსმალეთს ომი გამოუცხადა 1828 წლის 14 აპრილს. სულთანმა მთელ მუსლიმურ სამყაროს მოუწოდა საღვთო ომისკენ. შეტაკებების დაწყებისას რუსეთის არმია 92000 ჯარისკაცისგან შედგებოდა, ხოლო ოსმალეთის ძალები 150000-ს აჭარბებდა, რომელთაც ჰუსეინ ფაშა მეთაურობდა.
ბალკანეთის ფრონტი
რედაქტირება1828 წლის ივნისში რუსეთის მთავარმა ძალებმა იმპერატორ ნიკოლოზ I-ის მეთაურობით დუნაი გადაკვეთეს და დობრუჯაში შეიჭრნენ. მანამდე, რუსეთის მთავარსარდალი გრაფი პეტრე ვიგენშტაინი კი ვალახეთში შეიჭრა და ბრაილა და ბუქარესტი აიღო სირთულის გარეშე. 1828 წელს დუნაისპირეთის დაკავების შემდეგ 1829 წელს გადალახა ბალკანეთის მთები, გაანთავისუფლა ბულგარეთი, 8 აგვისტოს ადრიანოპოლი დაიკავა და სტამბულს დაემუქრა.
კავკასიის ფრონტი
რედაქტირებარუსეთმა 11 ივნისს დაიკავა ანაპის ციხე, 23 ივნისს — ყარსი. ივლისში აჰმედ-ფაშა ხიმშიაშვილის მეთაურობით 4 ათასი კაცი გურიის სამთავროში შეიჭრა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ გურიის მმართველმა სოფიომ ოსმალეთის მფარველობა მიიღო და ოსმალეთს უჭერდა მხარს. რუსეთმა 15 ივლისს აიღო ფოთი, 24 ივლისს — ახალქალაქი, 26 ივლისს — ხერთვისის ციხე. აჰმედ-ფაშა იძულებული გახდა ახალციხის საფაშოში დაბრუნებულიყო და იქ უწევდა რუსეთს მედგარ წინააღმდეგობას, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა გასცლოდა ახალციხეს და აჭარაში გადასულიყო, რადგან რუსეთმა 16 აგვისტოს ახალციხე აიღო. 28 აგვისტოს ალექსანდრე ჭავჭავაძემ აიღო ბაიაზეთი. ამავე წლის აგვისტოში რუსეთის ფლოტმა დაბობმა ოსმალეთის სიმაგრეები ჭანეთში, მაგრამ ამას რაიმე შედეგი არ მოუტანია.
1829 წლის თებერვალში ხიმშიაშვილმა მოიკრიბა ძალები და ახალციხეს შეუტია, მაგრამ მას სათანადო დახმარება ვერ აღმოუჩინა აბდი-ბეგმა და აჰმედმა კვლავ აჭარაში დაიხია უკან.[1]რუსეთს განზრახული ჰქონდა აჭარის დალაშქრვაც, მაგრამ ზამთრის კლიმატისა და რთული რელიეფის გამო თავი შეიკავა. ამან საშუალება მისცა ხიმშიაშვილს მოლაპარაკებები გაემართა ბებუთოვთან. მოლაპარაკებები შედიოდა რუსეთის ინტერესებშიც, რადგან ის უომრად მიიღებდა აჭარას. ხიმშიაშვილი თანახმა იყო ფაშისა და გენერლის ტიტულისა და აჭარის მმართველობის შენარჩუნების სანაცვლოდ მიეღო რუსეთის ქვეშევრდომობა, მაგრამ მოლაპარაკებები მაინც გაჭიანურდა.
1829 წლის 27 ივნისს რუსეთმა აიღო ერზურუმი. გენერალი ბებუთოვი სომხეთის ოლქის უფროსად გადაიყვანეს, მის ნაცვლად კი დანიშნეს ბარონი ოსტენ-საკენი, რომელსაც ხიმშიაშვილი არ ენდობოდა. ოსტენ-საკენმა ხიმშიაშვილს მისცა ოთხი დღის ვადა, რათა თავად, ან მისი შვილი გამოცხადებულიყვნენ რუსეთის ბანაკში და მიეღოთ ქვეშევრდომობა. ხიმშიაშვილმა არ მიიღო ეს პირობა და ოსტენ-საკენი 12 აგვისტოს შევიდა ზემო აჭარაში სამი ქვეითი ბატალიონით, 2700 ხიშტით, კაზაკთა პოლკით, სამი სამთო და ოთქი მცირე ქვემეხით. ასე მივიდა ხულომდე. ოსტენ-საკენი წინააღმდეგობას შეხვდა, ამიტომ იძულებული გახდა დიდი დანაკლისით უკან გაბრუნებულიყო 28 აგვისტოს.[2]
საქართველოს მთავარმმართებელმა ივანე პასკევიჩმა გენერალ კარლ ჰესეს დაავალა, აეღო ბათუმი. ჰესემ დაიწყო მოლაპარაკებების გამართვა ადგილობრივ ბეგებთან. ოსმალეთისხელისუფლებამ იცოდა რა, რომ ადგილობრივი ბეგები რუსეთისადმი სიმპათიით იყვნენ განწყობილნი, იქ გაგზავნა რვა ათასი ასკერი ტუსჩიოღლის მეთაურობით, რომელმაც დაარწმუნა ადგილობრივი ბეგები, რომ მართალია, ოსმალეთი ახლა ომს აგებდა, მაგრამ მთელი ევროპა ოსმალეთს უჭერდა მხარს და მალე ყველაფერი შეიცვლებოდა. 1829 წლის 4 აგვისტოს რუსეთის ჯარი ორი მიმართულებით დაიძრა ბათუმისკენ: ერთი შეკვეთილიდან ქობულეთისკენ პოლკოვნიკ პატოვსკის ხელმძღვანელობით და და მეორე ოზურგეთიდან მუხაესტატეს გავლით ჰესეს ხელმძღვანელობით. მუხაესტატესთან გამაგრებული ოსმალები ჰესემ პირწმინდად დაამარცხა. ქობულეთში გამაგრებულმა ოსმალებმა უკან დაიხიეს და ციხისძირის პოზიციებიც მიატოვეს. ქობულეთიდან ზღვით გაიქცა სოფიო გურიელი. ჰესემ არ გამოიყენა ხელსაყრელი მომენტი, ბათუმზე შეტევის ნაცვლად კინტრიშზე გამაგრდა და კვლავ დაიწყო მოლაპარაკებები. ამან საშუალება მისცა ოსმალებს ხელახლა გაემაგრებინათ ციხისძირი. 17 სექტემბერს ჰესემ იერიში მიიტანა ციხისძირზე, მაგრამ დაკარგა ცოცხალი ძალის ორი მესამედი. ეს ამ ომში კავკასიის ფრონტზე რუსების ყველაზე დიდი მარცხი იყო. ჰესე იძულებულ ხდებოდა დაეთმო უკვე დაკავებული ტერიტორიები, მაგრამ ამასობაში მოუსწრო ადრიანოპოლის ზავმა.
შედეგები
რედაქტირებარუსეთმა ამიერკავკასიაში მიიღო ანაპა, ფოთი, ახალციხე და ახალქალაქი. ოსმალეთს დარჩა ომის დროს რუსეთის მიერ დაკავებული ყარსი, არტაანი, ბაიაზეთი. საზღვარმა კავკასიაში რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებს შორის გაიარა მდინარე ჩოლოქზე. [3]
საზღვარის ჩოლოქზე გავლება მხოლოდ ტექნიკურმა ლაფსუსმა გამოიწვია. საზავო ხელშეკრულების შედგენისას, რუსეთმა მოითხოვა და ოსმალეთმა დაუთმო მას გურიის მთელი ტერიტორია ჭოროხამდე, მაგრამ ხელშეკრულებისა და საზავო რუკის შედგენის დროს, მდინარეთა სახელწოდების აღრევის გამო, საზღვარი გაავლეს არა მდინარე ჭოროხთან, არამედ მდინარე ჩოლოქთან. სწორედ ამიტომ ქვემო გურია აღმოჩნდა ოსმალეთის საზღვრებში. შეცდომა შეამჩნიეს ხელმოწერისა და დამტკიცების შემდეგ, მაგრამ უკვე გვიან იყო ამ საკითხის ხელახლა აღძვრა.[4][5]
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 505.
- აბაშიძე ზ., ბახტაძე მ, ჯანელიძე ო., „საქართველო და ქართველები“, თბილისი, 2013. — გვ. 488-489, ISBN 978-9941-0-5498-3.
- გოგოლიშვილი ო. „რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 წლების ომი და აჭარა“, „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ N18 2016 წ. გვ. 174-181 —თბილისი, „უნივერსალი“ 2016 წ. ISSN 1512-3154
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Русско-турецкая война 1828–1829. На онлайн-энциклопедии «Кругосвет». ციტირების თარიღი: 2024-11-03
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ახვლედიანი ხ. „ნარკვევები აჭარის ისტორიიდან“ გვ. 47-56 — ბათუმი 1944 წ.
- ↑ ტივაძე გ. „ოსმალეთის დერვიშობა და გლეხთა აჯანყებანი XVI საუკუნეში“ გვ. 88 — თბილისი, 1946
- ↑ ხაჭაპურიძე გ., „გურიის აჯანყება 1841 წელს“, 1931 წ.
- ↑ ნოზაძე ვ. „საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო“, გვ. 8 — თბილისი, 1989
- ↑ Edward Backhouse Eastwick, Journal of a Diplomate's Three Years' Residence in Persia (1864) - Part 1