აკერმანის კონვენცია

აკერმანის კონვენცია — სამშვიდობო ხელშეკრულება რუსეთის იმპერიასა და ოსმალეთის იმპერიას შორის. ხელი მოაწერეს 1826 წლის 7 ოქტომბერს, თანამედროვე უკრაინის ქალაქ აკერმანში.

რუსეთის მხრიდან ხელი მოაწერეს ნოვოროსიის გენერალ-გუბერნატორმა და ბესარაბიის მეფისნაცვალმა მიხეილ ვორონცოვმა და რუსეთის ელჩმა ოსმალეთში ალექსანდრე რიბოპიერმა, ხოლო ოსმალეთის მხრიდან მეჰმედ ჰადი-ეფენდიმ და იბრაჰიმ-ეფენდიმ.

აკერმანის კონვენციამ დაადასტურა ბუქარესტის საზავო ხელშეკრულების პირობები. ოსმალეთმა აღიარა საზღვარი დუნაიზე, ასევე რუსეთს დაუბრუნდა სოხუმი, რედუტ-კალე და ანაკლია. ოსმალეთმა რუსეთის მოქალაქეებს თავისუფალი ვაჭრობის უფლება მისცა მთელს იმპერიაში, ხოლო რუსულ სავაჭრო გემებს ოსმალეთის ტერიტორიულ წყლებში და დუნაიზე თავისუფალი ნაოსნობის უფლება.

გარანტირებული იყო დუნაის სამთავროების და სერბეთის ავტონომია. მოლდოვისა და ვლახეთის მთავრები უნდა აერჩიათ ადგილობროვი მოსახლეობიდან რუსეთთან შეთანხმებით.

აკერმანის კონვენცია რუსეთის დიპლომატიის უდიდესი წარმატება იყო. ოსმალეთში ამას დროებით დათმობად აღიქვამდნენ, რისი მიზეზიც 1826 წლის იანიჩრების აჯანყება იყო. 1827 წლის 20 დეკემბერს სულთანმა მაჰმუდ II-მ აკერმანის კონვენცია გააუქმა, რაც 1828-1829 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის დაწყების ერთ-ერთი საბაბად იქცა. ომის დასრულების შემდეგ აკერმანის კონვენციის მუხლები განავრცო ადრიანოპოლის სამშვიდობო ხელშეკრულებამ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Jelavich, Charles The Establishment of the Balkan National States, 1804-1920, University of Washington Press, 1986. ISBN 0-295-96413-8.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება