სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გურიელი.

სოფიო წულუკიძე (გ. 7 სექტემბერი, 1829, გონიო) — გურიის სამთავროს დედოფალი, მამია V გურიელის მეუღლე, სამთავროს მმართველი რეგენტი 1826–1828 წლებში.

სოფიო წულუკიძე
გურიის სამთავროს მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე
მმართ. დასაწყისი: 1826
მმართ. დასასრული: 1 ოქტომბერი, 1828
წინამორბედი: მამია V გურიელი
მემკვიდრე: სამთავრო გაუქმდა
გარდ. თარიღი: 7 სექტემბერი, 1829
გარდ. ადგილი: გონიო, ოსმალეთის იმპერია
მეუღლე: მამია V გურიელი
შვილები: დავითი, ეკატერინე, ტერეზია, კოჭიბროლა, სოფიო
დინასტია: გურიელები
მამა: გიორგი წულუკიძე

სოფიოს მამა, გიორგი წულუკიძე იყო რაჭველი წარჩინებული, რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი. 1819-1820 წლების საეკლესიო აჯანყების დროს]] გიორგი წულუკიძე შვილებთან ერთად მეთაურობდა აჯანყებას რაჭაში. გარდაიცვალა თბილისში, პატიმრობაში. იმპერიის ხელისუფლებამ რაჭაში მისი ციხე-სიმაგრეები დაანგრია და ქონება ხაზინას გადასცა.

სოფიოს მამიდა ანა წულუკიძე იყო კაცია II დადიანის მეუღლე, ხოლო მამიდაშვილი მარიამი –იმერეთის დედოფალი, იმერეთის უკანასკნელი მეფის სოლომონ II-ის მეუღლე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1814 წლამდე ცოლად გაჰყვა გურიის მთავარს, მამია V გურიელს. ჰყავდა ხუთი შვილი, ერთი ვაჟი და ოთხი ქალიშვილი. 1826 წლის 21 ნოემბერს ქმრის გარდაცვალების შემდეგ რამდენიმე დღეში, 24 ნოემბერს, გურიის სამთავროს მდივანბეგმა გიორგი ნაკაშიძის და სახლთუხუცეს დავით მაჭუტაძის დახმარებით შეკრიბა გურიის თავადაზნაურობა და მისი და მისი ვაჟის, დავით გურიელის ერთგულებაზე დააფიცა. დაფიცებაზე უარი განაცხადა ერისთავმა და მისმა სახლიშვილებმა, რომლებიც ამისთვის რუსეთის იმპერიისგან ნებართვას ელოდნენ. საქართველოს მთავარმართებელმა ალექსი ერმოლოვმა დაფიცების აქტი უკანონოდ სცნო და უსაყვედურა სოფიოს. ერმოლოვმა 1827 წლის 3 იანვარს შექმნა გურიის სამთავროს სამმართველო საბჭო, ხოლო საბჭოს თავმჯდომარედ სოფიო დანიშნა. საბჭო ოფიციალურად გურიის სამთავროს მემკვიდრის, დავით გურიელის სრულწლოვანებმდე შეიქმნა. საბჭოს ადგილსამყოფელად განისაზღვრა ნაგომარი. ერმოლოვი დაპირდა სოფიოს, რომ მას აარჩევინებდა საბჭოს წევრებს, მაგრამ სინამდვილეში ერმოლოვმა თავად დანიშნა საბჭოში ექვსივე წევრი: ვახტანგ ერისთავი, დავით მაჭუტაძე, სვიმონ გუგუნავა, გიორგი ნაკაშიძე, გიორგი ერისთავი, გიორგი თავდგირიძე. საბჭოში ორი პოლიტიკური დაჯგუფება იყო. პირველი, სოფიოს მეთაურობით, მხარს უჭერდა მთავრის ხელისუფლების აღდგენას, მეორე კი რუსეთის მხარდამჭერი იყო. სოფიო უკმაყოფილო იყო საბჭოს შექმნით. 1827 წლის თებერვალში მან თავადებისა და სამღვდელოების ნაწილთან ერთად (მიტროპოლიტი ნიკოლოზ ჯუმათელი, დავით ვახტანგის ძე გურიელი, გიორგი ლევანის ძე გურიელი, სვიმონ და გიგო ერისთავები, ნარიმან მაჭუტაძე, ბიჭია შალიკაშვილი, გუგუნავებისა და ნაკაშიძეების სახლები) ოფიციალურად მოითხოვა ამ საბჭოს გაუქმება. ერმოლოვს სამთავროს გაუქმება მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, ამიტომ საბჭო არ გააუქმა.

ალიანსი ოსმალეთთან

რედაქტირება

რუსეთ-თურქეთის 1828–1829 ომის დროს სოფიო შეეცადა აღედგინა სამთავრო. მან ჯერ კიდევ 1827 წლიდან დაიწყო ურთიერთობის დაჭერა ქვემო გურიისა და აჭარის ბეგებთან, ფოთის ფაშასთან. რუსეთის ჯარის კავკასიის ფრონტის მარჯვენა ფრთის მმართველმა, გენერალ-მაიორმა კარლ ჰესემ სოფიოს 1828 წლის აპრილში წინადადება მისცა, მძევლად ჩაებარებინა დავით მაჭუტაძე და შეეწყვიტა ოსმალეთთან ურთიერთობა. მაგრამ სოფიო აპირებდა დავით მაჭუტაძესთან დაქორწინებას და სამთავრო ტახტის აღდგენას. მაჭუტაძემ ფარულად მოიარა ფოთი, ბათუმი, ტრაპიზონი და ბოლოს მოახერხა, რომ სულთანს სოფიოსთვის მფარველობის ფირმანი გამოეგზავნა. 9 მაისს ჰესემ კვლავ მორჩილებისკენ მოუწოდა სოფიოს. 1 ივნისს სოფიომ მიიღო ტრაპიზონის ფაშას მიერ გაგზავნილი მოხელე, გურიის ოსმალეთის ქვეშევრდომობაში შესვლის დამადაასტურებელი სიგელი და ოსმალეთის სულთნის საჩუქრები, სანაცვლოდ სოფიომ სულთანს მძევლად თავისი ათი წლის ქალშვილი კოჭიბროლა, ხოლო შეძლებულმა თავადებმა თავიანთი შვილები გადასცეს. გურიაში ანტიოსმალური განწყობა იმდენად დიდი იყო, რომ სოფიომ ხალხის მიმხრობა ვერ მოახერხა. რუსეთის მომხრე თავად-აზნაურებმა ოჯახები იმერეთში გახიზნეს, ლაშქარი შეკრიბეს და ჩოხატაურში რუსეთის ჯარს შეუერთდნენ. დავით მაჭუტაძემ სოფიოსთვის მხოლოდ 500 მოლაშქრე შეაგროვა.

ივლისში აჰმედ-ფაშას მეთაურობით 4 ათასი კაცი გურიაში შეიჭრა. 1828 წლის 15 ივლისს რუსეთის იმპერიამ მეგრელების და იმერლების სახალხო ლაშქრის დახმარებით ფოთი აიღო. 24 ივლისს რუსეთმა აიღო ახალქალაქი და ემზადებოდა ახალციხეზე შეტევისთვის, წარმატებებს აღწევდნენ ბალკანეთის ფრონტზეც. ამიტომ აჰმედ ფაშა უკან გაბრუნდა ახალციხის გასამაგრებლად. სოფიოს ჯარმა სვიმონ ერისთავის ციხე გადაწვა და ასკანის ციხეში შევიდა. სოფიო მიხვდა, რომ ოსმალეთი ომს აგებდა, ამიტომ მან 8 აგვისტოს მონანიების წერილები მისწერა ერმოლოვის ნაცვლად დანიშნულ ივანე პასკევიჩს. სოფიო პასკევიჩს პირდებოდა ლაშქრის გამოყვანას ქობულეთსა და ბათუმზე ერთობლივად ლაშქრობისთვის. პასკევიჩმა სოფიოს მისცა ორკვირიანი ვადა, მოითხოვა მძევლები და გურიაში გაგზავნა კარლ ჰესე ორი ბატალიონით.

სოფიომ მძევლების გაცემაზე უარი განახადა. 30 სექტემბერს კარლ ჰესე ორი ბატალიონით გურიაში შევიდა. სოფიომ დატოვა ოზურგეთი და გადავიდა ლიხაურის ციხეში. ჰესემ დაიკავა ოზურგეთისა და ასკანის ციხეები. 1 ოქტომბერს სოფიო ოსმალეთში გაიქცა და სარდალ ოსმან-ბეგთან მივიდა. მან ლიხაურში დატოვა ორი მცირეწლოვანი ქალიშვილი, შვიდი წლის სოფიო და ექვსი წლის ტერეზია (პასკევიჩმა ორივე სანქტ-პეტერბურგში გააგზავნა, სადაც მიაბარეს სმოლნის ინსტიტუტში), ხოლო დავითი და ეკატერინე წაიყვანა თან. მასთან ერთად წავიდნენ დავით მაჭუტაძე, გიორგი თავდგირიძე, ლაზარე ნაკაშიძე, 8 აზნაური და 56 მსახური. ჰესე დაედევნა გაქცეულებს და 15 ოქტომბერს შეკვეთილთან ბრძოლაში დაამარცხა ოსმალები, მაგრამ ჩოლოქის გადაკვეთა ვერ გაბედა. სოფიო ტრაპიზონში ჩავიდა.

გარდაცვალება

რედაქტირება

რუსეთის ხელისუფლებამ მოახდინა სოფიოს ქონების კონფისკაცია და გურიაში დააწესა დროებითი მმართველობა პოდპოლკოვნიკ კულიაბკოს ხელმძღვანელობით. 1829 წლის გაზაფხულზე სოფიომ ქვემო გურიიდან პროკლამაციები გაავრცელა. ის მოსახლეობას რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ აჯანყებისკენ მოუწოდებდა. პასკევიჩმა სოფიოს წერილი გაუგზავნა, ჰპირდებოდა მას შეწყალებას და შვილის, დავითისთვის ტიტულის შენარჩუნებას, თუ სოფიო უარს იტყოდა ოსმალეთთან ალიანსზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პასკევიჩი იმუქრებოდა დავითისთვის ტიტულის ჩამორთმევით. პასკევიჩის წერილები ოსმალეთის აგენტებმა ჩაიგდეს ხელთ და სოფიომდე მათ არ მიუღწევია. 1829 წლის 9 აგვისტოს ჰესემ დაიკავა კინტრიშის ხეობა. სოფიომ და მისმა ოჯახმა ძლივს გაასწრო ჰესეს. ბოლოდროინდელი რთული ცხოვრების გამო სოფიოს ჯანმრთელობა შეირყა, დასნეულდა და 1829 წლის 7 სექტემბერს გარდაიცვალა გონიოში. მისი გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახის წევრები გადავიდნენ აქჩააბათში (ყოფილი პლატანა) და სოფიო იქვე დაკრძალეს[1]

სოფიოს საფლავი

რედაქტირება
 
სოფიოს გურიელი, პლატანა, 1909

სოფიო დაკრძალული იყო მიქაელ მთავარაგელოზის ეკლესიის გალავნის ჩრდილოეთ ნაწილში. საფლავზე წარწერა ბერძნულად იყო შესრულებული, მაგრამ ის ჯერ კიდევ 1909 წელს მონახულებისას არ იკითხებოდა, რადგანაც პერიოდულად ხდებოდა მისი გადაღებვა[2]. ამჟამად სოფიოს საფლავი დაკარგულია. 1832 წლის 25 იანვარს ნიკოლოზ I-მა შეიწყალა ოსმალეთში გაქცეული გურული თავად აზნაურები. გურიაში სხვა თავად-აზნაურებთან ერთად დაბრუნდნენ დავით და ეკატერინე ბატონიშვილები.

შემორჩენილია სოფიოს ორი განსხვავებული აკლდამის ფოტო. ერთი წარმოადგენს დიმიტრი ერმაკოვის კოლექციის ნაწილს (გადაღებულია 1896 წლამდე) და მისი მიხედვით აკლდამა ქალაქ უნიაში იდგა[3], ხოლო მეორე — გადაღებული 1909 წელს დასახლებულ პუნქტ პლატანაში იმყოფებოდა[4]. სხვა წყაროს მიხედვით სოფიო გარდაიცვალა და დაკრძალეს ტრაპიზონის საფაშოს ქალაქ უნიეს (რუს. Гогніѣ), წმინდა სოფიოს ბერძნულ მონასტერში[5].

ლიტერატურა

რედაქტირება