რუსეთ-ოსმალეთის ომი (1828-1829)

ომი რუსთესია და ოსმალეთის იმპერიებს შორის (1828-1829)
(გადამისამართდა გვერდიდან რუსეთ-თურქეთის ომი (1828-1829))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რუსეთ-ოსმალეთის ომი.

რუსეთ-ოსმალეთის ომი — სამხედრო დაპირისპირება რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებს შორის 1828-1829 წლებში. ეს ომი საბერძნეთის დამოუკიდებლობის ომის გამო იყო გამოწვეული. ომი დაიწყო, როდესაც სულთანმა რუსეთის ნავარინოს ბრძოლაში მონაწილეობით გაღიზიანების გამო დარდანელის სრუტე დახურა რუსეთის გემებისთვის და ამით აკერმანის კონვენცია დაარღვია. რუსეთი ომისთვის მომზადებული იყო, ამიტომ ის მისთვის ხელსაყრელ ვითარებაში მიმდინარეობდა, რამაც მისი გამარჯვება განაპირობა. ომი დასრულდა ადრიანოპოლის ზავით. ომის შედეგად რუსეთმა გააფართოვა თავისი საზღვრები, მტკიცედ მოიკიდა ფეხი კავკასიაში და განამტკიცა პოზიციები შავ ზღვაზე.

ყარსის ალყა 1828

ომის მიმდინარეობა

რედაქტირება

1827 წლის 8 დეკემბერს ოსმალეთის სულთანმა გამოაქვეყნა დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც ის აპირებდა სამხრეთ კავკასიაში პოზიციების აღდგენას. რუსეთმა ოსმალეთს ომი გამოუცხადა 1828 წლის 14 აპრილს. სულთანმა მთელ მუსლიმურ სამყაროს მოუწოდა საღვთო ომისკენ. შეტაკებების დაწყებისას რუსეთის არმია 92000 ჯარისკაცისგან შედგებოდა, ხოლო ოსმალეთის ძალები 150000-ს აჭარბებდა, რომელთაც ჰუსეინ ფაშა მეთაურობდა. 1828 წლის ივნისში რუსეთის მთავარმა ძალებმა იმპერატორ ნიკოლოზ I-ის მეთაურობით დუნაი გადაკვეთეს და დობრუჯაში შეიჭრნენ. მანამდე, რუსეთის მთავარსარდალი გრაფი პეტრე ვიგენშტაინი კი ვალახეთში შეიჭრა და ბრაილა და ბუქარესტი აიღო სირთულის გარეშე. შემდგომი წინსვლა ბალკანეთის ფრონტზე რუსეთმა ვერ შეძლო, ამიტომ ომი განავრცო კავკასიაში.

რუსეთმა 11 ივნისს დაიკავა ანაპის ციხე, 23 ივნისს — ყარსი. ივლისში აჰმედ-ფაშა ხიმშიაშვილის მეთაურობით 4 ათასი კაცი გურიის სამთავროში შეიჭრა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ გურიის მმართველმა სოფიომ ოსმალეთის მფარველობა მიიღო და ოსმალეთს უჭერდა მხარს. რუსეთმა 15 ივლისს აიღო ფოთი, 24 ივლისს — ახალქალაქი, 26 ივლისს — ხერთვისის ციხე. აჰმედ-ფაშა იძულებული გახდა ახალციხის საფაშოში დაბრუნებულიყო და იქ უწევდა რუსეთს მედგარ წინააღმდეგობას, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა გასცლოდა ახალციხეს და აჭარაში გადასულიყო, რადგან რუსეთმა 16 აგვისტოს ახალციხე აიღო. 28 აგვისტოს ალექსანდრე ჭავჭავაძემ აიღო ბაიაზეთი. ამავე წლის აგვისტოში რუსეთის ფლოტმა დაბობმა ოსმალეთის სიმაგრეები ჭანეთში, მაგრამ ამას რაიმე შედეგი არ მოუტანია.

1829 წლის თებერვალში ხიმშიაშვილმა მოიკრიბა ძალები და ახალციხეს შეუტია, მაგრამ მას სათანადო დახმარება ვერ აღმოუჩინა აბდი-ბეგმა და აჰმედმა კვლავ აჭარაში დაიხია უკან.[1]რუსეთს განზრახული ჰქონდა აჭარის დალაშქრვაც, მაგრამ ზამთრის კლიმატისა და რთული რელიეფის გამო თავი შეიკავა. ამან საშუალება მისცა ხიმშიაშვილს მოლაპარაკებები გაემართა ბებუთოვთან. მოლაპარაკებები შედიოდა რუსეთის ინტერესებშიც, რადგან ის უომრად მიიღებდა აჭარას. ხიმშიაშვილი თანახმა იყო ფაშისა და გენერლის ტიტულისა და აჭარის მმართველობის შენარჩუნების სანაცვლოდ მიეღო რუსეთის ქვეშევრდომობა, მაგრამ მოლაპარაკებები მაინც გაჭიანურდა.

1829 წლის 27 ივნისს რუსეთმა აიღო ერზურუმი. გენერალი ბებუთოვი სომხეთის ოლქის უფროსად გადაიყვანეს, მის ნაცვლად კი დანიშნეს ბარონი ოსტენ-საკენი, რომელსაც ხიმშიაშვილი არ ენდობოდა. ოსტენ-საკენმა ხიმშიაშვილს მისცა ოთხი დღის ვადა, რათა თავად, ან მისი შვილი გამოცხადებულიყვნენ რუსეთის ბანაკში და მიეღოთ ქვეშევრდომობა. ხიმშიაშვილმა არ მიიღო ეს პირობა და ოსტენ-საკენი 12 აგვისტოს შევიდა ზემო აჭარაში სამი ქვეითი ბატალიონით, 2700 ხიშტით, კაზაკთა პოლკით, სამი სამთო და ოთქი მცირე ქვემეხით. ასე მივიდა ხულომდე. ოსტენ-საკენი წინააღმდეგობას შეხვდა, ამიტომ იძულებული გახდა დიდი დანაკლისით უკან გაბრუნებულიყო 28 აგვისტოს.[2]

საქართველოს მთავარმმართებელმა ივანე პასკევიჩმა გენერალ კარლ ჰესეს დაავალა, აეღო ბათუმი. ჰესემ დაიწყო მოლაპარაკებების გამართვა ადგილობრივ ბეგებთან. ოსმალეთისხელისუფლებამ იცოდა რა, რომ ადგილობრივი ბეგები რუსეთისადმი სიმპათიით იყვნენ განწყობილნი, იქ გაგზავნა რვა ათასი ასკერი ტუსჩიოღლის მეთაურობით, რომელმაც დაარწმუნა ადგილობრივი ბეგები, რომ მართალია, ოსმალეთი ახლა ომს აგებდა, მაგრამ მთელი ევროპა ოსმალეთს უჭერდა მხარს და მალე ყველაფერი შეიცვლებოდა. 1829 წლის 4 აგვისტოს რუსეთის ჯარი ორი მიმართულებით დაიძრა ბათუმისკენ: ერთი შეკვეთილიდან ქობულეთისკენ პოლკოვნიკ პატოვსკის ხელმძღვანელობით და და მეორე ოზურგეთიდან მუხაესტატეს გავლით ჰესეს ხელმძღვანელობით. მუხაესტატესთან გამაგრებული ოსმალები ჰესემ პირწმინდად დაამარცხა. ქობულეთში გამაგრებულმა ოსმალებმა უკან დაიხიეს და ციხისძირის პოზიციებიც მიატოვეს. ქობულეთიდან ზღვით გაიქცა სოფიო გურიელი. ჰესემ არ გამოიყენა ხელსაყრელი მომენტი, ბათუმზე შეტევის ნაცვლად კინტრიშზე გამაგრდა და კვლავ დაიწყო მოლაპარაკებები. ამან საშუალება მისცა ოსმალებს ხელახლა გაემაგრებინათ ციხისძირი. 17 სექტემბერს ჰესემ იერიში მიიტანა ციხისძირზე, მაგრამ დაკარგა ცოცხალი ძალის ორი მესამედი. ეს ამ ომში კავკასიის ფრონტზე რუსების ყველაზე დიდი მარცხი იყო. ჰესე იძულებულ ხდებოდა დაეთმო უკვე დაკავებული ტერიტორიები, მაგრამ ამასობაში მოუსწრო ადრიანოპოლის ზავმა.

შედეგები

რედაქტირება

რუსეთმა ამიერკავკასიაში მიიღო ანაპა, ფოთი, ახალციხე და ახალქალაქი. ოსმალეთს დარჩა ომის დროს რუსეთის მიერ დაკავებული ყარსი, არტაანი, ბაიაზეთი. საზღვარმა კავკასიაში რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებს შორის გაიარა მდინარე ჩოლოქზე. [3]

საზღვარის ჩოლოქზე გავლება მხოლოდ ტექნიკურმა ლაფსუსმა გამოიწვია. საზავო ხელშეკრულების შედგენისას, რუსეთმა მოითხოვა და ოსმალეთმა დაუთმო მას გურიის მთელი ტერიტორია ჭოროხამდე, მაგრამ ხელშეკრულებისა და საზავო რუკის შედგენის დროს, მდინარეთა სახელწოდების აღრევის გამო, საზღვარი გაავლეს არა მდინარე ჭოროხთან, არამედ მდინარე ჩოლოქთან. სწორედ ამიტომ ქვემო გურია აღმოჩნდა ოსმალეთის საზღვრებში. შეცდომა შეამჩნიეს ხელმოწერისა და დამტკიცების შემდეგ, მაგრამ უკვე გვიან იყო ამ საკითხის ხელახლა აღძვრა.[4][5]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 505.
  • აბაშიძე ზ., ბახტაძე მ, ჯანელიძე ო., „საქართველო და ქართველები“, თბილისი, 2013. — გვ. 488-489, ISBN 978-9941-0-5498-3.
  • გოგოლიშვილი ო. „რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 წლების ომი და აჭარა“, „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ N18 2016 წ. გვ. 174-181 —თბილისი, „უნივერსალი“ 2016 წ. ISSN 1512-3154

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ახვლედიანი ხ. „ნარკვევები აჭარის ისტორიიდან“ გვ. 47-56 — ბათუმი 1944 წ.
  2. ტივაძე გ. „ოსმალეთის დერვიშობა და გლეხთა აჯანყებანი XVI საუკუნეში“ გვ. 88 — თბილისი, 1946
  3. ხაჭაპურიძე გ., „გურიის აჯანყება 1841 წელს“, 1931 წ.
  4. ნოზაძე ვ. „საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო“, გვ. 8 — თბილისი, 1989
  5. Edward Backhouse Eastwick, Journal of a Diplomate's Three Years' Residence in Persia (1864) - Part 1