გურიელები

გურიის მთავრები 1463-1829 წლებში.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გურიელი.

გურიელები — ფეოდალური საგვარეულო დასავლეთ საქართველოში. დადიანების განშტოება. გურიელების იყვნენ გურიის საერისთავოს ერისთავები, შემდგომ მიაღწიეს ცალკე სამთავროდ ჩამოყალიბებას და XIV-XIX საუკუნეებში იყვნენ გურიის მთავრები, XVII-XVIII საუკუნეებში გურიელების დინასტიის რამდენიმე წარმომადგენელი იკავებდა იმერეთის მეფის ტახტს.

გურიელები
გერბი
პერიოდი 1226-1826
ტიტული ერისთავთერისთავი, მთავარი, მეფე
ქვეშევრდომობა იმერეთის სამეფო, ოსმალეთის იმპერია, რუსეთის იმპერია
სამფლობელოები გურია, აჭარა, საჯავახო, ჭანეთი
სამოქალაქო საქმიანობა გურიის ერისთავები, გურიის მთავრები, იმერეთის მეფეები

ისტორია რედაქტირება

ვარდანისძენი რედაქტირება

 
„ხოლო გურიელი ვარდანისძეობასა იტყვის“

გურიელების წინაპრები იყვნენ ვარდანისძენი. პირველი ვარდანისძე-გურიელი მოხსენიებულია წმინდა გიორგის X საუკუნის ხატზე, რომელიც ჯუმათის მონასტერში ინახებოდა. ესაა ვარდან ვარდანისძე. მან მოაჭედინებია აღნიშნული ხატი.

 
„ახოვანო მხედარო ქრისტესაო, მეოხ ეყავ მონასა შენსა ერისთავთ ერისთავსა ვარდან ვარდანისძესა, ამინ“

1041 წელს ბაგრატ IV-მ ანისში სხვა დიდ ფეოდალებთან ერთად გაგზავნა სვანთა ერისთავი ივანე ვარდანისძე. ლიხაურის წმიდა იაკობის ხატის წარწერა იხსენიებს XII საუკუნის მოღვაწე მარუშიან ვარდანისძეს და მის მეუღლეს ხათთას (ხათუთას). ერთ-ერთი ვერსიით ლიხაურის ეკლესია სწორედ მისი აშენებული უნდა იყოს. გიორგი II-ს სხვა დიდებულებთან ერთად აუჯანყდა ვარდან სვანთა ერისთავი. ჯუმათის მონასტრის სხვა ხატზე მოხსენიებულია იოანე ვარდანისძე. იოანე ვარდანისძე XII საუკუნეში გიორგი III-სა და თამარ მეფის დროს ცხოვრობდა და გიორგი რუსის აჯანყებაში მონაწილეობდა.

 
„სვანთ ერისთავი და მანდატურთუხუცესი, იოანე, მსახურთუხუცეს მთავარი. ესე ხატი მოიჭედა დეკანოზისა დარჩიეისა ხელითა შეუნდოს ღმერთმან.“

XV საუკუნეში ბაგრატ V-მ რაღც მიზეზის გამო შეიპყრო სვანთა ერისთავი ვარდანისძე. რაღაც დროის შემდეგ კი შეიწყალა და გურია მისცა საერისთავოდ, სვანეთი კი სხვას გადასცა.

გურიელები რედაქტირება

გურიელი პირველად XIII საუკუნეში, 1226-1242 წწ, იხსენიება, როდესაც ჟამთააღმწერელი აღწერსდავით ნარინის მეფედ დასამტკიცებლად ქართველთა დელეგაციის წასვლას მონღოლთა ბანაკში. ის თანხმხლედ დიდებულებს შორის ასახელებს გურიელს. გურიის ერთ-ერთი პირველი ერისთავი უნდა ყოფილიყო სიმონ I გურიელი. ის გურიის ერისთავის იყო დაახლოებით XII საუკუნის 60-იან წლებში. გურიელი პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოსცილებია და ბერად აღკვეცილა. სიმონ I გურიელი მოიხსენიება როგორც „ერისთავთერისთავი, მსახურთუხუცესი, სვანთა ერისთავი სუიმეონ გურიელი“. XIV საუკუნის კიდევ ერთი მოღვაწე იყო ბეშქენ გურიელი. ბეშქენ გურიელი და მისი ძე, მიქაელის იხსენიებოდნენ ბაღლების ეკლესიის წარწერაში, ხოლო ბეშქენ გურიელი გამოსახული იყო სამხრეთ შესასვლელის მარცხნივ. სავარაუდოდ, ტაძარი სწორედ მისი აშენებული იყო. ბეშქენ და მიქაელ გურიელები იხსენიებოდნენ ჯუმათის მონასტრის წმინდა გიორგის ოქროს ხატის წარწერაში

 
„წმინდაო ღმერთო, მფარველ ექმენ გურიელსა ბეშქენსა და ძესა მათსა მიქაელ წინაშე ღვთისა“

პირველი ადამიანი, რომელიც მოხსენიებულია როგორც ვარდანისძედ, ასევე გურიელად არის კახაბერ I გურიელი. ის იყოს ერისთავთერისთავი და სვანთა ერისთავი. კახაბერ გურიელი მოხსენიებულია ჯუმათის მონასტრის გაბრიელ მთავარანგელოზის ხატის ზურგის მოჭედილობის წარწერაში. წარწერაში იხსენიებიან გიორგი II დადიანი და მისი შვილები, ვამეყ I დადიანი და კახაბერ გურიელი. კახაბერ გურიელი აგრეთვე იხსენიება ექადიის ტაძრის სამშენებლო წარწერაზე და შემოქმედის ღვთისმშობლის ხატის წარწერებზე.

XV საუკუნეში გიორგი გურიელისა და დედოფალ ელენეს ინიციატივით დაარსდა გურიის სამი საეპიკოპოსო: შემოქმედის, ჯუმათისა და ხინოწმინდისა. ეპარქიების დაარსება სამთავროს პოლიტიკური დამოუკიდებლობისკენ გადადგმული ნაბიჯები იყო. მათ მრავალი ხატი შესწირეს ჯუმათის ეკლესიას, ააგეს ლიხაურის ეკლესიის სამრეკლო. გიორგის ძე ლომა და მისი მეუღლე ადასუჯანი განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდნენ იერუსალიმის ჯვრის მონასტრისადმი. მათი სახელები არაერთხელაა მოხსენიებული მონასტრის აღაპებში.

ბერძნულ წყაროებში გურიელს პირველად იხსენიებს XV სუაკუნის ისტორიკოსი მიქაელ პანარეტოსი, რომელიც ახსენებს, რომ გურიელს მოლაპარაკება ჰქონდა ტრაპიზონის მეფესთან. თუმცა პანარეტს გურიელის სახელი აღნიშნული არ აქვს.

გურიის სამთავროს პერიოდი რედაქტირება

XIII საუკუნიდან მოყოლებული გურიის ერისთავები თანდათან იღებდნენ მთავრისთვის დამახასიათებელ ატრიბუტებს და თავისუფლდებოდნენმეფეზე ეკონომიკური, სამხედრო და პირადი დამოკიდებულებისგან. საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ გურიის საერისთავოს ბაზაზე ჩამოყალიბდა გურიის სამთავრო.

სამთავროს პერიოდში გურიელად იწოდებოდა გურიის გამგებელი, ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების ძირითადი რეზიდენცია იყო ოზურგეთი, საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია. XVII საუკუნის II ნახევრიდან სამთავრო ტახტზე გურიელებს ოსმალეთის სულთანი ამტკიცებდა. XVIII საუკუნის 70-იანი წლებიდან გურიელები ფაქტობრივად გათავისუფლდნენ ოსმალეთზე დამოკიდებულებიდან. გურიელების ხელისუფლება რუსეთის მთავრობამ ოფიციალურად 1828 წელს გააუქმა, ხოლო 1850 წელს გურიის ბატონიშვილთა 4 ოჯახს უწარჩინებულეს თავადთა ხარისხი დაუმტკიცა. ამის შემდეგ „გურიელი“ მათ გვარად იქცა.

ქონება რედაქტირება

გურიელების დომენს შეადგენდა: ქვემო გურიაში ჩეხედანა, ალამბარი, ბათუმი, ჩაქვისთავი; შუა გურიაში ოზურგეთი, ექადია, თხინვალი, კონჭკათი, მამათი, ბაილეთი, ნაგომარი, ხრიალეთი, მეწიეთი, უჩხუბი, შემოქმედი; ზემო გურიაში ლესა, ჩოჩხათი, ჯურუყვეთი, ჩიბათი, გრიგოლეთი. 1764 წლამდე გუილი დროებით ფლობდა ერკეთს, ოქროსქედს და ვანისქედს.[1]

ლიტერატურა რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ჩხატარაიშვილი ქ., „გურიის სამთავრო“, თბ., 1959. — გვ. 336.