ტერმინს „ვამეყ“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ვამეყ.

ვამეყ I დადიანი (გ. 1396) — ოდიშის ერისთავი 1384-1396 წლებში, ძე გიორგი II დადიანისა. ჰქონდა ერისთავთერისთავისა და მანდატურთუხუცესის ტიტული. ასე იწოდება ვამეყი ხობის მონასტრის კედლის წარწერაში და, ასევე, წალენჯიხისა და ჯუმათის მთავარანგელოზის ამჟამად დაკარგული ხატების წარწერებში.

ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ვამეყის დამორჩილებას ცდილობდა იმერეთის განდგომილი ერისთავი გიორგი I, რომელმაც 1398 წელს თავი მეფედ გამოაცხადა. 1392 წელს ვამეყმა დაამარცხა გიორგი, რომელიც ამ ბრძოლაში დაიღუპა. ამის შემდეგ დადიანის თანადგომით საქართველოს მეფემ გიორგი VII-მ შეძლო თავისი ძალაუფლების განმტკიცება დასავლეთ საქართველოში.

ხობის მონასტრის ეგვტერის კედელში ჩართული არქიტექტურული დეტალები — ნადავლი ჯიქეთიდან.

ვამეყმა ასევე „ურწმუნოებისა და ორგულობისათჳს“ დალაშქრა ჯიქეთი, დაანგრია „სიმაგრენი გაგარი და უღაღნი“, წამოიყვანა მძევლები და გამარჯვების ნიშნად წამოიღო მარმარილოს სვეტებითა და ფიქლები, რომლითაც ხობის ეკლესიას თავისი მშობლების ეგვტერი მიაშენა. ამ ამბის შესახებ მოთხრობილია საძვალის სამხრეთ კედლის წარწერაში:

ვიკიციტატა
„ქ. სახელითა ღმრთისათა ერისთავთერისთავმან და მანდატურთ უხუცესმან დადიანმან ვამეყ მამისა მათისა [პატ]რონისა ერისთავთერისთავისა დადიანისა გიორგის შედეგად მიუჴდა ჯიქეთ[ს] ურწმუნოებისა და ორგულობისათჳს, რათამცა მოემსახურა. და სძლო, შეურაცხ და უჴმარ იქმნა მათი სიმაგრენი, გაგარი და უღაღნი, ყოველნივე ძალითა მოირჭუნა. მრავალთა ჯიქეთისა პატრონთაგან მიუვალი მოარბივნა. რაოდენნი მოეწყო, მათი მძევალნი წამოასხნა და სხვანი აოტნა. მაშინ მოიღო სვეტნი და ფილაქნი ესენი მარმარილოსანი და მამათა-დედათა ლარნაკი და მისი და მარეხ[ისი] გააერთ[ა]. საუკუნემცა არს ჴსენებაჲ მათი.“

ვამეყისვე თაოსნობით კონსტანტინეპოლიდან საგანგებოდ მოწვეულმა მხატვრმა კირ მანუელ ევგენიკოსმა მოხატა წალენჯიხის ეკლესია. ვამეყს თავისი სახელით ვერცხლის ფულიც მოუჭრია. შემონახულია ე. წ. კირმანეული ტიპის მონეტა ზურგზე ტრაპიზონის მფარველი წმინდანის, ევგენიოსის გამოსახულებით, შუბლზე კი შებრუნებით მოთავსებული მხედრული წარწერით „ვამეყ“. ვამეყს ჰყოლია და მარეხი (ცნობილია ხობის წარწერიდან) და ძმა კახაბერი, ერისთავთერისთავი გურიისა. ვახუშტის თანახმად, ვამეყი 1396 წელს გარდაიცვალა და მომდევნო დადიანი მისი ძე მამია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართლის ცხოვრება, ტ. IV: ბატონიშვილი ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა (ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ), თბ., 1973. — გვ. 803.
  • ბერაძე თ., ვამეყ I დადიანი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 149.
  • ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში: ენციკლოპედიური ლექსიკონი (პროექტის ხელმძღვ. — თამარ აბულაძე), თბ., 2017. — გვ. 154-155.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება