იური ბოგოლიუბსკი
იური ანდრიას ძე ბოგოლიუბსკი (გიორგი რუსი) — საქართველოს მეფის თამარის პირველი ქმარი, ნოვგოროდის მთავარი 1172-1175, სუზდალის მთავრის ანდრია ბოგოლიუბსკის შვილი.
ბოიართაგან ანდრია ბოგოლიუბსკის მოკვლის (1174) შემდეგ იური ანდრიას ძე ნოვგოროდიდან გააძევეს (1175). ნოვგოროდის მატიანე 1175 მერე მას აღარ იხსენიებს. იპატის ნუსხის მიხედვით კი იური ანდრიას ძე ამის შემდეგ ქ. ვლადიმირშია, სადაც მონაწილეობდა სამთავროს ტახტის დაუფლებისათვის ატეხილ დავაში. 1176-1177 ანდრია ბოგოლიუბსკის ძმამ ვსევოლოდმა (ქართული წყაროებით სალავათი) მთლიანად დაიპყრო ანდრიას სამფლობელო და ძმისშვილიც გააძევა იქიდან. ამის შემდეგ უფლისწული ჩრდილოეთ კავკასიაში აღმოჩნდა და შემდგომში მისი ბედი რუსი ისტორიკოსებისათვის ქართული წყაროებიდან გახდა ცნობილი. 1186 იური ანდრიას ძე აბულასანის წინადადების საფუძველზე საქართველოს სამეფო დარბაზის გადაწყვეტილებით საქართველოში მოიწვიეს თამარის თანამეცხედრედ. იური ანდრიას ძე საქართველოში ჩამოსვლის უმალ ფეოდალური შინაკლასობრივი ბრძოლების ქარცეცხლში მოექცა. ჩანს, იგი აბულასანის დასს უჭერდა მხარს. იური ანდრიას ძის, როგორც მეფე-ქმარს, ფუნქცია მკვეთრად იყო განსაზღვრული და ძირითადად ლაშქრის მეთაურობით ამოიწურებოდა. თამარის ისტორიკოსების მიხედვით, რუსი უფლისწული უზნეო გამოდგა, ამის გამო იგი ჩამოაშორეს თამარს და საქართველოდან გააძევეს (1187-1188). იური ანდრიას ძემ თავი კონსტანტინოპოლს შეაფარა. როგორც ჩანს, მასთან კავშირი არ შეუწყვეტიათ თამარის მოწინააღმდეგე დიდგვაროვან ფეოდალებს, რომელთა შემწეობითაც გაღვივდა აჯანყება სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ (იური ანდრიას ძის აჯანყება). თავისი უფლებების აღსადგენად მებრძოლი უფლისწული დაამარცხა თამარის ლაშქარმა.
საქართველოს მეფის ბრძანებით იური ანდრიას ძე სრულიად უვნებელი გაუშვიათ. იგი, როგორც ივანე ჯავახიშვილი ვარაუდობს, კვლავ ბიზანტიაში უნდა წასულიყო. იური ანდრიას ძემ მეორედაც სცადა ბედი და არანის მხრიდან შემოვიდა საქართველოში, დაარბია კამბეჩიანის მხარე და ტყვე და ნადავლიც „აიღო“. მას მცირე ლაშქრით დაედევნა ხორნაბუჯის პატრონი საღირ მახატლის ძე, შეებრძოლა და დაამარცხა კიდეც. იური ანდრიას ძე გადარჩენილ მებრძოლებთან ერთად გაიქცა და „გარდაიხუეწა“.
ლიტერატურა
რედაქტირება- მეტრეველი რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 280.
- ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 7, თბ., 1974
- მეტრეველი რ., შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში (XII ს.), თბ., 1973
- ცინცაძე ი., ძიებანი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (X-XVI სს.), თბ., 1956
- ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 2, თბ., 1965