ჯუმათის მონასტერი
ჯუმათის მონასტერი — მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის მონასტერი გურიაში, სოფელ ძირიჯუმათში. მდებარეობს გურიის ქედზე, მდინარე სუფსის ხეობაში, ოზურგეთიდან 14 კმ., ზღვის დონიდან 492 მ. მონასტრიდან ფაქტობრივად მთელი დასავლეთ საქართველო ჩანს: კოლხეთის დაბლობი, კავკასიონი, პალიასტომის ტბა, აჭარის სანაპირო ზოლი. მთავარი ტაძარი ადრეფეოდალური ხანით თარიღდება, მოხატულობა XVI-XVIII საუკუნეებს განეკუთვნება. ჯუმათის მთავარანგელოზთა ხატებიდან მოხსნილი მედალიონები მსოფლიოს უდიდეს მუზეუმებშია დაცული. წარმოადგენდა ჯუმათის საეპისკოპოსოს და გურიის ეპარქიის (1844-1885) ცენტრს. არის ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლი[1].
ჯუმათის მონასტერი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 42°01′46″ ჩ. გ. 41°59′00″ ა. გ. / 42.02944° ჩ. გ. 41.98333° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
პროვინცია | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
ადგილმდებარეობა | ძირიჯუმათი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | მამათა მონასტერი |
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა | ჯუმათის საეპისკოპოსო |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული ტიპი | ბაზილიკა |
დეტალები
| |
ტაძრის გეგმა |
ლეგენდა
რედაქტირებალეგენდის თანახმად ჯუმათში ეკლესიის დაარსება უკავშირდება პალიასტომის ტბის გაჩენას და მიმდებარე „პავლიას ტომის“ წარღვნის შედეგად ტბაში დაძირვას. გადარჩენილა მხოლოდ ერთი დიაკვანი, გვარად დარჩია, რომელმაც გაიტაცა მთავარანგელოზის ხატი, აიტანა ჯუმათის მთაზე და იქ შემდეგ ამ ხატს ეკლესია აუშენეს, ხოლო დიაკვანი ტაძრის დეკანოზად დააყენეს.
ისტორია
რედაქტირებაჯუმათი შემოქმედის შემდეგ ყველაზე თვალსაჩინო როლს ასრულებდა გურიის ისტორიაში. იყო ჯუმათის საეპისკოპოსოს ცენტრი XV-XIX საუკუნეებში. ეპარქია მოიცავდა ტერიტორიას მდინარეებს სუფსასა და რიონს შორის. ჰქონდა დიდძალი ქონება და ძვირფასი ხატები.
„...ზის ეპისკოპოზი, მწყემსი სუფსეის მდინარისა და რიონს შორისის ადგილთა“
| |
(ვახუშტი ბატონიშვილი[2])
|
საეპისკოპოსო კათედრის დაარსებამდე ჯუმათში მონასტერი იყო. ჯუმათის მონასტერი არაერთი ქართველი და უცხოელი მეცნიერისა თუ მოგზაურის ინტერესის საგანს წარმოადგენდა. ცნობები მონასტრის შესახებ დაცულია ვახუშტი ბატონიშვილის, იოჰან გიულდენშტედტის, ჟაკ ფრანსუა გამბას, მარჯორი უორდროპის ნაშრომებში. მონასტრის და მისი ადგილმდებარეობის შესახებ პირველი ცნობა ეკუთვნის ვახუშტი ბატონიშვილს:
ვახუშტის შეცდომით აქვს ეკლესია გუმბათიან ნაგებობად მოხსენიებული. ჯუმათის ეკლესია გუმბათიანი არასდროს ყოფილა, იგი ბაზილიკური ტიპის ნაგებობაა. ასევეა ის გამოსახული ლიხთიმერეთის 1737 წლის რუკაზე, რომელიც თან ერთვის ჟაკ ფრანსუა გამბას ნაშრომს „Voyage Dans La Russie meridionale. A Paris. 1826“. რუკაზე ჯუმათის მონასტერი თავზე ჯვრითაა გამოსახული და მიწერილი აქვს „ჯუმათის ეკლესია, სამიტრაპოლიტო“[3] ჯუმათის ეკლესია აქაურ მწყემსმთავართა საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა,ხოლო საზამთრო რეზიდენცია მდინარე სუფსის ნაპირას მდებარე სოფელი ბოგილი იყო. ზამთარში უგზოობისა და მკაცრი კლიმატური პირობების გამო შეუძლებელი იყო ეპისკოპოსთა ჯუმათში ცხოვრება, ამიტომ ისინი ბარში ინაცვლებდნენ. XVIII საუკუნეში ჯუმათში აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარებიათ გიორგი IV გურიელსა და დედოფალ ხვარამზე დადიანს. ამ დროს დატანებული სარკმლები გვიანი შუასაუკუნეების ტიპური ნიმუშებია და იდენტურია ასევე აღდგენილი ლიხაურის ეკლესიის სამხრეთ ფასადის სარკმლებისა. სავარაუდოდ, აღდგენითი სამუშაოები ჯუმათსა და ლიხაურში ერთსა და იმავე პირს უწარმოებია. ჯუმათის მონასტერსა და საეპისკოპოსოს ასახელებს გერმანელი მეცნიერი იოჰან გიულდენშტედტი, რომელმაც 1768-74 წლებში იმოგზაურა საქართველოში:
ჯუმათის საეპისკოპოსო გაუქმდა 1827 წელს, რის შემდეგაც მონასტრის ძმობამ კლება დაიწყო. 1833 წელს მონასტრის წინამძღვარი იყო არქიმანდრიტი იოსები. მის გარდა მონასტერში იყო ერთი იღუმენი, თორმეტი მღვდელი, ოთხი დაიკვანი და არქიმანდრიტი ანთიმოსი. 1844 წლიდან დაარსდა გურიის ეპარქია. საეპისკოპოსო კათედრა ჯუმათში დადგინდა. 1846 წლის 15 აპრილს დაარსდა გურიის სასულიერო სასწავლებელი, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ივანე ბეშქენაძე. 1848 წელს სასწავლებელი გადაიტანეს ოზურგეთში. გურიის ეპისკოპოსი 1886 წლამდე იჯდა ჯუმათში. 1860 წელს ეპისკოპოსი გაბრიელ ტუსკია ითხოვდა რეზიდენციის ოზურგეთში გადატანას, მაგრამ ოზურგეთში შენობის გამონახვა ვერ მოხერხდა და 1886 წლამდე ჯუმათი ითვლებოდა ეპარქიის კათედრად და რეზიდენციად. 1868 წელს მონასტერთან კვლავ გაიხსნა ერთკლასიანი სკოლა. მონასტრის პირველი სრულყოფილი აღწერა ეკუთვნის ქართველ ისტორიკოს დიმიტრი ბაქრაძეს. მან ჯუმათის მონასტერი 1873 წელს აღწერა:
1877-78 წლებში ჯუმათის მონასტერი მოინახულა დიმიტრი ერმაკოვმა, რომელმაც ფოტოზე აღბეჭდა მონასტერი და მისი სიძველეები. 1879 წელს ჯუმათის მონასტერი გაძარცვეს და ეპისკოპოსი გაბრიელი დაჭრეს.[4]ამ ფაქტზე მოგვიანებით დააპატიმრეს გიორგი ჭყონია. 1895 წელს ჯუმათის მონასტერი მოინახულეს და აღწერეს ოლივერ და მარჯორი უორდოპებმა. საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ჯუმათის მონასტერი რამდენჯერმე გაიძარცვა. 1924 წლისთვის მონასტრის სიძველეთაგან თითქმის აღარაფერი იყო დარჩენილი. საბჭოთა პერიოდში მონასტერში მხოლოდ ერთი ბერი, იოანე გოგუა ცხოვრობდა, რომელიც 1955 წელს (სხვა ვერსიით 1959) გარდაიცვალა. შემდგომ წლებში მონასტრის ტერიტორიაზე სამხედრო ნაწილი იყო განლაგებული. ამ პერიოდში ქვემეხის გასროლამ დაანგრია მონასტრის სამრეკლო. 1980-იან წლებში მონასტრის ტერიტორიაზე პიონერთა ბანაკი იყო. სამონასტრო ცხოვრება ჯუმათში 1990 წლის 21 ნოემბერს აღდგა. მონასტერი აკურთხა ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა კონსტანტინე მელიქიძემ. მთავარ ტაძარზე მიშენებული ეგვტერი ხარების სახელზე იკურთხა. 1995 წელს მონასტერი მოილოცა ილია II-მ. 1998 წელს აიგო მირქმის სახელობის პატარა ტაძარი.
მონასტრის წინამძღვრები
რედაქტირება- 1902-1910 წლებში — გერასიმე
- 1912-1915 წლებში — მაკარი
- 1915 წელს — იერონიმე
- 1916 წელს — ფილიმონი
მონასტრის შენობები
რედაქტირებამონასტერი მოიცავს მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიას, სამრეკლოსა და გალავანს. ტაძარი დარბაზული ტიპისაა, აღმოსავლეთით გაზიდული ნახევარწრიული აფსიდით. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს, ასევე კარი ყოფილა ჩრდილოეთის კედელშიც, რომელიც ახლა ამოქოლილია. აფსიდაში სამი განიერი და არქიტრავული სარკმელია გაჭრილი, სამხრეთის მხარეს - 3, ჩრდილოეთის კედელში -2, დასავლეთის კედელში კი -1. ტაძარი დასრულებულია ორსაფეხურიანი თაროსებრი ლავგარდნით. აფსიდა დარბაზისგან მხრებითა და მათზე ყრდნობილი თაღითაა გამოყოფილი, რომლის თავზეც მაღალი ბემაა გაკეთებული. გრძივი კედლები სამი წყვილი პილასტრითაა დანაწევრებული, რომელთაც კამარის საბჯენი თაღები ეყრნობა. პილასტრებს შორის დეკორატიული თაღებია მოცემული. საკურთხეველი ერთი საფეხურითაა ამაღლებული. იატაკი ქვაფენილია. კონსტრუქციით შემოქმედის მაცხოვრის ტაძარს ჰგავს. ნაგებია თლილი ქვით. საშენ მასალად გამოყენებულია ქვიშაქვა, ალაგ-ალაგ კი შირიმი. კედლებზე რამდენიმე სამშენებლო შრე იკითხება. ყველაზე ადრინდელი ფენა შეინიშნება სამხრეთ და დასავლეთ კედელზე, დანარჩენი ნაწილები კი გვიანდელი გადაკეთების შედეგი უნდა იყოს. მისი აგების თარიღი უცნობია. დიმიტრი ბაქრაძემ ის შემოქმედის ეკლესიაზე ადრინდელად მიიჩნია. ტაძარი მიახლოებით ადრეფეოდალური ხანით თარიღდება. ტაძარს ეტყობა XVIII საუკუნეში ჩატარებული რესტავრაციის კვალი. ტაძარს ჩრდილოეთიდან უნდა ქონოდა ეგვტერი, რომლის მხოლოდ აღმოსავლეთ კედლის ნაშთია შემორჩენილი. 1847 წელს ტაძარი რუხი პორფირის ქვებით მოუპირკეთებიათ. იმავე წელს სამხრეთის მხრიდან მიუშენებიათ ღვთისმშობლის სახელობის ეგვტერი. ეგვტერის მიშენებისას, კედლების ამოყვანის დროს მის მიღმა მოექცა კედლის მხატვრობა.
ფრესკები XVI-XVIII საუკუნეებით თარიღდება. ისინი ამჟამად ძალიან დაზიანებულია. ჩრდილოეთის კედლის ერთ თაღში დიდი ზომის მთავარანგელოზის გამოსახულებაა, დანარჩენ ნაწილებში კი წარმოდგენილია მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ცხოვრების ამსახველი სცენები. ჩრდილოეთის კედელზე გურიის მთავრის მეუღლის გამოსახულებაა დაცული, მის მოპირდაპირედ სამხრეთ კედელზე კი — გურიის მთავრის (როგორც ჩანს ქტიტორები უნდა ყოფილიყვნენ). გამოსახულია რამდენიმე წმინდა მეომრის ფრესკა, რომელიც ნათელი ტონალობით — ცისფერით, ნარინჯისფერითა და ღვინისფერით არის შესრულებული და პალეოლოგოსთა სტილს უახლოვდება. ფრესკების ზედა ნაწილი XIX საუკუნეში შეათეთრეს, ქვემო კი ხელუხლებლადაა დარჩენილი.
1904 წელს დასავლეთიდან მიადგეს ორსართულიანი ფანჩატუროვანი სამრეკლო. სამრეკლო აშენებულია კირქვის ნატეხი ქვით. პირველი სართული კარიბჭის როლს ასრულებს. თაღით გახსნილია სახმრეთ-ჩრდილოეთის ღერძზე. მეორე სართული თაღოვანი სამრეკლოა. კარიბჭის შუაში დიდი ზომის ნატეხი ქვით ნაგები კვარცხლბეკია გაკეთებული. კარიბჭის კუთხეებში ქვის ჩაშენებებებია გაკეთებული. სამრეკლოზე მხედრულად შესრულებული წარწერაა:
„1904 წ. ხელობა ივანე მენაბდისა, არქიმანდრიტი ა. გერასიმე დარჩიასაგან“
| |
([5])
|
მონასტერს გარს ქვის გალავანი არტყია. გალავანში ჩაშენებულია კიდევ ერთი სამრეკლო. სამრეკლო ნაგებია ნახეთქი ქვით. მას აქვს კარი, თორმეტსაფეხურიანი ქვის კიბე, მის კვადრატულ საფუძველზე ამოყვანილი იყო მაღალყელიანი, ექვსსარკმლიანი, ქვით ნაშენი გუმბათი, რომლის ზედა დანგრეული ნაწილი ბოლო დროს აღადგინეს. სამრეკლოდანაა შესასვლელი მონასტრის ეზოში. სამრეკლომ ჩვენამდე ძლიერ დაზიანებული სახით მოაღწია. შემორჩენილია დიმიტრი ერმაკოვის მიერ 1878 წელს გადაღებული ფოტო, რომელზეც სამრეკლო ჯერ კიდევ სრული, ორსართულიანი სიმაღლითაა დაფიქსირებული. მრავალჯერ გადაკეთების გამო მისი დათარიღება ჭირს. სამრეკლო ახლოს დგას XVI-XVII საუკუნეების სამრეკლოებთან და სტილით ეხმაურება ხობისა და ცაიშის სამრეკლოებს.
მონასტრის ქონება
რედაქტირებაჯუმათის მონასტერი მძლავრ ფეოდალურ ერთეულს წარმოადგენდა. იგი ფლობდა საკმაოდ მდიდარ მამულებს გურიის სამთავროს სხვადასხვა კუთხეში: ჩიბათში, ჩოჩხათში, შუხუთში, აკეთში, ლანჩხუთში, ასკანასა და გურიანთაში. მონასტერი ფლობდა 235 კომლ გლეხს. ისინი იხდიდნენ 23 ქილა ღომს, 280 ოთხდოქიან საწყავ (დაახ. 20 ლიტრი) ღვინოს, ყოველ სამ წელიწადში თითო ძროხას, 800 ქათამს, 600 კვერცხს და 12 ქილა ლობიოს.
ჯუმათში წელიწადში ორჯერ იმართებოდა ვაჭრობა. XIX საუკუნის დასაწყისში ვაჭრები ორ თუმნამდე რაოდენობის ბაჟს იხდიდნენ, რომლის ნახევარი რუსეთის იმპერატორის ხაზინას ეკუთვნოდა. ყოველწლიურად ორი თუმანი ბაჟი შედიოდა მდინარე სუფსის სანაოსნოდან. ამ შემოსავალსაც ხაზინა იყოფდა. მონასტრის შემოსავალს ემატებოდა საჯუმათლო ტყეში მონადირებული ნადირი და თევზი მდინარე მალთაყვიდან. ჯუმათელ ეპისკოპოსს ეკუთვნოდა პალიასტომში დაჭერილი თევზის მეათედიც. ჯუმათელ ეპისკოპოსებს მდინარე მალთაყვაზე სპეციალური სათვალთვალო კოშკის ჰქონდათ აგებული.[6]ჯუმათის მონასტერს ეკუთვნოდა სურების ტყეში ნანადირევის ნახევარი.
სიძველეები
რედაქტირებაჯუმათის მონასტერი ცნობილია სიძველეებით: აქ იყო მრავალი ძვირფასი ხატი, რომლებიც საყურადღებოა არა მხოლოდ როგორც ხელოვნების ნიმუშები, არამედ ისტორიული პირებისა და თარიღების შემცველი ისტორიული წარწერებითაც.
1833 წელს საქართველოს ეგზარქოსი მოსეს დავალებით შემოქმედის მონასტრის არქიმანდრიტმა არსენ მგალობლიშვილმა და დეკანოზმა იოანე გოგიტიძემ შეადგინეს გურიის სასულიერო და საეკლესიო ცხოვრების მიმოხილვა. მოხსენებაში დეტალურად იყო აღწერილი ჯუმათის მონასტრის მდგომარეობა. ამ დროისთვის მონასტერში დაცული იყო შვიდი ძვირფასი ხატი, ასევე ბარძიმი, ჯვარი, ფეშხუმი, საცეცხლური და ორი წყება სამღვდელმთავრო შესამოსელი.
1873 წელს დიმიტრი ბაქრაძეს ადგილზე არ დახვედრია მონასტრის დავთარი, რომელიც მონასტრის სხვა უძრავ ქონებასთან ერთად ქუთაისის გუბერნიის სახელმწიფო ქონების სამმართველოს ჰქონდა გადაცენული. მან აღწერა ტაძარში ნანახი გაბრიელ და მიქაელ მთავარანგელოზის ხატები. ორთავე ხატი XI საუკუნითაა დათარიღებული. 1889 წელს დიმიტრი ბაქრაძემ ნიკოდიმ კონდაკოვთან ერთად კვლავ აღწერა მონასტრის სიძველეები. ამჯერად ბაქრაძეს ადგილზე არ დახვედრია მთავარანგელოზთა ხატები. კონდაკოვის თანახმად ორივე ხატი წაღებულია მონასტრიდან 1880-იან წლებში. ისინი ან გატაცებულია, ან მთლიანად გადადნობილი, ხოლო მედალიონები კი რუსეთში გაყიდული.[7]ხატები ჯუმათისა და შემოქმედის მონასტრებიდან გაიტანა საქართველოს ეგზარქოსთან დაახლოებულმა თბილისელმა სომეხმა ფოტოგრაფმა სტეფანე იურის ძე საბინ-გუსმა, რომელმაც 1881 წელს თხოვნით მიმართა საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას, რათა დასავლეთ საქართველოს მონასტრებიდან რესტავრაციის მიზნით გაეტანა საეკლესიო სიძველეები. 1882 წლის 25 მაისს მონასტრის მღდელმა დიმიტრი ჭყონიამ სინოდალურ კანტორას აცნობა, რომ საბინ-გუსს გადასცა მოთხოვნილი სიძველეები. საბინ-გუსს ხატები უკან არ დაუბრუნებია, მან შემოქმედის მონასტერში დააბრუნა მხოლოდ ვერცხლის დაფაზე დაკრული ჯუმათიდან წაღებული ხატის ექვსი მედალიონი.
-
სამი ხატი ჯუმათის მონასტრიდან
-
საწინამძღვრო ჯვარი
ყურადსაღებია ცნობილი ქართველი ისტორიკოსის სარგის კაკაბაძის სიტყვები: “ეკლესიასთან ბრძოლის დროს რამდენიმე თვის წინათ გურიაში დაიღუპა პირველ ხარისხვანი ძეგლები საქართველოს ხელოვნებისა, რაც დიდ დანაკლისად უნდა ჩაითვალოს ქართული კულტურის ისტორიისათვის. ძვირფასი ნივთები ძველი ხელოვნებისა გადაადვნეს უბრალო ვერცხად და ოქროდ, საუკეთესო ხელნაწერები ტყავზე ნაწერი, ზოგი დაწვეს ცეცხლში, ზოგი კი ქაღალდათ გაიყიდადუქნებში და კოოპერატივებში, სადაც ძველი ხელნაწერები და ძველად ნაბეჭდი წიგნები გამოიყენეს გასახვევ მასალად. ამ გვარად დაიღუპა ლიხაურის ყველა ნივთები და შემოქმედის მონასტრის ნივთების უმეტესი ნაწილი. შემოქმედში იყო დაცული სხვა ძეგლთა შორის ექვსი პატარა მინაქრის მედალიონი ოქროზე დამზადებული ქართული წარწერებით. ძველად ეს მინაქრები ინახებოდა ჯუმათში. ჯუმათში იყო ორი ხატი მოჭედილი მთავარანგელოზ მიქაელისა და გაბრიელის. მთავარანგელოზ მიქაელის მიქაელის ხატზე დაკრული იყო ათი მინაქრის მედალიონი ქართული წარწერებით, ხოლო გაბრიელის ხატზე ასევე მედალიონები იყო ბერძნული წარწერებით. ორივე ხატი თავისი მინაქრებით ჯუმათის მონასტრიდან გაიტაცა მოტყუებით ეგზარქოსის ნებართვის თანახმად საბინგუსმა რუსეთში. საბინგუსის საქციელმა გამოიწვია ქართულ შეგნებულ საზოგადოების პროტესტი, რის გამო მან ექვსი მედალიონი ქართული წარწერებით დააბრუნა და იგინი აქამდის ინახებოდა შემოქმედში. სამწუხაროდ ეს მედალიონები ოზურგეთში როგორც ამჟამად გამოირკვა, გადაადნეს. ხოლო დანარჩენი ოთხი მედალიონი ქართული წარწერებით საბინგუსმა მიყიდა კერძო კოლექციონერებს, ბოტკინს და ბობრინსკის. ბერძნულ წარწერიანი მინაქრები საბინგუსმა მიყიდა თავად ზვენიგოროდსკის. უკანასკნელმა თავის კოლექცია მიყიდა გერმანელებს. გერმანიის მთავრობამ დიდ ფასად მიყიდა ცხრა მედალიონი ცნობილ მილიარდერს მორგანს. უკანასკნელმა შესწირა ქართული მინაქრები ნიუორკის მუზეუმს, სადაც იგინი ამჟამადაც ინახებიან. სამწუხაროდ ის ექვსი მინაქრის მედალიონი, რომელიც აქამდის იყო შემოქმედში, დღეს უკვე დაკარგულად უნდა ჩაითვალოს ქართული ხელოვნების ისტორიისათვის.”
საწინამძღვრო ჯვარი
რედაქტირებაჯუმათის მონასტრის საგანძურში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ვეებერთელა საწინამძღვრო ჯვარს ბაჯაღლო ოქროს ბურთულით, რომელსაც გუმბათიანი ეკლესიის ფორმა ჰქონდა. ჯვარის მკლავებზე წმინდანები იყვნენ გამოსახულნი. ჯვარი ძვირფასი თვლებით იყო შემკული. იგი მონასტერს გიორგი გურიელმა და მისმა მეუღლე ხვარამზე დადიანმა შესწირეს და შემდეგ ეპისკოპოსმა მაქსიმე შარვაშიძემ შეამკო.
სვიფის ეკლესიაში აღმოჩენილი ხატი
რედაქტირებაჯუმათის მონასტრის კუთვნილი ერთი ხატი ექვთიმე თაყაიშვილმა 1910 წელს აღმოაჩინა სვანეთის სოფელ სვიფში, წმინდა გიორგის ქვის ეკლესიაში. ეს იყო მთავარანგელოზ მიქაელის ოქროთი დაფერილი ვერცხლის ხატი, ნაჭედი, 16*12 სანტიმეტრი ზომისა. მთავარანგელოზი რომაული საომარი ტანისამოსითარის წარმოდგენილი, მარჯვენა ხელში ქარქაშიდან ამოწვდილი მალი უჭირავს, მარცხენაში — ქარქაში. თმა შუბლს ფარავს და კიკინებად ჩამოდის ყელამდე, ფრთები ზომიერი აქვს. აშიები მოგრძო უჯრედებადაა დაყოფილი, ბალახოვანი, ლამაზი ორნამენტით არის შემკობილი. ხატს სახელი ზემოთ ბერძნულად ეწერა. ზემო აშიაზე ჰქონდა ასომთავრული წარწერა ჯუმათის მთავარანგელოზი, ხოლო ქვემოთ იყო მეორე წარწერა: „ჯუმათისა მთავარანგელოზო, მეოხ ექმენ ბერსა კოტრიძესა“.[8] გვარი კონტრიძე გურიაში სოფელ ლიხაურში ფართოდაა გავრცელებული.
საეკლესიო წიგნები
რედაქტირებაჯუმათის მონასტერი საეკლესიო და საგანმანათლებლო ცხოვრების მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა. მონასტრის მამასახლის ნიკოლოზს უმოგზაურია კლარჯეთში და იქიდან ჯუმათში ხუთი ძველი ხელნაწერი გადმოუტანია: სახარება ადიშის ოთხთავი, უდაბნოს მრავალთავი, ხელთ-კანონი და კითხვა-მიგება. ნიკოლოზ ჯუმათელი XV-XVI საუკუნის მოღვაწე უნდა იყოს, XVI-XVII სს-ში ადიშის ოთხთავი უკვე სვანეთში ჩანს. ჯუმათში გადაუწერიათ ჯუმათის გულანი, რომელიც ჩვენამდე მოღწეული არ არის.
სხვა ხატები
რედაქტირებაჯუმათის სიძველეებს შორის აგრეთვე იყო:
- გიორგი II გურიელის და დედოფალ ელენეს მიერ შეწირული მიქაელ მთავარანგელოზის ოქროს ხატი ვერცხლის კუბოთი;
- მათივე შეწირული მიქაელ მთავარანგელოზის ოქროს ხატი, რომელსაც შარავანდის ირგვლივ 7 ძვირფასი თვალი და 12 მარგალიტი ჰქონდა, ხოლო ხატის კარედზე მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების მოღვაწეობის სცენები იყო გამოხატული;
- მარეხ ანთიძის შეწირული მაცხოვრის მოოქროული ვერცხლის ხატი მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა რელიეფური გამოსახულებით;
- კახაბერ გურიელის მიერ შეწირული გაბრიელ მთავარანგელოზის ხატი.
XX საუკუნის დასაწყისში მონასტერი არაერთგზის გაიძარცვა. 1905 წლის 5 აგვისტოს მოიპარეს ძვირფასი ქვები და ხატები სულ 40 000 მანეთი ღირებულებისა. იმავე წლის 4 სექტემბერს გაიმართა კრება, რომელსაც 34 ათასი კაცი ესწრებოდა. კრებამ შეპყრობილი დამნაშავეები გაასამართლა, მაგრამ სასჯელი (დამნაშავეებს ერთი წლით ბორკილი დაედოს, ზურგზე დაეწეროს დანაშაული და სხვა სოფელში იცხოვრონ) არ აღსრულებულა. 1921 წელს გაიტაცეს და თბილისში, ბაზრობაზე ნაწილ-ნაწილ გაყიდეს წმინდა გიორგის ხატი. ღვთისმშობლის ხატიდან აღებული 18 გირვანქა ვერცხლი სოფლის მოსახლეობამ კლუბის მშენებლობას მოახმარა. 1924 წლისათვის ჯუმათის მონასტრის სიძველეთაგან თითქმის აღარაფერი იყო შემორჩენილი. ამ წელს შალვა ამირანაშვილმა და აკაკი შანიძემ გურიაში გადარჩენილი სიძველეები შეკრიბეს. მათ ჯუმათის მონასტრიდან თბილისში, ხელოვნების მუზეუმში ჩაიტანეს ხატის ნაკერი ბუდე და ძვლის კვერთხის თავის ნაწილი, ხოლო ოზურგეთში, გურიის საეთნოგრაფიო მუზეუმში დატოვეს XVIII საუკუნის უყდო ნაკლულევანი მარხვანის ხელნაწერი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 579.
- ქართველიშვილი თ., „გურიის საეპისკოპოსოები“, თბილისი: „არტანუჯი“, 2006. — გვ. 65-66, ISBN 99940-11-89-8.
- თავბერიძე ი., „ჯუმათის მონასტრის სიძველეები“, თბილისი: საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა, 2005, ISBN 99940-852-6-3.
- ბაქრაძე დ ., „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, ბათუმი: „საბჭოთა აჭარა“, 1987 [1878].
- თავაძე გ.,„მეტი ყურადღება გურიის მატერიალური კულტურის ძეგლებს“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 10-11 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1967 წელი. — გვ. 62
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10048
- ინფორმაცია ჯუმათის ეკლესიის შესახებ დაარქივებული 2017-01-28 საიტზე Wayback Machine.
- ჯუმათის მთავარანგელოზთა მონასტერი
- ჯუმათი | საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი
- ჯუმათი |ქართველოლოგიური წიგნებისა და კრებულების ფოტომასალის აღწერილობა
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2020-02-24.
- ↑ ვახუშტი, „აღწერა სამეფოისა საქართველოსა“ გვ. 174 — თბილისი, 1941 წ.
- ↑ ბურჯანაძე შ., „ლიხთ-იმერეთის 1737 წლის რუკა, როგორც ფეოდალური საქართველოს ისტორიის პირველწყარო“ // ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე, ტ. I, თბილისი, 1959. — გვ. 189.
- ↑ გაზეთი „დროება“ N159 გვ. 1 — 1879 წ.
- ↑ კრებული „გურია“, წიგნი III, გვ. 204 — თბილისი, 2001
- ↑ Акты, собранные Кавказской археографической комиссией ტ. VIII გვ. 442
- ↑ Н. Кондаков. Опись памятников древности в некоторых храмах и монастырях Грузии. ст. 102 — СПБ, 1890
- ↑ იქვე გვ. 436
გურიის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები გურიის შესახებ. |