სურები – ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი დასავლეთ საქართველოში, გურიაში, მდინარე სუფსის ზემო წელში. ადმინისტრაციულად მოქცეულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამ თემში: ზემო სურები (სოფლები: ზემო სურები, ტობახჩა, თავსურები, შველაურ-ციციბაური, ჩაკიტაური, წითელგორა, ჭალა-ქადაგაური), შუა სურები და ქვემო სურები იგივე დიდივანი (სოფლები: გურისტყე, გაღმა დობირო, გამოღმა დობირო).

სურების სახევისთავოს მთავარი ციხე იყო სურთა ციხე, რომელსაც შემდეგ ბუკისციხე ეწოდა.[1] სურების ხეობა განთქმული იყო თაფლით, რისგანაც აქ გემრიელ და ძვირადღირებულ არაყს ხდიდნენ. სურების მოსახლეობა 1870-იან წლებში შეადგენდა 300 კომლს.[2] სურების პირველი მამასახლისი იყო მოსე მამუკას ძე რამიშვილი, რომლის თაოსნობითაც სოფელში საცალფეხო და საშიში ბილიკის ნაცვლად გაყვანილ იქნა საცხენოსნო შარაგზა. 1887 წელს სოფელში ორკლასიანი სასწავლებელი გახსნა ისიდორე რამიშვილმა. 1905 წლის რევოლუციის დროს ტობახჩაში მოქმედებდა იარაღის არალეგალური საამქრო.[3] 1906 წლის 23 მარტს გურიის რესპუბლიკის ჩახშობის შემდეგ კონსტანტინე კრილოვმა დაარბია და გადაწვა სურები[4] 1920 წელს დაიყო სამ თემად: დიდივანის, შუა სურების და ზემო სურების.[5] სურები 1931 წელს დაუკავშირდა საავტომობილო გზით დაბა ჩოხატაურს.

ეკლესიები

რედაქტირება

სურებში იდგა წმინდა გიორგის სახელობის ხის ეკლესია, მაცხოვრის სახელობის ქვის ეკლესია და ასევე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც ლომისკარელად იწოდებოდა. ტაძარი ერისთავ-შარვაშიძეების კუთვნილებას წარმოადგენდა. დავით შარვაშიძემ და მისმა ძმამ, ზაალმა წმინდა გიორგი ლომისკარელის სამწყსო უბოძა ტრაპაიძეებს. ანიზდარ ტრაპაიძეს განუახლებია ლომისკარელის ჯვარი. ტაძარში დაცული იყო ადგილობრივთა წარმოდგენით სასწაულმოქმედი ლომისკარელის ხატი. თუ ვინმე რაიმეს დაკარგავდა, ან მოჰპარავდნენ, დამნაშავეს ამ ხატზე გადასცემდა. „ლომისკარელის“ წინაშე ტყუილის თქმას ვერ ბედავდნენ. მას იყენებდნენ სასამართლოს დროს მოწმეების დასაფიცებლად.

გურიის გლეხთა მოძრაობის დროს ხელისუფლებამ მღვდელ ნიკო რამიშვილის ინიციატივით „ლომისკარელის“ ხატი გამოიყენა გლეხების დასამორჩილებლად. „ლომისკარელის“ წინ გლეხები მთავრობის მორჩილებაზე დააფიცეს და მოძრაობის ლიდერების დასახელება აიძულეს. ამის გამო რსდმპ-ის ბათუმის კომიტეტმა ბუკისციხეში დასვენებული ხატის გატაცება გადაწყვიტა, რაც დათა ქადაეიშვილმა, დომენტი მესხიშვილმა და ელისო კუტალაშვილმა შეასრულეს. შემდგომ რევოლუციონერმა თენგიზ ჟღენტმა ის რევოლვერით დაცხრილა. ნიკო რამიშვილი ტერორისტმა ბესო ცინცაძემ მოკლა, რის გამოც გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ანტონმა სურების საზოგადოება შეაჩვენა.[6] 1937 წელს ჟღენტმა იმავე იარაღით მოიკლა თავი.[7]

მოსახლეობა

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1883[8] 1704
1893[9]   2182
1902[10]   3061
1908[11]   3540 1728 1812
2002   803
2014   514

ცნობილი ადამიანები

რედაქტირება

სურებში დაიბადა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი პრემიერ-მინისტრი ნოე რამიშვილი (ქვემო სურები). სურებში დაიბადა სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ისიდორე რამიშვილი.

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. სიხარულიძე იური, „გურია და გურიამდელი რიონ-ჭოროხის შუამდინარეთი“ // გაზეთი „ალიონი“ N37 გვ.3 — 2013 წ
  2. დიმიტრი ბაქრაძე, „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, გვ.190 — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987
  3. ჟღენტი თ., 1905 წელი გურიაში, ტფილისი: სახელგამი, 1927. — გვ. 84.
  4. მახარაძე ი., „გურიის რესპუბლიკა გურიის გლეხთა მოძრაობა 1902-1906 წლებში“, თბილისი: „აზრი", 2016. — გვ. 210, ISBN 978-9941-9458-6-1.
  5. გურიის ერობის მოამბე N2 — გვ. 6 — 7 იანვარი 1920
  6. მახარაძე ი., „გურიის რესპუბლიკა გურიის გლეხთა მოძრაობა 1902-1906 წლებში“, თბილისი: „აზრი", 2016. — გვ. 57-60, ISBN 978-9941-9458-6-1.
  7. კოსტავა მ., „მართლმადიდებლური ეკლესიის მდგომარეობა საქართველოში“ // „არტანუჯი“ : ჟურნალი, 1994, № 2-3.
  8. Кавказский календарь на 1885 год გვ. 215
  9. Кавказский календарь на 1894 год გვ. 340
  10. «Кавказский календарь» на 1902 год: 57-й год - Тифлис, 1901
  11. Кавказский календарь на 1910 год