ანტონ აბაშიძე (დ. 12 ოქტომბერი, 1867, ვეჯინი — გ. 1 დეკემბერი 1942, კიევის ოლქი) — წარმოშობით ქართველი სასულიერო პირი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი.

ანტონი

ბიოგრაფია რედაქტირება

აბაშიძეთა თავადური საგვარეულოს წარმომადგენელი ანტონ აბაშიძე (ერისკაცობაში დავით ილიას ძე) დაიბადა ვეჯინში 1867 წლის 12 ოქტომბერს. დედის მხრიდან ბაგრატიონებს ენათესავებოდა. აღზრდა წარმომავლობის შესაბამისი მიიღო, დაამთავრა ტფილისის გიმნაზია. იყო ჩაუქი მხედარი, მოფარიკავე და მოცეკვავე. ოდესის ნოვოროსიის უნივერსიტეტის წარჩინებით დასრულების (1891 წ.) შემდეგ, ბრწყინვალე საერო კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად იმავე წელს კიევის სასულიერო აკადემიაში ჩაირიცხა და ბერად აღიკვეცა დიმიტრის სახელით (დიმიტრი როსტოველის სახელობაზე). 1896 წელს დაამთავრა აკადემია და ტფილისის სასულიერო სემინარიაში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. სემინარიის მოსწავლეთა შორის იყო იოსებ ჯუღაშვილიც, რომელთან ურთიერთობამაც, როგორც ამბობენ, ანტონ აბაშიძე 30-იანი წლების რეპრესიებს გადაარჩინა.

დიმიტრი აბაშიძე 1897 წლიდან ქუთაისის სასულიერო სემინარიის, ხოლო 1898 წლიდან – ტფილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორია. 1900 წელს არქიმანდრიტი ანტონ აბაშიძე ალექსანდრეს სამისიონერო სასულიერო სემინარიის რექტორად დაინიშნა.

1902 წელს რუსეთის მმართველი სინოდის მიერ ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად და ასრულებდა ალავერდელი ეპისკოპოსის, საქართველოს საეგზარქოსოს ვიკარიუსის, თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების მამათა მონასტრის წინამძღვრის მოვალეობებს. 1903–1905 წლებში გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსია. ამის შემდეგ მსახურებას რუსეთის იმპერიის ფარგლებში აგრძელებს: 1905 წლიდან პოდოლსკის ეპარქიაში, 1906 წლიდან – თურქესტანისა და ტაშკენტის ეპისკოპოსია. იმპერიის ეკლესიის სამსახურში მყოფი მეუფე მტკიცედ იდგა რუსული სახელმწიფოებრიობის დაცვის სადარაჯოზე. მან უზარმაზარი წვლილი შეიტანა შუა აზიაში მართლმადიდებლობის გასაძლერებლად. თურქესტანში მისი მსახურებისას ტაძრების რიცხვი ერთიორად გაიზარდა. მის მიერ დაარსებული ეპარქიის ბეჭდვითი ორგანო – „თურქესტანის ეპარქიული უწყებანი" ეპოქალური მოვლენა იყო მთელი რეგიონისთვის. ხშირად ჩადიოდა რუსეთში და იქიდან ჩამოჰყავდა მღვდლები „სამოციქულო ღვაწლისათვის", აგროვებდა რუს ქველმოქმედთა შემოწირულობებს, ჩამოჰქონდა წმინდა ნაწილები, ხატები. თურქესტანში დააარსა რელიგიურ–ზნეობრივი განათლების თურქესტანის საზოგადოება, აშხაბადში – წმ. ჯვრის იმიერკასპიის საძმო. 1912 წელს ეპ. დიმიტრი აბაშიძე გადაიყვანეს ყირიმში, ტავრიელ–სიმფეროპოლელ ეპისკოპოსად ტავრიის ეპარქიაში. 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ჩაეწერა, შავი ზღვის ესკადაში და რიგით საეკლესიო მუშაკად მსახურობდა ერთ–ერთ სამხედრო გემზე. აქ გამოჩენილი გმირობისათვის მიიღო იშვიათი ჯილდო – პანაღია წმ. გიორგის ბაფთით.

1915 წელს ეპ. დიმიტრი აბაშიძე არქიეპისკოპოსის (მთავარეპისკოპოსის) პატივში აიყვანეს. 1917 წელს მეუფემ მიიღო კავკასიაში რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მოწყობის განყოფილების თავმჯდომარის თანამდებობა.

რუსეთის ეკლესიაში მსახურება რედაქტირება

საქართველოში ავტოკეფალიის გამოცხადების გამო, ანტონ აბაშიძე არჩეულ იქნა რუსეთის წმინდა სინოდის წევრის მოადგილედ. ის იყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტიური მოწინააღმდეგე, და 1917 წლის მარტის მოვლენებს და საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობას „თვითნებობად” მიიჩნევდა. ამით მან გზა დაიხშო საქართველოსკენ. 1918 წელს დიმიტრი აბაშიძე დაბრუნდა ტავრიის ეპარქიაში. იცავდა მეფის ოფიცრებს რევოლუციონერთა ანგარიშსწორებისაგან. თანამშრომლობდა თეთრგვარდიელებთან – დენიკინთან და ვრანგელთან. 1919 წელს, ყირიმში ვრანგელის შენაერთების შესვლის შემდეგ, ის აირჩიეს დროებითი უმაღლესი საეკლესიო სამმართველოს თავმჯდომარედ რუსეთის სამხრეთ–აღმოსავლეთში. ვრანგელის დამარცხებისა და თეთრგვარდიელების ყირიმიდან ევაკუაციის შემდეგ არქიეპისკოპოსმა არ მოისურვა რუსეთის დატოვება, ეს თვითმკვლელობის ტოლფასი იყო. 1923 წელს ბოლშევიკებმა დააპატიმრეს, მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ზომა, მაგრამ სტალინის ჩარევის შემდეგ სასჯელი შეუმსუბუქეს. ორი წელი გაატარა ციხეში. პატიმრობისას დაკარგა მხედველობა. 1924 წელს გაათავისუფლეს, მაგრამ ყირიმში ცხოვრება აუკრძალეს (მოსახლეობაში მისი პოპულარობის ეშინოდათ). დასახლდა კიევ-პეჩერის ლავრაში. 1926 წელს მხედველობა ნაწილობრივ აღუდგა.

1927 წელს მიტროპოლიტმა სერგიმ საბჭოთა ხელისუფლებასთან ლოიალობის დეკლარაცია გამოაქვეყნა. დიმიტრი აბაშიძე ა. ჟურაკოვსკისთან ერთად ითვლება ამ დეკლარაციის საწინააღმდეგო, ანტისერგიანული მოწოდების – „К чадам Русской Церкви"– ავტორად.

1928 წელს მიიღო დიდი სქემა და ახალი სახელი ანტონი - წმ. ანტონ პეჩორელის პატივსაცემად. 1931 წელს კიევ–პეჩერის ლავრა დაიკეტა და საძმო მონასტრიდან განიდევნა. ანტონ აბაშიძეს აეკრძალა ქვეყნის ექვს მთავარ ქალაქში ცხოვრება. 1933 წელს მეუფე ანტონი დააპატიმრეს, თუმცა შემდეგ საგანგებო დადგენილებით გაანთავისუფლეს. 1933–1941 წლებში ცხოვრობდა მორწმუნეთა ოჯახებში კარიდან კარზე გადაადგილებით, ასრულებდა ფარულ ღვთისმსახურებებს და ხელდასხმებს.

ანტონ აბაშიძე ითვლებოდა კიევის ჯგუფის კატაკომბური ეკლესიის სულიერ მწყემსმთავრად. 1937–1941 წლებში ერთადერთი მღვდელმთავარია კიევში. ზოგიერთი მონაცემებით, იყო საქართველოში ასრებული რუსული კატაკომბური ეკლესიის ორგანიზატორიც და მისი პირველიერარქი 1926 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე.

1941 წლის სექტემბერში გერმანიის საოკუპაციო რეჟიმმა ლავრა აამოქმედა. ანტონი გადასახლდა მონასტერში და იქვე გარდაიცვალა 1942 წლის დეკემბრის თვეში, დაასაფლავეს კიევ–პეჩერის ლავრის ეზოში.

წმიდანად კანონიზაცია რედაქტირება

2011 წლის 14 ივნისს ანტონ აბაშიძის საფლავი გახსნეს. 2012 წლის 22 აპრილს, კვირაცხოვლობას, კიევის მიტროპოლიტის (მოსკოვის საპატრიარქოს) ვლადიმერის მიერ, სადღესასწაულო ღვთისმსახურების დროს, შესრულდა კიევის ეპარქიის ადგილობრივ წმინდანთა რიგში მთავარეპისკოპოს ანტონ აბაშიძის შერაცხვის საეკლესიო წესი. წაკითხული იქნა 2011 წლის 14 ივნისით დათარიღებული უკრაინის ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილება – მთავრეპისკოპოს ანტონის სახელის საეკლესიო კალენდარში შეტანის შესახებ. მიტროპოლიტმა გააცნო სამღვდელოებასა და მორწმუნეებს მისი ცხოვრება, ტაძრის შუაგულში გამოიტანეს მისი ხატი. იქ მყოფმა სასულიერო პირებმა და მრევლმა მუხლი მოიყარეს ახლადშერაცხული წმინდანის ნაწილების წინაშე.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება