აბაშიძეები
აბაშიძეები — ფეოდალური საგვარეულო იმერეთში, ქართლსა და კახეთში. პირველი დოკუმენტური ცნობა ამ საგვარეულოს შესახებ XV საუკუნის II ნახევარს ეკუთვნის. აბაშიძეები განსაკუთრებით დაწინაურდნენ იმერეთის სამეფოში. XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე ზემო იმერეთში ჩამოყალიბდა აბაშიძეების სათავადო, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა XVII საუკუნის მიწურულსა და XVIII საუკუნის I ნახევარში. ამ დროს აბაშიძეების სახლი ფლობდა 78 სოფელს, რამდენიმე ეკლესია-მონასტერს, 1500 კომლ ყმას, ჩხერის, სვერის, ნავარძეთის, კაცხისა და სხვა ციხესიმაგრეებს. აბაშიძეები იყვნენ იმერეთის მეფის უძლიერესი ვასალები. ხშირად მათი ნებისამებრ წყდებოდა იმერეთის მეფეთა ტახტზე ასვლა-დარჩენის საკითხი. აბაშიძე გიორგი-მალაქია 1701-1707 წლებში იმერეთის ფაქტობრივი მმართველი იყო. 1774 ერეკლე II-მ თავის სიმამრს ზაალ აბაშიძესა და მის შვილებს კახეთში უბოძა ყმა-მამული. კახეთის აბაშიძეები მათგან მომდინარეობენ. იმერელი აბაშიძეების განაყოფად მიიჩნევენ ქართლის აბაშიძეებსაც. XVIII საუკუნის I ნახევარში იმერელი აზნაური აბაშიძეები ბათუმის მხარეში ჩასახლდნენ, გამაჰმადიანდნენ და ოსმალეთის მთავრობისაგან სანჯაყ-ბეგობა მიიღეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 21.