ვეჯინი
ვეჯინი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში (კახეთის მხარე), გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეული ცენტრი (სოფ. ვეჯინი).
სოფელი | |
---|---|
ვეჯინი | |
ვეჯინის ხედი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
თემი | ვეჯინი |
კოორდინატები | 41°42′35″ ჩ. გ. 45°49′49″ ა. გ. / 41.70972° ჩ. გ. 45.83028° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 420 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 2935[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთის მთისწინეთსა და ალაზნის ვაკის მიჯნაზე, ბაკურციხე-თელავის საავტომობილო გზაზე. თემის ცენტრი, ზღვის დონიდან 420 მ-ზე, გურჯაანიდან 6 კმ დაშორებით. სოფელში 2935 მცხოვრებია (2014). იყოფა სამ მთავარ — კეჭის, ვეჯინის და აზნაურის — სექტორად. ვეჯინი ცნობილია X საუკუნიდან. სოფელი და მისი შემოგარენი მდიდარია ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლებით.
ვეჯინში არის საჯარო სკოლა, სასოფლო ბიბლიოთეკა. სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგი მევენახეობა, მებაღჩეობა და მეხილეობაა. მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მარწყვის და ატმის კულტურას. ვეჯინში მოქმედებს ჰიდროელექტროსადგური „ალაზანჰესი“ (აგებულია 1932-1942 წლებში), რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მთავარი ენერგეტიკული ობიექტია.
ისტორია
რედაქტირებავეჯინი შუა საუკუნეებში ჰერეთის, შემდეგ — კახეთის მნიშვნელოვანი პუნქტი იყო. წყაროებში პირველად „ვეჟინის“ სახელწოდებით X საუკუნეში იხსენიება აფხაზთა მეფე კონსტანტინეს (ზეობდა 893-922) ჰერეთში ჩასვლასთან დაკავშირებით. XI საუკუნის 80-იან წლებში საქართველოს მეფე გიორგი II-მ სცადა ვეჯინის ციხის აღება, მაგრამ ვერ შეძლო. 1455 წელს მეფე გიორგი VIII-მ ვეჯინი და ვეჯინის პირის სოფლების წყალობა განუახლა ასა ვაჩნაძეს.
XVII საუკუნეში ვეჯინის ციხეს ენდრონიკაშვილები (ანდრონიკაშვილები) ფლობდნენ. 1757 წელს თეიმურაზ II-მ ვეჯინი ბოდბელ მიტროპოლიტს უბოძა. აქ 1776 წელს ბატონიშვილმა გიორგიმ (მომავალი მეფე გიორგი XII) ჯვარი დაიწერა ქეთევან ანდრონიკაშვილზე. ამავე სოფელში 1782 წლის 5 თებერვალს მოულოდნელად გარდაიცვალა ერეკლე II-ის ძე ლევან ბატონიშვილი. 1784 წელს ვეჯინში ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილმა იქორწინა მარიამ ანდრონიკაშვილზე. 1804 წლის კამერალური აღწერით იგი საბატონო სოფელი ყოფილა. ვეჯინში ყმები ჰყავდათ ანდრონიკაშვილებისა და აბაშიძეების თავადური გვარების წარმომადგენლებს.
ვეჯინი არქეოლოგიურად შეუსწავლელია. 1960 წელს ვეჯინთან ახლოს, ბაქსის ხეობაში აღმოჩნდა გომბეშოს ქვის ქანდაკება, რომელიც გადმოვარდნილია თავდაპირველი ადგილიდან, დაახლ. 100 მ სიმაღლიდან. ქანდაკება აღმოჩენის ადგილზეა. 1923 წელს მიწის სამუშაოებისას ვეჯინში აღმოჩნდა თამარ მეფისა (ზეობდა 1184-1207) და დავით სოსლანის სპილენძის მონეტების განძი (სულ 2759 ცალი), 1980 წელს გზის მშენებლობისას — რუსუდანის (ზეობდა 1223-1245) სპილენძის მონეტა.
კულტურული მემკვიდრეობა
რედაქტირებავეჯინსა და მის მიდამოებში კულტურული მემკვიდრეობის არაერთი ძეგლია. სოფლის გარეთ, მაღალ გორაკზე, დგას შუა საუკუნეების ვეჯინის ციხე (საფუძვლიანადაა გადაკეთებული XVIII საუკუნეში). ციხის შიგნით რამდენიმე ეკლესია და სხვა ნაგებობია. აღსანიშნავია ამაღლების, აღდგომის, წმინდა მარიამის ეკლესიები (ყველა მათგანი რამდენჯერმეა გადაკეთებული), XV-XVI საუკუნეების ორსართულიანი სამრეკლო.
ციხის ქვემოთ, გზის პირას აღმართულია XVI-XVII საუკუნეების ყველაწმინდის ეკლესია. სოფლის ზემოთ, ხევზე დგას XVII საუკუნის „აბაშიძეების კოშკი“. მის სიახლოვეს XVII-XVIII საუკუნეების წმინდა ნინოს ეკლესიაა. ვეჯინის ტერიტორიაზე და მის მახლობლად კიდევ რამდენიმე ეკლესიაა: ცხრასაყდრის სამონასტრო კომპლექსი (IX-X საუკუნეები), წმინდა გიორგის ეკლესია (IX-X საუკუნეები), წმინდა სტეფანეს (IX-X საუკუნეები), „კეჭისუბნის“ კვირაცხოვლის (XVII საუკუნე), „აკანაქედის“ ნათლისმცემლის (გვიანდელი შუა საუკუნეები), პეტრე და პავლე მოციქულების (გვიანდელი შუა საუკუნეები), ფურცელაძეების (გვიანდელი შუა საუკუნეები), „ჯანიაანთ“ საყდარი (ადრინდელი შუა საუკუნეები).
სოფლის დასავლეთით 1,5 კილომეტრზე, ტყიანი მთის ფერდობზე აღმოჩენილია XII-XIII საუკუნეების ნამოსახლარი. მის მიმდებარედ შემორჩენილია სხვადასხვა ნაგებობის (I, II, III) და გვირაბების (I, II, III) ნაშთები.
ვეჯინის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში დგას აქ დაბადებული ქართველი ფიზიოლოგის ივანე ბერიტაშვილის სახლ-მუზეუმი (გაიხსნა 1988 წელს).
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერით ვეჯინში 2 935 მცხოვრებია, ძირითადად ქართველები.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002 | 3 850 | 1 827 | 2 023 |
2014 | 2 935 | 1 441 | 1 494 |
გალერეა
რედაქტირება-
სოფლის ხედი
-
ვეჯინის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია
-
ვეჯინის ამაღლების კომპლექსი
-
ვეჯინის კოშკი
-
ვეჯინის პეტრე და პავლე მოციქულების ეკლესია
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 391.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.
- ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, გვ. 219-220, თბ., 2013 წელი.
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 114-133.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.