ივანე ბერიტაშვილის მუზეუმი
ივანე ბერიტაშვილის მუზეუმი — ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში. აგებულია 1985–1987 წლებში (არქიტექტორი ი. მოსულიშვილი), გაიხსნა 1988 წლის 10 იანვარს.
შენობა გეგმით ჯვრული მოხაზულობისაა (42x32 მეტრი), ორსართულოვანი. ნაგებია ქვითა და აგურით. გარედან მოპირკეთებულია ეკლარის ქვის ფილებით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარის წინ ბაზალტის ფილებით მოგებული ბაქანია, ხოლო თავზე ოქროსფერი მსხვილი ასოებით შესრულებული წარწერა – ივანე ბერიტაშვილის მუზეუმი. საგამოფენო დარბაზები გრძივ მკლავებშია განთავსებული. I სართულზე ორი საექსპოზიციო დარბაზია, დანარჩენი ფართობი უკავია ფოიეს და სხვადასხვა სათავსებს. დარბაზებში გამოფენილია ივანე ბერიტაშვილის ცხოვრებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის ამსახველი მასალები, ფოტოსურათები, წიგნები და ნაშრომები, ამ ნაშრომთა თარგმანები ფრანგულ, გერმანულ და ჩინურ ენებზეა.
II სართულზე სამი ადმ. ოთახია. სარდაფში განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი 108 კაცზე. შენობის სართულები ერთმანეთთან დაკავშირებულია მარმარილოს საფეხურებიანი ხვეული კიბით. დარბაზების იატაკები მოგებულია მარმარილოს ფილებით. მუზეუმის გადახურვა ბრტყელია.
ლიტერატურა
რედაქტირება- მარკოზაშვილი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 115.