ვეჯინის წმინდა ნინოს ეკლესია

ვეჯინის წმინდა ნინოს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის სამხრეთ-დასავლეთით, ვეჯინის ხევის მარჯვენა ნაპირზე, აბაშიძეების კოშკის აღმოსავლეთით ოციოდე მეტრზე. თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია რიყის ქვითა და კვადრატული აგურით. ძლიერაა დაზიანებული: ჩამონგრეულია კამარის უმეტესი ნაწილი, განივი ფასადების ზედა ნაწილი მონგრეულია, ინტერიერი, დაახლოებით 0,5 მეტრის სიმაღლეზე ამოვსებულია მიწითა და ნანგრევებით.

ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს — სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში და დასავლეთ კედლის ღერძზე. ორივე კარი თაღოვანია, გამოყვანილია აგურით და გარედან აგურითვე ნაწყობ, საფეხურებით შეღრმავებულ სწორკუთხა არეშია ჩასმული, რასაც საფეხუროვანი ფრიზი აგვირგვინებს. დასავლეთი კარის თავზე მცირე სიღრმის ნიშაა. ეკლესიის შიდა სივრცე აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რომელშიც გაჭრილია თაღოვანი სარკმელი, აფსიდში აგურით მოპირკეთებული სამი შეისრულთაღოვანი ნიშაა, მათგან ერთი სარკმლის სამხრეთითაა, ორი — ჩრდილოეთით. თითო მსგავსი ნიშაა გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილში. მათ ზემოთ, აფსიდის მხრებთან ახლოს, თითო თაღოვანი სარკმელია; ერთი სარკმელია დასავლეთ შესასვლელის ზემოთ, რომელსაც გადახურვა ჩამოშლილი აქვს. გრძივი კედლების შუაში და დასავლეთის ორივე კუთხეში მოწყობილია თითო ერთსაფეხურიანი პილასტრი, რომლებზეც გადაყვანილია შეისრული კამარის საბჯენი თაღები.

ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, ფრონტონის არეში, აგურის წყობით გამოყვანილია საფეხურით შეღრმავებული ტოლმკლავა ჯვარი.

ლიტერატურა

რედაქტირება