ლევან ბატონიშვილი (ერეკლე II-ის ძე)

ერეკლე II-ის ძე
ტერმინს „ლევან“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ლევან.

ლევან ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (დ. თებერვალი, 1756, თბილისი ― გ. თებერვალი, 1781, ვეჯინი) — ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, ერეკლე II-ის ძე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

აღიზარდა სამეფო კარზე, სადაც მის ირგვლივ შემოკრებილი იყვნენ რჩეული ახალგაზრდები, მათ შორის პოეტი ბესიკი. ამ ახალგაზრდათაგან შემდეგში შედგა ლევან ბატონიშვილის რაზმი (2000 კაცამდე), რომელმაც მრავალ ბრძოლაში ისახელა თავი. ლევან ბატონიშვილის მეგობრების წრეში იყო აგრეთვე დავით რექტორი. ლევან ბატონიშვილი სახელმწიფო საქმეებში ჭაბუკობიდანვე ჩაება. 1770 წელს მან თავის უფროს ძმასთან - გიორგისთან ერთად მეფის წინააღმდეგ ამბოხებული ქსნის ერისთავი გიორგის დასამორჩილებლად გაილაშქრა. ამას 1775 წელს ქსნის საერისთავოს გაუქმება მოჰყვა.

1772 წლის იანვარში ერეკლემ ლევან ბატონიშვილი ანტონ I-თან ერთად გაგზავნა რუსეთის იმპერიაში მფარველობაში მიღების სათხოვნელად. დელეგაცია პეტერბურგში ერთი წლის შემდეგ ჩავიდა. ელჩობა უშედეგოდ დამთავრდა, ვინაიდან რუსეთი მოერიდა სპარსეთის იმპერიასთან ურთიერთობის გამწვავებას. 1774 წელს ანტონ I და ლევან ბატონიშვილი საქართველოში დაბრუნდნენ. ამავე წლებში ლევან ბატონიშვილმა ცოლად შეირთო ქაიხოსრო ანდრონიკაშვილის ასული. ლევან ბატონიშვილის ნიჭი და უნარი მთელი ძალით გამომჟღავნდა მორიგე ჯარის ხელმძღვანელობისას (1774-იდან). მისი თაოსნობით აილაგმა დაღესტნელ ფეოდალთა თარეში. ლევან ბატონიშვილმა დაამარცხა ისინი სოფელ ჭალასთან, მისაქციელთან, ავჭალასთან და სხვა ადგილებში. ერეკლე II-მ მორიგე ჯარის მეოხებით დათრგუნა ფეოდალური ოპოზიციაც. ამიტომ რეაქციონერი თავადები საბოტაჟს უწყობდნენ ამ ღონისძიებას. ფიქრობენ, რომ ამ საბოტაჟის მსხვერპლი შეიქმნა ლევან ბატონიშვილიც, რომელიც 1781 წელს ვეჯინში ყოფნისას გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მის სიკვდილს დიდი მწუხარებით გამოეხმაურნენ ბესიკი (ოდა „სამძიმარი“), დავით რექტორი („ლეონისათვის თქმული ათნი სიტყვანი იამბიკოდ“), აზერბაიჯანელი პოეტები ვაგიფი და ვიდადი. მასვე ეძღვნება მრავალი ხალხური ლექსი. ლევან ბატონიშვილს მიეწერება რამდენიმე სამიჯნურო და ეპისტოლური ლექსი.

ლიტერატურა

რედაქტირება