მორიგე ჯარი
მორიგე ჯარი, მორიგე ლაშქარი — სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების სახეობა XVIII საუკუნის II ნახევრის ქართლ-კახეთის სამეფოში. წარმოადგენდა რეგულარული არმიის სისტემაზე გარდამავალ საფეხურს. ჩამოაყალიბა XVIII საუკუნის 50-იან წლებში ერეკლე II-მ. საბოლოოდ გაფორმდა 1774 წელს მორიგის ლაშქრობის განაჩენით და მორიგე ჯარში გაუსვლელობისათვის 1776 წელს დამატებით გამოცემული განწესებით.
აღწერილ იქნა ქართლ-კახეთის სამეფოს მამრობითი მოსახლეობა. ქვეყანა დაიწყო 12 ერთეულად. მორიგე ჯარში უნდა ემსახურა ყველა წოდების სრულწლოვან მამაკაცს წელიწადში ერთი თვე თავისი ხარჯითა და იარაღით. მოლაშქრე გლეხი სასურსათო გადასახადისაგან თავისუფლდებოდა. ხელმოკლე გლეხი ბატონს სურსათითა და იარაღით უნდა უზრუნველყო. მორიგე ჯარისგან თავისუფლდებოდნენ მხოლოდ ვაჭრები და ზოგიერთი ხელოსნები. მორიგე ჯარი იყოფოდა ცალკე ერთეულებად, რომელთა მეთაურს მეფე ნიშნავდა. საერთო ხელმძღვანელი იყო ლევან ბატონიშვილი. ერეკლე II-მ თბილისში გახსნა ზარბაზნების, ყუმბარებისა და ტყვია-წამლის დასამზადებელითოფხანა, რომლის ხელმძღვანელადაც დანიშნა რუსეთსა და ევროპაში განსწავლული არტილერისტი პაატა ანდრონიკაშვილი.
მორიგე ჯარის შექმნით ერეკლე II წოდებრივ ფეოდალურ ლაშქარს შლიდა და აწესებდა საყოველთაო სამხედრო სამსახურს მოწინავე ქვეყნების წაბაძვით. მორიგე ჯარმა შესაძლებელი გახადა სამეფოში ერთდროულად 5 ათასი მოლაშქრის გამოყვანა. ის მეფის ხელისუფლების განმტკიცებისა და გარეშე მტრებისაგან ქვეყნის თავდასაცავად იყო შექმნილი და სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პროგრესის საქმეს ემსახურებოდა. მორიგე ჯარის შექმნის შედეგად ლეკთა შემოსევები შემცირდა, მოსახლეობა სამალავიდან გამოვიდა და მშვიდობიან შრომას შეუდგა, სოფლები მოშენდა, მაგრამ ქართლ-კახეთის სამეფოს ჩამორჩენილი ვაჭრობა-მრეწველობის და ბურჟუაზიის არარსებობის გამო სამეფოს არც ბიუჯეტი და არც ადამიანური რესურსი არ გააჩნდა მსგავსი რეფორმის სიმტკიცისთვის. მორიგე ჯარის არსებობა ხელსაყრელი არ იყო თავადებისათვის, ვინაიდან გლეხი ჯამაგირზე მყოფი სამხედრო მოხელის საშუალებით უშუალოდ მეფეს დაექვემდებარა და იგი ბატონისაგან ხსნას მეფის ხელისუფლების გაძლიერებაში ეძებდა. მორიგე ჯარის დასუსტებაში თავისი როლი ითამაშა 1781 წელს ჯარის მხედართმთავრის, ლევან ბატონიშვილის, სიკვდილმაც. 1787 წლისთვის ქვეყნის რეაქციული ძალების საერთო მცდელობის შედეგად, მორიგე ლაშქარი შემცირდა. მისი ადგილი დაიკავა დაქირავებული ჯარის თავისებურმა სახეობამ — მორიგე ყარაულმა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნადარეიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 124-125.
- ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 6, თბილისი, 1973;
- კლიმიაშვილი ა., მორიგე ლაშქრის საკითხისათვის XVIII საუკუნის მეორე ნახევრის აღმოსავლეთ საქართველოში, «ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე», 1963, ტ. 5;
- ქიქოძე, გ., „ერეკლე II“, თბილისი: სახელგამი, 1942. — გვ. 153-163.