ვეჯინის წმინდა სტეფანეს ეკლესია

ვეჯინის წმინდა სტეფანეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის დასავლეთით, ვეჯინის ხევის მარცხენა ნაპირზე, სასაფლაოს ტერიტორიაზე. სავარაუდოდ თარიღდება IX-X საუკუნეებით. ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია ჩრდილო-აღმოსავლეთი კუთხე, აფსიდის ჩრდილოეთი გვერდის კონქის ნაწილთან ერთად და დასავლეთ კედლის პერანგშემოცლილი ორი ფრაგმენტი. დანარჩენი კედლები მიწითაა დაფარული.

ეკლესია დარბაზულია. შენობის შემორჩენილი კედლები ნაგებია შერჩეული და სწორ რიგებად დაწყობილი რიყის ქვით. აფსიდის მხრები, კონქის თაღის შემორჩენილი ნაწილი და ჩრდილო-აღმოსავლეთი კუთხე გამოყვანილია შირიმის სუფთად ნათალი ქვებით. შირიმი გამოყენებული ყოფილა გარეთა კედლების მოსაპირკეთებლადაც. აღმოსავლეთი ფასადის წინ აღმოჩნდა საკურთხევლის სარკმლის თაღი, რომელიც შირიმის ერთ ქვაშია გამოკვეთილი.

ლიტერატურა

რედაქტირება