ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილი

ტერმინს „ვახტანგ ბატონიშვილი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ვახტანგ ბატონიშვილი.

ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილი (ბაგრატიონი; დ. 22 ივნისი, 1761 — გ. 28 ოქტომბერი, 1814, პეტერბურგი) — ერეკლე II-ისა და დარეჯან დედოფლის ძე.

ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილი დაიბადა 1761 წელს. ის იყო მეფე-დედოფლის ერეკლე II-ისა და დარეჯან კაციას ასული დადიანის რიგით მეხუთე შვილი (მესამე ვაჟი). ვახტანგი უწოდეს მას ერეკლეს უფროსი შვილის, ვახტანგ კარგის პატივსაცემად. სამეფო ოჯახის ქვრივი რძლის - ქეთევან კონსტანტინეს ასული მუხრანბატონიშვილის (1744-1808) თხოვნით. ქეთევან მუხრანბატონიშვილმა სამეფო ოჯახის წევრებისგან ითხოვა ნებართვა, რათა ახლადშობილი ვახტანგი თვითონ აღეზარდა, რაზედაც სამეფო ოჯახის მესვეურთაგან თანხმობა მიიღო.

1782 წლიდან უფლისწული ვახტანგი დაადგინეს არაგვის საუფლისწულო მამულის მფლობელად. ამ მამულს იგი მართავდა თავისი ნახევარ-ძმის,  ქართლ-კახეთის მეფე გიორგი XII-ის ზეობის (1798-1800 წლები) ხანაშიც. ვახტანგმა განაახლა „განჩინება ბარისა და მთიურთა ადგილთა“.

ვახტანგ ბატონიშვილი ორჯერ დაქორწინდა, პირველად თავად წულუკიძის ასულზე, ხოლო მეორედ, 1784 წელს მან ჯვარი დაიწერა მარიამ დავითის ასულ ანდრონიკაშვილზე.

მოღვაწეობა

რედაქტირება

ვახტანგ ბატონიშვილმა მონაწილეობა მიიღო კრწანისის ბრძოლაში, რომელშიც წყაროების მიხედვით განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინა. 1795 წლის სექტემბერში საქართველოში შემოჭრილი მტრის ლაშქარს, რომელსაც სარდლობდა სპარსეთის შაჰინშაჰობის პრეტენდენტი, აღა-მაჰმად-ხან ყაჯარი, სხვა ქართველ მეომრებთან ერთად, ვახტანგ ბატონიშვილიც შეებრძოლა და მტერს დიდი წინააღმდეგობა გაუწია. ალმასხანი მეთაურობდა არა მხოლოდ უშუალო ქვეშევდრომ არაგველთა 300 კაციან რაზმს, არამედ, კახელთა, (კერძოდ, ქიზიყელთა), ფშავ-ხევსურთა და თბილისელ მოქალაქეთა გაერთიანებულ ლაშქარს, რომელიც 700-მდე მეომარს ითვლიდა.

უფლისწული ვახტანგი ემსახურებოდა რუსეთის იმპერიასაც. 1799 წელს მან სურსათ-სანოვაგით მოამარაგა დარიალის გზით შემომავალ რუსთა არმია. მიუხედავად ამისა, ვახტანგმა რუსებზე გული მალევე აიცრუა და იმპერიის მოწინააღმდეგეთა ბანაკში გადავიდა. იგი ოპოზიციაში ედგა საკუთარ ნახევარ-ძმას, მეფე გიორგი XII-ს. თავის ძმებთან ერთად ცდილობდა მეფის ჩამოგდებას და იულონ ბატონიშვილის გამეფებას, მაგრამ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია.

მეფე გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ (1800 წლის 28 დეკემბერი) საიმპერიო ხელისუფლების მიერ ქართლ-კახეთის სამეფო ტახტის მემკვიდრედ უფლისწულ დავითის აღიარების, ხოლო შემდეგში სამეფოს გაუქმებისა და მისი ანექსირებით უკმაყოფილო ალმასხანმა თავის საუფლისწულო მამულში წინააღმდეგობის მოძრაობის გაჩაღება დაგეგმა. ვახტანგმა მიატოვა დუშეთში მდებარე რეზიდენცია და გაიხიზნა გუდამაყარში, სადაც 1803 წლის დასაწყისამდე დარჩა. ვინაიდან მთიელთა აჯანყება ვერ შეძლო, ის იძულებული გახდა დაზავებოდა მტერს, ერწმუნა რუსთა ჯარის მეთაურის ტუჩკოვის დაპირება ხელშეუხლებლობის თაობაზე და დუშეთში ჩავიდა. ტუჩკოვმა გატეხა ფიცი, დააპატიმრა ალმასხანი და თბილისში ჩამოიყვანა.

მთავარმართებლად დადგენილმა გენერალმა პავლე ციციანოვმა (ციციშვილმა) თბილისში ჩამოყვანილ ალმასხანს შესთავაზა რუსეთში გადასახლება, რაზედაც ამ უკანასკნელმა შემდეგნაირად უპასუხა: „მირჩევნია საქართველოში მიწა ვთხარო, ვიდრე რუსეთში წავიდეო“. 1803 წლის თებერვალში ვახტანგი საკუთარ აღმზრდელთან, ქეთევან მუხრანბატონიშვილთან ერთად რუსეთში გადაასახლეს. რუსეთში გადასახლებული ვახტანგ ბატონიშვილი ნაყოფიერ სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა.

სამეცნიერო მოღვაწეობა

რედაქტირება

საკუთარ სამშობლოს და სახელმწიფოებრივ მოღვაწეობას იძულებით ჩამოშორებულმა ალმასხანმა სანქტ-პეტერბურგში საკმაოდ ნაყოფიერად გააგრძელა სამეცნიერო მოღვაწეობა, რომელიც მან ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნის დროს დაიწყო. ვახტანგმა ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნის დროს შექმნა „ეპისტოლენი სარწმუნო მეგობრისადმი“ ანუ ტრაქტატი, რომლის რუსულ თარგმანსაც ეგორ ჭილაშვილს მიაწერენ. არაგვის საუფლისწულო მამულის მფლობელმა, უფლისწულმა ვახტანგმა, სხვადასხვა პერიოდში შეადგინა „აკოლოთია ხელთუქმნელისა და საკვირველისა ხატისა“ „ისტორიებრი აღწერა ღირსთა ხსომისა შემთხვეულებათა საქართველოთა შინა აღწერითა ზნეობათა და ჩვეულებათა მსახებელთა მის ქვეყნისა“, „Обзрение истории грузинского народа“, ანუ „ქართველი ხალხის ისტორიის მიმოხილვა“, რომელიც 1814 წელს გამოიცა სანქტ-პეტერბურგში, იოანესოვის სტამბაში და მიჩნეული „ისტორიები აღწერის“ რუსულ თარგმანად. ბიბლიოგრაფი მ. მაისანოვი ვახტანგ ბატონიშვილის თხზულებად მიიჩნევდა ჯერ კიდევ 1796 წელს სანქტ-პეტერბურგში გამოცემულ წიგნს: „История  Грузии“. სამწუხაროდ აღნიშნული წიგნის არც ერთ ეგზემპლარს ჩვენამდე არ მოუღწევია.

უფლისწული ვახტანგი გარდაიცვალა 1814 წლის ოქტომბერში, სანკქტ-პეტერბურგში, 53 წლის ასაკში. იგი დაკრძალულია წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ხარების ეკლესიაში, მარცხენა მხარეს.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბაგრატიონი ბაგრატ. ახალი მოთხრობა, თამარ ლომოურის გამოცემა, თბილისი, 1941. 1. ბერძნიშვილი მაქსიმე. მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადებრიობის ისტორიისთვის, I ტ., თბილისი, 1980.
  • ბერძნიშვილი მაქსიმე. მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადებრიობის ისტორიისთვის, II ტ., თბილისი, 1981.
  • ითონიშვილი ვახტანგ. არაგვი და არაგველები, თბილისი, 1989.
  • ჯავახიშვილი დავით. უფლისწულ ვახტანგ (ალმასხან) ერეკლეს ძე ბაგრატიონის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ისტორიიდან, ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების სამეცნიერო შრომათა კრებული, „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“, ტ. XX, თბილისი, 2017.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება