დარეჯან დედოფალი
დარეჯან დადიანი (დ. 20 ივლისი, 1738 — გ. 8 ნოემბერი, 1807) — ქართლ-კახეთის დედოფალი, მეფე ერეკლე II-ს მესამე ცოლი (1750-დან); სამეგრელოს მთავრის, ოტია დადიანის ძმის, კაციას ასული.
დარეჯან დადიანი | |
---|---|
კახეთის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 1750 |
მმართ. დასასრული: | 1762 |
წინამორბედი: | ანა აბაშიძე |
მემკვიდრე: | ქართლთან გაერთიანება |
ქართლ-კახეთის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 1762 |
მმართ. დასასრული: | 11 იანვარი, 1798 |
წინამორბედი: | სამეფო შეიქმნა |
მემკვიდრე: | ქეთევან ანდრონიკაშვილი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 20 ივლისი, 1738 |
დაბ. ადგილი: | ოდიშის სამთავრო, იმერეთის სამეფო |
გარდ. თარიღი: | 8 ნოემბერი, 1807, (69 წლის) |
გარდ. ადგილი: | სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია |
დაკრძ. ადგილი: | ხარების ეკლესია, ალექსანდრე ნეველის ლავრა, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი |
მეუღლე: |
ერეკლე II, ქართლ-კახეთის მეფე (ქ. 1750 - გარდ. 1798) |
შვილები: |
ელენე ლევანი იულონი ვახტანგი ანტონ II ანასტასია ქეთევანი მირიანი ალექსანდრე თეკლე ფარნაოზი |
დინასტია: | დადიანები |
მამა: | კაცია დადიანი |
დედა: | უცნობია |
რელიგია: | მართლმადიდებლობა |
დარეჯანი ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ სამეფო ტახტზე თავისი შვილები დაემკვიდრებინა. ამ მიზნით ერეკლე II-ს სიცოცხლის უკანასკნელ წლებში კანონიც კი მიაღებინა, რომლის ძალითაც გიორგის (ერეკლეს უფროსი ვაჟი მეორე ცოლისაგან) შემდეგ მეფობა მის უფროს ვაჟზე კი არა, ძმაზე — დარეჯანის შვილ იულონზე უნდა გადასულიყო (ეს წესი შემდეგ გიორგი XII-მ გააუქმა). დარეჯანმა ისანში, სირაჯხანის მახლობლად ააგო სასახლე (საზაფხულო რეზიდენცია) და ეკლესია. თბილისში ჰყავდა 248 კომლი ყმა, ჰქონდა ბაღები, სასტუმროები, რომელთაც იჯარით გასცემდა ხოლმე, აგრეთვე ყასაბხანა და აბანო. მარტო სამღებროები დედოფალს 700 თუმნამდე შემოსავალს აძლევდა წელიწადში. ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შემდეგ, 1803 წელს დარეჯანი ოჯახის წევრებთან ერთად რუსეთში (სანქტ-პეტერბურგი) გადაასახლეს. გარდაიცვალა იქვე. დასაფლავებულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში.
ადრეული ცხოვრება და ქორწინება
რედაქტირებადარეჯან დადიანი დაიბადა 1738 წლის 20 ივლისს. იგი იყო ოდიშის მთავარ ბეჟან დადიანის უმცროსი ვაჟის, კაცია-გიორგი დადიანისა და მისი უცნობი მეუღლის ასული. 1750 წელს, 12 წლის დარეჯანი ცოლად შერთეს კახეთის მეფე თეიმურაზ II-ის უფროს ძესა და თანამმართველს, მეფე ერეკლე II-ს. ეს ქორწინება ერეკლესათვის მესამე იყო და შედგა მისი მეორე ცოლის, დედოფალ ანა აბაშიძის გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში. საქორწინო მოლაპარაკებები ერეკლეს ნათესავმა, ქართლის პრინცესა ხორეშანმა აწარმოა, რომელიც ქართლის მეფე იესეს ქალიშვილი იყო. ოდიშიდან პატარძალი ხორეშანმა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა საბამ ჩამოიყვანეს სურამამდე, სადაც მას ერეკლე დახვდა. ამ ქორწინებასთან დაკავშირებით, მეფე თეიმურაზმა თბილისში დიდი ზეიმი გამართა. 1762 წელს, თეიმურაზის გარდაცვალების შემდეგ, ერეკლე II უკვე ოფიციალურად გახდა ქართლ-კახეთის მეფე, დარეჯანი კი დედოფალი. ამრიგად, მთელი აღმოსავლეთ საქართველო ერთ სამეფოდ გაერთიანდა.
დედოფლობა და შვილების მემკვიდრეობა
რედაქტირებამეფე ერეკლესა და დარეჯან დედოფალს პირველი შვილი, რომლის დაბადების თარიღიც ცნობილია 1753 წელს შეეძინათ. ამის შემდეგ, 1755-82 წლებში მათ კიდევ ოცდაორი შვილი შეეძინათ, რის გამოც ისინი მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მრავალშვილიან მონარქებად ითვლებიან. მას შემდეგ, რაც მათი ვაჟები წამოიზარდნენ, დედოფალმა დარეჯანმა მათი ტახტზე აყვანისთვის დაიწყო ბრძოლა, მაგრამ ეს თითქმის შეუძლებელი იყო, რადგან ერეკლე თავის მთავარ მემკვიდრედ დედოფალ ანა აბაშიძესთან შეძენილ ვაჟებს ასახელებდა. ამის გამო, მთელი დედოფლობის მანძილზე, დარეჯანი უფლისწულ გიორგის (ანასა და ერეკლეს უფროსი ვაჟი, შემდგომში გიორგი XII) წინააღმდეგ ინტრიგებს ხლართავდა, თუმცა უშედეგოდ. ამასთან, დარეჯან დედოფალი, პოლიტიკურად მეტად აქტიური აღმოჩნდა, რამაც, შეიძლება ითქვას, რომ იგი ქართული პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ ქვაკუთხედად აქცია. მისი პოლიტიკური გავლენები განსაკუთრებით ერეკლე II-ის სიცოცხლის უკანასკნელ წლებში გაიზარდა. 1791 წელს, დარეჯანმა დაარწმუნა ერეკლე რომ თავის მემკვიდრედ დაეტოვებინა უფლისწული გიორგი, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ, არა გიორგის, არამედ დარეჯანის უფროსი ვაჟი გამეფდებოდა. ამრიგად, ერეკლესა და დარეჯანის გადარჩენილი ვაჟები — იულონი, ვახტანგი, მირიანი, ალექსანდრე და ფარნაოზი — ტახტის შემდეგი მემკვიდრეები გახდნენ. 1798 წელს, ერეკლე II გარდაიცვალა და ტახტზე დარეჯანის გერი, გიორგი XII გამეფდა, რომელმაც გააუქმა მამამისის დროს შემოღებული მემკვიდრული კანონი. ამან გიორგი XII-ს, დედოფალ დარეჯანსა და მის ვაჟებს შორის დიდი უთანხმოება ჩამოაგდო.
რუსეთთან ურთიერთობა
რედაქტირებადარეჯან დედოფალსა და მის გერს შორის უთანხმოებას, მემკვიდრეობის გარდა კიდევ ერთი საკითხი იწვევდა — ურთიერთობა რუსეთის იმპერიასთან. დარეჯანი ყოველთვის სკეპტიკურად აფასებდა ძლიერ ჩრდილოურ იმპერიასთან დაახლოვების საკითხს და ამას არც ერეკლეს დროს მალავდა. დედოფალი დარეჯანი ერეკლეს აფრთხილებდა, რომ 1783 წელს არ დაედო გეორგიევსკის ტრაქტატი, რაც საქართველოს დაცვას გულისხმობდა გარეშე მტრებისგან რუსეთის მიერ. ამ ყოველივეს დამღუპველი შედეგები მოჰყვა 1795-97 წლებში, როდესაც სპარსელთა დიდი არმია შემოვიდა საქართველოში, აიღო თბილისი და მეფე კრწანისის ბრძოლაში დაამარცხეს, სადაც მას რუსები არ დახმარებიან. ამის გამო, დედოფალმა დარეჯანმა არაერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობა არანაირ სარგებელს არ მოუტანდა საქართველოს.
ამის გამო, დედოფალი დარეჯანი და მისი მომხრეთა პარტია ღიად დაუპირისპირდა გიორგი XII-ს, რომელიც რუსეთთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას აპირებდა. 1800 წელს, დარეჯანის ვაჟი, ალექსანდრე ბატონიშვილი ღიად გამოვიდა გიორგის წინააღმდეგ და სპარსელთა დახმარებით სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სცადა. ამით განრისხებულმა გიორგიმ, დედოფალი დარეჯანი აიძულა დაეთმო მისი ავლაბრის სასახლე თბილისში, რის საპასუხოდაც დედოფალმა თავისი სასახლის წინ სამხედროები დააყენა, ნიშნად იმისა, რომ დათმობას არ აპირებდა.
დაცემა და გადასახლება
რედაქტირება1800 წელს, გიორგი XII გარდაიცვალა. ამას მოჰყვა რუსი გენერლის, ივანე ლაზარევის მიერ იმპერატორ პავლე I-ის ბრძანებულების გამოქვეყნება, რომლის მიხედვითაც, სამეფო ოჯახის ყველა წევრს, მათ შორის დედოფალ დარეჯანს, ტახტზე ყველა უფლება ჩამოერთვა. 1801 წელს, პავლეს გარდაცვალების შემდეგ, დარეჯანმა ახალ იმპერატორ ალექსანდრე I-ს თხოვნით მიმართა, რომ მისი ვაჟი იულონი ქართლ-კახეთის მეფედ დაესვა. დარეჯანმა ამ ყოველივეს მიზეზებიც განუმარტა იმპერატორს, თუმცა ნაცვლად დახმარებისა, 1801 წელს ალექსანდრემ ქართლ-კახეთის სამეფოს პირდაპირი ანექსია მოახდინა, რითაც დასრულდა ბაგრატიონთა ათასწლოვანი მმართველობა.
დედოფალი დარეჯანი და მისი ვაჟები ახალ რეჟიმს ოპოზიციურად დაუპირისპირდნენ. იულონი, ალექსანდრე და ფარნაოზი უკვე სრულიად ღია აჯანყებისთვის ემზადებოდნენ. თავად დარეჯანი, თავის ქალიშვილებთან ერთად ავლაბრის სასახლეში შეიკეტა და ძლიერი დაცვა დაიყენა. საბოლოოს, ალექსანდრე I-მა ახალი მანიფესტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გენერალ ლაზარევსა და გენერალ კნორინგს, 1802 წლის 20 აგვისტოს საქართველოს სამეფო ოჯახის ყველა წევრის რუსეთში გადასახლება დაევალათ. საიმპერატორო საბჭომ ამას მხარი მალევე დაუჭირა და გამოსცა ბრძანებულება: „მიმართეთ ნებისმიერ ზომას, რათა დედოფალი დარეჯანი და სამეფო ოჯახის სხვა წევრები რუსეთში გადაიყვანოთ, რადგან მათი საქართველოში ყოფნა მტრული პარტიების შექმნას განაპირობებს“. ამის შემდეგ, დარეჯანსა და რუსულ ჰეგემონიას შორის ბრძოლა უფრო დაიძაბა. ერთხელ დარეჯანმა რუსი გენერალი უკან გააბრუნა, რადგან იგი სასახლეში ქურთუკით და ქუდით აპირებდა შესვლას. დედოფალმა განუცხადა, რომ „შუადღისას მისი არყისთვის“ არ ეცალა.
საქართველოდან დეპორტაციის ამოცანა გენერალმა კნორინგმა წარმოშობით ქართველ გენერალ ციციანოვს დაავალა, რომელიც გიორგი XII-ის ქვრივის, დედოფალ მარიამ ციციშვილის ნათესავი იყო. დარეჯანმა გადასახლების გადავადება მოითხოვა და მიზეზად ავადმყოფობა დაასახელა. ციციანოვმა დედოფალს განუცხადა, რომ მის გადასახლებას ვერაფერი შეაჩერებდა. დედოფალი დარეჯანი 1803 წლის 25 ოქტომბერს, მუხრანში, გაქცევის მცდელობისას დააკავეს და რუსეთის იმპერიაში იძულებით გადაასახლეს. იგივე ბედი ეწია მის შვილებსაც. ცნობილია, რომ დედოფალმა მარიამ ციციშვილმა, გენერალი ლაზარევი საკუთარი ხელითაც კი მოკლა, რადგან გადასახლება არ სურდა.
დედოფალი დარეჯანი რუსეთში ცარიცა დარია გეორგიევნას სახელით იყო ცნობილი და იგი პეტერბურგში, ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა, წმინდა ანას ეკლესიასთან ახლოს. მოგვიანებით, ავადმყოფ დედოფალს ნება დართეს ტაძარი საკუთარ სახლში მოეწყო. ამ ამბიდან რამდენიმე თვეში, 1807 წლის 8 ნოემბერს, 69 წლის დარეჯან დადიანი გარდაიცვალა. დედოფალ დარეჯანს იმპერატორმა წმ. ეკატერინეს რუსული ორდენი მიანიჭა და იგი ალექსანდრე ნეველის ლავრაში დაკრძალა, პეტერბურგში. დარეჯანი დღემდე აქ განისვენებს.
შვილები
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- აკოფაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 383.
- Berge, Adolf (1868). Акты, собранные Кавказскою Археографическою коммиссиею. Т. II [Acts collected by the Caucasian Archaeographic Commission, Vol. II]. Tiflis: Typography of the Chief Administration of the Viceroy of Caucasus
- Gvosdev, Nikolas K. (2000). Imperial policies and perspectives towards Georgia, 1760–1819. New York: Palgrave. ISBN 0312229909.
- Montgomery, Hugh, ed. (1980). Burke's Royal Families of the World, Volume 2. London: Burke's Peerage. ISBN 0850110297.
- Rayfield, Donald (2012). Edge of Empires: A History of Georgia. London: Reaktion Books. ISBN 1780230303.
- ჯავახიშვილი, დავითი (2011-2012). „მეფე ერეკლე II-ის მეუღეები“, გვ. 90-96. ISSN 1987-9563