სირაჯხანა, სირაჩხანა [სპარსულად სირაჩ (სირაჯ)- ღვინო და ნახე- სახლი] — ღვინის გასაყიდი სახლი, ადგილი.

თბილისში ორი სირაჯხანა იყო: დიდი და პატარა. პატარა სირაჯხანა დიდზე ძველია, მდებარეობდა ძველ თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსთან, ახლანდელი სიონის, ჟან შარდენისა (ძველი ბნელი რიგის) და კონსტანტინე ლესელიძის ქუჩათა შესაყარზე, პატარა აღმართზე. როდესაც იოანე ბატონიშვილი და მისი თანმხლები ბერი იქ მივიდნენ, ნახეს:

ვიკიციტატა
„დიდრონი რუმბებით და ტიკებით ღვინოები და არაყი. იკითხა: ამდენი კოლოტი რათ უნდათო? უთხრეს: ესე სულ ღვინოებით არის სავსე... ჰგავს, რომ ღვინო ვისაც არ მოზდის, მისთვის მოუგროვებიათ ესე ღვინოები.“

XIX-XX საუკუნეებში თბილისში განთქმული დიდი სარაჯხანა მდებარეობდა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მეტეხის უბანში, ახლანდელი, ღვინის აღმართი, იწყება მეტეხის ხიდთან და მთავრდება ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართთან (მოედანთან ახლოს). სარაჯხანას ღვინის სარდაფები და დუქნები მარაგდებოდა კახეთიდან შემოტანილი ღვინითა და არყით. ძველ თბილისში გავრცელებული იყო ასეთი გამოთქმა: შენ რომ მოდიოდი, მე სირაჯხანაში უკვე ტიკზე ვიჯექიო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 332