დარეჯანის სასახლე
დარეჯანის სასახლე, საჩინო, — არქიტექტურული ძეგლი თბილისში. აშენებულია 1776 წელს მეფე ერეკლე II-ის მეუღლის დარეჯანისთვის. ნაწილობრივ გადაკეთებულია XIX საუკუნეში.
მდებარეობს ძველ უბანში — ისანში. დაშენებულია ქალაქის გალავნის ბურჯზე ღვინის აღმართის (სირაჯხანის) თავში. სასახლის კოპლექსში შედიოდა აპარტამენტები, სხვადასხვა დამხმარე სათავსო და სამეფო კარის ეკლესია. აგებულია ძველი ციხესიმაგრის ნანგრევებზე, რომლის კოშკები, ბურჯები და კედლები ამოყვანილია რიყის ქვისა და კვადრატული (ე.წ. ქართული) აგურის შერეული წყობით.
გეგმით მრგვალი ხის აივანი მოხდენილად აგვირგვინებს მძლავრად წინ გამოსულ ასევე მრგვალ ბურჯს. „საჩინოში“ 1822 წელს ფერისცვალების მონასტერი იყო, ხოლო 1862 წელს სამაზრო-სამრევლო სასწავლებელი და სემინარია სამღვდელოების ბავშვებისათვის. საქართველოს გასაბჭოებისა და მოქალაქეების სტიქიურად შესახლების შემდეგ კომპლექსი არაერთხელ გადაკეთდა, დაემატა მინაშენები. 1970-იან წლებში დაიწყო მობინადრეთა გასახლება, ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები, ძეგლი გაიწმინდა გვიანდელი მინარევებისგან და პირვანდელი სახე დაუბრუნდა (1978–1980). 1987-1988, მცირე რეკონსტრუქციის შემდეგ, აქ მუშაობდა ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის ერთი მსახიობის თეატრი. ამჟამად აქ ფერისცვალების დედათა მონასტერია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერიძე ვ., თბილისის ხუროთმოძღვრული ძეგლები, «ძეგლის მეგობარი», 1971, #25;
- კვირკველია თ., ძველთბილისური დასახელებანი, თბ., 1985.
- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 821, ISBN 99928-20-32-2.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.